გიორგი ვაშაძე: "ძალიან მაინტერესებს, რა ხდება იმ ოპოზიციონერის თავში, ვინც ამ დოკუმენტს ნაკლულად მიიჩნევს" - კვირის პალიტრა

გიორგი ვაშაძე: "ძალიან მაინტერესებს, რა ხდება იმ ოპოზიციონერის თავში, ვინც ამ დოკუმენტს ნაკლულად მიიჩნევს"

"მერე რა, რომ ეს დოკუმენტი თამარ ჟვანიას გათავისუფლებას არ ითვალისწინებს? ის იქნება ჩვეულებრივი უუფლებო რიგითი წევრი"

"თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ "ქართული ოცნება" ამ შეთანხმებაში თავს დამარცხებულად თვლის", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი განმარტებით, მმართველი პარტია თავს დამარცხებულად გრძნობს იმის გამო, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის აღიარება და მათი გათავისუფლების მექანიზმებზე დათანხმება მოუხდა, ამასთან, მოუწია ეღიარებინა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდა და საარჩევნო კომისიებშიც უმრავლესობის დათმობა მოუხდა. "ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთ ოპოზიციონერ კოლეგას უნდა ოპოზიციის მარცხად გააფორმოს ეს შეთანხმება... ახლა იმის დროა, რომ ყველა გავერთიანდეთ და მაქსიმალურად საქმეზე ვიყოთ ორიენტირებული. თალაკვაძე ამ მოლაპარაკებაში "ქართული ოცნების" უფრო კონსტრუქციული მხარე იყო, ვიდრე სხვა მონაწილეები კობახიძის სახით... აქვე ვამბობ, რომ "ქართული ოცნება" თალაკვაძის გადადგომით ვერც ერთ შემთხვევაში უკან ვერ წაიღებს შეთანხმების ვერც ერთ კომპონენტს, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებას აქვს არა მარტო ტექსტი, არამედ კონკრეტული ვადები და მის რეალიზებაზეა მიბმული საქართველო-ამერიკის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება, რაც წერია კიდეც სენატის რეზოლუციაში, და ევროკავშირში გაწევრების სამოქმედო გეგმის, მაპ-ის მიღება.

ამიტომ ეს არის ზემნიშვნელოვანი დოკუმენტი და ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და იმედია, მთლიანად ოპოზიციასთან ერთად მათ ვაიძულებთ ამ შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებას", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა. როგორ კითხულობს შეთანხმებაში გაწერილ საკითხებს, რას ფიქრობს ოპოზიციის განაწყენებულ ნაწილზე და რას ელის პარლამენტის ახალი თავმჯდომარისგან, თავად გიორგი ვაშაძე გვიამბობს.

- სულ რამდენიმე დღეში გამოჩნდება, რა სტრატეგიას აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კახა კუჭავა შეთანხმების საკითხში - იქნება არჩილ თალაკვაძესავით შედარებით კონსტრუქციული თუ ირაკლი კობახიძესავით ხისტი.

- როგორც დასავლელ პარტნიორებს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს იმედი ჰქონდათ, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერით პოლიტიკური კრიზისი ამოიწურებოდა, თუმცა დღეს სხვა ვითარება გვაქვს. კრიზისიდან გამოსვლის გზას რაში ხედავთ? - ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაგვაროთ პოლიტპატიმრების საკითხი. ამნისტიის შედეგად საბოლოოდ უნდა დავხუროთ ის ფურცელი, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. აღარც ნიკა მელიას პოლიტპატიმრობის საკითხს უნდა მივუბრუნდეთ მომავალში. გირაო ნიშნავს ციხიდან დროებით გამოშვებას. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიზებულად მოტივირებული მართლმსაჯულება მას მაინც შეაბრუნებდა ციხეში, ამიტომ მელიას საქმე მხოლოდ ამნისტიით დაიხურება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს სპეკულაცია ამნისტიის კანონპროექტის შესახებ. სულ რაღაც ორ დღეში ყველა ნახავთ, რომ საქმე ისე არ არის, როგორც ზოგიერთს სურს წარმოჩენა.

- რას გულისხმობთ? - ამნისტია შეეხება საპროტესტო აქციაში მონაწილე 16 კაცს და მათ შორის არ იქნება ის 3 თუ 4 პოლიციელი, რომლებმაც ადამიანებს თვალები დასთხარეს. მუხლები, რომლებითაც ეს პოლიციელები სამართლდებიან, კონვენციით არის დაცული.

- მაგრამ "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ კონვენცია ამ პოლიციელების შეწყალებას არ კრძალავს. - ცოტა ხნის წინ კონსულტაცია გავიარეთ საია-სთან. გარწმუნებთ, მათ ამნისტია არ შეეხება. ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია. ტყუილად არ მითქვამს, რომ ამ საკითხის გამო კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს. ძალიან მძიმე დღეები გავიარეთ. სხვებისთვის მარტივია შორიდან ლაპარაკი, ჩვენ ეს ყველაფერი 6-თვიან ნერვების დაწყვეტის ფასად დაგვიჯდა.

ძალიან მარტივია შორიდან გმობდე ამნისტიას, მეორე მხრივ კი ამნისტიის კანონის მიღებას ელოდებოდე, რომ მერე პარლამენტში შემოხვიდე. ეს პილატე პონტოელის მსგავსი ქმედებაა, ხელებს იბანენ პროცესიდან, მაგრამ სურთ შედეგი მიიღონ. მე აუცილებლად შევასრულებ ჩემს თავზე აღებულ პასუხისმგებლობას და "ქართულ ოცნებას" ზედმიწევნით ყველა პირობის შესრულებას მოვთხოვ. ხელებს არასდროს არავითარ შემთხვევაში არ დავიბან.

- თქვენ უკვე არაერთხელ აღნიშნეთ, რომ გააკეთეთ მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. მაშინ რას ფიქრობთ, რატომ გაგემიჯნათ დანარჩენი ოპოზიცია? - არ ვიცი, არ მინდა შეთქმულების თეორიებზე საუბარი. მე ის ვიცი, რომ დოკუმენტი, რომელზეც ხელი მოვაწერეთ, საბოლოო შანსი იყოს ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. პარტნიორებმა გარკვევით გვითხრეს, ან მოაწერეთ ხელი, ან კარგად ბრძანდებოდეთ, მოლაპარაკების გაგრძელებას აღარ ვაპირებთ, 2024 წლამდე თქვენი მედიატორი ვერ ვიქნებით, ეს არ არის ჩვენი საქმეო. შეგახსენებთ, რომ ამ დოკუმენტის გამო "ქართულმა ოცნებამ" ბოიკოტი გამოუცხადა შეკრებას, იმიტომ, რომ არ იყო მისთვის ხელსაყრელი. ხელი მოაწერეს იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. დასავლეთის ზეწოლა იყო როგორც ჩვენზე, ასევე მმართველ გუნდზე.

ამ ხელმოწერით მათ დაადასტურეს, რომ ბოდიშს იხდიან არჩევნების გაყალბების გამო. ეს დოკუმენტი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია შემოწმდება თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მაინტერესებს, რა ხდება იმ ოპოზიციონერის თავში, ვინც ამ დოკუმენტს ნაკლულად მიიჩნევს. საქართველოს 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში პრეცედენტია - სახელისუფლებო ძალამ ხელმოწერით დაადასტურა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან. მეტი რაღა უნდა გვექნა? ზღვარი ხომ არსებობს, სადამდე უნდა იბრძოლო და სად უნდა გაჩერდე?

- თქვენზე განაწყენებული ოპოზიცია ამბობს, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობიდან თამარ ჟვანიას გათავისუფლებას. - დიახ, არ ითვალისწინებს, მაგრამ მერე რა, თამარ ჟვანია იქნება ჩვეულებრივი უუფლებო რიგითი წევრი, ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლების გარეშე. ახლა უსაფუძვლო დავის და ერთმანეთისთვის ლაფის სროლის დრო არ არის, ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ჩვენ უკვე შევხვდით არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს და საარჩევნო გარემოზე ვისაუბრეთ. კიდევ ბევრი საკოორდინაციო შეხვედრა გვაქვს დაწყებული. რეალური სამუშაო პროცესი დავიწყეთ, რომელიც ქვეყანას შედეგს მოუტანს. მე ყოველთვის საქმესა და შედეგზე ორიენტირებული ვარ და ეს საქმე აუცილებლად გააქარწყლებს იმ ილუზორულ წარმოდგენას, რომელიც ვიღაცებს უნდათ შექმნან.

ხათუნა ბახტურიძე