ვანოს ფლეშმობი - კვირის პალიტრა

ვანოს ფლეშმობი

"რაღა დარჩა მიშას?! რა თქმა უნდა, ვანო და მისი პოლიცია"

პოლიციის აღლუმის ბათუმში ჩატარება არავის გაჰკვირვებია. ბათუმი ხომ  მიშას შვილია, მისი პატარა გოგონა (თავად ასე მოიხსენია ერთ-ერთ ინტერვიუში). უჩვეულო იყო ამ აღლუმის ფორმა, დრამატურგია და სცენოგრაფია. სატელევიზიო ეკრანზე მოჩანდა ბათუმის მოქუფრული ცა. კამერის ობიექტივს წვიმის წვეთები ეცემოდა. შუშებით (მიშას რომ უყვარს, ისე) დეკორირებულ ტრიბუნაზე ჩვენი მთავარსარდალი იდგა. გვერდს ვანო უმშვენებდა.

ტრიბუნის ირგვლივ მდგარ პოლიციელებს მზე გამოესახათ. აღლუმის მთელი ჩანაფიქრი ის იყო, რომ ამ პოლიციელებისგან შემდგარ მზის დისკოს სხვადასხვა მხრიდან უნდა შეერთებოდნენ  პოლიციელებისგანვე შედგენილი სხივები. ბოლოს ყოველივე ცხრათვალა მზის სახეს მიიღებდა, რაც უდავოდ ორიგინალური იქნებოდა. სინამდვილეში  ეს იყო ვანოს ფლეშმობი. შეგახსენებთ, რომ ფლეშმობი არის წინასწარ დაგეგმილი მასობრივი აქცია, როცა ხალხის დიდი ჯგუფი მოულოდნელად ჩნდება საჯარო ადგილას, სინქრონულ მოძრაობებს აკეთებს და შემდეგ უცებ იშლება.

უცხოეთში ასეთ აქციებს ხშირად იყენებენ სარეკლამო კამპანიებისას, ან როდესაც მოედნებზე ან ქუჩაში პროტესტის გამოხატვა სურთ. ეს აღლუმიც ფლეშმობი გახლდათ. იგი მართლაც მოულოდნელად ჩატარდა, რადგან თავად ბათუმელი ჟურნალისტები ამბობდნენ, აღლუმის ჩატარებამდე სამი დღით ადრე არაფერი ვიცოდითო. გარდა ამისა, როგორც ფლეშმობების სტილს სჩვევია, ეს აღლუმიც სწრაფად დამთავრდა. უბრალოდ, ვანოს ფლეშმობი ნამდვილებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ უცხოეთში ეს ყველაფერი დამსწრე საზოგადოებისათვის კეთდება. ხალხი, პუბლიკა ასეთი ჰეფენინგების მთავარი კომპონენტია.

კამერები აფიქსირებენ გამვლელთა განცვიფრებულ და მოღიმარ სახეებს იმ მომენტში, როცა მათთვის მოულოდნელად ფლეშმობის 100 ან 200 მონაწილე სინქრონულად ცეკვას იწყებს. ვანოს წარმოდგენა კი პუბლიკის გარეშე ჩატარდა. ალბათ,  ან დაეზარათ ბათუმელებს წვიმაში გარეთ გამოსვლა ან არც იყო მათი იქ ყოფნა ჩაფიქრებული.

შესაბამისად, აღლუმი დაემსგავსა ცნობილ სცენას ფილმიდან "მონანიება". გახსოვთ, ქალაქის ახალი თავი ვარლამ არავიძე რომ დაინიშნება თანამდებობაზე და აღლუმს მოაწყობს?!  მუშებს წყლის მილი რომ გაუსკდებათ და მთელ არემარეს აპოკალიფსური თქეში რომ დაფარავს. ზუსტად ეს ასოციაცია გამიჩნდა, როცა ბათუმის თავსხმა წვიმის ქვეშ გამართულ ზეიმს ვუყურებდი. განსაკუთრებით ხსენებული შთაბეჭდილება გამიძლიერდა მაშინ, როცა მიშამ აიღო სიტყვა და ძალიან გაბრაზებულმა დაიწყო ლაპარაკი ჩვენს მიღწევებზე.

ქართული ეკონომიკის არნახულ წარმატებებზე ზღაპრებს სანამ მოჰყვებოდა, ერთი ნიშანდობლივი რამ ბრძანა - ქართული პოლიცია საქართველოს მოდერნიზაციის ჯერჯერობით ყველაზე ნათელი მაგალითიაო. კაცმა რომ თქვას, ასეცაა. დაკარგული ტერიტორიები ვერ დაიბრუნა, ჯარი ვერ შექმნა, დემოკრატია ვერ ააშენა, სასამართლოს აკრიტიკებენ, ეკონომიკას "დაერხა". რაღა დარჩა მიშას?! რა თქმა უნდა, ვანო და მისი პოლიცია.

ჰოდა, კიდევ ერთი რაღაც შეიძინა მიშამ - ივანიშვილმა დელფინები უყიდა, რაც ჩვენს პრეზიდენტს ისე გაუხარდა, რომ ბათუმის ახალგახსნილ დელფინარიუმში ლამის ხახაში ჩაუდო თავი საყვარელ დელფინს. ამ უკანასკნელმა რაღაც ჩაუჟღურტულა და გაეცალა. იქნებ რამე სასიკეთო უთხრა?

შალვა რამიშვილი