ხატია დეკანოიძე: "15 მაისის აქცია არ გადადებულა, შეიძლება ფორმა და სახელი შეეცვალოს" - კვირის პალიტრა

ხატია დეკანოიძე: "15 მაისის აქცია არ გადადებულა, შეიძლება ფორმა და სახელი შეეცვალოს"

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია თანაგუნდელებს მოუწოდებს მონაწილეობა არ მიიღონ ამნისტიის კანონპროექტზე კენჭისყრაში, თუ კანონპროექტში 20 ივლისის საქმეში დამნაშავე პოლიციელები შევლენ. მისი თანაგუნდელი ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" პირველ დღესვე ჩაწერს, რომ ამნისტია მოძალადე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს, რითაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს დოკუმენტის ხელმომწერებს. აპირებენ თუ არა "ნაციონალები" პატიმარი ლიდერის მითითების შესრულებას და როდის აპირებენ პარლამენტში შესვლას, ამის შესახებ ხატია დეკანოიძე გვესაუბრება:

- ნიკა მელიასთვის მორალურად გაუმართლებელია როგორც გირაოს გადახდა "გავრილოვის ღამის" გამო, ასევე ამნისტიის აქტი, რომელიც მას და 20 ივნისის სხვა პატიმრებს სამართალდამცველებთან ათანაბრებს. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის დაკავებამ დიდი კრიზისი შექმნა და ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა საქართველოს საერთაშორისო კონტექსტი. ევროკავშირის მაღალი ხარისხის ჩართულობა კრიზისის მოგვარებაში სწორედ ნიკას დაკავების შემდეგ დაიწყო. ის რომ პოლიტპატიმარია, იმ შეთანხმებაშიც იყო დადასტურებული, რომელშიც საუბარია ორ პოლიტიკურ ქეისზე, ნიკა მელიასი და გიორგი რურუასი. ნიკას პოზიცია მის სასამართლოზე ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ არ გადაეხადა გირაო გავრილოვის საქმის გამო სწორედ "ქართული ოცნებისთვის". ეს იყო მისი მთავარი პრინციპი და მეორე, რაც მისი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია იყო და გვითხრა სასამართლოზე, მისთვის მიუღებელი იყო 20 ივნისის ამნისტიის ნაწილიც, სადაც ნიკა და ის პირები, რომლებიც პროტესტში მონაწილეობდნენ, უთანაბრდებოდნენ იმ სამართალდამცველებს.

- აღნიშნეთ, რომ თქვენთვის მისაღებია "ლელოს" ინიციატივა მელიასთვის ევროპარლამენტარების თავდებობის შესახებ. მეორე მხრივ, ამბობთ, რომ მიუღებელია გირაოს გადახდა. - დიახ, ეს პრინციპულად განსხვავებული საკითხებია. "გავრილოვის ღამის" გამო გირაოს გადახდა მიუღებელი იქნება, ვინც უნდა გადაიხადოს. რაც შეეხება თავდებობას, ეს ნამდვილად საინტერესოა, გაცილებით სხვა განზომილებისა და კონსტრუქციის წინადადებაა. თუმცა ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამაზე "ქართული ოცნების" პასუხი უარყოფითია.

- რას აპირებს "ნაციონალური მოძრაობა"? ნიკა მელიას სურს თუ არა, ამნისტიით მაინც გათავისუფლდება. ამის შემდეგ შეხვალთ პარლამენტში თუ ახალ პირობებს დააყენებთ? - ამაზე მაშინ ვისაუბრებთ, როდესაც ნიკა მელია თავისუფალი იქნება.

- როგორ გგონიათ, ნიკა მელიას გირაო რომ გადაეხადა, ამნისტიის კანონის მიღება მაინც დადგებოდა დღის წესრიგში? - დიახ, მაინც მიიღებდნენ.

- "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ამნისტია მათ ინტერესებში საერთოდ არ შედიოდა, ეს მხოლოდ შარლ მიშელის წარმომადგენლის იდეა იყო. - ამნისტიის კანონი ჩვენმა პარტნიორებმა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის მოიგონეს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები შემწყდარიყო. როგორც ვხვდები, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ სამართალდამცველებზე გავრცელებული მუხლებიც შეიძლება შევიდეს ამნისტიის კანონში. ვფიქრობ, იმ სამართალდამცველების ამნისტირება, ვინც ადამიანებს თავს ესხმის, ძალიან საშიში პრეცედენტია. ამ ერთი მაგალითის შემდეგ ნებისმიერი ხელისუფლება შეიძლება ჩავარდეს ხიბლში, რომ დასაჯოს პროტესტში მონაწილენი და შემდეგ ამნისტიაზე ისაუბროს. დიდი იმედი მაქვს ჩემმა კოლეგებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას, და ისინი, ვინც შევიდნენ პარლამენტში, ბოლომდე იბრძოლებენ, რომ არ უყარონ კენჭი იმ მუხლებს, რომლებიც გულისხმობს იმ სამართალდამცველებისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას.

- უკვე დაანონსებული 15 მაისის აქციაზე აზრი თუ შეიცვალეთ? - აქციის ჩატარების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ძალაშია. უახლოეს ხანში შევხვდებით იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს და შევიდნენ პარლამენტში. ეს შეხვედრა ასეთ საკითხებთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ გვაინტერესებს, იქნებიან თუ არა ისინი კვლავ აქტიურად ჩართული საორგანიზაციო საკითხებში. მე მესმის მათი დამოკიდებულება, მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მიაჩნდათ კრიზისის განმუხტვის მნიშვნელოვან შესაძლებლობად. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც ნიკა მელია გათავისუფლდება. წარმოუდგენელია თავმჯდომარის ციხეში ყოფნის დროს პარტიამ რაიმე გადაწყვეტილებაზე იმსჯელოს. ამიტომ 15 მაისის აქცია არ გადადებულა, შეიძლება ფორმა შეეცვალოს, სახელი ან სხვა, თუმცა სხვა პარტიებთან ჯერ კონსულტაციები არ გაგვიმართავს.

ხათუნა ბახტურიძე