საინგილოში ქართველებს ქართული სახელების ტარებას უკრძალავენ - კვირის პალიტრა

საინგილოში ქართველებს ქართული სახელების ტარებას უკრძალავენ

წერილი საინგილოდან

"დადიან ოჯახებში და მშობლებს "ურჩევენ", ქართულ სკოლაში არ მიიყვანოთ შვილი, თორემ პრობლემები შეგექმნებათო"

"ჩვენ ქართულად ველაპარაკებოდით და საქართველოს ელჩი თურქულად გვპასუხობდა"

"ახალი აღთქმა და ბიბლია რომ გიპოვონ, ციხე გარანტირებული გაქვს"

"სიმართლე ის არის, რომ ქართველი მოსახლეობა ბენზინსა და ნავთში გაგვცვალეს!"

"ამა წლის 18 აპრილს ჩვენს სოფელში, კერძოდ, დაბა ალიაბადში, საქართველოს  ელჩი აზერბაიჯანში ბატონი თეიმურაზ შარაშენიძე და მისი მოადგილე ბატონი გელა გიორგაძე ჩამობრძანდნენ. აქაურ მოსახლეობას უამრავი პრობლემა გვაქვს და ელჩის ჩამოსვლას მოუთმენლად ველოდით. წლებია ვითხოვთ სოფელში ქართული ბაღისა და ქართული სკოლის გახსნას. იმის უფლებაც კი არა გვაქვს, ბავშვებს ქართული სახელები დავარქვათ.

ქართული სახელების დარქმევა ბავშვებისთვის 1996 წლიდან აგვიკრძალეს(!). აღარაფერს ვამბობთ გვარზე, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში იძულებით შეგვიცვალეს. უკვე ათეული წლებია ძველი გვარების აღდგენას ვითხოვთ, მაგრამ ამაოდ. თუკი აზერბაიჯანელები საქართველოში მეჩეთს მეჩეთზე აშენებენ, ჩვენთვის ერთი ეკლესიის აშენებაც კი დიდი პრობლემაა. თანადგომას  საქართველოს ხელისუფლებისაგან ველოდებით, იქნებ დაგვეხმარონ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველთვის იმედგაცრუებული ვრჩებით. ნუთუ არ არსებობს თქვენში ისეთი ადამიანი, რომელსაც ჩვენზე გული შესტკივა?

ერთი სიტყვით, ელჩი გვეწვია, მაგრამ მისი სტუმრობით დღემდე შოკირებული ვართ. არ გვეგონა, თუ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ამისთანა პირები მუშაობდნენ. ჩამოვიდა ჩვენი ელჩი ნასვამი, დღის 16 საათზე, მაშინ როცა სასწავლო პროცესი კარგა ხნის დასრულებული იყო. შეხვედრა სკოლის დირექტორის კაბინეტში შედგა. მხოლოდ ოთხი კაცი მოხვდა შეხვედრაზე, სხვები არ შეუშვეს. იმ ოთხ კაცს შორის ერთ-ერთი მშობელი იყო, რომლის 7 წლის შვილს ქართული სახელის გამო დაბადების მოწმობას არ აძლევენ(!). ჩვენმა ელჩმა ჰკითხა, რა გვარის ხარო.

მან დაუსახელა ძირძველი ქართული გვარი და ახლანდელი, ძალად მინიჭებული აზერბაიჯანული. ელჩმა ძალიან მარტივად გასცა პასუხი, რა მოხდა მერე, დაარქვი შენც აზერბაიჯანული სახელი და ამოიწურება ამით პრობლემაო. შარაშენიძემ განგვიცხადა, აზერბაიჯანში კანონი კრძალავს ბავშვებისთვის უცხოური სახელების დარქმევას და ჩვენ კანონის წინააღმდეგ ვერ წავალთო. არადა, აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და ასეთ კანონს ვერ მიიღებს. ამას მოჰყვა  საუბარი პატრიოტიზმზე. ვუთხარით, ჩვენ ქართველები ვართ, ქართულად ვლაპარაკობთ  და გვინდა ჩვენს შვილებს ქართული სახელები ერქვას-მეთქი.

ელჩმა კიდევ, თქვენ თუ ქართულად ლაპარაკობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველები ხართ, ბოლოს და ბოლოს, გვარები აზერბაიჯანული გაქვთო! თუ ქართველები არა ვართ, მაშ, ეს ენა ვინ მოგვცა, ან ქართული ენა არაფერს ნიშნავს? სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, ქართულ ენაზე მეტყველება არაფერს ნიშნავსო. ენა არაფერს ნიშნავს? ენა, რომელიც დიდი ტანჯვა-წამებით, აბუჩად აგდებისა და უდიდესი ზეწოლის მიუხედავად შევინარჩუნეთ, თურმე არაფერს ნიშნავს! ამდენ დამცირებას სწორედ ენის გამო ვიტანდით. მაშ, გიჟები ვყოფილვართ! მისთვის შეიძლება მართლაც არაფერს ნიშნავს ქართული ენა, რადგან საინგილოში ჩამოსული ელჩი ქართულად ნათქვამ ქართულ გულის ტკივილზე თურქულად გვპასუხობდა.

რა იყო მისი ჩამოსვლის მიზანი, ის, რომ აზერბაიჯანელების წინაშე დავემცირებინეთ (ამ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ)? აზერბაიჯანულ-ქართული სკოლის შესასვლელში აზერბაიჯანულ წარწერასთან ერთად ჩვენი ელჩის ვიზიტამდე ქართული წარწერაც იყო და ელჩის საქციელით წახალისებულმა აზერბაიჯანელებმა მისი წასვლისთანავე ჩამოხსნეს!"

ეს წერილი საინგილოდან ორმა ახალგაზრდამ ჩამოგვიტანა. ამ სტატიის გამოქვეყნების გამო უკან დაბრუნებულებს პრობლემა რომ არ შეექმნათ, მათ ვინაობას არ დავასახელებთ.

ინგილო ახალგაზრდების მონათხრობი სულისშემძვრელია და უფლება არა გვაქვს, მკითხველს არ გავაცნოთ:

"მოსახლეობას პასპორტები ჩამოართვეს და უკან რომ დაუბრუნეს, გვარები შეცვლილი იყო. გვარების გადაკეთების შემდეგ ქართველებს  ქართული სახელების ტარებაც აუკრძალეს.

აზერბაიჯანში ბავშვი რომ დაიბადება, მშობელს წინ სიას უდებენ, საიდანაც უნდა აირჩიონ ახალშობილის სახელი (იქ კი მხოლოდ მუსლიმანური სახელებია). თუ უარს იტყვი, ბავშვის დაბადების მოწმობას არ მოგცემენ.

ჩვენს სოფელში ასეთი ბევრი ბავშვია, უკვე ექვსი წლისა შესრულდნენ და სკოლაში ვერ მიდიან. ისეთი პირობები შექმნეს, რომ მოსწავლეთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. სექტემბრამდე დადიან ოჯახებში და მშობლებს "ურჩევენ", ქართულ სკოლაში არ მიიყვანონ შვილი, თორემ პრობლემები შეექმნებათ. მაგალითად, სამსახურს ვერ იშოვიან, ხოლო ვინც მუშაობს, სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ამიტომაც იკლო ბავშვების ნაკადმა ქართულ სკოლებში. შვიდი-რვა ბავშვის გამო კლასს აღარ ხსნიან.

ჩვენს სოფელში ბოლო ათ წელიწადში ოთხი ქართული სკოლიდან მხოლოდ ორი დარჩა, ერთში დაწყებითი კლასები აღარ არის. ბავშვები, რომელთაც დაბადების მოწმობები არა აქვთ, ბუნებრივია, განათლებას ვერ იღებენ. დიდი ხანია ამაზე წერილებს ვწერთ ხან ევროსაბჭოში, ხან ეუთოში, მაგრამ აზერბაიჯანელები თავიანთ საქმეს აკეთებენ, ქართველების გათათრების პოლიტიკა კვლავაც აქტუალურია.

ადრე საქართველოში ჩამოვდიოდით, აქ გვქონდა გამოყოფილი ლიმიტები. საქართველოში ვამთავრებდით უმაღლეს სასწავლებლებს. მართალია, უკან დაბრუნებულებს ქართული დიპლომები სახლში გვიწყვია, არაფერში გამოგვადგა, მაგრამ მაინც ვცდილობდით, არ დაგვეკარგა ქართველობა. ამაში სახელმწიფოც გვიწყობდა ხელს. სამწუხაროდ, ახლა ლიმიტები გაუქმებული გვაქვს. სამაგიეროდ, ბაქოში შექმნეს ინგილოებისთვის საუკეთესო შეღავათიანი პირობები. ქართველ მშობლებს მასობრივად გადაჰყავთ ბავშვები აზერბაიჯანულ სექტორებზე, რათა აზერბაიჯანული წერა და ლაპარაკი ისწავლონ და უმაღლესი სასწავლებლისთვის მოემზადონ.

საქართველოში უამრავი მეჩეთი შენდება, უშლის ხელს ვინმე აზერბაიჯანელებს? იქ კი ახალი აღთქმა და ბიბლია რომ გიპოვონ, ციხე გარანტირებული გაქვს(!).

- ბიბლიისა და ახალი აღთქმის ქონაზე სასჯელი კანონის დონეზეა აზერბაიჯანში?

- აზერბაიჯანელ ჩინოვნიკებს რად უნდათ კანონი? ჩინოვნიკია? მორჩა, რაც უნდა, იმას გიზამს. როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ან დელეგაცია ჩამოდის საქართველოში, ათასობით აზერბაიჯანელი ხვდება აზერბაიჯანული დროშებით ხელში. ჩვენთან საქართველოს დროშა რომ გიპოვონ, ისეთ მუხლს მოგიყენებენ, ციხიდან ცხვირს ვერ გამოყოფ.

ერთხელ ჩემს ერთი წლის ბავშვთან ერთად ბაქოში ვიყავი. ბიჭს თავზე საქართველოს დროშის ბენდენა ჰქონდა წაკრული და ამისთვის დაგვაკავეს. ატყდა ერთი ამბავი, აქ რა გინდათ, ვინ ხართ, რისთვის ჩამოხვედითო. როგორ გაბედეთ და ბავშვს ბაქოში საქართველოს დროშის გამოსახულებიანი ბენდენა დააფარეთო.

ალბათ, წარმოუდგენლად გეჩვენებათ ეს ამბები, მაგრამ ეს სამწუხარო და ძალიან მძიმე რეალობაა.

ჩემს სამ მეგობარს ქართული დროშა უპოვეს და სამივე დააპატიმრეს, ათდღიანი ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს, რა თქმა უნდა, სხვა საბაბით. ან ხულიგნობას დაგწამებენ, ან ნარკოტიკით გამოგივსებენ ჯიბეებს, ან დილით ეზოში ძროხას დაგახვედრებენ და გეტყვიან, რომ მოიპარე!

ყველაზე გულსატკენი ის არის, როგორც იქცევიან თავად ქართველი ჩინოვნიკები. ნუთუ სახელმწიფოებრივი შეგნება არ გააჩნიათ?"

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში. საუბარი პირადად ელჩთან გვსურდა, მაგრამ კომენტარი საელჩოს პირველმა მდივანმა, პრესატაშე კახა აბდალაძემ გააკეთა:

- ეტყობა, გაუგებრობა მოხდა. თეიმურაზ შარაშენიძე დიდი ხნის დიპლომატია, ბევრ ქვეყანაშია ნამუშევარი ელჩად. გეტყვით, რაც იყო: სრული სიმართლეა ის, რომ ვისაც აზერბაიჯანული გვარები აქვთ, ქართული სახელების დარქმევას უშლიან. მაგრამ ვისაც ქართული გვარები აქვთ, ვერ დაუშლიან. პრობლემა ის არის, რომ ინგილოები თვითიდენტიფიკაციას ვერ ახდენენ და როდესაც ჰკითხავ,  ვინ ხარ, ქართველი თუ აზერბაიჯანელიო, გპასუხობენ, ინგილო ვარო. სია აქვთ იმ სახელების, რომლებიც აზერბაიჯანული გვარის მქონე ბავშვს უნდა დაერქვას.

- აზერბაიჯანში ასეთი კანონი აქვთ?

- დიახ, საჯარო რეესტრს აქვს ასეთი კანონი. აი, ამაზე იყო ლაპარაკი სკოლაში შეხვედრაზე. პირიქით, ელჩმა დაარიგა, ჯერ  წინაპრების გვარი დაიბრუნეთ, მოახდინეთ თვითიდენტიფიკაცია, რომ ქართველები ხართ და მერე თუU დაგიშლიან ქართული სახელის დარქმევას, საელჩო რისთვის ვართო? ეტყობა, ვერ მიხვდნენ, რა უთხრა ელჩმა. სხვათა შორის, დღესაც კახში ვართ და აქედან გესაუბრებით, მერე ქურმუხის ეკლესიაში მივდივართ.

- გვარების დაბრუნებას რომ ვერ ახერხებენ?

- რამდენჯერმე ვუთხარით, რომ კოლექტიური წერილი დაწერონ, რათა მსვლელობა მივცეთ საქმეს. თუ არ დაგვიწერენ კოლექტიურ საჩივარს, ჩვენ ხელფეხშეკრულნი ვართ. გამოჩენის გვეშინიაო და ჩვენ რა ვქნათ?

- არც ნასვამი  ყოფილა ელჩი?

- რა თქმა უნდა, არა... ინგილოების პრობლემები ახალი არ არის, ამის გამო წერილიც მივწერეთ აზერბაიჯანის სახალხო დამცველს. კახში ბევრმა დაიბრუნა ძირძველი გვარი. ელჩი საგანგებოდ ჩავიდა ალიაბადში, რადგან იქ ყველაზე მძიმე პირობებია. ახლა კი ისე გამოდის, რომ არ უნდა ჩავიდეს?

- არც თურქულად პასუხობდა შეკითხვებს?

- როგორ გეკადრებათ!

- როგორც წერილშია ნათქვამი, ელჩის ვიზიტის მერე სკოლაში ქართულენოვანი წარწერა ჩამოუხსნიათ.

- რას ჰქვია, ჩამოხსნეს? ამასაც ელჩის ვიზიტს უკავშირებენ? საელჩოს გახსნის დღიდანვე ხმალამოღებული ვიბრძვით, რომ ქართველების უფლებები დავიცვათ და რა გამოდის?..

რადგან აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში ამ ამბავს გაუგებრობა უწოდეს, ჩვენ კვლავ დავუკავშირდით წერილის გამომგზავნ პირებს იმის დასაზუსტებლად, იქნებ მართლაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი:

"ღვთის მადლით, გონებრივ სისუსტეს არ ვუჩივით და კარგად ვხვდებით, ვინ რა თქვა. ჯერ ერთი, ელჩი ჩვენი პრობლემების მოსასმენად თუ მოდის, რატომ შედის აზერბაიჯანელი დირექტორის კაბინეტში და არ მოდის მაშინ, როცა მოსწავლეები და მასწავლებლები სკოლაში არიან? 4 საათზე დირექტორის კაბინეტში რა უნდა გაეგო, თანაც გვარიანად ნასვამს! ეს ყველამ იცის და ამას ვერ უარყოფს. გვარის დაბრუნებაზე ლაპარაკი სულ არ ყოფილა. ტყუილია ეგ! ენა არაფერს ნიშნავსო, ჩვენ კანონის წინააღმდეგ ვერ წავალთო, ეგ არ იყო, რომ გვეუბნებოდა? თურქულად რომ გველაპარაკებოდა, მაგაზეც უარს ამბობს?

ჯერ ერთი, ეროვნებაზე შეკითხვა არავის დაუსვამს, მაგრამ ინგილო რა, ქართველს არ ნიშნავს? დიახ, მე ვარ ინგილო და სუფთა ქართველი, რა, ეს ორი ცნება გამორიცხავს ერთმანეთს? ეს იგივეა, კახელს ჰკითხო, კახელი ხარ თუ ქართველიო. სიმართლე ის არის, რომ ქართველი მოსახლეობა ბენზინსა და ნავთში გაგვცვალეს!"