"ახლანდელი ვითარება შეიძლება იყოს "ნაცმოძრაობისგან" თავის დაღწევის შანსი"
"ახლანდელი ვითარება შეიძლება იყოს "ნაცმოძრაობისგან" თავის დაღწევის შანსი"
"როცა მელია ციხიდან გამოვა და შეძლებს პასუხი გამცეს, მერე შევაფასებ მის ქცევას"

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, იურისტი ლევან გოგიჩაიშვილი ახლა შორიდან ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად შარშან დააფუძნა პარტია"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი", თუმცა ისინი პარლამენტში ვერ მოხვდნენ. თავად თვლის, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია და მათ მოპოვებული ორი მანდატი დაუკარგეს. კარგა ხანია, ბატონი ლევანის შეფასებები საზოგადოებას არ მოუსმენია, ამიტომ მას რამდენიმე კითხვით
მივმართეთ.

- ბატონო ლევან, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე რას იტყვით?
- მგონი, ეს პოლიტიკური პროცესები­ ბევრ ადამიანს არ აღაფრთოვანებს და ოპტიმიზმით არ განაწყობს. სამწუხაროდ, ნეგატიური პროცესი მიმდინარეობს. ორი ძლიერი პოლუსი იბრძვის, ერთი - ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, მეორე - რევანშისთვის.

ვფიქრობ, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს, გარდა ამ
კლანებისა, ნათელი მომავლის იმედი არ აქვს. ბევრი ფიქრობს, რომ ჯობს, დღევანდელ პროცესებში მონაწილეობა არ მიიღოს, რადგან ვითარება ნეგატიურია და ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა რაც გააკეთეს,­ ძალიან დასაფასებელია. ჩვენი ქვეყანა სერიოზული პოლიტიკური ინტერესის საგანი­ აღმოჩნდა, ვნახეთ, რომ ჩამოვიდნენ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, ისინი, ვის სიტყვასაც დიდი ფასი აქვს.

ამ პროცესებმა დაგვანახა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ვართ. წარმოდგენაც არ მინდა, რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ, თუ დასავლეთი ზურგს შეგვაქცევს... ასე რომ, ამ პროცესების ერთადერთი ნათელი მხარე სწორედ ეს არის - დავინახეთ, რომ მათთვის სულერთი არ ვართ, სხვა ყველაფერი, რაც ხდება, უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზეც და ყოველდღიურობაზეც.

- მოლაპარაკებების მიუხედავად,"ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ოპოზიციონერთა­ შორის ყველაზე მეტი მანდატი აქვს, პარლამენტში ჯერჯერობით არ შედის.
-"ნაციონალური მოძრაობა" არის განგრენა ქართულ პოლიტიკურ სხეულზე.­ ის ყოველთვის პრობლემებს ქმნის და შედეგად, ქვეყანა აგებს. დღეს"ნაცმოძრაობის"­ სურვილია, ნებისმიერ ფასად დაიბრუნოს ხელისუფლება."ოცნება"­ კი თითქოს"ნაციონალურ მოძრაობას" გაეჯიბრა, ცუდში მას კონკურენციას უწევს­ და ისე დამახინჯდა, უკვე ისიც სერიოზულ პრობლემად იქცა. ამ ყველაფერს უყურებს მოქალაქე და იზაფრება, თუმცა ახლანდელი ვითარება შეიძლება იყოს შანსი"ნაციონალური მოძრაობისგან" თავის დაღწევის. ოპოზიცია ვერ გათავისუფლდა"ნაცმოძრაობის" გავლენისაგან, არადა ეს არის უბოროტესი გაერთიანება, რომელსაც"ოცნება" აცოცხლებს და აძლევს საშუალებას, ქვეყანა ანგრიოს.

ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე"ქართული ოცნებაა" თავისი­ უსუსურობით, გაუტანლობით, უპრინ­ციპობით. ეს არის ყველაზე სტაგნაციური მთავრობა, უპერსპექტივო, კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლება. დღევანდელი პარლამენტი ბუტაფორიაა. იქ მხოლოდ თითის მიმჭერები არიან, პოლიტიკოსებად არც ერთს არ აღვიქვამ.

- პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გადადგა. მის წასვლაზე რას იტყვით?
- სულ ვცდილობ, მასზე ისე ვილაპარაკო, რომ არ ეწყინოს, მაგრამ აშკარაა, რომ არჩილი გაუშვეს. ალბათ, განიცადა, რადგან მისთვის პარლამენტის თავმჯდომარეობა ბევრ რამეს ნიშნავდა. შეიძლება ვიღაცას არ მოეწონა ის საბოლოო შეთანხება, რომელსაც ხელი მოაწერა და ეს იყო მთავარი პრეტენზია, რომელიც მისი განთავისუფლებით გამოიხატა.

- პარლამენტის ახალ თავმჯდომარეზე, კახა კუჭავაზე, რას იტყვით?
- ბატონ კახას ძალიან კარგად ვიცნობ. ის არ არის პოლიტიკოსი,­ ის უბრალოდ დანიშნეს თავმჯდომარედ. რამდენიმე დელეგაციაში ვარ მასთან ერთად ნამყოფი. რომ გაიცნობ, ერთი შეხედვით ძალიან კარგი­ შთაბეჭდილება დაგრჩება. ძალიან კარგი ოჯახი ჰყავს, კარგი შვილები, ვიცნობ მათ, მაგრამ კახა არ არის პოლიტიკოსი.

რაც შეეხება იმას, შეძლებს თუ არა თავმჯდომარეობას, შეძლებს - ეს ხომ არ არის პოლიტიკური სივრცე, სადაც გადაწყვეტილებების მიღება მას მოუწევს. მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობა უნდა შეასრულოს. ნებისმიერი ადამიანი, მაგალითად, ქალბატონი რიმა ბერაძე რომ დაენიშნათ, ისიც მშვენივრად გაუძღვებოდა ამ საქმეს - ორშაბათობით შეკრებდა ბიუროს, სამშაბათს გახსნიდა სხდომას, წაიკითხავდა რაღაცას... სულ ეს არის რუტინა, რაც ადვილი შესასრულებელია.

- თალაკვაძე ამბობს, რომ დარბაზიდან უფრო უკეთ შეძლებს ოპონირებას, თავმჯდომარის თანამდებობა კი ამაში ხელს შეუშლიდა.
- დავუჯეროთ, რომ ასე იზამს... ჩვენ არ ვლაპარაკობთ კონკრეტულ სახელებზე,­ გარემოსა და ვითარებაზე ვსაუ­ბრობთ, ზოგადი სურათი კი ნეგატიურია, რადგან
არც"ოცნება" და არც"ნაცმოძრაობა", რაც უნდა ხეხო, არ გათეთრდებიან.

-"ოცნებას" ხელს აძლევს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა"ნაცმოძრაობა" იყოს?
- ამის გამო გაბრაზებული ვიყავი...

სამწუხაროდ, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის აწყობდა, მთავარი ოპოზიციური პარტია"ნაციონალური მოძრაობა"­ ყოფილიყო, იმიტომ, რომ ამ ბრძოლაში იოლად­ გაიმარჯვებს, მაგრამ ამას ეწირება ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაც და მომავალიც. წელიწადში Y200 მილიონ ლარამდე იხარჯება პროპაგანდაში, ამ თანხაში შედის­ ტელევიზიის შენახვა, ბოტები, ფეიკნიუსები... ეს კი პატარა პარტიებს პრობლემას უქმნის, მათაც კი, ვისაც ხელისუფლებამ მანდატები ააღებინა.

ჩვენ არ აგვაღებინა ის ორი მანდატი, რომლებიც სამართლიანად გვეკუთვნოდა. არ გვქონდა იმის რესურსი, რომ მტკიცებულებები დაგვედო, თუმცა ამაში დარწმუ­ნებული ვარ. იმ პარტიებმა, ვინც ეს მანდა­ტები მიიღო, მაინცდამაინც ღირსეული მორალური სახე ვერ გამოაჩინეს. ხან ერთი თქვეს, ხან - მეორე, ხან იქით გადახტნენ, ხან - აქეთ, დაიძაბნენ, ინერვიულეს, საბო­ლოოდ კი მაინც შევიდნენ პარლამენტში.­ თუ მაინც შესვლას აპირებდნენ, რაღატომ მონაწილეობდნენ"ნაცმოძრაობისა" და"ოცნების" სპექტაკლში?

ჯობდა, სახე შეენარჩუნებინათ, თავიანთი იდენტობა გამოეკვეთათ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს, ვერც თავის დამკვიდრება მოახერხეს და ეს კვლევებშიც აისახა. ის 25%, რომელიც მათკენ განაწილდა, უკვე შემცირდა. იმედი მაქვს, რომ ეს არ აის­ახება ამომრჩევლის განწყობაზე და ის უარს არ იტყვის მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან დღევანდელი ვითარების შეცვლა მხოლოდ ამომრჩეველს შეუძლია. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, როცა ის ხმას აძლევს"ნაცმოძრაობას" ან"ქართულ ოცნებას", ამით ხმას აძლევს ქვეყნის გაჩერებას.

- ფიქრობთ, რომ ოპოზიციური პარტიები თავიდანვე უნდა შესულიყვნენ პარლამენტში?
- მათ ახლა ისეთი გადაწ­ყვეტილება მიიღეს, რომელსაც ფასი აღარ აქვს. თუმცა მე მათ საქციელს არც ვაქებ და არც ვაკრიტიკებ, ნეიტრალურ პოზიციას ვინარჩუნებ.

- ნიკა მელიას სხვადასხვა პოზიცია მოვისმინეთ. მის განცხადებებზე რას იტყვით?
- ციხეში მყოფ ადამიანზე რამის თქმისგან ყოველთვის თავს ვიკავებ, ეს ჩემი პრინციპია. როცა ციხიდან გამოვა და შეძლებს პასუხი გამცეს, მერე შევაფასებ მის ქცევას.

- გიორგი რურუა უკვე შეწყალებულია...
- თავისი გადაფურთხებული ალოკა"ქართულმა ოცნებამ" და ეს გადაწყვეტილება ამ ძალას ყველაზე მძიმედ დააწვება, რადგან უპრინციპობა გამოიჩინეს. მათი ქმედება სამარცხვინოა. ვფიქრობ, ამ ნაბიჯის შემდეგ"ქართული ოცნების" მხარდამჭერებს გაუჩნდებათ კითხვა:"ამათ გამო რატომ ვიკლავ თავს?" შენ თავს იკლავ, იბრძვი, საბოლოოდ კი იღებ უპრინციპო ხელისუფლებას, მექრთამეებს, ვიღაც მაჟორიტარებს, ვინც შენი არჩევანის ხარჯზე გამდიდრდნენ."ქართული ოცნების" ამომრჩეველი უნდა მიხვდეს, ვინ ჰყავს პარლამენტში და საკუთარ თავს ჰკითხოს, არიან ისინი მათი წარმომადგენლები?

- ამნისტიის შინაარსზე მსჯელობა გრძელდება. ცნობილია, რომ ამ კანონის მიღება ბევრ რამეს შეცვლის და ის ბევრ ადამიანს შეეხება. გავეცანით მაკო გომურის უმძიმეს სტატუსსაც. ის ითხოვს იმ ხალხის დასჯას, ვის გამოც მას თვალი დაუზიანდა. თქვენი აზრით, ვის უნდა შეეხოს ეს ამნისტია და ვის - არა?
- ჯერ დავაკვირდეთ პროცესს, რა და როგორ მოხდება. ეს აქტი ცუდი არ არის, როცა ორივე მხარის პრობლემა იკვეთება. არ ივარგებს, ისე წარმოვაჩინოთ, თითქოს ერთ მხარეს სულ ანგელოზები არიან, მეორე მხარეს კი - მხოლოდ დამნაშავეები. საბოლოოდ ყველა გზა უნდა წავიდეს ვადამდელი არჩევნებისკენ, ეს გარდაუვალია. სავარაუდოდ, 2022 წელს გვექნება ვადამდელი არჩევნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- რას ელით თვითმმართველობის არჩევნებზე?
- ყველაზე კარგი შედეგი იქნება, 43% ვერ გადალახოს"ქართულმა ოცნებამ" და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. თუ პარლამენტში არ მოგვარდება პრობლემა, იდეალური თვითმმართველობაც რომ აირჩიო, ქვეყანაში მაინც რყევები იქნება.

- მესამე ძალის შექმნაზე დაიწყო ლაპარაკი. ხედავთ ასეთ ძალას?
- ამ ფანჯარას ჯერ ვერ ვხედავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ფანჯარა გაიღება. დღეს მე გვერდიდან მაყურებელი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვიქნები ქვეყნის გულშემატკივარი.

- თქვენი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას?
- თუ 2022-ში იქნება ვადამდელი არჩევნები, ვიფიქრებთ. მინდა მონაწილეობა მივიღო პროცესში, რომლის შედეგად ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

- ისევ ელოდებიან ქართულ პოლიტიკაში გიორგი გახარიას გამოჩენას. შეიძლება ის იყოს მესამე ძალა?
- ბევრჯერ გამიკრიტიკებია გახარია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ამ ადამიანს აქვს დადებითი თვისებები და თუ მას შეუძლია თავისი პოტენციალი გამოიყენოს, მსგავსი ნაბიჯი უნდა გადადგას, ოღონდ ამ ნაბიჯებში სიცხადეც თავად უნდა შეიტანოს. მისი გამოჩენა გავლენას მოახდენს პოლიტიკურ ვითარებაზე, რადგან არიან ადამიანები, რომელთაც ის ძალიან მოსწონთ. გახარიას თავისი ელექტორატი ჰყავს და, ბუნებრივია, მისი გააქტიურება ამომრჩეველს შეუმცირებს"ქართულ ოცნებასაც" და, შესაძლოა, სხვა პარტიებსაც. მას გამოცდილებაც აქვს. თუმცა ყველაფერი მაინც მასზეა დამოკიდებული.

- ბევრი ფიქრობს, რომ შეიძლება მის უკან ივანიშვილი იდგეს...
- ყველაფერი მომავალში გამოჩნდება. შეიძლება ასე არც იყოს, რადგან მეც ხომ წამოვედი ბიძინა ივანიშვილისგან და უკან არასოდეს დავბრუნდები, მიუხედავად იმისა, რომ ამას მთავაზობდნენ.

- გახარიას ხომ არაფერი შემოუთავაზებია? მის პარტიაში ხომ არ გიხილავთ?
- ახლა ჩემი გონება სხვა რაღაცებით არის დაკავებული და ამაზე არ მიფიქრია. Bბოლო დროს არც ურთიერთობა გვქონია.

- რას საქმიანობს დღეს ლევან გოგიჩაიშვილი?
- სულ სხვა საფიქრალი მაქვს. ოჯახი მყავს და ხომ უნდა იარსებო ადამიანმა?! თუმცა ეს არ არის საინტერესო, ეს ჩემი საზრუნავი და ჩემი ცხოვრებაა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები