თაკო ჩარკვიანი: "ამათი სიბეცე გამოწვეული იყო მსხვილი ოპოზიციური პარტიის შიშით" - კვირის პალიტრა

თაკო ჩარკვიანი: "ამათი სიბეცე გამოწვეული იყო მსხვილი ოპოზიციური პარტიის შიშით"

"რატომ შეუდგნენ ბურჯებად ჩამოშლის პირას მისულ "ოცნებას"?

"ვიღაცები ამბობენ, ამნისტიის შედეგად დამნაშავე პოლიციელები გარეთ გამოვლენო, მეორე ნაწილი ამბობს, არაო... იცით, ჩემთვის მიუღებელი რა არის, საკითხი რომ ასეთი საჩოთიროა, შენ კი უკვე ხელი გაქვს მოწერილი", - ამბობს პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი:

- ზოგიერთი გვამუნათებს, ჩვენ იმიტომ მოვაწერეთ ხელი, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლა გვსურსო. ჩვენც გვინდა კრიზისის მოგვარება, ამიტომ ვისხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ მიუღებელია, წავახალისოთ დანაშაული. ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ნიკა მელიასთან ერთად სისხლის სამართლის დამნაშავეებსაც უღებს ციხის კარს. ამ პოლიციელებმა აღიარეს, რომ დამიზნებით ესროდნენ ხალხს. როგორ შეიძლება მათი გათანაბრება ნიკა მელიასთან, რომელიც შერჩევით სამართალს და გავრილოვის "ჩამობრძანებას" აპროტესტებდა? წარმოუდგენელია, ამ მკვლელების გათავისუფლება.

- თქვენ არ გჯერათ ყოფილი პარტნიორის, რომელიც ამბობს, რომ ამნისტია დამნაშავეებს არ შეეხება? - თუ არ შეეხება, მაშინ რატომ ამბობს "ოცნება", რომ ამნისტია თვალების დამთხრელ პოლიციელებსაც შეეხება? იმიტომ ხომ არა, რომ დოკუმენტში არ არის ამის პრევენცია? სიტყვაზე ვენდოთ? ამასთან, ლეგიტიმური იყო ნაზი ჯანეზაშვილის შეკითხვა, სასამართლოში ისევ მურუსიძე და ჩინჩალაძე უნდა დაგვიტოვონო?.. ვერ ვხვდები, რატომ შეუდგნენ ბურჯებად ამ ჩამოშლის პირას მისულ "ქართულ ოცნებას"?

- გიორგი ვაშაძე და მამუკა ხაზარაძე ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორები მედიაციის გაგრძელებას აღარ აპირებდნენ. - კარგი, მაგრამ სასამართლო კლანის რეფორმაზე უარს არავინ იტყოდა. ვინ გაგვინაწყენდებოდა ამ მოთხოვნის გამო? უკეთესად უნდა დამუშავებულიყო დოკუმენტი, მაგრამ ამათ ბეცივით, სულსწრაფად მოაწერეს ხელი. მე მგონია, ამათ სულსწრაფობას თავისი მიზეზი აქვს - ამათი სიჩქარე და სიბეცე გამოწვეული იყო მსხვილი ოპოზიციური პარტიის შიშით. იფიქრეს, რომ 27%-იანი პარტია მეორე პარტია გახდებოდა, მეორე პოლიტიკური ძალა.

- თქვენ არა გაქვთ ასეთი შიშის საფუძველი, არ ფიქრობთ, რომ "ნაცმოძრაობა" მართლა გახდებოდა დომინანტი? - კი, როგორ არა, მაგრამ ამ შიშის გამო ასეთი შეცდომის დაშვების უფლება არავის ჰქონდა. სხვა თუ არაფერი, ამნისტიის შესახებ საზოგადოებისთვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია. მეც კი, მათი პარტნიორი, პოსტ ფაქტუმ ვიგებ ამნისტიის საკითხს.

- იმის შესახებ თუ გქონდათ ინფორმაცია, რომ თქვენი ოპოზიციონერი კოლეგები დოკუმენტზე ხელის მოწერას აპირებდნენ? - არა, ამის შესახებაც პოსტ ფაქტუმ გავიგე. ბევრი რამ აღმოჩნდა ჩემთვის მოულოდნელი. ცუდი ის არის, რომ ხალხს მათზე ცუდი შთაბეჭდილება შეექმნა, "ნაციონალური მოძრაობა" კი, რომლისაც მათ ასე ეშინოდათ, კიდევ უფრო გაძლიერდა.

- ქუჩაში პროტესტს ისევ აქვს აზრი? - რა თქმა უნდა. აბა, იმ ოთხი ხელის მომწერის ეშინია "ქართულ ოცნებას"?!

ხათუნა ბახტურიძე