"მაშინვე დამირეკა გიული­მ, გამაგებინე, რა თქვი ასეთი, მიშა გლეჯს ყვე­ლაფერსო..." - კვირის პალიტრა

"მაშინვე დამირეკა გიული­მ, გამაგებინე, რა თქვი ასეთი, მიშა გლეჯს ყვე­ლაფერსო..."

"2012 წლის თებერვალში ბიძინა ივანიშვილმა შემომითვალა, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა. როცა შევხვდი, შემომთავაზა, რომ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვყოფილიყავი"

სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" აქტიური წევრი გუგული მაღრაძე ახალ პარლამენტში ვერ მოხვდა. ამბობს, რომ ისევ "ოცნების" ერთგული მხარდამჭერია. ამჟამად სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას განაგრძობს, როგორც სრული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. რას ფიქრობს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, როგორ მოხვდა პოლიტიკაში, ამ და სხვა საინტერესო ამბავს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა ასპირანტურაში გავაგრძელე სოციალური ფსიქოლოგიის კუთხით, რაც შედარებით ახალი მიმართულება იყო მაშინდელ საბჭოთა ფსიქოლოგიაში. რადგან ამ დარგში ლიტერატურა უმეტესად ინგლისურად იყო, და მე სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც ფრანგულს ვსწავლობდი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დამთავრებამაც მომიწია. მერე სამართლის ინსტიტუტში ეძებდნენ ისეთ კადრს, ვისაც ფსიქოლოგიაში ხარისხი ექნებოდა. სურდათ, კაცი აეყვანათ, მაგრამ ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ვასო ფრანგიშვილმა ქალბატონ თინა წერეთელს შესთავაზა ჩემი კანდიდატურა, ბიჭი არ არის, მაგრამ ძალიან მაგარი გოგო გვყავსო. ასე აღმოვჩნდი სამართლის ინსტიტუტში. მუშაობისას იურიდიული ცოდნაც დამჭირდა, ამიტომ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტიც დავამთავრე. 1981 წელს თსუ-ში გაიხსნა მთელ საბჭოეთში ერთ-ერთი პირველი სოციალური ფსიქოლოგიის კათედრა და კონკურსში გამარჯვების შედეგად გავხდი ჯერ დოცენტი, შემდეგ პროფესორი და კათედრის გამგე.

რაც შეეხება პოლიტიკას, ჩემისთანა აქტიური ადამიანისთვის უცხო არ იყო. სათქმელს სკოლიდანვე დაუფარავად ვამბობდი, რაც ბევრს არ მოსწონდა. რამეს რომ ვაპროტესტებდი, სასწავლო ნაწილის გამგე მეხვეწებოდა, გუგული, დერეფანში ნუ ლაპარაკობ, იქნებ კლასში შეხვიდეო. არ მომწონდა კომკავშირი და არც პარტია...

პირველ დიდ კრებას, რომელიც "სახალხო ფრონტმა" ფილარმონიაში ჩაატარა, მეც ვესწრებოდი როგორც დელეგატი. შინაურები მეუბნებოდნენ, ნუ მიდიხარ, აღრიცხვაზე აგიყვანენო, მაგრამ მე ბარიერები არასოდეს მაშინებდა. როდესაც გამსახურდიას ხელისუფლება განდევნეს, ძალიან მინდოდა პროტესტის გამოთქმა. ერთადერთი პარტია, რომელიც დარჩენილი იყო "მრგვალი მაგიდიდან", "ტრადიციონალისტთა კავშირი" გახლდათ და მეც მისი წევრი გავხდი. რამდენიმე წელს პარტიის პრესსამსახურის უფროსი ვიყავი.

ვუშვებდით ერთადერთ ოპოზიციურ გაზეთს "ქართული ერი", რომელიც გამოსვლისთანავე ყველას ხელში ეჭირა. ვიღებდით შენიშვნებს ხელისუფლებისგან, მაგრამ რადგან "ტრადიციონალისტთა კავშირის" ზოგიერთი ყოფილი წევრი იმ ხელისუფლებაში იყო, დიდი რეპრესიები არ ყოფილა, მხოლოდ საყვედური და თხოვნა - იქნებ არ დაწეროთო. ჩვენ კი ვპასუხობდით: "საწინააღმდეგო არგუმენტები თუ გაქვთ, მზად ვართ გამოვაქვეყნოთ".

1995 წელს ხარაგაულში, ჩემი ბებია-ბაბუის რაიონში, როგორც მაჟორიტარმა კანდიდატმა მონაწილეობა მივიღე არჩევნებში, მაგრამ როცა ტრადიციონალისტები "აღორძინებასთან" ბლოკში გადავიდნენ, პარტია უმტკივნეულოდ, კარის გაჯახუნების გარეშე დავტოვე და სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაზე გადავერთე... ზედიზედ რამდენიმე პროექტი გავაკეთე და ბევრი გრანტი მოვიპოვე. ამერიკაში რამდენჯერმე ვიყავი, რაც მთავარია, სენატორ ფულბრაიტის სტიპენდია მქონდა, რაც ძალიან პრესტიჟულია მთელ მსოფლიოში... მალე ჩემს ამერიკელ კოლეგებთან ერთად საქართველოში კონფლიქტოლოგიის პირველი სამაგისტრო პროგრამა დავაფუძნეთ, რომელიც დღესაც წარმატებით მუშაობს - წელიწადში დაახლოებით 15-20 მაგისტრი ამთავრებს და ეს პროგრამა იმდენად აღიარებულია აშშ-ში, რომ ჩემს სტუდენტებს რომელთაც აშშ-ში უნდათ სწავლის გაგრძელება, ყველა აქაური კრედიტი ეთვლებათ.

- თქვენ "ნაცმოძრაობის" სიით მოხვდით პარლამენტში, როგორ აღმოჩნდით იქ?

- სააკაშვილის პირადი რეკომენდაციით... 1998 წელს დავაფუძნე ამერიკული პროგრამების მონაწილეთა ასოციაცია, რათა აშშ-ში მიღებული გამოცდილება ფართოდ გამოგვეყენებინა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად... ბევრ კონფერენციას და სხვა ღონისძიებებს ვატარებდით. პირველად საქართველოში გავხსენით უფასო ინტერნეტცენტრები ზოგიერთ რაიონში, ასევე უფასოდ ვასწავლიდით ბავშვებს ინგლისურს.

ასოციაციაში ჩართული იყო მიშა სააკაშვილის დედაც, გიული ალასანია, რომელიც გახლდათ ერთ-ერთი ამერიკული პროგრამის მონაწილე. სააკაშვილიც იყო მასკის პროგრამის მონაწილე, ხანდახან მოდიოდა ჩვენს კონფერენციებზე, მგზნებარე სიტყვას დააგდებდა და მიდიოდა. მეც რომ გამოვდიოდი, ეტყობა მისმენდა და გარკვეული შთაბეჭდილება შეექმნა ჩემზე. ალბათ, იფიქრა, ჩემისთანა აკადემიური ხარისხის მქონე კადრი პარლამენტში კარგი იქნებოდა მაშინდელ მდუმარე უმრავლესობასთან შედარებით. მეც ვფიქრობდი, განათლებული ახალგაზრდები მოდიან, რამე ახალს შემოიტანენ-მეთქი. პირველი წელი ძალიან აქტიური ვიყავი პარლამენტში, მეორე წელს შენიშვნების მიცემა დავიწყე, მესამე წლიდან კი, თუ მანამდე მეკამათებოდნენ უმრავლესობის წევრები, მაგალითად, ბოკერია ან სხვა იდეოლოგები, მერე ერთ ყურში შეუშვი და მეორიდან გაუშვის პრინციპით მოქმედებდნენ.

ბევრი ისეთი კანონი გადიოდა, რომელსაც ხმას არ ვაძლევდი, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, სასამართლოს შესახებ... ბევრი ჩემი გამოსვლა მახსოვს, ვცდილობდი ე.წ. კონსტრუქციული ოპოზიცია ვყოფილიყავი, თუმცა მაშინ უფრო ინდივიდუალურ პროტესტს გამოვხატავდი და ეს ვერაფერს ცვლიდა... ცხადია, მესმოდა, ერთი კაცის ხმა ვერაფერს შეცვლიდა, მაგრამ გაჩუმებაც არ შემეძლო.

- როდის დაიწყო სააკაშვილსა და თქვენ შორის განხეთქილება?

- პირველად განხეთქილება გირგვლიანის საქმის დროს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ "ნაცმოძრაობის" წევრი ვიყავი და დიდი რისკი იყო ჩემი გამოჩენა, მაინც მივედი გირგვლიანის დაკრძალვაზე. ზევით არ ავსულვარ, არავის ვიცნობდი, მაგრამ ქვევით, სადაც ხალხი იდგა, მეც ვიდექი და ჩემს თანაგრძნობას გამოვხატავდი... ბადრი პატარკაციშვილის პანაშვიდზეც მივედი. იქ მხოლოდ ნონა გაფრინდაშვილი და ოჯახის წევრები დამხვდნენ. არავინ მისულა, ყველას ეშინოდა, რა რეაქცია ექნებოდა მიშა სააკაშვილს. როდესაც დაინახეს, საჯაროდაც მივუსამძიმრე ოჯახს, ძალიან დიდი ადამიანი დააკლდა საქართველოს, ბევრი კარგი საქმე გააკეთა-მეთქი და ამის გამო არ დამიჭირეს, მერე მივიდა ზოგიერთი პანაშვიდზე. ასე რომ, მე ნაკლებად მქონდა ბარიერები, რასაც ვფიქრობდი, იმას ვამბობდი.

2007 წელს უმრავლესობა დავტოვე და შევქმენი "ქალთა პარტია", გამოვდიოდი ტელევიზიით, ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას.

- როდესაც "ქალთა პარტია" შექმენით, რა რეაქცია ჰქონდათ გუნდში?

- ვერ ვიტყვი, რომ ზეწოლას ახდენდნენ. თუმცა იყო თხოვნა და დაპირებები, ახლა ნუ იზამ მაგას, მაჟორიტარად დაგასახელებთო. მე არავინ დამმუქრებია, მაგრამ ჩემს ძმასა და სიძეს დაჟინებით ურჩიეს, ბიზნესები დაეხურათ, თორემ შეიძლებოდა პრობლემები შეჰქმნოდათ.

- მაინც რა იყო ბოლო წვეთი, რის გამოც "ნაცმოძრაობა" დატოვეთ?

- ყველაფერი ერთად დაგროვდა. 2007 წელს მაშინდელმა პარლამენტმა გადაწყვიტა არჩევნები არა გაზაფხულზე, არამედ შემოდგომაზე ჩატარებულიყო. ფაქტობრივად, ჩვენი ნებით გავუგრძელეთ ჩვენს თავს დეპუტატობის ვადა 5 თვით. ეს მიუღებელი იყო ყველანარი საპარლამენტო და დემოკრატიული სტანდარტებით. ამასთან, ისეთი ამბების თანამონაწილე ვხვდებოდი, რაც არ მომწონდა, მაგრამ ვერაფერს ვცვლიდი.

ვერ გავიზიარებდი პასუხისმგებლობას იმ საპარლამენტო უმრავლესობასთან, რომელიც ფეხქვეშ თელავდა არა მხოლოდ პოლიტიკურ, ადამიანურ ღირებულებებსაც კი. 7 ნოემბრის მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე უმრავლესობა დავტოვე. 7 ნოემბრის შემდეგ პარლამენტის შენობიდან ვერ გამოდიოდნენ დეპუტატები, მე რომ გამოვდიოდი, მესალმებოდნენ და მატარებდნენ. საგანგებო ვითარება რომ გამოაცხადეს, ჯობდა არ ვყოფილიყავი ქალაქში. არ ვიცი, ვიყავი თუ არა იმ სიაში, ვისთვისაც ანგარიში უნდა გაესწორებინათ, მაგრამ დაზღვეული ვერ ვიქნებოდი, ამიტომ მე და ჩემი ძმა აზერბაიჯანში გავემგზავრეთ.

იქ კოლეგა პარლამენტის წევრები მყავს, საერთაშორისო ორგანიზაციებიც მუშაობენ და საერთაშორისო დონეზე აზრის გამოთქმის უფრო მეტი შანსი მექნებოდა. ჩემმა კოლეგამ სასტუმრო არ დამახვედრა, შიშობდა, უსიამოვნება არ მოჰყოლოდა ჩემს იქ ყოფნას და ამიტომ კერძო სახლში დაგვაბინავა. აზერბაიჯანში ბი-ბი-სის კორესპონდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მქონდა შეხვედრები და ყველგან დავაფიქსირე ჩემი აზრი. როცა საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, საქართველოში დავბრუნდი და მუშაობა გავაგრძელე.

- გიული ალასანია როგორ შეხვდა ოპოზიციაში თქვენს გადაბარგებას?

- ბუნებრივია, გიული თავის შვილის მხარს დაიჭერდა, ამიტომ ის თავის გზაზე წავიდა, მე - ჩემს გზაზე. მახსოვს, როდესაც კახა ლომაიას განათლების რეფორმა გავაპროტესტე, ატყდა დიდი ამბავი, რადგან უმრავლესობის წევრი არ ვეთანხმებოდი უმრავლესობის პოზიციას. მოცვივდნენ ნადირაძე, ბოკერია და სხვები, ამ რეფორმას ხმა უნდა მისცეთო. მაშინვე დამირეკა გიულიმ, გამაგებინე, რა თქვი ასეთი, მიშა გლეჯს ყველაფერსო. რასაც გუშინ საღამოს შენთან ვამბობდი, ის ვთქვი საჯაროდ-მეთქი.

უმტკივნეულოდ დავშორდით, მერე იშვიათად ვხვდებოდი. როდესაც მამა გარდაეცვალა გიულის, მივედი პანაშვიდზე... კარგა ხანია არსად შემხვედრია.

უმრავლესობა მე და ლადო პაპავამ ერთდროულად დავტოვეთ. საჯაროდ ვაპროტესტებდი, რასაც არ ვეთანხმებოდი. თუ პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა გინდა, ყველაზე კარგი გზა საპარლამენტო ტრიბუნაა. ამიტომ მიკვირს ახლანდელი ოპოზიციის. როგორ შეიძლება საპარლამენტო ტრიბუნა პოლიტიკოსმა არ გამოიყენო?! მაშინ არა ხარ პოლიტიკური პარტია, ხარ რევანშისტი და რევოლუციას ემხრობი, არ გსურს ქვეყანაში მშვიდობა, გადატრიალება გინდა! ამ ოპოზიციაში გარკვეულ ადამიანებს არ აწყობთ ქვეყნის წარმატება, რაც მთავარია, ისინი ამით აკეთებენ რუსეთის საქმეს. რუსეთს არ აწყობს ქვეყანაში ნორმალური ვითარება იყოს, რადგან ასეთ დროს ხელისუფლების და ხალხის ენერგია საქმის კეთებას, აღმშენებლობას ხმარდება. ჰიბრიდული ომის თეორიას ვინც იცნობს, იცის, უნდა იყოს მუდმივი არეულობა და არ გვეცალოს არც ეკონომიკისთვის, არც დემოკრატიისთვის და არც ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის.

- ამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსულ თამაშს თამაშობს?

- 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ! რუსეთია უპირველესად დაინტერესებული ჩვენს ქვეყანაში არეულობით. ამასთან, საპროტესტო გამოსვლების დიდხანს გაგრძელებას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, უნდა დავფიქრდეთ, ვისი ფინანსები დგას ამის უკან. ხომ ვიცით, რომ რუსეთი არეულობისთვის უამრავ ფულს ხარჯავს სხვადასხვა ქვეყანაში, შესაბამისად, საქართველოშიც... ევროპას სჭირდება საქართველო სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფო იყოს. ევროპასაც თავისი ინტერესები აქვს და ჩვენს რთულ რეგიონში დასაყრდენი სჭირდება, ცხადია, ჯობია მისი დასაყრდენი ვიყოთ, ვიდრე რუსეთის პროვინცია.

მივესალმები, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს და პარლამენტში შედიან. ახლა ყველა ძალა უნდა იყოს გადართული კრიზისის განმუხტვაზე. ხელისუფლებას ვურჩევდი, რაც მისი გასაკეთებელია, ის აკეთოს და ნუ აქცევს ამდენ ყურადღებას "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგს.

- "ნაციონალებიდან" წამოსული "ქართულ ოცნებაში" როგორ აღმოჩნდით? - "ნაცმოძრაობის" წევრი არასდროს ვყოფილვარ, მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობის უპარტიო წევრი გახლდით. 2008 წლიდან კი ჩემი დაფუძნებული "ქალთა პარტიის" თავმჯდომარე ვიყავი და აქტიურად ჩავერთე "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ გამართულ ყველა ოპოზიციურ აქტივობაში...

2012 წლის თებერვალში ბიძინა ივანიშვილმა შემომითვალა, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა. როცა შევხვდი, შემომთავაზა, რომ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვყოფილიყავი. მაშინ "ქალთა პარტიის" ხელმძღვანელი გახლდით, 4 წელში ერთხელ ყრილობას ვატარებდით და ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა. ჩავატარეთ ყრილობა, "ქალთა პარტიის" ხელმძღვანელად სხვა ავირჩიეთ და მე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი გავხდი. დღემდე ერთგული ვარ ამ პარტიის. მიმაჩნია, რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში "ქართული ოცნება" არის ყველაზე ადამიანური, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პარტია და ქვეყანას ჰყავს ძალიან მონდომებული და წესიერი მთავრობა.

- მანამდე იცნობდით ივანიშვილს? - ერთხელ ვნახე ციცინათელას პარკში, იქ შვილიშვილი მყავდა მიყვანილი, ბიძინას - თავისი შვილი. ჩემი ბავშვის ძიძამ მითხრა, ეს არის ივანიშვილიო, მანაც დამიკრა თავი და მომესალმა, მეც მივესალმე. ეს იყო ჩვენი შეხვედრა. როცა გია ხუხაშვილის პირით შეხვედრა შემომთავაზა, ხუხაშვილმა მითხრა, პარკში რომ შეგხვდა და მოგესალმა, ის კაცი შეხვედრას გთხოვსო. ერთხელ ბიძინამაც თქვა, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი, ოპოზიციონერებიდან მხოლოდ გუგულის შევხვედრივარო, გულისხმობდა ციცინათელას პარკში შემთხვევით შეხვედრას. გადმომცეს, რომ ბიძინას ძალიან კარგი წარმოდგენა აქვს თქვენზეო. ბიძინა მერეც ამბობდა, გუგული მაგარი ქალიაო. ასე მოვხვდი "ქართულ ოცნებაში". 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს კი უსისხლოდ, ძალიან რთულ მოწინააღმდეგესთან გავიმარჯვეთ.

ხომ არ გგონიათ "ნაცმოძრაობა" ისეთი პოლიტიკური ძალაა, რომ ხელი არ გაუნძრევია? ბევრი რამ ჰქონდა მომზადებული, რომ ქვეყანაში არეულობა გამოეწვია, მაგრამ რაც მთავარია, ხალხის ნება იყო იმ ხელისუფლების შეცვლა. საერთაშორისო საზოგადოებრიობა აკვირდებოდა პროცესებს და ხალხის ნებას ხედავდა. არსებულ ხელისუფლებას ასეთ დროს ეუბნებიან, წინააღმდეგობა არ უნდა გასწიოო. ასე რომ, მშვიდობიანად დამთავრდა ყველაფერი და კოაბიტაცია შედგა. ბატონი ბიძინა ამბობდა, ვინც სისხლშია გასვრილი, ვერ ვაპატიებთ, მაგრამ ვინც სხვადასხვა გარემოების გამო მუშაობდა სისტემაში, უნდა მივცეთ თავიანთი კეთილსინდისიერების დამტკიცების საშუალება, დაამტკიცონ, რომ ზეგავლენას და ზეწოლას განიცდიდნენ და ეს მათი სურვილი არ იყოო. თუმცა აღმოჩნდა, რომ დღესაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ვერ დააფასეს ეს მიდგომა და ვეჭვობ, მაშინდელი ხელისუფლების ერთგულების გამო მტრობენ ქვეყანას.

- ახალ პარლამენტში რატომ არ ხართ? - პარტიას თავისი სტრატეგია და შეხედულებები აქვს - ცვლილებები, ახალი სახეები სჭირდება და მათი გადასაწყვეტია, როდის ვინ იქნება საპარლამენტო სიაში. 12 წელი პარლამენტში ყოფნა არ არის ცოტა და ახლა სხვებსაც უნდა ჰქონდეთ იქ მუშაობის შესაძლებლობა. მე არსად წავსულვარ, დღესაც ჩართული ვარ ისეთ საქმიანობაში, რაც პარტიასა და ქვეყანას სჭირდება. უნივერსიტეტში ჩემი სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობის გარდა, ვარ ჩართული იმ ჯგუფის მუშაობაში, რომელიც განათლების სამინისტროში მუშაობს 2021-2030 წლების განათლების სტრატეგიაზე, რაც ჩვენისთანა ქვეყნისთვის ძალზე საშური საქმეა, განათლება ხომ განვითარების აუცილებელი პირობაა?!

- ვისგან გაიგეთ, რომ სიაში არ იქნებოდით? - აქ არაფერი საიდუმლო არ ყოფილა. შეხვედრაზე, სადაც ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე იყვნენ, არჩილმა მკითხა, სად ხედავთ თქვენს ადგილსო? ვუპასუხე, ყველაზე უფრო საპარლამენტო მუშაობა მიმაჩნია ჩემს საქმედ, მიცნობთ, ჩემი განათლება, გამოცდილება, ენერგია და შრომისმოყვარეობა იცით, თუ გჭირდებით ახალ პარლამენტში, კი ბატონო, თუ არა, ჩემს საქმეს გავაგრძელებ, თუ ჩემი ცოდნა საჭირო იქნება, ყოველთვის დაგეხმარებით-მეთქი. შეიძლება ადამიანებსაც მოსწყინდათ 12 წელი ჩემი პარლამენტში ყოფნა. ახალგაზრდებიც ხომ უნდა გამოჩნდნენ, ჩვეულებრივი ამბავია თაობათა ცვლა...

- ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ ხშირად ლაპარაკობენ მის გავლენაზე. - ბატონმა ბიძინამ იმდენი სიკეთე გააკეთა ქვეყნისთვის, ჯერ თავისი ქველმოქმედებით და მერე ამ მოუშორებელი ჭირის - "ნაცმოძრაობის" მოშორებით, რომ მას უდიდესი ავტორიტეტი აქვს და ექნება. რაც შეეძლო და რაც საჭიროდ მიაჩნდა, გააკეთა ქვეყნისთვის, შემდეგ კი თავისი სურვილით წავიდა. დროთა განმავლობაში ადამიანს პრიორიტეტები ეცვლება და მწამს, რომ ამ გადაწყვეტილებაში გულწრფელია.

- გიორგი გახარია ისევ დაბრუნებას აანონსებს, ამაზე რას იტყვით? - ახალგაზრდა კაცია, წარმატებული და ბუნებრივია, უნდა პოლიტიკაში ყოფნა. ვნახოთ, რა აქტივობები ექნება და მერე ვიმსჯელოთ. ვურჩევდი, აქცენტი გააკეთოს მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, ვის დაუჭიროს მხარი. ეს არის მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც არასდროს დაუჭერს მხარს "ნაცმოძრაობას" და ახლა რაღაც ახალს, "ოცნების" მსგავსს, მაგრამ უკეთესს ელოდება.

- გახარიამ რომ შემოგთავაზოთ, პოლიტიკაში ისევ ჩაერთვებით? - ჯერჯერობით არ ვაპირებ, ვნახოთ, რა მოხდება. ჯერ "ოცნების" ამომრჩეველი ვარ, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, ქვეყნისთვის სასიკეთოა.

- გუგული მაღრაძის ერთი დღე როგორია? - ჩემი დღე იწყება ონლაინლექციებით და ამას მომზადება სჭირდება. ჩართული ვარ ონლაინკონფერენციებსა და შეხვედრებში, ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტში. ვახტანგ მაისაიასთან ერთად გამოვეცით წიგნი ჰიბრიდული ომის შესახებ. ამჟამად ვამთავრებ სახელმძღვანელოს "კონფლიქტი, გენდერი, მშვიდობა", ახლახან გვქონდა ონლაინპრეზენტაციაც. ვცდილობ ამ პანდემიის დროს საჯარო კონტაქტები ავირიდო. 7 აპრილს "ფაიზერის" ვაქცინა გავიკეთე. არავითარი გართულება არ გვქონია არც მე, არც ჩემს ძმას და არც ჩემს მეგობრებს. შეშფოთებული ვარ, რომ ხალხის ნაწილი უარს ამბობს ვაქცინაციაზე და რისკებს ვერ აცნობიერებს...

- ცოტა რამ ოჯახზეც გვიამბეთ. - მყავს ერთი ქალიშვილი, სიძე და ორი ძალიან საყვარელი შვილიშვილი, ლუკა და მარიამი. მიხარია, რომ ოჯახისთვის დრო უფრო გამომითავისუფლდა. ვცხოვრობთ ერთად, ცალკე ცხოვრება არ შემიძლია. ფიზიკურ აქტივობაში ხელს მიშლის პანდემია, ცურვაზე ვეღარ დავდივარ, თუმცა ვცდილობ დღეში დაახლოებით 3 კილომეტრი ფეხით ვიარო.

- სიძე-სიდედრის ურთიერთობაზე რას იტყვით? - ჩემნაირი სიდედრი ადვილი ასატანი არ არის, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთთან შეხუმრებული ვართ. 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს რომ გავიმარჯვეთ და პარლამენტის წევრი გავხდი, ახალი ჩაძინებული ვიყავი და ჩემმა სიძემ მომიკაკუნა საძინებლის კარზე, რა ვქნა, რომელი ჩემოდანი ჩაგილაგოო? რა ჩემოდანი-მეთქი? ხომ მიდიხართ ქუთაისშიო... მერე ვხუმრობდი, მარტო ჩემს სიძეს უხარია, რომ პარლამენტი ქუთაისშია, სიდედრისგან შორს ერთი კვირის განმავლობაში მაინც არის-მეთქი.

ძალიან კარგი სიძე მყავს. ცოლ-შვილი უყვარს, განათლებული, წესიერი, მშრომელი ადამიანია. ბიზნესშია ჩართული - აწარმოებს ძალიან მაღალი ხარისხის ქართულ ჩაის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.