"მგონია, რომ სანოძეს ესროლეს" - კვირის პალიტრა

"მგონია, რომ სანოძეს ესროლეს"

"სულერთია, ვინ დაამარცხებს ხელისუფლებას"

რას ფიქრობენ საზღვარგარეთ მყოფი ქართველები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და რას ელოდებიან ოპოზიციის აქციებისგან, ამ თემაზე ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი გვესაუბრება:

- ყველაფერი იმაზე იქნება  დამოკიდებული, ხალხი გამოვა თუ არა. ოპოზიცია არ  არის ერთიანი, ზოგიერთს კი ლამის მესიადაც წარმოუდგენია თავი. მაგალითად, "ქართული  პარტია" გაიძახის, ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც ხელისუფლების დამარცხება შეუძლიაო. რით დაგვანახა, რომ ერთადერთია? როცა "სახალხო  კრებამ" 30 მაისს გადაწყვიტა ხალხის ქუჩაში გამოყვანა, "ქართული პარტიის" ერთმა წევრმა  ბრძანა, აბა, დაველოდებით, რას იზამენო. შემდეგ კი ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, "გადამწყვეტი ბრძოლის დაწყების თარიღად" 9 მაისი დაასახელეს. ერთმანეთს ხელს უშლიან!

- ხომ არ იცით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში  მოღვაწე მდიდარი ქართველები რას ელიან საქართველოში პოლიტიკური ძვრებისგან?

- ამ სივრცეში ქართველების საკმაოდ ჭრელი კონგლომერატია: არსებობს პოლიტიკურად ანგაჟირებული ქართული წარმოშობის პირთა ვიწროკლანური დაჯგუფებები, რომელთაც რუსულ პოლიტიკურ წრეებთან აქვთ კავშირი. ალბათ, არიან მართლაც პატრიოტები, მაგრამ ის, რომ ოპოზიციას ეხმარებიან ფინანსურად ან მორალურად, გადაჭარბებულია. ისინი საქართველო-რუსეთის ხელისუფლებებს შორის დაპირისპირებას საკუთარი ფინანსური მოგებისთვის იყენებენ. რუსეთში დეკლარირება იმისა, რომ ვინმე ქართულ ოპოზიციასა და  ხალხს ეხმარება, ფინანსური წარმატების გარანტად იქცა.

ჰოდა, ქართველებსაც შეაქვთ განაცხადები სხვადასხვა საზოგადოებრივ ფონდში, მათი ბიზნესჯგუფები  მონაწილეობენ ტენდერებში და დიდძალი თანხებით ფინანსდებიან. შემდეგ  რუსულ წრეებში ამბობენ, თუ როგორ დაეხმარნენ საქართველოდან ჩასულ ოპოზიციონერს პროექტის განხორციელებაში. თუკი ოდესმე საქართველო-რუსეთის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა მოგვარდება, ისინი ამით ფულის შოვნის კარგ წყაროს დაკარგავენ.

- ვის გულისხმობთ, - მიხეილ ხუბუტიას, ალექსანდრე ებრალიძეს, იგორ გიორგაძეს?..

- ხუბუტიას ჰყავს კარგი ოჯახი, შვილები და წარმოუდგენელია, პიროვნულად დავუპირისპირდე. ებრალიძეს არ ვიცნობ, მაგრამ არც მის საწინააღმდეგოს გეტყვით რამეს. მე მხოლოდ საერთო სურათი აღგიწერეთ, რადგან მიმაჩნია, როგორც  საქართველოშია საზოგადოება დაქსაქსულ-დანაწევრებული, იგივე ვითარებაა საზღვარგარეთაც. თუმცა, ხელისუფლების გინებით ბევრი უბრალოდ ენას იტყავებს. ერთადერთი კაცია, პროფესორი ხომერიკი, რომელიც უანგაროდ გამოხატავს თავის პოზიციას.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალი იარაღით ივსება.

- სიმართლე გითხრათ, მართლაც გაბოროტებული კაცივით მინდება, ვთქვა, ახია მაგ ხელისუფლებაზე, თუ ასეთი რამ მოხდება! მაგრამ, სამწუხაროდ, მოვლენების ასე განვითარება მაინცდამაინც რეალურად არ მეჩვენება. ამ დეზინფორმაციას ან ხელისუფლება ავრცელებს, ან ოპოზიციის რომელიმე ფსევდოწარმომადგენელი, რომელიც პროვოკატორია და მეტი არაფერი! ამ რამდენიმე დღის წინ მიშა სააკაშვილმა  განაცხადა,  რუსეთი ტერაქტების მოწყობას გეგმავსო.

მითხარით, რად უნდა ახლა რუსეთს ტერაქტები ან  ცხინვალში დამატებითი იარაღის შეტანა რაღა საჭიროა? რუსეთს რაც სურდა, ყველაფერს მიაღწია და ახლა მისთვის სულერთია, გინდ ყოფილა სააკაშვილი პრეზიდენტად და გინდ არა! აი, ამერიკისთვის მთავარია დეკლარირებული დემოკრატიული ღირებულებების დაცვა.

ის არავის აპატიებს ამ პრინციპებიდან გადახვევას, სააკაშვილმა კი, რომელიც აშშ-ის  ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთ პროექტად მიაჩნდათ, ამ კურსს კარგა ხანია გადაუხვია. ფაქტია, თუ ქართველების სისხლს დაღვრის, ხალხს ან ამერიკა გამოესარჩლება ადამიანთა უფლებების დაცვის ეგიდით, ან რუსეთი დაიცავს.

- ადრე ამბობდით, რომ ქართველ მაღალჩინოსნებს კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ გენერალ ბორისოვთან, რაც ომის დასრულების შემდგომაც შეინარჩუნეს. მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ მასზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს.

- ვიდრე ჟენია რაღაცას წარმოადგენდა, ქართველი თანამდებობის პირები გასაპნულები დასდევდნენ უკან, მაგრამ ახლა როცა, პენსიაზე გავიდა და აღარაფერს წარმოადგენს, ესენიც გახდნენ მამლაყინწები.

- გასულ კვირას საზოგადოების ყურადღება შსს-ს მაღალჩინოსნის, ვასილ სანოძის დაჭრამ მიიპყრო. ერთი ვერსიით, მას ესროლეს.

-  ეჭვი მეპარება,  სანოძეს სინდისის ქენჯნა ეგრძნო და თვითმკვლელობა ეცადა. უფრო მგონია, რომ ესროლეს. ამ პირთა  წრეში ჩვეულებრივია ერთმანეთისთვის იარაღის დამიზნება და მუქარა. არაერთი ნაცნობი "ნაციონალი" მინახავს  თვალჩალურჯებული და გრიმწასმული. ვფიქრობ, რაღაც ისეთი მოხდა, რის დამალვასაც ხელისუფლება საგულდაგულოდ ცდილობს, მაგრამ როდემდე დამალავენ.