მამუკა ხაზარაძე: "აღარავის გვერდით აღარ დავდგებით მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია ჰქვია" - კვირის პალიტრა

მამუკა ხაზარაძე: "აღარავის გვერდით აღარ დავდგებით მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია ჰქვია"

"სტრასბურგში ევროპარლამენტის დეპუტატებთან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრები გვქონდა. ისინი მიესალმებიან შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერას და იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდება და სისტემური რეფორმების გატარება დაიწყება. ჩვენ ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოსთვის ევროკავშირში შესვლის სამოქმედო სტატუსის მინიჭების საკითხია", - აცხადებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბრიუსელიდან დაბრუნების შემდგომ.

- საქართველოს ევროკავშირში შესასვლელად მაპ-ი სჭირდება და ამის შესახებ საკმაოდ საინტერესო წინადადებებია. მხოლოდ განცხადება, რომ 2024 წელს ევროკავშირში შესვლა გვსურს, არაფერს ნიშნავს, თუ დღესვე არ დავიწყეთ მოქმედება. მეორე საკითხი იყო ის შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით შედგა, თუმცა მელიას საკითხი უმთავრესია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გადავალთ იმ პუნქტებზე, რომელთა შესრულება ხელშეკრულებით ვიკისრეთ. უახლოეს ერთ დღეში "ლელოს" ევროპარლამენტარებთან ერთად შემუშავებული ექნება კონკრეტული ხედვა, რაც შეიძლება ღირსეული გამოსავალი შეიქნეს ყველა მხარისთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია ევროკავშირის პარლამენტარების მიერ გადახდილი გირაოს ნაცვლად მათი თავდებობითვე იქნეს გათავისუფლებული.

- ევროპარლამენტარების თავდებით მელიას გათავისუფლებაზე "ოცნებამ" უარი თქვა. - "ოცნება" ყველაფერზე უარს ამბობს. დანიელსონის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზეც უარს ამბობდა, მაგრამ მოუწია. დღეს ამ ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადააყენეს. თქვენ, ალბათ, გახსოვთ, რამდენჯერ გაუკეთეს ხელშეკრულებას ტორპედირება, რათა შეთანხმება არ შემდგარიყო.

- თქვენი ვერსიით, არჩილ თალაკვაძე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას შეეწირა? - რა თქმა უნდა. ის პუნქტები, რომლებიც ხელშეკრულებაშია, განსაკუთრებით 43%-იანი ბარიერი, მიუთითებს, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად არ ჩატარებულა. დოკუმენტში ამ პუნქტის ჩაწერით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრაქტიკულად ახალი სტანდარტი დააწესეს.

- როგორც ჩანს, თქვენ კმაყოფილი ხართ დოკუმენტის შინაარსით, თუმცა ოპოზიციის ნაწილი მწვავედ გაკრიტიკებთ... - არ ვეთანხმები მათ კრიტიკულ მოსაზრებებს. ეს დოკუმენტი ჩარჩო-ხელშეკრულებაა და ყველა პუნქტი ვერ იქნება გაწერილი, იქ მოცემულია მხოლოდ ძირითადი პრინციპები. უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, მაგრამ გასათვალისწინებელია რეგიონში არსებული გამოწვევები. ასევე ისიც, თუ ვინ არის შენი მედიატორი, ვინ გეუბნება, რომ დრო აღარ არის, 6 თვეზე მეტ დროს ვეღარ დაგითმობთო. პირდაპირ დაგვისვეს საკითხი - თუ არ მოგწონთ მიშელის მედიატორობა, გვითხარით, ვინ გსურთ მედიატორადო? შარლ მიშელი არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა ერთი წლის განმავლობაში ორჯერ, საქართველოში კი ჩამოვიდა ამ ხელშეკრულების დასადებად.

- ამ დოკუმენტის და თავად მიშელის უპატივცემულობაში გადანაშაულებთ "ოცნება". მათი თქმით, დოკუმენტში მელიას გათავისუფლების ორი გზაა - გირაო და ამნისტია, თქვენ კი თქვენი ინიციატივით დასავლელ კოლეგებს უხერხულობას უქმნით. - სიტყვასიტყვით წაგიკითხავთ, თუ რა წერია დოკუმენტში: "ხელის მომწერები ვალდებულებას იღებენ ამ ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე (იცით, რომ ორი საკითხი რურუა და მელიაა) ამნისტიის საშუალებით და ან ისეთი ზომების მიღებით, რაც ანალოგიურ შედეგს მოიტანს".

სად წერია აქ, რომ ან გირაო არ შეიძლება, ან თავდებობა, ან ის, რომ ერთი მეორეს გამორიცხავს? როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" 40 ათასი ლარი ურჩევნია ევროპარლამენტარების თავდებობას.

- მელიასა და "ნაცმოძრაობისთვის" მიუღებელია გირაო, თუნდაც ის ევროპარლამენტარებმა გადაიხადონ, მისაღებად არ მიაჩნიათ ვერსია ევროპარლამენტარების თავდებობის შესახებაც. თქვენი კოლეგა ოპოზიციონერების ნაწილისთვის გაუგებარია, რა განსხვავებაა გირაოსა და თავდებობას შორის. - განსხვავება ძალიან დიდია. გირაო, ანუ ფულის გადახდა, "ოცნების" მიერ დღეს შექმნილ რეალობაში, უკანონოა. მელიას უკვე გადახდილი აქვს გირაო და მაინც ციხეში ზის. ეს რომ ნონსენსი და ადამიანით ვაჭრობის ტოლფასია, ნებისმიერი პატიოსანი იურისტი დაგიდასტურებთ. თავდებობა არის გარანტია, რომ ქვეყანას არ დატოვებს და მოწმეებზე ზეწოლას არ მოახდენს.

- თუ "ოცნება" თქვენს ინიციატივას არ გაზიარებს, მელია კი გირაოთი გამოსვლაზე უარს იტყვის, ამნისტიას დაელოდებით? - თუ "ოცნება" უარს ეტყვის ევროპარლამენტარებს თავდებობაზე, ამით მათდამი უპატივცემულობას გამოხატავს და კიდევ ერთხელ მოიჭრის თავს საერთაშორისო არენაზე. თუ ასე მოხდა, მაშინ ერთადერთი გზა ამნისტიაა. სხვა გამოსავალი არ არის.

- ამნისტიის შესახებაც აზრთა სხვადასხვაობაა. ნიკა მელიასთან ერთად უნდა გათავისუფლდნენ ის პოლიციელებიც, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს? - ასეთ დეტალებში მოლაპარაკების დროს ვერ შეხვალ. ხელშეკრულებაში წერია, რომ საჭიროა ამნისტია. სხვა დანარჩენი პარლამენტში უნდა გადავწყვიტოთ. ლაპარაკია 3 პოლიციელსა და 16 მანიფესტანტზე. ჩვენ დავაყენებთ ჩამკეტს - თუ იმ 3 პოლიციელის ამნისტირების საკითხი დადგება, მათ გათავისუფლებას დაზარალებულები უნდა დაეთანხმონ. ეს არის აპრობირებული, საერთაშორისო პრაქტიკა. სხვა შემთხვევაში "ლელო" პოლიციელების ამნისტიას ხმას არ მისცემს. ასევე მინდა დავაფიქსირო, რომ ამნისტია ვერ გავრცელდება ამ 3 ან 20-21 ივლისის მონაწილე სხვა პოლიციელებზე, რომლებიც მომავალში იქნებიან მხილებული ძალადობაში.

- რას აპირებთ თვითმმართველობის არჩევნებზე? შეძლებთ თუ არა ოპოზიციური ერთობის შენარჩუნებას და საერთო კანდიდატების დასახელებას? - საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გავედით, ეს იყო ჩვენი ნათლობა არჩევნებზე. ჩვენ უკვე დავიწყეთ თბილისში რაიონული ორგანიზაციების დაფუძნება და პარტიის სტრუქტურების შექმნა. რაც შეეხება პარტნიორებს, მათი შერჩევისას დიდ სიფრთხილეს გამოვიჩენთ. თუ რამეს გადავწყვეტთ, მხოლოდ საერთო მსოფლმხედველობის პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლებთ. აღარავის გვერდით აღარ დავდგებით მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია ჰქვია. ეს აღარ მოხდება.

- გახარიას გუნდთან აპირებთ თანამშრომლობას? - გახარიას ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, არა მარტო 20 ივნისის საქმეზე. მასთან თანამშრომლობას გამოვრიცხავ. ეს ადამიანი პირდაპირ არის დაკავშირებული ისტორიული პროექტის ჩაგდებაში. Aანაკლიის პროექტის ჩაგდებით მან პირდაპირ შეუწყო ხელი რუსული ინტერესების გატარებას საქართველოში.

ხათუნა ბახტურიძე