"არ არსებობს ისეთი ჯარი და პოლიცია, რომელიც მთელ ერს მოერევა" - კვირის პალიტრა

"არ არსებობს ისეთი ჯარი და პოლიცია, რომელიც მთელ ერს მოერევა"

"თუ სააკაშვილი ძალას იხმარს ხალხზე, საკადრის პასუხს მიიღებს"

"გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების განაჩენია"

"რევოლუციები რომ არ ყოფილიყო, მსოფლიოში პროგრესი არ იქნებოდა"

რწყინვალე შვიდეულს "რევოლუციური ანონსების" კვირა მოჰყვა. "სახალხო კრებამ" გამოაცხადა, რომ "სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა ხალხს მოუსპო შესაძლებლობა, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებით გამოხატოს საკუთარი ნება. ამიტომ ხალხს დარჩა ერთადერთი გზა, გამოიყენოს კონსტიტუციით გარანტირებული და მინიჭებული უფლება - თავისი ძალაუფლება განახორციელოს პირდაპირი და უშუალო დემოკრატიის ფორმების გამოყენებით. ვაცხადებთ საბოლოო ბრძოლას სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლების მიზნით. ვიწყებთ საერთო-სახალხო გამოსვლებს".

"სახალხო კრებას" არ ჩამორჩა "ქართული პარტია", რომელმაც იუსტიციის მინისტრის "პატივსაცემად" აქციების დაწყება ყვარლიდან გადაწყვიტა. "9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ვიწყებთ აქციებს ამ რეჟიმის შესაცვლელად და ბრძოლას იმისათვის, რომ ოთხ მილიონ კაცთან ერთად ეს რეჟიმი მოუსავლეთში გავგზავნოთ"", - "ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივნის, ეროსი კიწმარიშვილის ამ განცხადებამ "სახალხო კრებაში" დაბნეულობა და ეჭვი გააჩინა, მაგრამ წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყების თარიღის გადმოწევა არ უფიქრიათ. "სახალხო კრება" 21 მაისს იწყებს მოქმედებას. რა მასშტაბის იქნება აქცია და როგორ იმოქმედებს "სახალხო კრება", ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილს ვკითხეთ:

- 21 მაისს დაიწყება დიდი სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა. დღის სამ საათზე თბილისში შეიკრიბება ხალხი, პარალელურად ბათუმში, ერას მოედანზე დაიწყება აქცია. წინააღმდეგობის რაიონულ კომიტეტებს მიცემული აქვთ კონკრეტული დავალებები. შეფიცულებს ევალებათ, აქციისა და კოლონის გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გეგმის ყველა დეტალს საჯაროდ ვერ გამოვაცხადებთ, მაგრამ გეტყვით, რომ არ ვაპირებთ ერთ ადგილას უსასრულოდ და უაზროდ დგომას, გვინდა, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ სააკაშვილის გადადგომას და მმართველი გუნდის დემონტაჟს. ჩვენი მიზანია ეს უბედურება, სააკაშვილის რეჟიმი მოვაშოროთ საქართველოს და მივაღწიოთ თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს.

- თვლით, რომ რევოლუცია სიკეთეს მოიტანს?

- მე პოლიტიკის ისტორიის სპეციალისტი ვარ. პოლიტიკურ იდეათა ისტორიაში ვკითხულობ ლექციებს. რევოლუციები რომ არ ყოფილიყო, მსოფლიოში პროგრესი არ იქნებოდა, ფორმაციათა ცვლა არ მოხდებოდა. ერთ ადგილას გაიყინებოდა და დამყაყდებოდა კაცობრიობის ისტორია. ბევრ რევოლუციას მწარე და ცუდი შედეგიც ჰქონდა, მაგრამ დიდმა ნაწილმა კაცობრიობასა და დასავლურ სამყაროს განვითარება, ევოლუცია მოუტანა. წინასწარ არანაირ ტერმინს არ ვიყენებთ და

ჩვენს ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად მომავალი მშვიდობიან რევოლუციას დაარქმევს, კონსტიტუციურ რევოლუციას, სამოქალაქო წინააღმდეგობას თუ რამე სხვას, ეს ისტორიის საქმეა.

ჩვენ პოლიტიკური, მშვიდობიანი ბრძოლა ავირჩიეთ. სუფთა გულითა და სუფთა ხელებით ვიბრძოლებთ. სააკაშვილი რას იზამს, ამის პროგნოზირება ძნელია. თუმცა, ცხადია, იოლად არ დათმობს ძალაუფლებას.

- ძნელად წარმოსადგენია, რომ სააკაშვილმა ხალხის მოწოდებებს დაუჯეროს და გადადგეს.

- თუ სააკაშვილი ძალას იხმარს ხალხზე, საკადრის პასუხს მიიღებს. ხალხზე ძალადობა მისთვის იქნება უარესი, ამით თავს დაისამარებს.

შეიძლება სააკაშვილმა თავისი ზონდერები გამოიყვანოს, მაგრამ ხალხს დიდი ძალა აქვს. არ არსებობს ისეთი ჯარი და პოლიცია, რომელიც მთელ ერს მოერევა. ჩვენ უკან არ დავიხევთ და ხელისუფლებასთან გარიგებაზე არ წავალთ. ასეთი რწმენით სავსე ხალხს ზონდერი და პოლიციელი ვერ მოერევიან. პოლიციელები და სამხედროები ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი ძმები და დები არიან და ხალხის, სამშობლოს სამსახურში უნდა ჩადგნენ.

- ლეიბორისტებმა სოლიდარობა გამოგიცხადეს, სხვა პარტიებთანაც ხომ არა გაქვთ მოლაპარაკება?

- პოლიტიკური ლიდერებისაგან, ცოტა არ იყოს, ორჭოფული განცხადებები ისმის. ალბათ, შეხედავენ, როგორ განვითარდება მოვლენები და შესაბამისად იმოქმედებენ. თანამშრომლობისათვის ყველას ხელს ვუწვდით. მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინმეს იქედნურად ან მწარედ აქვს "კრებაზე" რამე ნათქვამი.

- მამუკა კაციტაძემ მითხრა, არ მინახავს პარტია, რომელსაც რევოლუცია მოეხდინოს და მერე სხვისთვის დაეთმოს ხელისუფლებაო.

- მამუკას არ სჯერა, რომ ხალხი და ის ძალა ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს, რომელსაც სააკაშვილის მოშორება უნდა და იმის სჯერა, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი ჩაგვიტარებენ თავისუფალ არჩევნებს? არ მესმის ასეთი გულუბრყვილობა. სააკაშვილს რომ მოვიშორებთ და ხალხი გაიმარჯვებს, მერე უფრო შესაძლებელი არ იქნება დემოკრატიული არჩევნების ჩატარება?!

- "კრებას" ის თუ აქვს გათვლილი, 21 მაისის მერე რას გააკეთებს?

- 21 მაისს დაიწყება პოლიტიკური ბრძოლა, რომელშიც ხალხი გაიმარჯვებს. სააკაშვილი რომ წავა, საარჩევნო გარემოც ორ დღეში შეიცვლება და თავისუფალი არჩევნებიც მალევე ჩატარდება. ტელევიზიებიც სულ სხვანაირად იმუშავებენ. აღარ იქნებიან დღევანდელივით დამონებული და ხელისუფლების ინსტრუქციის შემსრულებლები. სააკაშვილი რომ წავა, არველაძეც წავა. "იმედი" კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება და თავისუფალი გახდება. პირველი არხიც აღარ იქნება სააკაშვილის კლანჭებში მოქცეული. პოლიციას აღარავინ გამოიყენებს ხალხის დასაშინებლად და არჩევნებზე ზეწოლის მიზნით.

- პოლიცია ახსენეთ და მინდა გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ გკითხოთ, რასაც უცნაურად მოჰყვა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, ვასილ სანოძის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ითქვა, რომ სანოძეს მოსთხოვეს პასუხისმგებლობის აღება, რადგან გირგვლიანის მკვლელობა სწორედ მის დაბადების დღეს სუფრასთან დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა.

- სანოძის დაჭრაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან საკმარისი ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების განაჩენია.