"ჩვენ გადავწყვიტეთ არ დავუჭიროთ მხარი "ნაცმოძრაობის" კანდიდატს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გადავწყვიტეთ არ დავუჭიროთ მხარი "ნაცმოძრაობის" კანდიდატს"

"ოცნება" ვირეშმაკულად მოიქცა, სანამ აზრზე მოვიდოდით, გააძვრინეს ანტიდემოკრატიული კანონი"

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ვერ შეაჩერებს ვერც პროტესტს, ვერც სამოქალაქო აქტივისტებს, ვერც მიტინგებს. ეს მათი მცდარი იდეოლოგიაა, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს", - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი სერგო ჩიხლაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებას, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა. პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივა მესამე მოსმენით შემდეგი სახით მიიღო:

ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა პრეზიდენტს უკვე მოუწოდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ ცვლილებებზე ვეტოს უფლების გამოყენებისკენ. როგორი იქნება ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯი, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს, რას ფიქრობენ ლიდერები ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სერგო ჩიხლაძე გვესაუბრება:

- ეს საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ხელშეკრულების სულისკვეთებას. "ქართული ოცნების" ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს ევროკავშირთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია. ისინი ადგანან გზას რუსეთისკენ, ბელორუსისა და თურქმენეთისკენ. ამას ეხმაურება აშშ-ის საელჩო და ამბობს, რომ ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯი, პირდაპირ წერენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ჩვენ უკვე მოვითხოვეთ, რომ პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენოს. თუ სალომე ზურაბიშვილი ამას არ გააკეთებს, ჩვენ, ოპოზიცია, პარლამენტში მუშაობის სრულფასოვნად დაწყებისთანავე დავარეგისტრირებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც მოვითხოვთ ამ ანტიდემოკრატიული ცვლილებების გაუქმებას.

- მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვნად არა ხართ ჩართული და საკომიტეტო მოსმენებს არ ესწრებით. - ორი დღეა რაც პარლამენტში შევედით, რა საჭირო იყო ასეთი კანონის დაჩქარებული წესით მიღება. ეს იყო "ქართული ოცნების" ვირეშმაკობა. მიზანმიმართულად მოიქცნენ ასე, სანამ ჩვენ აზრზე მოვიდოდით, დრო იხელთეს და გააძვრინეს ეს ანტიდემოკრატიული კანონი.

- ამნისტიაზე რას იტყვით? რატომ გახდა ნიკა მელია თავიდან დასარწმუნებელი, რომ ევროკავშირის გირაოს გადახდას დაეთანხმოს? - როდესაც ევროპარლამენტარები დემონსტრაციულად გიხდიან გირაოს, ეს გარკვეულწილად პოლიტიკური გზავნილია. შეცდომად მიმაჩნია მელიას გაჯიუტება, თუმცა კარგია, რომ ახლა აპირებენ ამ წინადადების მიღებას. მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს.

გირაოთი გამოსვლა პრობლემის მოკლევადიანი გადაწყვეტაა. ამნისტიის გარეშე "ოცნებას" ხელში რჩება ბერკეტი, როდესაც მოუნდება, მაშინ შეაბრუნებს მელიას ციხეში.

ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამნისტია, რომელიც ასევე მედიატორებმა შემოგვთავაზეს. შეხვედრებს, სადაც ამნისტიის თემა განიხილებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც ესწრებოდნენ, ამიტომ გაუგებარია მათი პრეტენზიები, რატომ არ შეუთანხმეთ მელიას, ამნისტიაზე დათანხმებას რომ აპირებდითო. თავად "ნაციონალებს" შეეთანხმებინათ თავიანთი ლიდერისთვის, რატომ გაიგო მელიამ ეს ამბავი ტელევიზიით, თავად რატომ არ უთხრეს? ამნისტიაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენ, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციონერებმა, და ის შესრულდება კიდეც. რა თქმა უნდა, რიგ საკითხებზე ჩვენსა და "ქართულ ოცნებას" შორის აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ ამნისტია არ შეეხება კონვენციით დაცულ მუხლებს, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებს. ასევე არის წინასწარი შეთანხმება, რომ ამნისტია არ შეეხება სტრასბურგში გასასაჩივრებელ საქმეებს. რაც მთავარია, დაუსჯელი არ დარჩება არც უკანონო ბრძანების გამცემი და არც თვალების დამთხრელი პოლიციელი. ამ მოცემულობის შესაბამისად ნიკა მელიამ უარი არ უნდა თქვას ციხიდან გირაოთი გამოსვლაზე.

ამნისტიის შედეგად ნიკა მელიას და კიდევ 16 პირს სრულად ჩამოეწერებათ 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებული ბრალი. სხვა დემონსტრანტებთან ერთად საუბარია კიდევ სამ პოლიციელზე. დიახ, ეს სამი პოლიციელია ჩვენი კომპრომისი, თუმცა ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ სამიდან დღეს ციხეში არც ერთი მათგანი არ არის და არც ერთი არ არის მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი. ამნისტია არ შეეხება იმ პოლიციელს, ვინც მაკო გომურს, სულაშვილს და სხვებს თვალები დათხარა.

გასაგებია, არც ჩემ მიერ ნახსენები სამი პოლიციელის ქმედება არ შეეფერება სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლის საქციელს, ფირშიც ჩანს, რომ ერთი მათგანი პანღურს ურტყამს დაკავებულს, მეორე კი თავში წამოჰკრავს ხელს, მაგრამ ეს ჩვენი კომპრომისული გადაწყვეტილებაა.

ნიკა მელიაც მალე გამოვა ციხიდან, ის 16 კაციც და ორი-სამი კვირის შემდეგ აღარავინ დაიწყებს ძიებას, სად წერტილი ეწერა და სად მძიმე.

- იმ ლიდერთა თქმით, რომლებმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, თქვენ რომ მეტი პრინციპულობა გამოგეჩინათ, ოპოზიციური ერთობა უკეთეს შედეგს მოიტანდა. - კი, ვიცი, უკეთესი იქნებოდა, თუ "ოცნება" პირდაპირ დაწერდა, 2021 წლის ოქტომბერში იქნება ვადამდელი არჩევნებიო. თუმცა ვიცით, რომ ეს შეუძლებელია.

მმართველმა გუნდმა აღიარა პოლიტიკური ნიშნით დევნა, დაგვთანხმდა, რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს ტესტი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია საარჩევნო კანონმდებლობასა და სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით. ამ 6-თვიანი ბოიკოტით იმდენი რამის გაკეთება შევძელით, რაც "ქართული ოცნების" 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ შეძლო.

- ამას "ნაციონალური მოძრაობა" ვერ აცნობიერებს თუ საბაბს ეძებს? - "ნაციონალური მოძრაობის" დიდი ნაწილი და მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ამბობენ, რომ როგორც კი ნიკა მელია გამოვა ციხიდან, მაშინვე მოაწერენ ხელს შეთანხმების დოკუმენტს. ამიტომ დანარჩენი "ნაციონალების" მიერ ატეხილი აჟიოტაჟი, ცოტა არ იყოს, გაუგებარია.

ერთადერთი პარტია, ვინც ამბობს, რომ შეთანხმების დოკუმენტს არავითარ შემთხვევაში არ მოაწერს ხელს, "ევროპული საქართველოა". ვერ ვხვდები მათი პოზიციის არსს.

ვიღაცას ეყო გამჭრიახობა ვითარება ობიექტურად შეეფასებინა, ვიღაცას დააგვიანდა, ვიღაც საერთოდ ვერაფერს მიხვდა. ალბათ, გავა დრო და ეს პარტიებიც გადააფასებენ თავიანთ პოზიციებს.

არა მაქვს ილუზია, რომ "ოცნება" შეთანხმების ყველა პუნქტს პატიოსნად შეასრულებს, მაგრამ ჩვენ ვიქნებით სათანადოდ აქტიურები. ამასთან, უკვე გვაქვს დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა, პირობაც, რომ ძალიან მკაცრად მიადევნებენ თვალს ყველა პუნქტის შესრულებას.

- თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოახერხებს ოპოზიცია ერთიანი ფრონტით ბრძოლას და საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას?

- მერობის კანდიდატზე ჩვენ ჯერ გუნდში ვიმსჯელებთ. მთავარია, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ არ დავუჭიროთ მხარი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს. მნიშვნელობა არა აქვს, ნიკა მელია იქნება თუ ვინმე სხვა. მელიასთან ძალიან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება გვაქვს, მან დიდი წვლილი შეიტანა ოპოზიციურ ერთობაში, ვხედავთ მის ძალიან დიდ როლს, მაგრამ ის "ნაცმოძრაობის" კანდიდატია. ამიტომ რაც უნდა ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭიროს მხარი, აუცილებლად ჩაირთვება ორპოლუსიანობის პრინციპი და საზოგადოება ისევ დაგვყოფს "ქოცებად" და "ნაცებად". საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ფაქტობრივად, მოვუგეთ სახელისუფლებო კანდიდატს, მაგრამ მეორე ტურში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ "ნაცმოძრაობისა" და "ოცნების" კანდიდატები დადგნენ, "ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძე 9 პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი იყო. ახლაც ასე იქნება. შესაბამისად, "ნაცმოძრაობის" კანდიდატის მხარდაჭერა არ არის გამარჯვების ფორმულა. ჩვენი ხედვით, ის უნდა იყოს ძლიერი, მესამე ალტერნატიული კანდიდატი, რომელიც "ნაციონალებთან" არ იქნება დაკავშირებული.

- ვინ წარმოგიდგენიათ კანდიდატად? - თუ გგონიათ, გიორგი ვაშაძის კანდიდატად დაყენება გვაქვს გადაწყვეტილი, ცდებით. შეიძლება ის სხვა პარტიის წევრი ან სულაც ნეიტრალური პირი იყოს. მთავარია, "ნაციონალი" არ იყოს.

ხათუნა ბახტურიძე