"ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს" - კვირის პალიტრა

"ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს"

"ახლა ნიკა მელია ფაქტობრივად ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს", - ამის შესახებ "გირჩის" ერთ - ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მელიამ არა მარტო უარი თქვა ევროკავშირის გარანტიით 72 საათში ციხის დატოვებაზე, არამედ ოპოზიციას ამუნათებს იმისთვის, რომ ამნისტიის მხარდაჭერას გეგმავენ, რომელიც სწორედ მელიას გამოა ჩადებული ხელშეკრულებაში.

"შარლ მიშელის შეთანხმების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ კრიზისი არ ყოფილიყო დამოკიდებული ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე. რაც არ უნდა გადაეწყვიტა ნიკა მელიას, კრიზისი მაინც უნდა დასრულებულიყო და დასრულების გარანტირებული ფორმა იყო ამნისტია, რომელიც ავტომატურად აძლევდა ნიკა მელიას გარეთ გამოსვლის საშუალებას მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა, მაგრამ ნიკა მელიამ და "ნაციონალურმა მოძრაობამ", ნაცვლად იმისა, რომ ეს დახმარება მიეღო, უარი გამოაცხადა არა მარტო ევროკავშირის გარანტიით გამოსვლაზე 72 საათში, ანუ ფაქტობრივად ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს, არამედ გვამუნათებს იმ ხალხს, გინც ვაპირებთ ამ შეთანხმების შესრულების მიზნით მხარი დავუჭიროთ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნიკა მელიასთვის არის მოფიქრებული, არანაირი პოლიციელისთვის, სხვა ადამიანისთვის, არამედ კონკრეტულად ნიკა მელიასთვის. აქედან გამომდინარე ნებისმიერი სხვა გზა, რაც "ლელოს" ინიციატივა იქნება თუ სხვა, სინამდვილეში არაფრით არ განსხვავდება უკვე მისთვის შეთავაზებული დახმარების ვერსიებისგან,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"