კახა გოგოლაშვილი: "უკრაინის ამბებით პუტინმა ბაიდენი გამოცადა და მიხვდა, რომ მასთან ხუმრობა არ ღირს" - კვირის პალიტრა

კახა გოგოლაშვილი: "უკრაინის ამბებით პუტინმა ბაიდენი გამოცადა და მიხვდა, რომ მასთან ხუმრობა არ ღირს"

"თუ აქამდე პუტინი კა-გე-ბეს კადრისთვის დამახასიათებელი ცივი გონებით ითვლიდა ყველაფერს, ბოლო დროს ძველებური რიხი აღარ აქვს. ამდენი სანქციის გამო შეიძლება ოლიგარქებიც აუჯანყდნენ, რადგან არავის სურს მისი იმპერიული ამბიციების გამო კეთილდღეობის დაკარგვა. დიქტატორი პუტინი კი პასუხობს, არ მადარდებსო, მაგრამ მთლად სტალინივით ერთპიროვნული დიქტატორიც ვერ არის და არც სრული ძალაუფლება აქვს. მას გარს ახვევია ყოფილი "კაგებეშნიკი" ოლიგარქები, რომლებიც მასთან მეგობრობის მიუხედავად, თავიანთ ინტერესების იგნორირებას ვერ აიტანენ..."

საქართველოსა და მის საზღვრებგარეთ ვითარებაზე "კვირის პალიტრას" რონდელის ფონდის ევროპული კვლევების დირექტორი კახა გოგოლაშვილი ესაუბრა.

- რუსეთის მოულოდნელი გადაწყვეტილება ჯარები გაიყვანოს, მხოლოდ მე კი არა, მგონი, მთელ საერთაშორისო საზოგადოებრიობას გაუკვირდა. ამხელა ჯარის შეყვანას ერთი თვე დასჭირდა და გამოყვანას ყირიმის, დონბასისა და ლუგანსკის მისადგომებიდან ალბათ ერთ თვეზე მეტი დასჭირდება. ამიტომ ჯერ დანამდვილებით ძნელია თქმა, ნამდვილად გადის რუსეთი თუ თვალის ასახვევი თამაშია. ბევრი ვერსიის განხილვა შეიძლება... თუნდაც იმის, რომ რუსეთს დაემუქრნენ, თუ კონფლიქტს წამოიწყებდა, ძალზე მკაცრ სანქციებს დაუწესებდნენ, მაგალითად, საერთაშორისო გადარიცხვების სისტემიდან ამოაგდებდნენ, სახელმწიფო აქტივებს გაუყინავდნენ იმ ბანკებსა და სხვადასხვა კომპანიას, რომლებიც, გარეული არიან სამხედრო კომპლექსების დაფინანსებაში ან სამხედრო დაკვეთებს ასრულებენ.

გარდა ამისა, ნატომაც გააფრთხილა, რომ უკრაინას მარტო არ დატოვებდა - ყოველ შემთხვევაში, მიაწვდიდა ლეტალურ იარაღს; დიდი რაოდენობით "ჯაველინი" ამერიკამ უკრაინას იმ პირობით მიჰყიდა, რომ უკრაინაშივე განალაგებდა და არა დონბასისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, ანუ გამყოფ ხაზთან, ახლა კი ყველა სწორედ იქ გადაინაცვლებდა.

ნატო სამხედრო პროცესებში პირდაპირ ვერ ჩაერთვებოდა, მაგრამ სრულყოფილ სადაზვერვო ინფორმაციას მიაწვდიდა უკრაინის საჰაერო თავდაცვას. შედეგად, რუსული ავიამოიერიშეების დიდ ნაწილს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით ჩამოაგდებდნენ.

- შეიძლება თუ არა კრემლის გადაწყვეტილების შეცვლის ერთ-ერთ მიზეზი ალექსეი ნავალნის უკავშირდებოდეს? - ნავალნი სიკვდილის პირას არის. რუსეთში მისი მხარდასაჭერი აქციებია, მაგრამ მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც ეშინია პროტესტის აშკარად გამოხატვის.

თუ ნავალნი შეეწირა პუტინის რეჟიმთან ბრძოლას, მოსალოდნელია რუსეთში არეულობა დაიწყოს. თუ აქამდე პუტინი კა-გე-ბეს კადრისთვის დამახასიათებელი ცივი გონებით ითვლიდა ყველაფერს, ამ ბოლო დროს ძველებური რიხი აღარ აქვს. აშკარაა, ყველაფერი რიგზე არ არის. ამდენი სანქციის გამო შეიძლება ოლიგარქებიც აუჯანყდნენ, რადგან არავის სურს მისი იმპერიული ამბიციების გამო კეთილდღეობის დაკარგვა. დიქტატორი პუტინი კი პასუხობს, არ მადარდებსო, მაგრამ მთლად სტალინივით ერთპიროვნული დიქტატორიც ვერ არის და არც სრული ძალაუფლება აქვს. მას გარს ახვევია ყოფილი "კაგებეშნიკი" ოლიგარქები, რომლებიც მასთან მეგობრობის მიუხედავად, თავიანთი ინტერესების იგნორირებას ვერ აიტანენ. არის ასეთი ვერსიაც - უკრაინის ამბებით მან ჯო ბაიდენი გამოცადა და მიხვდა, რომ მასთან ხუმრობა არ ღირს.

- როდესაც რუსეთი ცდილობს მეზობელ ქვეყნებს დასავლეთისკენ სავალი გზები მოუჭრას, ევროპარლამენტარების ნაწილი აცხადებს, რომ ევროკავშირს აღმოსავლეთპარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნების ინტეგრაციის პერსპექტივაზე უფრო მკაფიო მიდგომები სჭირდება. რამე გარღვევას უნდა ველოდოთ? - ბრიუსელიდან რამდენიმე დაუზუსტებელი ინფორმაცია მოვიდა, მათ შორის "ევროკავშირის საგზაო რუკის" შესახებაც. შესაძლოა რამდენიმე გავლენიანი ევროპარლამენტარი საქართველოს ძალიან გულშემატკივრობდეს, მაგრამ ჯერ ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ რაიმე ახალს შემოგვთავაზებენ. თუკი ევროკავშირში "ევროპულ პერსპექტივას" მოგვანიჭებენ, ეს თანხმობა იქნება, რომ ხელს შეუწყობენ ჩვენს გაწევრებას ევროკავშირში, რაც გაწევრების პროცესად არ ჩაითვლება, ჯერ უნდა შევიტანოთ გაწევრების განაცხადი, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ევროკავშირში გაწევრებას არავინ შემოგვთავაზებს, რაც ქვეყნის შიდა ფაქტორებითაც არის განპირობებული.

- შეიძლება უკვე ითქვას, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა? - ნამდვილად შეიძლება, ეს კი ევროკავშირის დამსახურებაა. რაც შეეხება პატიმრების შეწყალებას, ამის გამო აჟიოტაჟიც დროებითია - "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტს ხელს მოაწერს, პარლამენტშიც შევლენ და მელიაც ციხიდან გამოვა. თუ ამას არ გააკეთებენ, პერსპექტივას მოისპობენ ადგილობრივ არჩევნებში, ძალიან დასუსტდებიან და მხარდამჭერებსაც დაკარგავენ. პოლიტიკურ პარტიას მანევრირება უნდა შეეძლოს, გრძნობდეს, სად გადის ზღვარი.

როდესაც მოლაპარაკება დასრულებულია, რაღაცის თავიდან დაწყებას პერსპექტივა არა აქვს. თუ ეს პოლიტიკური ძალა ამას ვერ გრძნობს, მით უარესი მისთვის. ამ გადაღლილი ხალხის უფრო გაგიჟება, ისევ მისთვის იქნება წამგებიანი, დაიწყება მისი დაშლა და დეგრადაცია. ახლა დაწინაურდებიან ის პარტიები, ვინც ვითარებას ალღო აუღო, გაიგო, ხალხს რა სურს და გონივრულად მოიქცა. თუ "ოცნება" ოპოზიციასთან ითანამშრომლებს, შესაძლოა "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ლელომ" კონგლომერატი შექმნან, რადგან მათ ბრძოლაში ერთნაირი ტაქტიკა აქვთ. "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერი საკმაოდ ჰყავდა, მაგრამ ისინი უკვე ხსენებულ ორ პარტიას მიემხრნენ. რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდს, მას აქვს რესურსი, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასვლა იოლი არ არის. მან ივანიშვილის გავლენისგან გათავისუფლება უნდა შეძლოს. არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციურ ძალებთანაც ითანამშრომლოს.

- სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, დაბრუნებას აპირებს. - სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობაში ნამდვილად დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ყველა პოლიტიკოსს თავისი დრო აქვს. მისი გამოსვლები, რადიკალური მოწოდებები პოლიტიკურ სიტუაციასა და ხალხის მოთხოვნებს აღარ შეესაბამება. წავიდა ის დრო, როდესაც ადამიანი ციხეში ჩაჯდომით გმირი ხდებოდა. არც მელია გახდება გმირი. თუ სააკაშვილი ჩამოვა, ის დესტაბილიზაციის მიზეზი გახდება, თუმცა მაინც ვერ გაიმარჯვებს, რადგან არა აქვს ის მხარდაჭერა, რაც 2003 წელს ჰქონდა, რადგან მაშინ სხვა ამოცანები იდგა ქვეყნის წინაშე.

ახლა უკრაინაში მძიმე ვითარებაა, სააკაშვილი ყურადღების 90%-ს იქაურ პროცესებს უთმობს. ტელევიზიითა და ტელეფონით მიღებული ინფორმაციით კონტექსტის აღქმა ძნელია. უნდა ჩამოყალიბდეს, უკრაინელი პოლიტიკოსია თუ ქართველი.

დღეს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დოკუმენტის თანახმად, იგეგმება ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვების გაცვლა, სატრანსპორტო პროცედურების კონტროლის გამარტივება და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო სისტემების გამოყენებით.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ - გურამ გურამიშვილმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ - დმიტრო აბრამოვიჩმა მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე დაესწრო. შეხვედრაზე მხარეებმა ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების და საინფორმაციო სისტემების საავტომობილო გადაზიდვებში დანერგვის პროცესებში თანამშრომლობასა და ეტაპობრივად დღეისათვის არსებული ქაღალდის ნებართვების და მათი ხელით კონტროლის სისტემის სრულად ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე ორ ქვეყანას შორის საბორნე და საფიდერო გემების რეგულარული მიმოსვლა განიხილეს.