"კიდევ ერთი რამ მაეჭვებს..." - ვინ ცდილობს შეთანხმების "გაჭედვას" და რატომ გადადგა არჩილ თალაკვაძე? - კვირის პალიტრა

"კიდევ ერთი რამ მაეჭვებს..." - ვინ ცდილობს შეთანხმების "გაჭედვას" და რატომ გადადგა არჩილ თალაკვაძე?

"იცით, რა მაწუხებს? თუ "ქართულმა ოცნებამ" აიღო 43%, ისევ ახალ წრეზე უნდა წავიდეთ და საარჩევნო დღესვე დავიწყოთ ყვირილი, არჩევნები გაყალბდაო?"

როგორც "ქართულ ოცნებაში", ისე მის გარეთ, ბევრისთვის სრულიად მოულოდნელად, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, რის თაობაზეც მან 24 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა. "მივიჩნევ, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით, და არა სპიკერის პოზიციაზე", - განაცხადა თალაკვაძემ.

მან მადლობა გადაუხადა გუნდს და თქვა, რომ მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის სპიკერობა მისთვის დიდი პატივი იყო. უკვე გადაწყვეტილია ისიც, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს ორგზის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა დაიკავებს. ამ თემის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- სრულიად მოულოდნელი, მეტიც, გაუგებარი იყო პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარისგან ამგვარი განცხადების მოსმენა, ამის არანაირი წინა პირობა არ ჩანდა... ოპოზიციასთან მოლაპარაკება უშედეგო რომ ყოფილიყო და გადამდგარიყო, მაშინ გასაგები იქნებოდა, მაგრამ თუ ვინმეს წვლილი მიუძღვის შეთანხმებაში, მათ შორის არჩილ თალაკვაძეც არის. ამიტომ მისი გადადგომის მოლაპარაკებასთან დაკავშირება ულოგიკოდ მიმაჩნია. ის არ ყოფილა ცუდი სპიკერი, ამიტომ, ვფიქრობ, ამ გადადგომის უკან შეიძლება სხვა საკითხი იმალებოდეს, ვიდრე ის, რომ მან თავისი მისია შეასრულა და ახლა ვიღაც უფრო ნეიტრალურმა უნდა გააგრძელოს საქმე. რა შეიძლება ყოფილიყო გადადგომის მიზეზი, ჩემთვის გაუგებარია. ალბათ, ამის რეალური მიზეზი გამოჩნდება.

თუ "ქართულმა ოცნებამ" ეს შეთანხმება მარცხად აღიარა, მაშინ უნდა გადამდგარიყო კობახიძეც, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას საბოლოოდ თალაკვაძე კი არა, კობახიძე იღებს, როგორც პარტიის თავმჯდომარე. კახა კუჭავაზე კი ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს, მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არა მაქვს მის საპარლამენტო საქმიანობაზე...

- ერთი ვერსიით, არჩილ თალაკვაძე შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატი იყოს მმართველი პარტიიდან... - ჩემი აზრით, რეალური ვერსიაა და ვერ გამოვრიცხავთ, ისევე, როგორც ვერსიას შიდა გადაჯგუფებების შესახებ, ოღონდ ამაში დაპირისპირებას და განხეთქილებას არ ვგულისხმობ. თუ კახა კალაძე უარს იტყვის თბილისის მერობის კანდიდატობაზე, მმართველ ძალას ნამდვილად სერიოზული პრობლემა ექნება. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს უარი უკვე ნათქვამია.

- ევროპელი პარტნიორების მედიაციით მოლაპარაკების შედეგი, როგორც იქნა, დადგა. მინდა გკითხოთ, ამ პროცესში ევროპელების უპრეცედენტო მასშტაბის მონაწილეობაზე... რა შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნით ასეთი დაინტერესების მიზეზი? - ევროპა ჩვენი ქვეყნით საბჭოთა კავშირის დაშლიდანვე არის დაინტერესებული. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ბალტიისპირეთის ქვეყნებივით სწრაფი ტემპით წავსულიყავით ევროპისკენ. ეს დრო და პერიოდი ხელიდან გავუშვით, თუმცა მას მერე დამოუკიდებლად გვიწევს დასავლეთთან აქტიური ურთიერთობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფალი დეკლარირებულად ყოველთვის აცხადებდა, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია გვსურს, სინამდვილეში ამისთვის ბევრს არაფერს აკეთებდნენ. ამიტომაც დღემდე დავდივართ ერთსა და იმავე წრეზე და ვუშვებთ იმავე შეცდომებს. ევროპის ამ ყურადღებაში, ვფიქრობ, საოცარი არაფერია, მით უფრო, რომ მის ინტერესს დღევანდელ ვითარებაში სხვა ფაქტორებიც დაემატა, მათ შორის ის, რომ რუსეთი არა მარტო ყალიბდება საბჭოთა პოლიტიკის მემკვიდრედ, არამედ მან დაიწყო საკუთარი გავლენებით პირდაპირი ზემოქმედება პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამას ადასტურებს 2008 წლის ომი საქართველოსთან, 2014 წელს ყირიმის მიტაცება, 2020 წელს ყარაბაღის კონფლიქტის შედეგი და ასე შემდეგ... დასავლეთისთვის რეგიონში ჩვენ დავრჩით ერთადერთ საყრდენად.

გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ამიტომ დასავლეთი ცდილობს ერთგვარი სარტყელი შექმნას საქართველოსთვის ახალი საფრთხეების გასანეიტრალებლად. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ფაქტობრივად, გაშიშვლდა და ერთი კაცის - მელიას ციხეში დარჩენა-არდარჩენის საკითხად აქცია, გადავდგამთ ნაბიჯს ევროპისკენ თუ ისევ დავრჩებით საბჭოთა კავშირში. ამ არჩევანზე ევროპიდან არაერთხელ მიგვანიშნეს. მეტიც, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გამაოგნებელი რამ თქვა, რაც ამგვარი სიმძაფრით მანამდე, ალბათ, არც მოგვისმენია. მან ერთმანეთის გვერდით ახსენა სააკაშვილი და პუტინი და განაცხადა: "ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება ოპოზიცია იყოს გაერთიანებული საერთო პოზიციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება მხოლოდ ერთი გამარჯვებული. ეს არის სააკაშვილისა და პუტინის ინტერესი.

ის ცდილობს ერთიანობა დაარღვიოს ოპოზიციაში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი ცდილობს რადიკალიზაციას და პროვოკაციას, რომლითაც გამარჯვებული მხოლოდ ვლადიმირ პუტინია, რაც, ვფიქრობ, სირცხვილია"... მეტი რაღა უნდა გვითხრან, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა სწორი დასკვნები გამოიტანონ? სამწუხაროდ, არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.

როგორც კი შეთანხმებას ხელი მოაწერეს, მეორე დღესვე დაიწყო კამპანია, უნდა შეეხოს თუ არა ამნისტია 20 ივნისის საქმის ფიგურანტ სამ პოლიციელს. პოლიტიკური პროცესის მასშტაბურობიდან გამომდინარე, არ შეიძლება პოლიტიკოსები ასე იქცეოდნენ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ეჭვს აჩენს.

გავიხსენოთ, რომ გარეშე ძალები ამ ქვეყნიდან არასდროს წასულან. ლაპარაკი იმაზე, პერსონალურად ვინ ვინ არის და ვისთან შეიძლება იყოს კავშირში, გამიჭირდება, მაგრამ როცა ცხადად ჩანს, რომ ეს დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია, როცა ამაზე ლაპარაკობენ მეტ-ნაკლებად ობიექტური პირები და ამასვე გვეუბნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, როცა ასეთი მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსისგან სააკაშვილისა და პუტინის დაწყვილება პირველად მოხდა, ამის შემდეგ იფიქრო იმაზე, რომ არჩევნების გაყალბების გამოა ასე შეურიგებელი ის ჯგუფი, რომელიც 1995 წლიდან მოყოლებული აყალბებდა არჩევნებს, ძნელად დასაჯერებელია. ახლა გაახსენდათ, რომ დამოუკიდებელი უნდა იყოს სასამართლო, რომ მიტინგების დაშლას თავისი წესი აქვს და სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას არ უნდა გადაამეტონ? ამის მერე როგორ დაიჯერებ, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ პარტიული ინტერესია? ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო.

არ მჯერა, რომ "ქართული ოცნება" ერთბაშად უმწიკვლო არჩევნებს ჩაატარებს, ან ჯადოსნური ჯოხის აქნევით მოუვლის სასამართლო სისტემას, მაგრამ ამ ხელისუფლებას საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით წინსვლა აქვს და დარწმუნებული ვარ შეთანხმების ეს ახალი დოკუმენტიც თუ სიცოცხლისუნარიანი იქნა, აუცილებლად მოიტანს იქნებ არა მასშტაბურ, მაგრამ მაინც კარგ შედეგებს ქვეყნისთვის. ასეთი დაბეჯითებით ამისკენ მოგვიწოდებენ ისინი, ვისკენაც, ჩვენი მტკიცებით, მივდივართ, ვისთან ერთობასაც ვცდილობთ... სინამდვილეში კი მათი მოსმენაც არ გვინდა, ამიტომაც ვრჩებით ამ მოჯადოებულ წრეში.

- მიუხედავად იმისა, ყველა თანხმდება, რომ შეთანხმების დოკუმენტის საბოლოო ვერსია კომპრომისულია, რომ ბევრი კითხვა აქვს ოპოზიციის ნაწილს, ის დიდად არც მმართველ გუნდს მოეწონა. განსაკუთრებით ის პუნქტები, რომლებიც შეეხება პოლიტიკური მოტივით დაკავებულების გათავისუფლებას და დათქმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" ხმათა 43%-ზე ნაკლები თუ მიიღო, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება... - საქმე ისე წავიდა, დოკუმენტის ავკარგიანობაზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ მხოლოდ იმაზე, ოღონდ კი როგორმე შეთანხმდნენო. საქართველოშიც ასე ვართ და ჩვენი პარტნიორებიც ამ დღეში არიან. ჩემი აზრით, არანაირი პრობლემა არ არის 43%-იანი ბარიერის დაწესებაში, მაგრამ იცით, რა მაწუხებს? თუ "ქართულმა ოცნებამ" აიღო 43%, ისევ ახალ წრეზე უნდა წავიდეთ და საარჩევნო დღესვე დავიწყოთ ყვირილი, არჩევნები გაყალბდაო?

კიდევ ერთი რამ მაეჭვებს - "ქართულ ოცნებას" დამოუკიდებლად შეუძლია ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, არ სჭირდება ოპოზიციის ხმები, რატომ არ იღებს? ცოტა ხანს დაანებონ თავი იმაზე ლაპარაკს, რას აკეთებს ოპოზიცია და თვითონ გადადგან ნაბიჯები.

ხელისუფლებამ დაუშვა უზარმაზარი შეცდომა, როდესაც მელიას დაჭერით მძინარე ოპოზიცია ჯერ გამოაღვიძა, შემდეგ კი საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანა. მაგრამ ოპოზიციამ რა ქნა? იქამდე მიიყვანა საქმე, დღეს აშშ-ის ელჩი დეგნანი აცხადებს, მელიას გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ციხეში, ეს ჩვენი პრობლემა აღარ არისო.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ინიციატივის ხელში აღება არც ხელისუფლებას სურს. ეს ვითარება ყველას აწყობს. ამდენი ხანია ყველა იმაზე ვლაპარაკობთ, ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა, გამოუშვებენ მელიას თუ არა და ა.შ. არადა, გვაქვს უდიდესი პრობლემები, ბოლოს და ბოლოს, პანდემიასთან გამკლავება უდიდესი გამოწვევაა; გვაქვს უსაფრთხოების პრობლემები, ეკონომიკური სიდუხჭირე, მაგრამ მათი გადაჭრისთვის სად გვცალია, ქვეყანა გადავაყოლეთ რამდენიმე კაცის პარლამენტში შესვლას და 2 კაცის ციხიდან გამოსვლას. ნუ შევა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, დარჩეს ქუჩაში, ამით საბოლოოდ მოხდება მისი მარგინალიზაცია, რაც ქვეყნისთვის უკეთესიც კი იქნება. ჩნდება ისეთი განცდა, რომ ორივე მხარე ცდილობს ჩვენს დასავლელ პარტნიორებში საქართველოს მიმართ უიმედო განწყობა გააჩინოს. სხვა მხრივ ყოვლად ულოგიკოა ის, რაც ახლა ქართულ პოლიტიკაში ხდება.

- "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ აპირებს, თუმცა ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებადაც პარტიას უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის "ვიზა" დასჭირდა. პარტიისგან დამოუკიდებლად მოაწერეს დოკუმენტს ხელი სალომე სამადაშვილმა და პარტიის ყოფილმა თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ. - არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეალური ლიდერი აწ და მარადის მიხეილ სააკაშვილია. მართალია, დღეს ისეთი სურათის შექმნა სურთ, რომ თითქოს ლიდერი მელიაა, მაგრამ მართალი ხართ, ამ პროცესებმაც აჩვენა, რომ მელიას ლიდერობა ფიქციაა.

"ნაციონალურ მოძრაობას" ელექტორალური პრობლემა აქვს - მისი მომხრეების 90% სააკაშვილს უჭერს მხარს და არა "ნაციონალურ მოძრაობას". ეს იცის სააკაშვილმაც, ამიტომაც პარტიაში იძულებული არიან მისი დირექტივებით იხელმძღვანელონ.

რაც შეეხება სალომე სამადაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას, შეიძლება მათი პოლიტიკური საქმიანობა არ მოგვწონდეს, მაგრამ მათზე ვერავინ იტყვის, რომ დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება არა აქვთ. მათ მშვენივრად იციან არა მარტო ის, რაც ზედაპირზე ჩანს, არამედ ისიც, ამ შეთანხმებისა და მოლაპარაკების მიღმა რა არის. ბოლოს და ბოლოს, როდესაც არგუმენტი არა გაქვს რაღაცის დასამტკიცებლად და მაინც ჯიუტად ამტკიცებ, ამას კარგი ნერვების გარდა, შუბლის გაწყვეტილი ძარღვიც სჭირდება.

- მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება კიდევ ერთხელ დააანონსა... ვარაუდობენ, რომ იმ რეზონანსმა, რაც ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა, შესაძლოა სააკაშვილი მართლაც შეაგულიანოს... - აპრილში განაცხადო, ოქტომბერში მოვდივარო, ადვილია. ოქტომბრამდე იმდენი დროა, იმდენი რამ შეიძლება შეიცვალოს, ბოლოს და ბოლოს, მანამდე შეიძლება დაავიწყდეს კიდეც თავისი დაპირება. მოკლედ, არ ველი სააკაშვილის აქ ჩამოსვლას, ამისთვის მას უპირველესად სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან დიდი გარანტიები, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომაც ვერ გაბედავს ჩამოსვლას. მას შეიძლება აწუხებდეს, რომ მელია ასეთი პოპულარულია ჩვენთან თუ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში, მაგრამ არა მგონია, ამის გამო გარისკოს.

- ექსპერტთა ნაწილის აზრით, ვადამდელი არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში გახდება საჭირო და არა აქვს მნიშვნელობა, "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს აიღებს თუ არა... - სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა, მანამდე ვამბობდი, ამ არჩევნებში "ქართული ოცნება" კი გაიმარჯვებს, მაგრამ საქმე ის არის, 2024 წლამდე თუ მიაღწევს-მეთქი. დღეს "ქართული ოცნების" ისევ ხელისუფლებაში ყოფნას ხელს ის უწყობს, რომ მოსახლეობა ვერ ხედავს სხვა პოლიტიკურ ძალას, რომლის იმედიც ექნება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ "ქართულ ოცნებას" არა აქვს იმის ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსი, რომ აქედან ამოიყვანოს ქვეყანა ან ხვალინდელი დღის იმედი მაინც გააჩინოს. მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კინკლაობაზე არიან გადასული - ეს ორნი თან ერთმანეთს ეკიდებიან, თან იძირებიან და ამასობაში ის პატარა, შუაში მყოფი პარტიები სრულად ჩაძირეს. ერთადერთი, რამაც შეიძლება სტაბილურობა ჯერ კიდევ შეინარჩუნოს, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერაა. იმედია, ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებენ, დახმარებასაც გამოგვიყოფენ და მთლად უფსკრულში არ გადავეშვებით.

- მესამე ძალა ახსენეთ და, ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და მისი გუნდის პერსპექტივაზე რას ფიქრობთ? - გახარიას მომავალ პოლიტიკურ გააქტიურებას ნამდვილად უკავშირდება ამომრჩევლის ნაწილის მოლოდინი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც დღეს არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს, გაცილებით მომთხოვნია. მისი გულის მოგება იოლი არ იქნება. გახარიას აქვს პოლიტიკური კაპიტალი, მაგრამ არა ისეთი მასშტაბური, რომ შეძლოს მესამე ძალად ჩამოყალიბება.

მას პერსპექტივა აქვს, მაგრამ მესამე ძალის შექმნას მარტო გახარია არ ეყოფა. არასწორი მგონია, როდესაც პოლიტიკაში შემოდიხარ და აქტიურობას იწყებ დეპუტატთა ერთი ნაწილის განცხადებით, რომ გახარიას გუნდის წევრები არიან. ჯერ არ ვიცით, რას აკეთებს გახარია ან რა გუნდი ჰყავს და უცებ ვიღაცები ამბობენ, ამ გუნდის წევრები ვართო. ეს სულ ცოტა, უცნაური სტარტია.