"დეგნანი და ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, დავხოცავდით ერთმანეთს, დავლეწავდით აქაურობას - რაც 90-იან წლებში დავმართეთ ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"დეგნანი და ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, დავხოცავდით ერთმანეთს, დავლეწავდით აქაურობას - რაც 90-იან წლებში დავმართეთ ქვეყანას"

"კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, დავხოცავდით ერთამანეთს, დავლეწავდით ისეთივე გაშმაგებით აქაურობას, როგორც 90-იან წლებში დავმართეთ ამ ქვეყანას",- ასე პასუხობს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტების კითხვას, თუ რას ფიქრობს შალვა ნათელაშვილის განცხადებაზე, რომელმაც აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გააკრიტიკა.

"სამარცხვინო განცხადებაა, ასეთი რამ ყოველთვის ახასიათებს შალვა ნათელაშვილს და კიდევ ერთი სამარცხვინო განცხადება ჩაიწერა თავის ანგარიშზე. როგორ შეიძლება მოღალატე ეძახო ადამიანს, როცა კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, დავხოცავდით ერთამანთს და დავლეწავდით ისეთივე გაშმაგებით აქაურობას, როგორც 90- იან წლებში დავმართეთ ამ ქვეყანას. ეს ხალხი იყო გადაფოფრილი ამ ქვეყანაზე და იდგა ჩვენს შორის. ის ხალხი რომ არ ყოფილიყო, ვერც შეთანხმება იქნებოდა და კრიზისი კი არა, სამოქალაქო ომს გავაჩაღებდით ალბათ. როგორ შეიძლება ამის მერე მადლიერების ნაცვლად, ადამიანს მოღალატე უძახო, ეს არის უმადურობის მწვერვალი, მაგრამ შალვა ნათელაშვილია და მისგან რა უნდა გაგიკვირდეს?!"- განაცხადა ელისაშვილმა.

"რაც შეეხება მელიას, უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს, არ მგონია ამის გამო ვიღაცამ დასცინოს, სასაცილო მისი პოზიცია მაშინ იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო" - ელისაშვილის თქმით, "ლელოს" ინიციატივა ევროპარლამენტარების თავდებობაზე გაუგებარია და ერთგვარად ეს შეთანხმების რევიზიაც არის.

"ევროპარლამენტარები კი არა, თავდებად მთელი ევროკავშირი დგება, რაღა არის საჭირო? შეთანხმების გადახედვა და ჯანჯღარი ნორმალური არ მგონია. გულახდილად რომ გითხრათ, მესმის, რომ ნიკა მელია გაიჭედა და გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რადგან იძახდა, გირაოს არ გადავიხდიო, ახლა რა გააკეთოს, არ იცის. დარწმუნებული ვარ, თავადაც ხვდება, რომ ახლა უნდა გამოვიდეს, სანამ ღიმილის მომგვრელი და სასაცილო გახდება მისი პოზიცია, რომ არ გამოვა არაფრის ფასად. ამიტომ უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს. არ მგონია, ამის გამო ვიღაცამ დასცინოს, სასაცილო მისი პოზიცია მაშინ იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო. რომ გამოვიდეს და ევროკავშირმა გირაო გადაუხადოს, სულაც არ იქნება არც ღირსებაშელახული და არც სასაცილო მდგომარეობაში," - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"