"ფაშინიანის ეშმაკური გეგმა: რით ჰგავს სომხეთის პრემიერის მოქმედება სააკაშვილის 2007 წლის ტაქტიკას?" - რას წერს რუსული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ფაშინიანის ეშმაკური გეგმა: რით ჰგავს სომხეთის პრემიერის მოქმედება სააკაშვილის 2007 წლის ტაქტიკას?" - რას წერს რუსული გამოცემა?

რუსული პრესის ერთ-ერთ მთავარ თემას სომხეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის განხილვა წარმოადგენს. როგორც ცნობილია, 25 აპრილს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები გადადგნენ. ამასთან დაკავშირებით გაზეთი "მოსკოვსკი კომსომოლეცი" ("Московский комсомолец") აქვეყნებს ინტერვიუს სათაურით "ნიკოლ ფაშინიანის ეშმაკური გეგმა: "წავიდე, რათა დავრჩე", რომელშიც ჟურნალისტი მარინა პერევოზკინა ცნობილ სომეხ პოლიტოლოგს ალექსანდრე ისკანდერიანს ესაუბრება.

"სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, თავის მინისტრებთან ერთად, თანამდებობიდან გადადგა. ცხადია, ისინი ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ, პირადად ნიკოლ ფაშინიანს კი განზრახული აქვს, მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის ვადამდელ არჩევნებში, რომელიც 20 ივნისს უნდა ჩატარდეს.

როგორც ჩანს, სომხური ხავერდოვანი რევოლუციის გმირი საზოგადოების წინაშე არცთუ მთლად ეშმაკურ ტრიუკს აკეთებს - "წავიდე, რათა დავრჩე", რომელიც საკმაოდ ცნობილია პოლიტიკურ ტრადიციებში. როგორია მისი შანსი ხელისუფლების შესანარჩუნებლად? - წერს ავტორი პუბლიკაციის შესავალში და პოლიტოლოგს ასეთ კითხვას უსვამს:

- ნიკოლ ფაშინიანის მოქმედება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ტაქტიკას ჰგავს, რომლითაც მან 2007 წელს ისარგებლა. იმ პერიოდში ქართული სახელმწიფოს მეთაურის ხელისუფლება, ოპოზიციური მიტინგის დაუნდობელი გარეკვისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის შემდეგ, ძალიან შეირყა, პრეზიდენტს რეპუტაცია დაუვარდა. მიხეილ სააკაშვილმა სიტუაციას შეხედა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა (2008 წლის 5 იანვარს) და თანამდებობიდან გადადგა. მოგვიანებით მან არჩევნებში გაიმარჯვა და ხელისუფლება შეინარჩუნა. მართალია, ამ გამარჯვებიდან სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთში ომი მოხდა... ასე რომ, ქართველ ხალხს მიხეილ სააკაშვილის არჩევა ძვირად დაუჯდა. რატომ გადადგა ნიკოლ ფაშინიანი?

- იმიტომ, რომ კონსტიტუციით ვადამდელი არჩევნების ჩატარების სხვა ვარიანტი არ არსებობს. დღეს პარლამენტის დათხოვნის მხოლოდ ერთადერთი ვარიანტია: პრემიერი თანამდებობიდან მიდის, შემდეგ პარლამენტის ერთ-ერთი ფრაქცია, ალბათ, ფაშინიანის ბლოკი "ჩემი ნაბიჯი", ასახელებს მთავრობის მეთაურის კანდიდატურას. თუ პარლამენტი მას პირველად მხარს არ დაუჭერს, მეორედაც შეიძლება და თუ მეორედაც პრემიერი არ იქნება არჩეული, მაშინ პარლამენტი დათხოვნილი იქნება. სადღაც, 30-45 დღის შუალედში ეწყობა ვადამდელი არჩევნები.

- რატომ დათანხმდა ნიკოლ ფაშინიანი ვადამდელ არჩევნებს? - მის მხარდამჭერებს სერიოზული იმედები აქვთ, რომ ისინი თავიანთი ლეგიტიმირების "გადატვირთვას" მოახდენენ. ომის შემდეგ სომხეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება ძალიან შეიცვლა და ლეგიტიმურობის ასეთმა "გადაფორმატირებამ", როგორც მმართველ ელიტაში ფიქრობენ, შეიძლება ხელისუფლებას არსებობის გაგრძელების საშუალება მისცეს.

- და რამდენად გამართლებულია მათი იმედები? - არსებობს რამდენიმე საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგი, [რომელიც ნიკოლ ფაშინიანის სასარგებლოდ მეტყველებს], თუმცა მე მათ მიმართ პრეტენზიები მაქვს. ჯერ ერთი, რომ კორონავირუსის გამო გამოკითხვა ტელეფონით იქნა განხორციელებული: მოქალაქე ფიქრობს, რომ მისი ვინაობა ცნობილია და გულწრფელად არ პასუხობს; მეორე - გამოკითხვა მხოლოდ ერევანში ჩატარდა და მესამე - ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთაც თავიანთი პოზიცია ჯერ ვერ გაურკვევიათ. საერთოდ, რასაკვირველია, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკს "ჩემს ნაბიჯს" მომხრეები ჰყავს - ამომრჩევლების, დაახლოებით, 30%. არის იმის ალბათობა, რომ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერად დარჩეს. მის უახლოეს მეტოქეს - ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ასეთი რეიტინგი არ აქვს... მაგრამ არავინ იცის, როგორი სიტუაცია იქნება ორი თვის შემდეგ, 20 ივნისამდე, როცა არჩევნები უნდა გაიმართოს. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. თუმცა ვიმეორებ - 30%-იანი მხარდაჭერით, პლუს ადმინისტრაციული რესურსი და მედიამხარდაჭერა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს, დიდი ალბათობაა, რომ ნიკოლ ფაშინიანის გეგმა განხორციელდება და იგი არჩევნებს მოიგებს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ