"დასავლეთი ასე აქტიურად­ არასოდეს­ ჩარეულა არც საქარ­თველოს და არც უკრაინის საქმეებში. ეს იმის მანიშნებელია, რომ რეგიონში ძალიან­ სერიოზული პროცესები მიდის" - კვირის პალიტრა

"დასავლეთი ასე აქტიურად­ არასოდეს­ ჩარეულა არც საქარ­თველოს და არც უკრაინის საქმეებში. ეს იმის მანიშნებელია, რომ რეგიონში ძალიან­ სერიოზული პროცესები მიდის"

"მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ამერიკა გათვლებს აკეთებს არა მოკლევადიან პერსპექტივებზე, არამედ ფასეულობებზე. ეს არის: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა... ამას ხედავს ევროპა და იზიარებს ამ პოზიციას. ის, რაც საქართველოში ხდება, რეგიონში მიმდინარე პროცესების შემადგენელი ნაწილია. დასავლეთი დღეს ყველაფერს აკეთებს რუსეთის შესაჩერებლად. გაჩერებაში მხოლოდ სამხედრო ძალის შეკავებას არ ვგულისხმობ, "რუსული ცივილიზაცია", რუსული მენტალიტეტი არ უნდა გავრცელდეს რეგიონში!"

"ვერ ვიხსენებ ისტორიაში მომენტს, საქართველო ევროკავშირის ასე მაღალი დონის ფოკუსში ყოფილიყოს. ახლა წარსულში ყურებისა და პასუხისმგებელი მხარის ძიების დრო არ არის, რადგან საქართველოს აქვს შესაძლებლობა და უნდა გამოიყენოს ეს მომენტი. შეთანხმება არის ახალი ვითარების დასაწყისი საქართველოში, ნაკლები სიძულვილის ენითა და შესაძლოა პოლიტიკური ჯგუფების მეტი თანამშრომლობით. კატასტროფა იქნება, თუ არ მოხდება შეთანხმების იმპლემენტაცია. მე არც განვიხილავ მსგავს სცენარს. იმედია, მმართველ პარტიას გააზრებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა. მას აქვს ყველა ინსტრუმენტი საიმისოდ, რომ იმედი არ გაუცრუოს ევროკავშირის მაღალი რანგის პოლიტიკოსებს",- ამბობს ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე. რას უკავშირდება დასავლეთის უპრეცედენტო აქტიურობა, რატომ ცდილობენ პარტნიორები ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, რა საფრთხეებს ხედავენ და რა იქნება, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ მომენტის გამოყენებას, ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი გვესაუბრება:

- დასავლეთი ასე აქტიურად არასოდეს ჩარეულა არც საქართველოს და არც უკრაინის საქმეებში. ეს იმის მანიშნებელია, რომ რეგიონში ძალიან სერიოზული პროცესები მიდის. საზოგადოდ, მსოფლიოში, შეიძლება ითქვას, წითელი ხაზების გავლების დრო დადგა. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ამერიკა გათვლებს აკეთებს არა მოკლევადიან პერსპექტივებზე, არამედ ფასეულობებზე. ეს არის: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა... ამას ხედავს ევროპა და იზიარებს ამ პოზიციას. ის, რაც საქართველოში ხდება, რეგიონში მიმდინარე პროცესების შემადგენელი ნაწილია. დასავლეთი დღეს ყველაფერს აკეთებს რუსეთის შესაჩერებლად. გაჩერებაში მხოლოდ სამხედრო ძალის შეკავებას არ ვგულისხმობ, "რუსული ცივილიზაცია", რუსული მენტალიტეტი არ უნდა გავრცელდეს რეგიონში!

- ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები კმაყოფილი არიან საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებით და იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულდება. თუმცა ვხედავთ, რომ ამ შეთანხმებამ არათუ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება არ მოაგვარა, მოკავშირე ოპოზიციურ პარტიებს შორისაც დაიწყო დაპირისპირება. როგორ წარმოგიდგენიათ, შევძლებთ გავხდეთ დასავლეთისთვის საიმედო პარტნიორი რეგიონში და თუ ვერ მოვახერხეთ, რა რისკ-ფაქტორების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ?

- ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა გაიაზრონ, რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე დგანან. ჩვენ ახლა გზაგასაყარზე ვართ. საქართველო ან ბუნებრივი განვითარების გზისკენ დაბრუნდება და ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება, ან ალტერნატივად რუსეთი უნდა ავირჩიოთ.

გაჯიუტებით არაფერი გამოვა, არადა, ორივე მხარეს არიან გაჯიუტებულები.

- მოვლენების დინამიკა რას გეუბნებათ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დასავლელ პარტნიორებს ისევ ხომ მოუწევთ ჩამოსვლა პოლიტიკოსების მოსარიგებლად? - ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები. თუ ისევ შეეცდებიან გაყალბებას, ყველაფერი ისევ ყირაზე დადგება. სამწუხარო ის არის, რომ დასავლეთი ოპოზიციას, ხელისუფლებას და ამომრჩეველს ცალ-ცალკე არ აფასებს, ერთიანობაში განიხილავენ ქვეყანას. დღეს კი კარგად არ გამოვიყურებით. დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ევროპელებს, რომ ერთმანეთთან დასალაპარაკებლად დავესვით.

- 90-იან წლებში დასავლეთი ასეთი აქტიური რომ ყოფილიყო, დღეს სხვა პოლიტიკური რეალობა ხომ არ გვექნებოდა?

- 90-იან წლებში დასავლეთი ვერ იქნებოდა ასეთი აქტიური, რადგან ჩვენ არ ვიყავით მზად მათ მოსასმენად, ავტომატებით დავრბოდით და ერთმანეთს ვხოცავდით. ევროკავშირიც არ იყო ჩამოყალიბებული, სად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი საზღვრები. ჩვენი ძალიან დიდი დანაშაულია, რომ თავად არ მოვინდომეთ სახელმწიფოს აშენება. ახლაც გვიჭირს, იმისდა მიუხედავად, რომ დასავლური სამყაროს დიდი ნაწილი ჩვენს გადარჩენას ცდილობს.

- დასავლეთი უკრაინის გადარჩენასაც ცდილობს, რაც განსაზღვრავს ჩვენს მომავალსაც. ცოტა ხნის წინ მოსკოვმა ყირიმიდან ჯარების გამოყვანა დაიწყო. ეს რას ნიშნავს, რეგიონში ახალი ომის დაწყების საფრთხე მოიხსნა? - არა მგონია. მოსკოვმა მხოლოდ განცხადება გააკეთა, რომ ჯარს გამოიყვანს ყირიმიდან, თუმცა ჯერ საამისოდ არაფერი კეთდება. რუსეთის დაუძინებელი მტერი, ფინეთის ლიდერი კარლ გუსტავ მანერჰაიმი, რომელიც მეფის რუსეთის ყოფილი გენერალი იყო და ძალიან კარგად იცნობდა ამ ქვეყანას, ამბობდა: "რუსებს მხოლოდ მაშინ უნდა ენდოთ, როდესაც მათ საფლავებზე ჩარჭობილი ხის ჯვრებიც კი დალპება და მტვრად იქცევა". ჯერ არავინ იცის, შეასრულებს თუ არა სიტყვას. ჩვენ ხომ გამოვცადეთ მათი სიტყვის ფასი 1920 წელს გაფორმებული "მეგობრობის ხელშეკრულებით", 1993 წელს აფხაზეთში გაფორმებული ხელშეკრულებით... რომც შეასრულონ, რუსეთის არსი შეიცვლება? ჯარი ისევ დარჩება მთავარ ინსტრუმენტად რუსეთის მმართველთა ხელში, რათა ნებისმიერ დროს შეიჭრან მეზობელ ქვეყნებში. ასე რომ, დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით უნდა ვიმოქმედოთ.

- თქვენ თქვით, რომ შავი ზღვის გარშემო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც გადამწყვეტი იქნება ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რას გულისხმობდით? - მე თურქეთში განვითარებული პროცესები ვიგულისხმე. წესით, ამას დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს ჩვენი ხელისუფლება. თურქეთი ხან რუსეთთან, ხან კი ამერიკასთან არის დაპირისპირებული, ხან პირიქით, მოკავშირეა. მონტრეს ხელშეკრულება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ეს თემა საქართველოს უსაფრთხოებისთვის შესაძლოა გადამწყვეტიც იყოს. მონტრეს კონვენცია შავ ზღვაში სამხედრო გემების ყოფნას არეგულირებს და ზღუდავს არაშავიზღვისპირა ქვეყნებისას (უპირველესად აშშ-ის) როგორც ტონაჟით, ისე დროში.

ერდოღანის ხელისუფლება, რომელსაც ვაშინგტონთან ურთიერთობის დათბობა სურს, აცხადებს, რომ შესაძლოა გადახედოს მონტრეს ხელშეკრულებას. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-ს ხელ-ფეხი გაეხსნება შავ ზღვაში. ცხადია, რუსეთი უკიდურესად ღელავს, მას არც ერთ შემთხვევაში არ სურს ამერიკელების მუდმივი ყოფნა შავ ზღვაში...

ჩვენს რეგიონში პოლიტიკა ძალიან დინამიკურია, მოვლენები სწრაფად ვითარდება და იცვლება. სამწუხაროდ, საქართველო ძალიან ჩაკეტილია, შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მძევლებად ვართ ქცეული და გარეთ ვეღარ ვიხედებით.

- ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ აპირებს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიაროს. ეს არ გაართულებს ამერიკისა და თურქეთის ახალი მეგობრული ეტაპის დაწყებას? - რა თქმა უნდა, არ წაადგება არც თურქულ-ამერიკულ ურთიერთობას და არც საქართველოსთვის იქნება სასურველი ჩვენი ორი მოკავშირის დაპირისპირება. მას ეკონომიკური განზომილებაც აქვს. თუ დაპირისპირება გაღრმავდება, მაშინ უფრო დაეცემა თურქული ლირის კურსი, ჩვენი ლარი კი, მოგეხსენებათ გარკვეულწილად ლირის კურსზეა მიბმული, რადგან თურქეთი ჩვენი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია და ათიათასობით ჩვენი მოქალაქე მუშაობს თურქეთში. ლირის გაუფასურება შეამცირებს იმ მყარი ვალუტის მოცულობას, რომელსაც ჩვენი იქ მომუშავე მოქალაქეები ყიდულობენ და გზავნიან საქართველოში. ჯერ უცნობია, რას მოიმოქმედებს თურქეთი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმედია, ეს არ იქნება მძიმე დაპირისპირება.

- თუ პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებამ ამერიკულ-თურქული ურთიერთობა არ დაძაბა და თურქეთის ახალმა თამაშმაც ნაყოფი გამოიღო, როგორ შეიძლება შეიცვალოს რეგიონში დღის წესრიგი და როგორი შეიძლება იყოს საქართველოს როლი და ფუნქცია? - დასავლეთს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონში დასაყრდენი სჭირდება ისეთი ქვეყნის სახით, სადაც მოსახლეობის უმეტესობას პროდასავლური განწყობა აქვს. საბედნიეროდ, კავკასიის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში პროდასავლური განწყობა ძლიერია. გარდა იმისა, რომ ამერიკას საქართველო თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობის წყალობით შესაძლოა სამხედრო ბაზების განლაგებისთვის დასჭირდეს, დასავლეთისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგომატარებლების ტრანსპორტირებასთან, საზოგადოდ, სატრანსპორტო დერეფნები.

- ამერიკის სამხედრო ბაზების საქართველოში განლაგება ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ნაწილის პროტესტს, რაც საფრთხის შეგრძნებით არის განპირობებული. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ რეაგირებს რუსეთი, როცა მოვლენები მისთვის არასასურველი სცენარით ვითარდება. - თუ პროტესტი იყო "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერებში, გასაგებია, რომ ისინი პრორუსული განწყობის არიან და მათი მხარდაჭერის რაოდენობაც ცნობილია - ამ პარტიამ ბოლო არჩევნებში 3% მიიღო. ვისურვებდი, რომ მათი მხარდაჭერა 3%-ს არ გასცდეს. ქართველი საზოგადოება მხარს უჭერს ქვეყნის დასავლური განვითარების გზას, რაც რეფერენდუმზეც დადასტურდა და კონსტიტუციაშიც წერია. დარწმუნებული ვარ, იგივე დადებითი დამოკიდებულება იქნება დასავლური სამხედრო ბაზის ან ბაზების გახსნისადმი.

- ასეთი შესაძლებლობებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, გარდა დასავლეთთან მჭიდრო კოორდინაციისა, კიდევ რას უნდა აკეთებდეს ჩვენი ხელისუფლება? - უპირველესად, დასავლეთის მითითების გარეშე, საკუთარი ნებით და ინიციატივით უნდა აკეთებდეს უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს. თუნდაც იმიტომ, რომ ერთ ბედქვეშ მყოფი, საერთო საფრთხის მქონე ქვეყნები ვართ და დღეს საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება; უნდა მოიწვიონ უშიშროების საბჭო, სადაც შეფასდება ვითარება და განიხილავენ პროცესების განვითარების შესაძლო სცენარებს. შემდეგ ამ სცენარებზე საქართველოს რეაგირების გეგმა უნდა გაიწეროს. სამწუხაროდ, ასე არ ხდება, რადგან ჩვენს პოლიტიკოსებს სახელმწიფოებრიობის აღქმა არა აქვთ.

არ მომბეზრდება იმის შეხსენება, რომ ქვეყანას, რომლის გარშემო სულ საფრთხეებია, არა აქვს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. ეს ნონსენსია.

- ცოტა ხნის წინ ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ტახტიძირთან საოკუპაციო ძალებმა სოფლის პერიმეტრზე სპეციალური ტექნიკით ხნულები გაავლეს და ლითონის ბოძები დაამაგრეს.

- ახალი არაფერი ხდება, რუსეთი დიდი ხნის დაწყებულ საქმეს განაგრძობს - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია-ბორდერიზაციას. ამიტომაც უნდა შევქმნათ მდგრადი სახელმწიფო, რომელიც მსგავს საფრთხეებთან გამკლავებას შეძლებს.

ხათუნა ბახტურიძე