იაგო ხვიჩია: "არ ვიცი, რატომ არ გამოდის ციხიდან, ალბათ, გამძლეობაში ვარჯიშობს" - კვირის პალიტრა

იაგო ხვიჩია: "არ ვიცი, რატომ არ გამოდის ციხიდან, ალბათ, გამძლეობაში ვარჯიშობს"

"ეს არის დრამა - როგორ გამოვიდეთ გამარჯვებული ციხიდან ან როგორ არ გამოვუშვათ მეორე მხარე გამარჯვებული ციხიდან..."

"ჩემი აზრით, არანაირი დამატებითი დაფნის გვირგვინი არ ერგება ნიკა მელიას - რაც უფრო დიდხანს გაჩერდება ციხეში, მით უფრო სასაცილოდ გამოიყურება გარეშე დამკვირვებლისთვის. ეს ამბავი სერიოზულობას დაკარგავს, ანეკდოტების საგანი გახდება, როგორ ეხვეწებოდა ევროკავშირი, გამოდი ციხიდანო და არ გამოდიოდა და თან გაიძახის, პოლიტპატიმარი ვარო", - ამბობს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია.

- ეს დრამა უნდა დასრულდეს, რადგან აღარ არის ის საკითხი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. ეს არის დრამა - როგორ გამოვიდეთ გამარჯვებული ციხიდან ან როგორ არ გამოვუშვათ მეორე მხარე გამარჯვებული ციხიდან... მე არ ვიცი, ევროკავშირის გადახდილ გირაოზე დიდი დასტური რა უნდა ყოფილიყო პოლიტპატიმრობისთვის. მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, უკანონო პატიმრის წოდების დასადასტურებლად სასამართლოში ვივლიდი ამ ჩარიცხვის დოკუმენტით და ბევრს ვილაპარაკებდი, თუ როგორ ჩამირიცხა ევროკავშირმა გირაო. რატომ უნდა თქვა უარი ციხიდან პატივით გამოსვლაზე?

ერთი შანსი უკვე გაშვებულია. თუ ჯერ კიდევ არსებობს ამის მოტრიალების შესაძლებლობა, ეს უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივად დაიწყებს ამოქმედებას ამნისტიის აქტი. ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გამოსავალი გირაოთი გამოსვლა იქნებოდა და აღარ დაგვჭირდებოდა თავის ტეხა, ამნისტიაში ეს მუხლი ჩავწეროთ თუ ის მუხლი. უნდა თუ არა მელიას, მალე გარეთ იქნება, უბრალოდ, ვერ ვხვდები, სასაცილოდ რატომ იგდებს თავს.

ის ახლა ციხეში ზის როგორ პოლიტპატიმარი და მე, როგორც პოლიტიკოსს, არ მინდა მისი გაკრიტიკება. ამიტომ ძალიან მინდა, რომ ეს საკითხი სწრაფად გადაწყდეს, მანამდე, სანამ ამნისტიის საკითხი დადგება. მე მირჩევნია ნიკა მელია ვიხილო პარლამენტში და იქ ვაკრიტიკო, ისევე როგორც თავად გამაკრიტიკებდა მე.

- თქვენი ვერსიით, რატომ არ გამოდის მელია ციხიდან, რა შეიძლება იყოს მიზეზი? - არ ვიცი, შეთანხმება მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომას რა აზრი აქვს? ალბათ, გამძლეობაში ვარჯიშობს.

- რას ფიქრობთ, "ლელოს" ინიციატივაზე ევროპარლამენტის თავდებობის თაობაზე? - არ ვიცი, რა განსხვავებაა, ევროკავშირი თავდებად დაუდგება მელიას თუ გირაოს გადაუხდის? ორივე საპატიოა და ორივეს უნდა დაეთანხმო. წესით, მელიას ციხიდან გამოსვლა-არგამოსვლა არ უნდა იყოს ახლა ჩვენი მთავარი პრობლემა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პარლამენტში შევიდეს რაც შეიძლება მეტი დეპუტატი. თუ 150 კაცი შევა, ძალიან კარგი იქნება. ადრე თუ გვიან, მაინც ყველა შევა და აჯობებს, თუ ერთმანეთის ლანძღვა-გინება არ მოგვიწევს. ყველამ თავისი წილი ვალდებულება უნდა შეასრულოს, ჩვენ ჩვენსას ვასრულებთ, დანარჩენები ცოტა იპრანჭებიან. მე ძალიან დავიღალე ამ ამბით.

- თქვენ შეიძლება მართლაც დაიღალეთ, მაგრამ დაპირისპირება ასე იოლად არ დასრულდება. თქვენი აზრით, რატომ გაკრიტიკებთ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მომწერებს? - დოკუმენტი ძალიან კარგია. ვისაც შეთანხმება და შერიგება უნდა, ის ამას ხედავს, ვისაც არ უნდა, ის არანაირი დოკუმენტზე არ მოაწერს ხელს, გარდა "ქართული ოცნების" კაპიტულაციისა.

- თქვენი როლი პარლამენტში როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილი არასერიოზულად აღგიქვამთ? - ჯერჯერობით ვეცნობით სიტუაციას, ვაკვირდებით, როგორც ჟურნალისტებს, ასევე დეპუტატებს. კორიდორში ველოდებით ჩვენს კოლეგებს, როდის შევალთ ყველა ერთად დარბაზში.

- გაქვთ გააზრებული, რომ ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში გავლა მოგიწევთ? - რა თქმა უნდა.

- მაშინ რატომ დატოვეთ ერთ-ერთი ეთერი, როდესაც მწვავე კითხვები დაგისვეს? - იქ არ დაუსვამთ მწვავე კითხვები. მწვავე კითხვებს თქვენ მისვამთ და მე ყოველთვის გპასუხობთ. იმ გადაცემაში მითხრეს, თქვენ და თქვენი მეგობრები წაკუზულები იყავით პრეზიდენტის სასახლეშიო. რა პასუხი გამეცა? მემტკიცებინა, რომ წაკუზული არ ვიყავი?

ხათუნა ბახტურიძე