"ჩვენმა მოქალაქეებმა ნათლად აგრძნობინეს ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ არ აპირებდნენ ამ დაპირისპირებაში ჩართვას" - კვირის პალიტრა

"ჩვენმა მოქალაქეებმა ნათლად აგრძნობინეს ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ არ აპირებდნენ ამ დაპირისპირებაში ჩართვას"

"როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში მრავლად არიან ისეთები, ვისთვისაც "ცეცხლის შეწყვეტა" პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია"

საქართველოსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებზე "კვირის პალიტრას" ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ესაუბრა.

- ევროკავშირისა და ვაშინგტონის თავდადებული ძალისხმევით პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი შევიდა. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ პოლიტიკური კრიზისი ამოიწურა?

- მთავარი, ალბათ, მოხდა - ოპოზიციის ნაწილმა დასძლია რადიკალური დაპირისპირების ინერცია და სცადა პოლიტიკური ბრძოლა "ცივი" სამოქალაქო ომის რეჟიმიდან გამოეყვანა. ვისაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისათვის თვალი უდევნებია, მრავლად ეხსომება შემთხვევა, ოპოზიციის ცუდად გათვლილი და თვითმიზნად ქცეული რადიკალიზმი თუ როგორ ქცეულა ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად.

ასეთი ოპოზიცია კარგავს მოქალაქეებთან კონტაქტს და აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ეს უკანასკნელი უცხოვდება მისგან. სხვაგვარად რომ ვთქვა, ოპოზიცია, რომელიც ძალაუფლებისათვის ბრძოლის აზარტში ვეღარ აღიქვამს იმას, თუ რა ხდება საზოგადოებაში, უნებურად ხელისუფლებას უწყობს ხელს. უსასრულოდ გაჭიანურებული ექსტრემალური დაძაბულობა, მით უმეტეს, თუ ის საზოგადოებაში გამოძახილს ვერ პოვებს, თავად პროტესტის იდეას აუფასურებს.

როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბატონი გიორგი გახარიას პოლიტიკურმა გააქტიურებამაც. ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ბევრი მიხვდებოდა, რომ მან შეიძლება სწორედ ის ადგილი დაიკავოს, რომელიც მათ მიატოვეს.

თვეების განმავლობაში ოპოზიცია ჩაიკეტა იმ პრობლემების წრეში, რომლებიც, ერთი მხრივ, ეკონომიკური სიდუხჭირით და პანდემიით შეწუხებული მოქალაქისა და მეორე მხრივ, რუსეთის აგრესიულობის ზრდითა და რეგიონის გეოპოლიტიკური სურათის შეცვლით შეწუხებული დასავლეთისთვის არ წარმოადგენდა უპირველეს პრიორიტეტებს. ამას დაუმატეთ ისიც, რომ "ოცნების" ლიდერებმა ერთგვარად მიაგნეს დათმობების იმ ხარისხს, რომელიც მათ დასავლელი პარტნიორებისა და ჩვენი მოქალაქეების თვალში მაინც გაამართლებდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებაშიც ისეთივე დაპირისპირებაა ქორებსა და არაქორებს შორის, როგორც ოპოზიციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, ერთი მხრივ, სერიოზულ დათმობებზე მიდიოდე და ამავე დროს ადმინისტრაციულ კოდექსში ისეთი ცვლილებები შეგქონდეს, კიდევ უფრო რომ აძლიერებს შენზე ეჭვს.

ჩვენში რადიკალიზმს ჯერ კიდევ ჰიპნოზური ძალა აქვს. პოლიტიკური აქტორები ცდილობენ ერთმანეთს რადიკალიზმში აჯობონ. ამჯერად, როგორც ჩანს, დადგა მომენტი, როდესაც ოპოზიციის ნაწილი ამ ჰიპნოზისგან გათავისუფლებას ცდილობს. ნაწილი კვლავ ბრძოლის სამიტინგო-რევოლუციურ რეჟიმშია. შეიძლება ვინმეს არ ესიამოვნოს, მაგრამ გავიმეორებ ერთ ბანალურობამდე ცხად აზრს - პოლიტიკურ ძალას, რომელიც პრიორიტეტებს ვერ განსაზღვრავს და სასურველს სინამდვილედ მიიჩნევს, მარგინალიზაცია ელის. იმედია, საქმე აქამდე არ მივა, რადგან მაშინ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე აღმოვჩნდებით და ვაკუუმი შეიძლება შემთხვევითმა და ჩრდილოურად მომართულმა ძალებმა შეავსონ. ჩვენში ჯერაც ცოცხალია ბოლშევიკური მრწამსი, რომ ჭეშმარიტებას მხოლოდ ერთი მონოპოლიურად მფლობელი შეიძლება ჰყავდეს და ყველა სხვა ბოროტებას ემსახურება. ნებისმიერ ავტორიტარიზმს ეს შობს. არადა, ვართ სამყაროში, სადაც ქვეყანასაც და საზოგადოებასაც სწორედ განსხვავებულთა დიალოგი ქმნის. პოლიტიკური მეტოქეობის "ცივ" სამოქალაქო ომად გადაქცევა პოლიტიკური ინფანტილიზმის ნიშანია. ისტორიულად მწიფე საზოგადოებებში მეტოქეობა სახელმწიფო ინტერესების სიმაღლეზე დიალოგსა და თანამშრომლობასაც გულისხმობს, რადგან ყველა მხარის უმთავრესი მიზანი სახელმწიფო და ადამიანების სასიცოცხლო გარემო უნდა იყოს.

ბევრჯერ თქმულა, რომ რუსულ პოლიტიკას სწორედ ასეთები ვჭირდებით: ისტორიული სიმწიფის უქონელნი, ბოროტად ინფანტილურები, პრიორიტეტების განსაზღვრის უუნაროები, პროდასავლური"იდეოლოგიური სნობიზმით დაავადებულები (ხშირად რომ საერთო არაფერი აქვს დასავლეთთან) ან ყანწითა და მწვადით აღჭურვილები. რუსი ველიკოდერჟავნიკისათვის საუკეთესო ქართველი სწორედ ასეთია: ღვინისა და ხაჭაპურის მწარმოებელი, უმიზეზოდ ბედნიერი ეგზოტიკური არსება და რა დასამალია, რომ ჩვენი ბევრი თანამემამულე სწორედ ასეთად სთავაზობს თავს. თუ მართლა ასეთები ვიქნებით, გვსურს თუ არა, ამ ველიკოდერჟავნიკის სახით პატრონი დაგვჭირდება.

ევროატლანტიკური სივრცე ჩვენგან სწორედ საზოგადოებრივ სრულწლოვანებას მოითხოვს. შორს ვარ ილუზიისაგან, რომ იქ ყველაფერი იდეალურადაა. პირიქით, ყოველდღიურად ბევრ ისეთ რამეს ვხედავთ - ეს ჩემთვის განსაკუთრებით ე.წ. პოლიტკორექტულობას ეხება - გაუგებარიც რომ არის და მიუღებელიც. ყველა დიდ იდეას აქვს თავისი მახინჯი ორეული და მათ შორის თავისუფლებასაც, მაგრამ იქ უკვე კარგად გაარკვიეს, თუ რისკენ უნდა მიდიოდნენ და თანაცხოვრების რა წესები უნდა დაიცვან, რათა ადამიანის საარსებოდ ნორმალური საზოგადოებრივი გარემო შექმნან. როდესაც ვამბობთ, რომ ევროატლანტიკური სივრცე ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია, სწორედ იმას ვგულისხმობთ, რომ ამ დიდ ძალისხმევას გვსურს შევუერთდეთ. მოკლედ, თითქოს ჩიხიდან გამოსვლა დავიწყეთ და ამაში დამსახურება მხოლოდ დასავლეთის წარმომადგენლებს არ მიუძღვით. ჩვენმა მოქალაქეებმა ნათლად აგრძნობინეს ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ არ აპირებდნენ ამ დაპირისპირებაში ჩართვას. ესეც არაერთხელ თქმულა, რომ ჩვენი საზოგადოება განვითარებაში რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ჩვენს პოლიტიკურ კლასს.

ცხადია, ასე იოლად ვერ დავლაგდებით და ჩვენ მხოლოდ ცივილიზებული მეტოქეობის მომსწრენი არ ვიქნებით. როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში მრავლად არიან ისეთები, ვისთვისაც "ცეცხლის შეწყვეტა" პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია. ჯერაც სუსტია პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ტრადიცია. ის ახლა იქმნება და ნებისმიერ პოლიტიკურ აქტორს უნდა ესმოდეს, თუ რა მნიშვნელოვანია ეს ქვეყნის მომავლისათვის.

ცხადია, საპარლამენტო რუტინა ბევრისთვის მოსაწყენია. სამიტინგო ქცევაში იოლად ექმნებათ ქვეყნიერების ფართო მონასმებით შენების ილუზია. იოლად იქმნება პოლიტიკური ფერადი ბუშტები, სინამდვილესთან რომ არაფერი აქვს საერთო, თანაც, პერმანენტულ მიტინგში ბევრი ისეთი მავანი ახერხებს საზოგადოების თვალში მოხვედრას, მშვიდ გარემოებებში ბევრს ვერაფერს რომ ვერ მიაღწევდა, ან უკვე დიდი ხნის მივიწყებულია.

ყველაფრიდან ჩანს, რომ "ქართულ ოცნებაშიც" და ოპოზიციაშიც არიან ადამიანები, რომელთაც ამ ვითარების გადალახვის აუცილებლობა ესმის. მე თუ მკითხავთ, ძალიან ცუდი იქნება, თუ, ვთქვათ, "ლელოს"ან "სტრატეგია აღმაშენებლის" საპროგრამო ხედვები უაზროდ ჩაიკარგება უნაყოფო პოლიტიკურ დაპირისპირებაში.

- რა დაგვანახა ჩვენი პარტნიორების აქტიურობამ, საქართველო რეგიონში მათთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა?.. - დასავლეთის წარმომადგენლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ჩიხიდან გამოეყვანათ. ბევრ ისეთ განცხადებასაც არ მორიდებიან როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის შესახებ, ნორმალურ სიტუაციაში თავს რომ აარიდებდნენ. ადრე მათი განცხადებების დიპლომატიურობა ჩვენს პოლიტიკოსებს მათთვის სასურველი ინტერპრეტაციების საშუალებას აძლევდა. როდესაც მათ ეს აღმოაჩინეს, პირდაპირ ალაპარაკდნენ პოლიტიკური სიმწიფის უქონლობაზე, მავანთა მიერ პირადი და კორპორატიული ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაყენებაზე, რუსული ნეოიმპერიალისტური სტრატეგიისთვის უნებურად ხელშეწყობაზე და ა.შ. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები აუცილებელი გახდა. დასავლეთს დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და იქ უთუოდ მიხვდნენ, რომ პროცესის გაგრძელება საქართველოში მთელ პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრს გააღატაკებდა. შორს რომ არ წავიდეთ, ამაზე მათი დავარდნილი რეიტინგები მეტყველებს.

მეორე მხრივ, იმედია, ჩვენმა პარტნიორებმა ამჯერად მაინც დაინახეს, თუ მათ პასიურ და მომლოდინე დამოკიდებულებას რა შეიძლება მოჰყვეს. მესმის, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა გულწრფელად მონაწილეობდა და მონაწილეობს რადიკალურ დაპირისპირებაში, მაგრამ ისიც ცხადია, რომ იმაში, რაც თვეების განმავლობაში თამაშდებოდა, რუსული ჰიბრიდული ომის აჩრდილიც ამოიცნობა. ამ ომის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის არის, რომ პოლიტიკური ქაოსის გაღვივებით ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეს დააშოროს. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ საქმე უუნარო საზოგადოებასთან აქვთ, რომელსაც რუსეთის მსგავსი პატრონი სჭირდება. საბედნიეროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი ამას მიხვდა და რაც მთავარია, გაბედა შესაბამისად მოქცევა...

- ბოლო პროცესების გათვალისწინებით, არსებობს ნატო-საქართველოს შორის ურთიერთობის მეტად გაღრმავების შანსი?.. - დანამდვილებით ძნელია თქმა. იმედია, დასავლეთი ახლა მაინც არ გააჭიანურებს ინტეგრაციულ პროცესებს. ამერიკისა და ზოგი სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევით და უკრაინასთან სამხედრო დაპირისპირებით რუსეთმა დასავლეთის მტრად წარმოადგინა თავი. ამ ვითარებაში ჩვენ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო დიდი ფასი გვედება და ეს ჩვენი პოლიტიკური ქცევითაც უნდა გავამართლოთ.

- რუსეთი და უკრაინა კიდევ ერთი ომის ზღვარზე არიან. ამჯერად როგორი შეიძლება იყოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის პოზიცია? არსებობს ალბათობა, რომ საფრთხე საქართველოზეც გავრცელდეს?.. - ამ ეტაპზე ევროპელები და ამერიკელები მკაცრ პოზიციას ინარჩუნებენ. ის გარემოება, რომ რუსებმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედრო ნაწილები გაიყვანეს, სიმპტომატურია. როგორც ჩანს, სამხედრო დაპირისპირების საფრთხე მართლაც არსებობდა. მიუხედავად რიხიანი განცხადებებისა, რუსეთის ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რეალურად რა რესურსების მობილიზება შეუძლია. ეს რესურსები რომ არ არის ძალზე დიდი, 2008 წელსაც გამოჩნდა ჩვენისთანა პატარა ქვეყანასთან ომში, როდესაც ყველა ქმედუნარიანი სამხედრო ნაწილის მობილიზებამ მოუწია.

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს, ახლა, როდესაც დასავლეთის ყურადღება ჩვენზეა კონცენტრირებული, რუსები, ალბათ, აშკარად არაფერს გააკეთებენ. თუმცა ჰიბრიდული ომის ფარული არსენალი აქვთ... პუტინს, რომელიც თავისი ქუჩის ბიჭის წარსულით ამაყობს, არ უყვარს წაგება. სადმე მაინც შეეცდება ფსიქოლოგიური კომპენსაციის მიღებას და ეს "სადმე" ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ. ამიტომ ყურადღებაა საჭირო.