მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

გასულ კვირას საქართველოში ახალგაზრდა გამომგონებლების კონკურსი ჩატარდა. რა აღარ იყო წარმოდგენილი: მეხანძრე რობოტით დაწყებული და ბატარეების დამტენი ფეხსაცმლით დამთავრებული, მაგრამ არ იყო ჩემი საოცნებო გამოგონება - მტერსასრუტი.

არადა, როგორ მინდა, ვიღაცამ საქართველოში მტერსასრუტი გამოიგონოს და მერე ჩვენ? პოლიტიკოსებს დაურიგოს. წარმოიდგინეთ, რა სანახაობა იქნება: პირველი ამ ინსტრუმენტს ნინო ბურჯანაძე შეიძენდა და გამოუდგებოდა ლევან გაჩეჩილაძეს. გაჩეჩილაძეს რომ შეისრუტავდა და ეროსი კიწმარიშვილის წვერს წაეპოტინებოდა, ამ დროს ბურჯანაძეს მტერსასრუტით მიადგებოდა ირაკლი ოქრუაშვილი და ბაც... გააქრობდა.

გადარჩენილი ეროსი ოპოზიციურ რვიანს დაერეოდა, ოქრუაშვილს ბიწაძე მიეპარებოდა და ცოლის გამო შურს იძიებდა. ბიწაძეს კახა კუკავა გამოუდგებოდა, კუკავას ძველი პარტნიორი - ძიძიგური, ძიძიგურს - ქრისტიან-დემოკრატები. მთელი ოპოზიცია ერთად რომ შეიყრებოდა, გადმოიღებდა სააკაშვილი ყველაზე დიდ მტერსასრუტს და შეიწოვდა ოპოზიციას. ოპოზიციის განადგურების გამო დიდი ლხინი და აღლუმი ერთდროულად სამ ქალაქში გაიმართებოდა:

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. მხიარულების დრო რომ გადაივლიდა, სააკაშვილი ოპოზიციის გარეშე ძალიან მოიწყენდა. მოწყენა დეპრესიაში გადაიზრდებოდა. მიხვდებოდა, რომ მის არსებობას ოპოზიციისა და მტრების გარეშე აზრი არა აქვს. ოპოზიციის გარეშე ცხოვრება ისეთი აუტანელი გახდებოდა, რომ ჩართავდა მტერსასრუტს, წინ დაუდგებოდა, ვითარცა საკუთარი თავის მტერი და... რითი არ არის საქართველოს გადარჩენის გეგმა?

მთვარის ბნელი მხარე

ბათუმში პოლიციის აღლუმზე ქართველმა პოლიციელებმა მზე გამოსახეს. არ ვიცი, ამით რისი თქმა უნდოდა ვანო მერაბიშვილს. იქნებ იმის, რომ ჩვენი პოლიცია მზესავით გვათბობს და გვანათებს? ან იქნებ იმის, რომ ჩვენი პოლიცია მზის სხივებივით ყველგან, ყველაზე ბნელ კუნჭულშიც კი აღწევს? ვერ გეტყვით. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ, ჩემი აზრით, უფრო ადეკვატური იქნებოდა, თუ ჩვენი პოლიციელები აღლუმზე მთვარეს გამოსახავდნენ. მოგეხსენებათ, მთვარე ისეთი ციური სხეულია, რომელსაც მზისკენ მუდმივად მხოლოდ ერთი მხარე აქვს მიშვერილი.

ამიტომ მისი ერთი მხარე  მუდმივად განათებულია, მეორე კი - მუდმივად ბნელი. დედამიწიდან მთვარის მხოლოდ ნათელი მხარე ჩანს, რადგან ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი ჩვენკენ ზურგით არასდროს ტრიალდება. სამწუხაროდ, სწორედ ასეა ჩვენი პოლიციაც: სინამდვილეში მას აქვს ნათელი და ბნელი მხარეები. რომელი უფრო დიდია, ამის გარკვევას აღარ შევუდგები. ფაქტია, რომ აქვს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მარტო ნათელს ხედავენ, არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ - ბნელს. მაგალითად, სახელისუფლებო ორბიტის სიახლოვიდან მხოლოდ ნათელი მხარე მოჩანს, ოპოზიცური ორბიტიდან კი მხოლოდ ბნელი.

არადა, მართლა ტელესკოპი ხომ არ არის საჭირო იმის აღმოსაჩენად, რომ ამ ჩვენს პოლიციას მთვარესავით ორი მხარე აქვს. მთვარის შემთხვევაში ადამიანმა ეს იქამდეც იცოდა, ვიდრე იქ გაფრინდებოდა. ნუთუ ვიდრე პოლიციის მაქებარს რეზინის ხელკეტი არ მოხვდება ან პოლიტიკური მიზეზით არ დაიჭერენ, ვერ მიხვდება, რომ ბნელი მხარეც არსებობს და პირიქით, პოლიციელის მუდმივად მაგინებელი, ვიდრე პატრულს ქრთამს არ შესთავაზებს და ამის გამო არ დაიჭერენ, ვერ გაიგებს, რომ მართლაც რაღაც-რაღაცები გამოსწორდა?

ვიცი, რომ თუ კოსმოსში არ გაფრინდი, შეუძლებელია მთვარის ბნელი მხარის დანახვა, მაგრამ პოლიციის ბნელი მხარის დანახვასაც კოსმოსში გაფრენა სჭირდება? ყველაზე დიდი წილი პოლიციის ბნელ მხარეში მის პოლიტიზებულობას უკავია. ეს არის დღეს ქართული პოლიციის მთავარი პრობლემა.

ვიდრე პოლიცია იქნება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი, ვიდრე პოლიციელი იყვირებს, "მიშა, მიშას" და ვიდრე ვერ გაიგებს, რომ კონკრეტული მინისტრისა და კონკრეტული პრეზიდენტის მსახური კი არა, ხალხის მსახურია, რომ მისი კეთილდღეობა სულაც არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვიდრე პოლიციელის პატიოსნება მინისტრის ბრძანებაზე იქნება დამოკიდებული (ანუ თუ უბრძანებენ, ქრთამი არ აიღოს, არ აიღებს, ხოლო თუ უბრძანებენ, ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტს გაუსწორდეს, გაუსწრდება), მანამდე ჩვენს პოლიციას, ისევე როგორც მთვარეს, ექნება ნათელი და ბნელი მხარეები. ამიტომაც ვფიქრობ, რომ დღეს მათი სიმბოლო სწორედ მთვარე უნდა იყოს.

ლეღვის ფოთლები და საპნის ბუშტები

გასულ კვირას ქართულ ოპოზიციაში ლეღვის ფოთოლთა შრიალი  ისმოდა. საერთოდ, ეს კვირა ქართული ოპოზიციისთვის მეტად პროდუქტიული გამოდგა. ლეღვის ფოთლების აშრიალებამდე, ნინო ბურჯანაძემ და "სახალხო კრებამ" თავიანთი გეგმები გამოამზეურეს. როგორც იქნა, გვითხრეს, კრება 21 მაისს იწყებაო.

"აღმასრულებელი საბჭოს დადგენილებით, 21 მაისს კრების თბილისის სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტები უზრუნველყოფენ მხარდამჭერთა შეკრებას ფილარმონიის წინ, აღმოსავლეთ საქართველოს წინააღმდეგობის კომიტეტები - ავლაბრის მოედანზე, ხოლო დასავლეთ საქართველოს წინააღმდეგობების კომიტეტები - "ვარდების მოედანზე". იმავე დღის 15:00 საათზე კრების ყველა მხარდამჭერი თავისუფლების მოედანზე მოიყრის თავს". მაშ ასე, დაწყების ადგილი და ზუსტი დრო ცნობილია - თავისუფლების მოედანი, 21 მაისი, 15 საათი. დანარჩენი ყველაფერი ისევ უცნობი და ბუნდოვანია.

თქვენ გგონიათ, როდესაც "სახალხო კრებამ" ეს გეგმა გაახმაურა, მთავარი კითხვა იყო, რას იზამს მიშა? როგორ გეკადრებათ! მთავარი კითხვა იყო, რას იზამდა "ქართული პარტია". პასუხმაც არ დააყოვნა - "ქართული პარტია" 9-ში იწყებსო. ალბათ, ამაში უცნაური არაფერია: დასწრებაზე თამაში პოლიტიკაში მოსული ამბავია. თუმცა "ქართული პარტია" ამით როდი დაკმაყოფილდა. იმავე დღეს "ინტერპრესნიუსმა" ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: "ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი "ოპოზიციურ რვიანს" მოუწოდებს, თავი გაანებოს "გაშიშვლებული რეჟიმის ლეღვის ფოთლის ფუნქციაში გადასვლას". ის აცხადებს:

"ძმებო, თქვენ უკვე თქვენი საქმე შეასრულეთ, ეს რეჟიმი გააშიშვლეთ და ვისაც გინდათ ცვლილებები, ლეღვის ფოთლად ნუ დაუდგებით ამ შიშველ რეჟიმს". ახლა იმის გარკვევას აღარ შევუდგები, "ფოთლად დადგომა" რას ნიშნავს. "ნუ ჩამოეკიდებით" ან "ნუ მიეკვრებითო", მაინც ეთქვა ბატონ ეროსის, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ბოლო წლებია, სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ:

ჯერ ფოთლები აშრიალდება, მერე ვიღაცას ძარღვებში სისხლი აუჩუხჩუხდება, ხელისუფლება აიჯაგრება, - ვარდების შვილებს არც ლეღვის სუნი უყვართ და არც სხვა რომელიმე მცენარის. დაიწყება გაუთავებელი ლაპარაკი რუსეთის ინტერესებსა და რუსულ სცენარებზე, ერთ-ორ წვრილ ოპოზიციონერს დაიჭერენ, ერთ-ორს მიტყეპავენ და კრებაც და მიტინგიც მხიარული დარჩება.