"ამ ამბიდან ორ დღეში ზვიად გამსახურდიამ თენგიზ სიგუა და გოგი ხოშტარია თანამდებობებიდან გაათავისუფლა" - კვირის პალიტრა

"ამ ამბიდან ორ დღეში ზვიად გამსახურდიამ თენგიზ სიგუა და გოგი ხოშტარია თანამდებობებიდან გაათავისუფლა"

ებრაელი ბიზნესმენების დაკავების მიზეზი ბურუსითაა მოცული. რატომ გაეხვია ოფიციალური თბილისი "ნებით" საერთაშორისო სკანდალში? რატომ არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები, რომლის თანახმადაც საქართველოს კომპანია "ტრამექსის" სასარგებლოდ 97 მილიონის გადახდა დაეკისრა? რატომ ვერ (ან არ) შეასრულა "ტრამექსმა" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ვიდრე ხელშეკრულებას გაუუქმებდნენ და რის გამო შეიტანა სასამართლოში სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ 10 წლის დაგვიანებით? - უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, რომელთა საპასუხოდ "კვირის პალიტრამ" განსხვავებული მოსაზრებები მოისმინა.

დარღვეული შეთანხმება?!

გავრცელებული ინფორმაციით, "ტრამექსმა" ჯერ კიდევ 1991 წელს განიზრახა მილსადენებზე სრული მენეჯმენტი, მაგრამ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ეს უფლებამოსილება ვერ მიიღო. "ტრამექსმა" ოფიციალურ თბილისთან ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ გააფორმა, როცა ქვეყანას სამხედრო საბჭო მართავდა, არც პრეზიდენტი გვყავდა და არც საპარლამენტო არჩევნები იყო დანიშნული. კომპანიამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

ამის მიზეზად ქვეყანაში და საზოგადოდ, კავკასიაში არეულობა დასახელდა. 1996 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოში ბი-პი შემოვიდა, საქართველოს ხელისუფლებამ "ტრამექსთან" ხელშეკრულება გაწყვიტა, რის გამოც "ტრამექსის" მეწილეებმა საქართველოს სახელმწიფოს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლეს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, სარჩელი  2006 წელს, ხელშეკრულების გაწყვეტიდან 10 წლის შემდეგ შეიტანეს, პროცესი მოიგეს და 2010 წლის თებერვალში საქართველოს 97 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება არ ამბობს იმ მიზეზს, რის გამოც წააგო სასამართლო პროცესი, როცა საქმის მოგებისთვის არაერთი კოზირი ჰქონდა.

"გამსახურდია რონი ფუქსს რუსეთის აგენტს ეძახდა"

ჟურნალისტი ლეილა კვირიკაშვილი საქართველოში ებრაელი ბიზნესმენის ჩამოსვლის პირველ დღეებს იხსენებს:

"1991 წლის 13 აგვისტო იყო. მე და ჩემი ოპერატორი მალთაყვაში ჩავედით. 16 აგვისტომდე წყალსათხილამურო სპორტში ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო. ვიცოდით, რომ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც იქ იქნებოდა. მაშინ სატელევიზიო გადაცემის "პრეზიდენტის საათის" ავტორი და წამყვანი ვიყავი.

მოკლედ, გავიგე, რომ ჩამოსული იყვნენ ებრაელი ბიზნესმენები. მე და ჩემმა ოპერატორმა ზვიად გამსახურდიასთან მათი შეხვედრის კადრები გადავიღეთ. მათ შორის საუბარი დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მახსოვს, თბილისში გაზრდილმა ეფრაიმ გურიმ წარუდგინა პრეზიდენტს რონი ფუქსი.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ სიგუა და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია. რამდენიმე ხანში ზვიად გამსახურდიამ მოულოდნელად დატოვა მოლაპარაკება და ჟურნალისტები ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში დაგვიბარა. აღელვებული ჩანდა. ბობოყვათის რეზიდენციაში ებრაელ ბიზნესმენებს აფერისტები და კრემლის აგენტებიც კი უწოდა. ამ ამბიდან  ორ დღეში ზვიად გამსახურდიამ თენგიზ სიგუა და გოგი ხოშტარია თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა. სიგუა და ხოშტარია საპროტესტო აქციებზე იმასაც გაიძახოდნენ, გამსახურდიამ ებრაელ ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში ხელი შეუშალაო.

გამსახურდიას ზოგიერთმა ურჩია, არ შეიძლება რონი ფუქსისა და მისი პარტნიორების განაწყენება, მათ შეუძლიათ ოპოზიციის დაფინანსება და სამხედრო გადატრიალებისთვის ხელშეწყობაო. გამსახურდია იძულებული გახდა, ბიზნესმენებს ისევ შეხვედროდა, მაგრამ ურთიერთობა უმთავრესად ნიადაგის მოსინჯვისა და წინასწარი მოლაპარაკების დონეზე ჰქონდათ. გადაწყვეტილების მიღებას პრეზიდენტი შეგნებულად აფერხებდა.

ერთხელ ზვიად გამსახურდიამ ინტერვიუს დროს მითხრა: "ტრამექსს" კონტრაქტის გაფორმება უნდა, რომ ჩეჩნეთიდან და ბაქოდან ჩვენი ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნებში ნავთობი გაიტანოსო.

იმხანად დუდაევის ხელისუფლება მართავდა ჩეჩნეთს და კავკასიელებს იმედი ჰქონდათ, რუსეთის უღლისაგან გავთავისუფლდებითო.

სწორედ ამიტომ მიმდინარეობდა მოლაპარაკება გროზნოდან ნავთობის გამოტანაზე. საქართველოში დიდი ტერმინალი უნდა გაკეთებულიყო, ჩვენს ქვეყანას თავისი წილი ნავთობი ექნებოდა.

მაგრამ გამსახურდიამ ჩათვალა, რომ რუსეთი ებრაელი ბიზნესმენების ხელით ცდილობდა ენერგომატარებლებზე გავლენის შენარჩუნებას.

ეს თქვა კიდეც ინტერვიუში, მაგრამ მოგვიანებით მთხოვა, ეს მონაკვეთი ტელეეთერში არ გაუშვათო. მერე კი მალე სამხედრო გადატრიალება მოხდა და ქვეყნის სათავეში მოვიდა სამხედრო საბჭო, არალეგიტიმური ორგანო, რომლის დანიშნულ მინისტრებსაც "ტრამექსთან" ხელშეკრულების დადების უფლება არ ჰქონდათ. "დოკუმენტს" ხელი 1992 წლის 3 მარტს მოაწერეს, ვიდრე შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდოდა".

მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თენგიზ სიგუა:

- რონი ფუქსის სახელი პირველად 1992 წელს გავიგე(!).

მე ხელთ მაქვს გამსახურდიას მთავრობის დადგენილება ბესო გუგუშვილის ხელმოწერით, რომელიც "ტრამექსს" საქართველოში ინვესტირების უფლებას აძლევს.

ეს დოკუმენტი ძალაში მხოლოდ იმიტომ ვერ შევიდა, რომ ფინანსთა სამინისტროს უნდა გაეტარებინა რეგისტრაციაში, რაც ვერ მოესწრო, მალე სამხედრო გადატრიალება მოხდა საქართველოში. გადატრიალების შემდეგ, "საქნავთობმა" ხელახლა გამოიტანა განსახილველად "ტრამექსის" წინადადება მთავრობის სხდომაზე. მათ საქართველოში ორი ქარხანა უნდა აეშენებინათ - ერთი შედარებით პატარა, მეორე კი მილიონი ტონა ნავთობის გადასამუშავებლად. მათ კი ერთი ცენტიც კი არ დახარჯეს, ერთი კვადრატული მიწაც კი არ გაჭრეს და მერე ყველაფერი საქართველოში არეულობას დააბრალეს.

- თუ ასეა, მაშინ ნდობა რატომ გამოუცხადეთ ამ კომპანიას?

- დასავლელი პარტნიორები გვაფრთხილებდნენ, "მიკი მაუს" კომპანიებთან საქმე არ დაიჭიროთო. გადაამოწმეთ, ევროპულ ბანკებთან თუ აქვთ ურთიერთობაო. გავიკითხეთ და "ტრამექსს" მართლაც კარგი რეპუტაცია ჰქონდა. ამიტომაც ვენდეთ, მაგრამ 1995 წლამდე კომპანიას არაფერი გაუკეთებია, ამიტომ ხელისუფლება იძულებული გახდა, მასთან ურთიერთობა გაეწყვიტა.

სხვათა შორის, ისიც ვერ ავხსენი, ეს გადაწყვეტილება რატომ გააპროტესტეს "ტრამექსის" მეწილეებმა ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 წლის შემდეგ ან როგორ მოახერხეს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში გამარჯვება. იუსტიციის სამინისტროშიც დავრეკე და მიზეზი ვიკითხე, მაგრამ ვერავინ ვერაფერი ამიხსნა. მხოლოდ ის მითხრეს, რომ რომელიღაც უცხოური ფირმა იცავდა საქართველოს ინტერესს.

დარწმუნებული ვარ, ოფიციალურ თბილისს სამართლებრივი მხარისთვის მეტი ყურადღება რომ მიექცია, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლო გამარჯვებას მას მიაკუთვნებდა.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, მიმაჩნია, რომ ებრაელი ბიზნესმენების საქართველოში ჩამოყვანა და დაპატიმრება ძალზე ცუდი ფაქტი იყო.

ამგვარ "სპექტაკლში" ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ უნდა მონაწილეობდეს, ჯერ მოიპატიჟოს კომპანიის მეწილეები და მერე დააპატიმრებინოს.

"კვირის პალიტრა" ზვიად გამსახურდიას მთავრობის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბესო გუგუშვილს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, მართლაც სამხედრო გადატრიალებამ შეუშალა ხელი თუ არა "ტრამექსთან" დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლას:

"საქართველოსა და "ტრამექსს" შორის დავას ზვიად გამსახურდიას ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან კავშირი არა აქვს. "ტრამექსის" ურთიერთობა გამსახურდიას ხელისუფლებასთან გამჭვირვალე და კანონიერი იყო".

ბატონმა ბესომ დაადასტურა, რომ სწორედ ეფრაიმ გურის მეშვეობით შეხვდნენ "ტრამექსის"  წარმომადგენლები ზვიად გამსახურდიას და შეხვედრას მაშინდელი მინისტრებიც ესწრებოდნენ.