შალვა პაპუაშვილი: "მთელ ამ პროცესში "ლელომ" თავი დაგვანახა როგორც ყველაზე არასერიოზულმა ძალამ" - კვირის პალიტრა

შალვა პაპუაშვილი: "მთელ ამ პროცესში "ლელომ" თავი დაგვანახა როგორც ყველაზე არასერიოზულმა ძალამ"

"ნიკა მელიასგან წამებული გმირის შექმნა სცადეს, მაგრამ..."

ამერიკის სენატში შევიდა რეზოლუცია, რომელიც საქართველოში 19 აპრილს პარტიებს შორის შეთანხმებას უჭერს მხარს და პოლიტიკური კრიზისის დასრულებას მიესალმება. რეზოლუციის ინიციატორები არიან სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი, რესპუბლიკელი სენატორი რონ ჯონსონი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი, რესპუბლიკელი ჯიმ რიში. სენატორები გვილოცავენ შეთანხმების მიღწევას და ამბობენ, რომ მძიმე მუშაობა ახლა იწყება... გვაქვს თუ არა საქმე მოსალოცად და არის თუ არა პოლიტიკური კლასი მზად რთული მუშაობისთვის, მმართველი გუნდის ლიდერი შალვა პაპუაშვილი გვესაუბრება:

- შეთანხმება ხელმოწერილია, თუ თითოეული ჩვენგანი ნაკისრ ვალდებულებას პატიოსნად შეასრულებს, ყველაფერი რიგზე იქნება.

- მაგრამ ოპოზიციონერთა ნაწილი ამბობს, რომ თვალების დათხრა კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულია, რომლის ამნისტირების უფლება არა გვაქვს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამნისტია შეეხება იმ პოლიციელებსაც, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლებამოსილებას გადაამეტეს. ამ საკითხმა საზოგადოების დაბნეულობა გამოიწვია... - ბოლო შეხვედრაზე ერთადერთი საკითხი, რომელზეც მედიატორმა დოკუმენტზე ხელის მოწერამდე კიდევ ერთხელ ისაუბრა, იყო სისხლის სამართლის საქმეები. მან თქვა, რომ 20 ივნისის შესახებ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვაგვარი აზრი აქვს, რაც პოლარიზაციას იწვევს. ამის დასასრულებლად გამოაცხადეთ ამნისტია, გადაშალეთ ეს გვერდი და წინ გაიხედეთო. ამნისტია პატიებას გულისხმობს და არა მგონია, ოპოზიციას ხელს აძლევდეს 20 ივნისის საკითხის განსჯა მორალური კატეგორიების მიხედვით! იმიტომ, რომ სწორედ ნიკა მელიას ორგანიზებით დაიწყო ძალადობა. აქციის მონაწილეები ურტყამდნენ პოლიციელებს, ფარებს ართმევდნენ და გარე პერიმეტრზე გამოჰყავდათ. სწორად ამას მოჰყვა პოლიციის ლეგიტიმური ძალის გამოყენება. დიახ, კანონის დარღვევით მიმდინარე პროტესტის აღკვეთის დროს რამდენიმე პოლიციელმა უფლებამოსილებას გადაამეტა.

ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულება და მივიღოთ ამნისტია და ის შეეხება როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ასევე პოლიციელებს. ეს წინააღმდეგობაში არ მოვა კონვენციასთან.

- მაგრამ წინააღმდეგობაში მოვა იმ დაზარალებულთა ინტერესებთან, რომლებმაც აუნაზღაურებელი დანაკლისი მიიღეს ფიზიკური ტრავმების სახით. - მესმის მათი, თუმცა ნუ დაგვავიწყდება აქციის მონაწილეებთან ერთად მძიმე დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმაც. დანაშაული უნდა ეპატიოს ყველას, როგორც ნიკა მელიას, ასევე პოლიციელებს.

- ამნისტიის კანონს იმ შემთხვევაშიც მიიღებთ, თუ მელიასთვის დაკისრებულ გირაოს თანხას ევროკავშირი გადაიხდის? - რა თქმა უნდა, შეთანხმების ხელმომწერებს უკვე აღებული გვაქვს ვალდებულება, მივიღოთ ამნისტია. ეს ვალდებულება რჩება იმის მიუხედავად, მელია ევროკავშირის გირაოს დათანხმდება თუ არა. "ნაცმოძრაობა" და მელია ამ შეთანხმების ნაწილი არ არიან, ისინი არ არიან მისი ხელმომწერები. მელიას გარდა, ძალადობაზე ბრალი სხვებსაც აქვთ წაყენებული, მაგრამ დღეს ციხეში არავინ არის, რადგან გირაო გადაიხადეს. თუ მელიასაც სურს გამოსვლა, ევროპარლამენტარები სთავაზობენ გირაოს გადახდას და ისარგებლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაელოდოს ამნისტიას.

- თუ ის შეთავაზებულ გირაოზეც უარს ამბობს და ამნისტიის აქტზეც? - ამნისტიის გამოსვლამდე დარჩება იქ, სადაც არის. "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს" და ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რომ გირაო არ მიიღონ, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა იყო მიზეზი, რომ მან საჯაროდ მოიხსნა სამაჯური. ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ინსტრუმენტი შეექმნათ, რომელსაც საქართველოში მღელვარების ასაგორებლად გამოიყენებდნენ. ნიკა მელიასგან წამებული გმირის შექმნა სცადეს, მაგრამ მისგან სახატეც ვერ შექმნეს.

- "ლელოს" ინიციატივა, მელიას თავდებად ევროპარლამენტარების დადგომის შესახებ რატომ არის თქვენთვის მიუღებელი? - ევროკავშირმა მელიას გასათავისუფლებლად ორი გზა შემოგვთავაზა, მესამე არ შემოუთავაზებიათ და შესაბამისად, არც განიხილება. "ლელოს" ინიციატივასთან ევროკავშირი არაფერ შუაშია. მე არ ვიცი, რას ცდილობენ, იქნებ რამდენიმე ევროპარლამენტარის დაპირისპირება სურთ შარლ მიშელთან? ევროკავშირის პოზიცია ნათლად არის გამოხატული ხელმოწერილ დოკუმენტში.

"ლელოს" ლიდერები ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევიან, ჯერ არ მინახავს, ზრდასრული ადამიანები საკუთარ ხელმოწერას ასე არასერიოზულად მოჰკიდებოდნენ. შეთანხმებას ხელი მოაწერეს და მეორე დღესვე ხან ერთი, ხან მეორე აზრის გახმაურება დაიწყეს.

მთელ ამ პროცესში "ლელომ" თავი დაგვანახა როგორც ყველაზე არასერიოზულმა ძალამ. ეს კვლევებითაც გამოჩნდა, როცა მათი 3% 1%-მდე ჩამოვიდა.

- რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, "ქართული ოცნების" არათუ მხარდამჭერებისთვის, თქვენი გუნდის ზოგიერთი წევრისთვისაც კი, მაგალითად, კახა კახიშვილისთვის, გაუგებარია, თუ საიდან გაჩნდა შეთანხმებაში საკითხი, რომლის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. - ეს მომდინარეობს საკონსტიტუციო ჩანაწერიდან, რომლის მიხედვითაც, თუ საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნება" მიიღებდა ხმების 40%-ზე ნაკლებს, ის ვერ დააკომპლექტებდა საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, ვერც მთავრობას. მიშელის პირველ დოკუმენტში ამაზე საერთოდ არ იყო საუბარი. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მზად ვიყავით გაგვემეორებინა დათქმა, რომელიც გვქონდა საპარლამენტო არჩევნების დროს. ჩვენ ვთქვით, რომ როგორც საპარლამენტო არჩევნებში მოვიპოვეთ ხმების 40%-ზე მეტი, ასეთივე შედეგით მოვიგებდით ადგილობრივ არჩევნებსაც. როდესაც მეორე დოკუმენტში 40%-ის ნაცვლად 43% დაგვხვდა, ჩვენც გაგვიკვირდა, ვერ მივხვდით, საიდან მოიტანეს ეს ციფრი. როდესაც შევეცადეთ, გაგვერკვია, რას ნიშნავდა 43%, გვითხრეს, რომ ეს არის ჩვენ მიერ დათქმულ 40%-ზე ცოტა მეტი. როგორც ჩანს, ოპოზიცია შეეცადა გამოევაჭრა რაც შეიძლება მეტი პროცენტი. არა უშავს, ჩვენთვის არც 43%-ია პრობლემა და არც 45% იქნებოდა. სხვათა შორის, IRI-ს კვლევებით, "ქართულ ოცნებას" 50% აქვს, ოპოზიციას კი მნიშვნელოვნად დააკლდა ხმები, მაგალითად, "ლელოს" მხარდაჭერა 3%-დან 1%-ზეა ჩამოვარდნილი.

- თუმცა საპარლამენტო არჩევნების წინ ცოტა სხვაგვარი რეალობა იყო. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო, პრემიერი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. ამასთან, გახარია თქვენს ოპოზიციაშია და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მის გზას კახა კალაძეც მიჰყვეს. - რეიტინგებმა აჩვენა, რომ "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილის წასვლამ ვერაფერი დააკლო, მით უფრო გახარიას წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. "ქართული ოცნების" ძალა იმაშია, რომ რამდენიმე თანაბარწონიანი ლიდერი გვყავს.

- გუნდიდან წასულ გახარიას როგორ ოპონენტად აღიქვამთ? - მისგან ჯერ ვერაფერი გავიგეთ, გარდა იმისა, რომ იმეორებენ იმას, რასაც "ქართულ ოცნებაში" ყოფნისას ისედაც ამბობდნენ. მათგან დიდ შედეგებს არ ველი.

ხათუნა ბახტურიძე