"იმ ხალხს უფლება ჰქონდა ეგინებინათ ჩემთვის" - კვირის პალიტრა

"იმ ხალხს უფლება ჰქონდა ეგინებინათ ჩემთვის"

"ასეთი გადაწყვეტილების მიღება გამოწვევა იყო დღევანდელ ვითარებაში, რადგან აქციები იგეგმებოდა"

"ეს იყო პირველი სხდომა, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდა, და საკითხი, რომელიც მათ დახვდათ განსახილველად, ეხებოდა ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას... ესე იგი, წინასწარი პატიმრობის ვადა უნდა გახანგრძლივებულიყო 12-დან 48 საათამდე. ამ ცვლილების შინაარსი ეს არის. ალბათ, საინტერესოა, რატომ დაგვხვდა მაინცდამაინც ეს კანონპროექტი", - ამბობს "გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.

- მმართველმა პარტიამ ეს საკითხი ასე განგვიმარტა, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ მისი აღსრულება გვევალებაო. რაში მდგომარეობს ეს გადაწყვეტილება? იმაში, რომ თუ ადრე ადამიანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დაიჭერდნენ შუა კვირაში, ანუ სამუშაო საათებში, მაშინ ის სასამართლოს წინაშე 12 საათში უნდა წარედგინათ, ხოლო, თუ პარასკევ საღამოს დაიჭერდნენ, მთელი შაბათი და კვირა უწევდა ციხეში ყოფნა იმ მოტივით, რომ სასამართლო ისვენებდა. ვიღაცამ იჩივლა, ეს უსამართლობაა, რა მნიშვნელობა აქვს, მე როდის დამიჭერენ, თუ შუა კვირაში დაპატიმრებულს 12-საათიანი აღმკვეთი ღონისძიება ეფარდება, რა ჩემი ბრალია, მე რომ პარასკევ საღამოს დამიჭირესო. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, ეს მართლაც უსამართლობააო და დაავალა პარლამენტს, შუა კვირაში და კვირის ბოლოს დაპატიმრებული პირი თანაბარ პირობებში მოაქციეთო. თანაბარი პირობებია 12 საათიც და 48 საათიც?

ამათ აიღეს და ყველაზე უარესი ვერსია აირჩიეს. ეს ნიშნავს, რომ პოლიციას ნებისმიერ მომენტში შეუძლია გითხრას, ხულიგნობ, მეწინააღმდეგები ან შეურაცხყოფას მაყენებო და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ორი დღე-ღამით გამოგამწყვდიოს განყოფილებაში. მერე გაიმართება სასამართლო და გამოგიშვებენ.

ასეთი გადაწყვეტილების მიღება გამოწვევა იყო დღევანდელ ვითარებაში, რადგან აქციები იგეგმებოდა. შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობდა პოლიტიკური პროცესის ქუჩიდან პარლამენტში გადატანას, რათა პოლიტიკური მოტივით მოქალაქეები არც ქუჩაში დაეჭირათ და არც სხვაგან. ორ დღეში ამ სულისკვეთების სრულიად საწინააღმდეგო კანონპროექტი მივიღეთ, თანაც დაჩქარებული წესით.

ჩვენ ამ საკითხზე განცხადება გავაკეთეთ და ზუსტად 10 საათში ამერიკის საელჩომ იდენტური ტექსტით გაავრცელა განცხადება, რაც გვარწმუნებს, რომ მართლები ვიყავით. დანარჩენი ოპოზიციისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, ეს ამბავი მოულოდნელი იყო.

მე ახლა ის მაინტერესებს, "ქართულმა ოცნებამ" ეს შემთხვევით გააკეთა თუ მიზანმიმართულად. პროვოკაციასავით არის. პირველად შემოდის ოპოზიცია და შენ ასეთ ამბავს ახვედრებ. პირველ დღეს ამისთვის არავინ იყო მზად, ჩვენ ჟურნალისტებს ვესაუბრებოდით, სიტუაციას ვეცნობოდით და უცებ მაგიდაზე ასეთი ტექსტი დაგვხვდა. ეს იყო დასაფიქრებელი და ხელისუფლების ძალიან ცუდი ჟესტი.

- ხელისუფლება ამბობს, რომ სპეკულაციაა იმის მტკიცება, რომ ეს კანონი საზოგადოებრივ ინტერესებს უპირისპირდება. მაგალითად, გიორგი ვოლსკის თქმით, საზოგადოებრივი სივრცე წალეკა ისეთმა დანაშაულებმა, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობის სახელით არის ცნობილი, ფაქტობრივად კი მოუთმენლობის, გაუტანლობისა და ურთიერთზიზღის შექმნის წინა პირობად და წყაროდ იქცა. - ძალიან ბევრი არგუმენტი შეიძლება მოვიყვანოთ წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისითაც ამ საკითხის გასაანალიზებლად. თუმცა საკითხს ასე შევხედოთ, ხულიგნები ვინ არიან? უმთავრესად პოლიტაქტივისტები. აქ იმათზე ხომ არ არის საუბარი, რომ დათვრებიან, ქუჩაში გამოდიან, რაღაცებს აფუჭებენ, მართლა ხულიგნობენო? ამ მუხლის მთავარი ნაწილი ყველაზე ხშირად პოლიტაქტივისტებს შეეხება.

მაგალითად, მე და იაგო ხვიჩია სამჯერ დაგვაპატიმრეს ბოლო სამი წლის განმავლობაში. რამდენიმეჯერ ციხეშიც ჩაგვსვეს. მაშინ 12-მა საათმა მოგვიწია და ახლა 48 საათით უნდა შეიცვალოს?! სხვათა შორის, ეს კანონი 1984 წელს არის მიღებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად ახლა შეიცვალა. გამოდის, საბჭოთა დროინდელი პოლიციელის უფლებები უფრო გავზარდეთ, მოქალაქეებისა კი უფრო შევამცირეთ. ახლა როგორ შეიძლება ვოლსკი მართალი იყოს და მე ვცდებოდე?

- თქვენ თქვით, რომ გაინტერესებდათ, თუ რატომ მიიღო ასეთი კანონი "ქართულმა ოცნებამ". თქვენი ვერსია თუ გაქვთ? - არა და ძალიან მაინტერესებს ამის გაგება. როდესაც პარლამენტში მივედი, ხალხი მაგინებდა და მონას მეძახდა. ამ კანონის მიხედვით, გამოდის, პოლიციას მათი ციხეში 48 საათით გამომწყვდევა შეეძლო. ესე იგი, რას მეუბნებიან, შენ რომ გაგინეს, ჩვენ შეგვიძლია ის ხალხი დავიჭიროთ, შენ დაგვეთანხმები თუ არაო. ჩემი აზრით, იმ ხალხს უფლება ჰქონდა ეგინებინათ ჩემთვის. ეს გამოხატვის თავისუფლებაა. მთავარია, არ შემეხონ ფიზიკურად, ყვირილით რაც უნდათ, ის იყვირონ.

- თქვენი ზოგიერთი კოლეგა გინებისთვისაც ითხოვს სასჯელის დაწესებას. - ეს კანონის ჩარჩოდან გასვლა იქნება. არის ერთი უაზრო ცნება - მუნდირის ღირსება, რომელიც მხოლოდ ტოტალიტარულ სახელმწიფოს შეეფერება. მე არ მესმის, თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანაში რა ღირსება უნდა ჰქონდეს მუნდირს?!

- როგორ გგონიათ, გაითვალისწინებს პრეზიდენტი თქვენს მოთხოვნას და ვეტოს უფლებას გამოიყენებს? - არ ვიცი, ეს იდეა იაგო ხვიჩიას მოუვიდა, მერე სხვა პარტიებმაც დაუჭირეს მხარი. მე არა მაქვს ამის მოლოდინი, თუმცა კარგი იქნებოდა. "ქართულმა ოცნებამ" პროვოკაცია მოაწყო, დაპირისპირებისკენ გადადგა ნაბიჯი, პრეზიდენტს კი საშუალება აქვს შემრიგებლური ნაბიჯი გადადგას. ეს კანონი არც დაგვაქცევს და არც აგვაშენებს, უბრალოდ, იმაზე მიანიშნებს, თუ როგორ ვითარდება პოლიტიკური პროცესი კრიზისში.

- ოპოზიციასთან, რომელიც ადრე არ გელაპარაკებოდათ, საერთო ენის გამონახვა მოახერხეთ? - ისევ არ გველაპარაკებიან. მგონი, ბარიერი აქვთ გადასალახავი, ჩვენთან თანამშრომლობა რომ შეძლონ. ჯერ პირი არ უჩანს მაგათ აზრზე მოსვლას.

ხათუნა ბახტურიძე