"არ უნდა იკადრო ფეხბურთელმა და საკუთარ გუნდს, გულშემატკივარს არ უნდა უღალატო" - კვირის პალიტრა

"არ უნდა იკადრო ფეხბურთელმა და საკუთარ გუნდს, გულშემატკივარს არ უნდა უღალატო"

"თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ხდება, არ შემიძლია"

ერთ დროს ხელისუფლების ფავორიტი ბიზნესმენის, კახი კალაძის ქართული აქტივები საფრთხეშია, ეროვნული ნაკრების კაპიტანს სახელმწიფო ქონების ჩამორთმევით ემუქრება. კახი კალაძეს ბიზნესპრობლემებზე სასაუბროდ დავუკავშირდით, მაგრამ ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს მომხდარ სკანდალსაც ვერ ავუარეთ გვერდი.

- თქვენი შეფასებით, რა ხდება დღე ქართულ ფეხბურთში?

- სიმართლე გითხრათ, ეჭვი თამაშების ჩაწყობაზე კარგა ხანია ჰქონდა საზოგადოებას. ამას მარტო ფედერაცია ან გუნდები წინ ვერ აღუდგებიან. ეს ადამიანების ზნეობრიობის საკითხია.

ეს საშინელი სენი, თამაშების ჩაწყობა, მთელ მსოფლიოშია მოდებული. იტალიაშიც მოხდა სკანდალი, იქ ფეხბურთელები მილიონებს იღებენ, მაგრამ მაინც წაუცდათ ხელი. ისევ ზნეობის პრობლემას დავუბრუნდეთ. არ უნდა იკადრო ფეხბურთელმა და საკუთარ გუნდს, გულშემატკივარს არ უნდა უღალატო.

- თქვენ ერთ დროს ხელისუფლების ფავორიტი იყავით, დღეს კი თქვენი ბიზნესი საქართველოში საფრთხეშია. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ქონების ჩამორთმევაზეც ლაპარაკობენ.

- შეიძლება ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანს არ ესიამოვნა ჯერ სანდრო გირგვლიანზე, მოგვიანებით კი გიორგი დემეტრაძეზე ჩემი მკაცრი განცხადებები.

არა ვარ ის კაცი, მხოლოდ ცუდს რომ ხედავს, არც ჩასაფრებული ვყოფილვარ ოდესმე, მაგრამ თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ხდება, არ შემიძლია. გიორგი დემეტრაძეს იმიტომ კი არ ვიცავ, რომ ჩემი მეგობარია, არამედ იმიტომ, რომ თავად ბრალდებაა აბსურდული - დემეტრაძის ქურდულ სამყაროსთან კავშირი ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ახლა გასაღიმებლად ნამდვილად არა გვაქვს საქმე. ახალგაზრდა კაცი იღუპება, ადამიანი, რომელსაც ბევრჯერ სიხარული მოუტანია ქართველი თუ უცხოელი გულშემატკივრისათვის. გიორგი რომ დამნაშავე ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი და არც  თავდებად დავუდგებოდი!

- რა ვალდებულებები ვერ შეასრულეთ?

- საიდან მოიტანეს ტელევიზიებმა, რომ სასტუმრო "კოლხეთთან" რაღაც ვალდებულებები მქონდა შესასრულებელი? სასტუმრო ჩემი საკუთრებაა და თანხაც სრულად მაქვს გადახდილი. იქ ახლა რეკონსტრუქცია მიმდინარეობს (ტელევიზიებმა სპეციალურად ძველი კადრები აჩვენეს), არც სახელმწიფოს აქვს პრეტენზია "კოლხეთის" გამო ჩემთან. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად არავის მოუმართავს. პირდაპირ გეტყვით: მე მიუღებელ ბიზნესმენთა შავ სიაში შემიყვანეს, ეს იყო კარგად ორგანიზებული შავი პიარი. მათ, ვინც ეს დაგეგმეს, გათვლილი ჰქონდათ ჩემი დისკრედიტირება.  ასევე რატომღაც უნდათ პრორუსული კაცის იარლიყი მომაკრან. არ ვიცი, სად გამიკეთებია პრორუსული განცხადებები ან პრორუსული საქმე?

- ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, არსენალის მთის ტერიტორიის ღირებულება არ დაგიფარავთ.

- 2007 წელს აუქციონზე არსენალის მთის ტერიტორიაზე 38 მილიონ ოცი ათას დოლარად შევიძინე 77 ჰექტარი მიწა. ეს უნდა ყოფილიყო ქალაქი ქალაქში, რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულება უნდა გადმოსულიყო. იქ სამთავრობო კომპლექსი და მაღალი დონის საცხოვრებელი სახლები, აუზები, მოედნები   უნდა აშენებულიყო, თან დასაქმდებოდა 25 ათასი კაცი. პროექტის საერთო ღირებულება მილიარდ-ნახევარ დოლარს შეადგენდა და ათი წლის მანძილზე დასრულდებოდა. პირველ ეტაპზე 700 მილიონის ინვესტიცია უნდა მოგვეზიდა. ეს პროექტი წამოვიწყე არა ხელისუფლებისათვის, არამედ ჩემი ქვეყნისა და ხალხისათვის.

ეს თანხა ეტაპობრივად უნდა გადამეხადა. მიწის პირველი ტრანში - 19 მილიონი დოლარი სრულად გადავიხადე, მომდევნო 19 მილიონის გადახდა  2008 წლის 15 სექტემბერს მიწევდა, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში გაურკვევლობა, პანიკა სუფევდა. შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია. იცით, ალბათ, ინვესტორისათვის არასტაბილური და ფეთქებადსაშიში სიტუაცია რასაც ნიშნავს. ჩემმა უცხოელმა პარტნიორებმა თავი შეიკავეს, რადგან ბიზნესგარემო, ფაქტობრივად, ჩაკლა ომმა.

საქართველო არასტაბილური ქვეყანა გახდა.  მეც იძულებული გავხდი, შესაბამისი უწყებებისთვის აღნიშნული თანხის გადარიცხვის გადავადება მეთხოვა, მაგრამ კატეგორიული უარი გვითხრეს. თანაც მშენებლობის პროექტირებისას გაირკვა, რომ სახელმწიფოსგან გადმოცემული მიწის 14 ჰექტარი თურმე საპატრიარქოს საკუთრება ყოფილა(?!). ეს მიწა ჯერ კიდევ 10 წლის წინ ყოფილა ნაკურთხი სასულიერო პირების მიერ და იქ ამჟამად უზარმაზარი სამონასტრო კომპლექსი შენდება. სახელმწიფომ საპატრიარქოს კუთვნილი მიწა მომყიდა, რის უფლებაც, ბუნებრივია, არ ჰქონდა.

- თავის დაცვას როგორ აპირებთ?

- საქართველოში ბიზნესმენი ხელისუფლების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება დამცავ მექანიზმებს, ამაზე ლაპარაკი ინვესტორს არ უნდა სჭირდებოდეს. "არსენალ დეველოპმენტი", ალბათ, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანს სარჩელს. მოგეხსენებათ, მარტო არა ვარ, ჩემ გვერდით უცხოელი პარტნიორები დგანან.