დათო მაღრაძე: "ეს გამარჯვება, რაც ქართულ პოლიტიკაში გარღვევა­ იყო, ქართველმა ხალხმა მოიპოვა"
დათო მაღრაძე: "ეს გამარჯვება, რაც ქართულ პოლიტიკაში გარღვევა­ იყო, ქართველმა ხალხმა მოიპოვა"
"ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობილებით გაირკვა, რომ ბევრი რამ გადავაფასეთ, ბრძოლებსა და მწარე გაკვეთილებს უშედეგოდ არ ჩაუვლია. საზოგადოება აცნობიერებს, რომ რევანშისტების განზრახვაში ყოველთვის ძევს იდეა, რომ დამარცხების შემთხვევაში მზად არიან სახელმწიფო ინსტიტუციებს დაემუქრონ და ქვეყნის მომავალი ეჭვქვეშ დააყენონ, ანუ თუ ძალაუფლებას ხელში ვერ ჩაიგდებენ, ქვეყანას წირავენ. სწორედ რევანშიზმია რადიკალიზმის სათავე..."

"დიდი გარღვევაა ქართულ პოლიტიკაში, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა,­ რომ ქართველი საზოგადოება ევროპის ნაწილია. ახლა საკუთარ თავს
უნდა დავუ­მტკიცოთ, რომ მისი ნაწილი ვართ", - ასე აფასებს ბოლოდროინდელ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს პოეტი დათო მაღრაძე.­

- ძალზე აქტუალური თემით დავიწყებ, თუ რატომ უნდა შეეხოს ამნისტია­ მათ, ვისზეც ახლა კამათია - როგორც პოეტი ვიტყვი, რომ ეს გამარჯვება, რაც ქართულ პოლიტიკაში აშკარად გარღვევა­ იყო, არც
"ოცნებას" ეკუთვნის და არც ოპოზიციას, ის ქართველმა ხალხმა მოიპოვა.

როდესაც ხალხი იმარჯვებს, ამნისტია ორივე მხარეს უნდა შეეხოს. სახალხო გამარჯვება საყოველთაო უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში შერჩევითი მართლმსაჯულების მოთხოვნა უზნეობა მგონია.

რაც შეეხება ბოლოდროინდელ გარღვევას,­ რომელმაც ქართული პოლიტიკა ჩიხიდან გამოიყვანა - რადგან ხელისუფლებამ ქვეყნის მართვას თავი სრულფასოვნად ვერ გაართვა, ქვეყნის მართვის სადავეები­ დროებით ევროკავშირის ხელმძღვანელობამ აიღო და მანვე წარმართა პროცესები.­ თუმცა ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და ევროკავშირი ქართულ სახელმწიფოს სამუდამოდ ვერ მართავს, ამიტომ ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას მუდმივ ტურბულენტობაში კი არ აცხოვრებს, არამედ სახელმწიფოს სამართლიანად, დემოკრატიულად მართავს.

- "ოცნებას" ამის უნარი შესწევს?
- უნდა დაამტკიცოს, რომ შესწევს,­ თუნდაც იმიტომ, რომ პოლიტიკური ჩიხის განმავლობაში კაბინეტებში დაბადე­ბული ნიშნის მოსაგები ფრაზებით დაგვამახსოვრა თავი. ხელისუფლებამ მოსა­ხლეობის მშვიდობიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს და "ოცნებამ" უნდა დაამტკიცოს, რომ ამის უნარი შესწევს.

- ქვეყანას ოპოზიციაც სჭირდება.
- დიახ, ოღონდ კონსტრუქციული­ და არა რევანშისტული, რომელიც მოწინააღმდეგე ძალასა და სახელმწიფო ინსტიტუციებს განადგურებით არ დაემუქრება; ქვეყნის საუკეთესოდ მართვის საფუძვლიანი ამბიცია და ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური გზა ექნება. არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში კონსტრუქციულ ოპოზიციაში ყოფნას განაგრძობს, გამარჯვების შემთხვევაში კი ოპოზიციაში გადასულ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს.

სწორედ ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი­ განვითარებისა და სტაბილური მომავლის ქვაკუთხედი. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობილებით გაირკვა, რომ ბევრი რამ გადავაფასეთ, ბრძოლებსა და მწარე გაკვეთილებს უშედეგოდ არ ჩაუვლია. საზოგადოება აცნობიერებს, რომ რევანშისტების განზრახვაში ყოველთვის ძევს იდეა, რომ დამარცხების შემთხვევაში მზად არიან სახელმწიფო ინსტიტუციებს დაემუქრონ და ქვეყნის მომავალი ეჭვქვეშ დააყენონ, ანუ თუ ძალაუფლებას ხელში ვერ ჩაიგდებენ, ქვეყანას წირავენ. სწორედ რევანშიზმია რადიკალიზმის სათავე.

- მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილმა­ ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს, თანაგუნდელებს აუხსნა, ასე იმიტომ მოვიქეცით, ევროპას ოპოზიცია რადიკალური არ ჰგონებოდაო.
- დიახ, ჩვენდა საბედნიეროდ, ოპოზიციის ყველაზე მწვავედ განწყობილ პოლიტიკურ გუნდებში აღმოჩნდნენ პარტი­ებიც და ინდივიდებიც, რომლებმაც პოლი­ტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად კონსტრუქციული დიალოგი ამჯობინეს. ეს ცხადია, იმედს აჩენს, რომ სახელმწიფო­ ნამდვილად ევროპულ გზას დაადგება. მათ ეყოთ უნარი და პასუხისმგებლობა,­ სახელმწიფოსთვის, სამშობლოს მომავლისთვის სასარგებლო არჩევანი გაეკე­თებინათ.

სამწუხაროდ, არიან და შემდეგშიც იქნებიან ისეთებიც, ვინც არასდროს გადაუხვევს ნებისმიერ ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზას. რევანშიზმს უკიდურესობები კვებავს და ეს მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეხება, საზოგადოების იმ ნაწილსაც ვგულისხმობ, რომლებიც პოლიტიკოსებში საკუთარი ვნებების იდენტიფიკაციას ახდენენ.

თავიანთი უნიჭობით გაკაპასებული რევანშისტები თვლიან, რომ ნიჭიერი ადამიანები­ არიან მათ უნიჭობასა და ხელმოცარულობაში დამნაშავე. მზის ამოსვლას ნიჭიერი­ ადამიანი სიხარულით ეგებება, უნიჭო კი გაღიზიანებული იღვიძებს.­ თუმცა როგორც დიდი რუსთველი ამბობს, "ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების..." რას ვიზამთ, მზის ამოსვლა ზოგს ახარებს და მასთან ერთად ხელახლა იბადება, ზოგი საკუთარ ესთეტიკას ნეხვთან აკავშირებს. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო ფლორენციაში სინიორიის მოედანზე ნეხვის ქანდაკება.

- რა უთხრეს ამით მისმა ავტორებმა საზოგადოებას?
- მე ასე აღვიქვი - მათ, ვისთვისაც­ ევროპული რენესანსი კაცობრიობის მთავარი მონაპოვარია, ამ ქანდაკებით უთხრეს, წადით თქვენი რენესანსიც და ესთეტიკაცო...­ თუმცა შემდეგ გამოჩნდა ხალხი, ვინც ეს ქანდაკება გააპროტესტა და ის აიღეს.

ჩემთვის ევროპა ის არის, ვისაც ამ ქანდაკების მიმართ პროტესტი­ გაუჩნდა და ვისთვისაც რენესანსი კვლავ ძვირფასია, რადგან არსებობს მარადიული ღირებულებები, რომელთაც დრო ვერაფერს უხერხებს.

ქართველმა საზოგადოებამ თავისი ჯანსაღი­ პროტესტით, რომელსაც გაჯიუტებული პოლიტიკოსების მიმართ პირდაპირ თუ ირიბად გამოთქვამდა, მსოფლიო საზოგადოებას უთხრა, ჩვენი არჩევანი ევროპულიაო. ევროპაშიც არის ტრენდული ტენდენციები, რომელიც პოლიტიკაშიც აღწევს, და აქაც ჰყავთ მომხრეები, მაგრამ ტრენდულობა დროებითია, დროის რაღაც მონაკვეთშია პოპულარული. იქნება ეს პოლიტიკური კეკლუცობა თუ სახელოვნებო სამყარო, გარდამავალია და პოდიუმების ბილიკებით ჩაივლის, მარადიული ღირებულებები კი, როგორიც არის სამშობლოს სიყვარული, მისი ნათელი­ მომავალი და სწორი გზა, უალტერნატივო და მარადიულია, რადგან მისი ღირებულებების სიდიადეშია მისი მარადისობა. ის არის აწმყოს, წარსულისა და მომავლის სულიერი საზრდო. დროშია განვრცობილი. მეოცე საუკუნეში იყო ერთი ინგლისელი მწერალი, კლაივ სტეფლზ ლუისი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია, სი ეს ლუისის სახელით, მას ეკუთვნის ძალიან კარგი ფრაზა:­ "ქრონოლ­ოგიური პროვინციალიზმი", რომელსაც იმ ადამიანს უწოდებს, რომელიც საკუთარ მცირე დროში ცხოვრობს და მხოლოდ ვიწრო გაგებით თანამედროვე კონიუნქტურას უწევს ანგარიშს, რადგან მის ტყვეობაშია. არადა, ევროპა დიდი და სასარგებლო სივრცეა ჩვენთვის. ამის დასტურია, რომ ევროპის ხელმძღვანელობით პროცესი­ ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდა და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სურს მისი კულტურული და სულიერი შემადგენელი ნაწილი იყოს.

- საზოგადოების ნაწილის მოსაზრებით, ხელისუფლების ამ ნაბიჯით ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ კითხვები ამოიწურა.
- ვფიქრობ, დასავლეთისკენ კურსი დიდი ხანია საქართველოს აღებული აქვს და ამის თვალსაჩინო მაგალითია ქართული­ სულიერება, ქართული ლიტერატურით, თვისებრიობითა და მისწრაფებებით. ეს ერის ბუნებამ გადაწყვიტა, სათუო არასდროს ყოფილა. მაგრამ გვაქვს კიდევ ერთი რეალობა, რუსეთი არის და იქნება ჩვენი მეზობელი. ეს მეზობლობა­ სამუდამოა. მისგან მომავალი საფრთხეა სამუდამო და არა ის, ახლა რომ ქვეყნის ხელისუფლება საგარეო კურსს შეცვლის. თუმცა რუსეთის საფრთხე განაპირობებს, რომ ევროპა და ამერიკა გაფაქიზებულ ყურადღებას იჩენს საქართველოს მიმართ, ოღონდ ეს ხელისუფლების კურსის სათუოობით კი არა, რუსეთი რომ ჩვენი მეზობელია და მუდმივად იქნება,­ იმით არის განპირობებული. ჩვენს ევროპელ და ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენი სწორი, შეთანხმებული ქცევითა და თავიანთი თანადგომით უნდათ რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისგან დაგვიცვან. ისიც იციან, საქართველოს სამეზობლო საერთაშორისო ნორმების ტრფიალით არ გამოირჩევა... ცნობისთვის, შარლ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე ხელის მოწერის პროცესში პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც ღირსეულად გამოიყურებოდნენ. თუმცა ეს შეთანხმება არც ხელისუფლების დამსახურებაა და არც ოპოზიციის. როგორც ცალკეული ევროპელი ლიდერები აცხადებდნენ, ქართველი საზოგადოება­ უკეთესს იმსახურებს.

საბედნიეროდ, მათ იმაზე მეტი ინფორმაცია აქვთ ჩვენზე, ვიდრე გვგონია. შესაბამისად, იცოდნენ ხალხის არჩევანი და ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსულიყო. ამით კიდევ ერთხელ მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ. ახლა კი იქნებ ჩვენც ვიპოვოთ იმის ძალა, რომ საკუთარ თავს და მსოფლიოსაც დავანახოთ, რომ ევროპის განუყოფელი ნაწილი ვართ.

ფიროსმანმა თავის სამშობლოდ საქართ­ველო აირჩია, ახლა ჯერი ჩვენზეა და იქნებ საქართველომაც აირჩიოს ფიროსმანი, რომ ეს არჩევანი ცალმხრივი არ გამოვიდეს და ჩვენსა და ფიროსმანს შორის მარადიული პაემანი შედგეს. იქნებ ამ ერთხელ პირჯვარი გადავიწეროთ და ყურადღებაზე ყურადღებით, გულისხმიერებაზე კი გულისხმიერებით ვუპასუხოთ, თორემ ცალმხრივი სიყვარულით და ყურადღებით დავტანჯეთ ფიროსმანიც და ევროპაც.

- სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შემოდგომაზე დაბრუნებას გეგმავს. რის მიღწევას ცდილობს ასეთი განცხადებებით?
- მის განცხადებებს საქართველოში ჩამოსვლის შესახებ სერიოზულად ვერც აღვიქვამ... სააკაშვილისთვის სიტყვას რომ ფასი არა აქვს, დიდმაც იცის და პატარამაც. იუმორს თუ მოვიშველიებთ, ის ჩამოსვლას კი არ გვპირდება, უკვე აქ არის, მართალია ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ თავის მხარდამჭერებს უკვე ეცხადება და რამდენიმე ადასტურებს კიდეც. როგორც იმ ცნობილ სიმღერაშია, "ის აქ არის, ამბობს მტკვარი"...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები