"სავარაუდოდ, გახარია ივანიშვილს ჩანაფიქრს მიუხვდა და დასწრებაზე ითამაშა... შემიძლია ვივარაუდო, როგორი შეიძლება იყოს მისი პოზიციონირება..."
"სავარაუდოდ, გახარია ივანიშვილს ჩანაფიქრს მიუხვდა და დასწრებაზე ითამაშა... შემიძლია ვივარაუდო, როგორი შეიძლება იყოს მისი პოზიციონირება..."
"გირჩი" პოლიტიკური გაუგებრობაა,­ რაც შეეხება "მოქალაქეებს", არა მგონია მათთან "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ლელომ" შეთანხმება შეძლონ. ვაშაძისა და ხაზარაძის პარტიებს სინერგია არა აქვთ"

პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთან­ხმების დოკუმენტი ხელმოწერილია, ბოიკოტი დასრულებულია, ოპოზიციის ერთი დიდი ნაწილი პარლამენტშია, მეორე ნაწილი­ შესასვლელად ემზადება, ოპოზიციის მიერ პოლიტიკურ პატიმრად აღიარებული გიორგი რურუა თავისუფალია, ციხეს, სავარაუდოდ, ნიკა მელიაც მალე დატოვებს, პოლიტიკური პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადადის. რა შეცდომები დაუშვა ამ 6 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ან ოპოზიციამ, ვინ დარჩა
მოგებული ან წაგებული, გახდება თუ არა ახალი "განხეთქილების ვაშლი" ამნისტია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ამ და სხვა საინტერესო თემებზე ანალიტიკოსი­ გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- კარგია, რომ შეთანხმების დოკუმენტს მხარეებმა ხელი მოაწერეს და პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა. ეს უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ჯერ კიდევ რჩება
რისკი იმისა, რომ ეს ყველაფერი წყალში ჩაიყაროს.

ექვსთვიანი ბოიკოტით ხელისუფლებამაც წააგო და ოპოზიციამაც. ამ პოლიტიკური ელიტის შემყურე ამომრჩეველი სულ უფრო და უფრო სკეპტიკურად უყურებს პროცესს, კიდევ მეტად რწმუნდება, რომ პოლიტიკური სპექტრი ვერ აკმაყოფილებს, უფრო სწორად, არც კი ფიქრობს საზოგადოების მოთხოვნებზე და დაკავებულია ერთმანეთთან კინკლაობით.

- ცხადი გახდა, რომ შეთანხმების დოკუმენტის გაფორმებამ და ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლამ ვერ დაალაგა ვითარება.­ ამნისტია, რომელიც ამ შეთანხმების შედეგად დადგა დღის წესრიგში, ახალი განხეთქილების საგანი გახდა არა მარტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას, არამედ პარლამენტში შესულ და გარეთ დარჩენილ ოპოზიციონერ ლიდერებს შორის. არის თუ არა საფრთხე, რომ ამნისტია­ ახალი "განხეთქილების ვაშლი­" გახდეს?
- პოლიტიკურ პროცესში, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის პირობებში, ამნისტიის აქტის მიღება უდავოდ პოზიტიურ მოვლენად შეიძლება იყოს განხილული. თუმცა ჩვენს შემთხვევაში წარდგენილ პროექტზე არათუ საზოგადოებრივი კონსენსუსი არ არსებობს, არამედ მას არც პარლამენტში შესული და არც გარეთ დარჩენილი ოპოზიცია, არც დაზარალებულები, არც ფიგურანტები, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ხელისუფლების მხარდამჭერები არ ეთანხმებიან. ჩნდება კითხვა: რატომ ცდილობს ხელისუფლება ასე ჯიუტად ამნისტიის მიღებას? გასაგებია, რომ თავად ამას ნიკა მელიას გათავისუფლებით და ამით პოლიტიკური ვითარების განმუხტვის ინტერესით ხსნის, თუმცა სიმართლე ის არის, რომ საკუთარი დანაშაულის დამალვას ცდილობს. გამოდის, ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის სრული იგნორირებით ცდილობს საკუთარ თავს "აპატიოს" სავარაუდო დანაშაული, რაც სახიფათო პრეცედენტია იქნება.

ვფიქრობ, კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს ჩამკეტი ნორმა, რომელიც ხელისუფლებას მოუსპობს იმის საშუალებას, რომ პოლიტიკური მიზნით ჯერ ჩაიდინოს დანაშაული და მერე ინდულგენცია გამოიწეროს.

ასეთი აქტის გამოცემა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ რეფერენდუმის საფუძველზე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნეს მიღებული პირდაპირი დემოკრატიული პროცესის საფუძველზე.

- სანამ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი იყო, თქვენ ამბობდით, ბიძინა ივანიშვილი გახარიას ტალახში ამოსვრის, მთელ თავის ცოდვებს­ შეაწმენდს და მერე თავიდან მოიშორებსო. ახლა ამბობთ, რომ ხელისუფლება ამნისტიის მიღებით ცდილობს დამალოს დანაშაული, რომელიც 20 ივნისის საქმეს უკავშირდება­ და რომელზე პასუხისმგებლობაც გახარიას აკისრია. რა გამოდის, "ქართული ოცნება" ხელიდან უშვებს შემთხვევას, ტალახი შეაწმინდოს ოპოზიციაში გადასულ გახარიას, უფრო მეტიც, მის დაცვას ცდილობს?
- როდესაც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი გახარიას გასვრის და გადააგდებს, ნიკა მელიას აყვანის ოპერაციას ვგულისხმობდი. ესე იგი, ეს ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა გახარიას, იქ უნდა მომხდარიყო შეხლა-შემოხლა და გახარია, უკვე ბოლომდე დისკრედიტირებული, არა მარტო 20 ივნისის საქმით, არამედ ამ სპეცოპერაციით დამძიმებული, უნდა გადამდგარიყო. ამ შემთხვევაში ამოცანა შესრულებული იქნებოდა. სავარაუდოდ, გახარია ჩანაფიქრს მიუხვდა და დასწრებაზე ითამაშა, გადადგა.

რაც შეეხება 20 ივნისის კომპრომატის გახარიას წინააღმდეგ გამოყენებას, როგორც ჩანს, ეს ადვილი არ არის. უნდა ვივარაუდოთ, რომ გახარიას აქვს თავისი პასუხი, რასაც ჯერ არ ამბობს, მაგრამ თუ დასჭირდება, იტყვის.

- გახარიას ოპოზიციონერობას ეჭვით უყურებს ოპოზიცია, ამბობენ, რომ მან ჯერ 20 ივნისთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა უპასუ­ხოს. ამაზე მეტად როდის შეიძლება დასჭირდეს ექსპრემიერს თავისი სიმართლის დამტკიცება?
- გახარიას ჯერ კიდევ არ გაუკეთებია პოლიტიკაში შემოსვლის განაცხადი. მისი გუნდის წევრების რიტორიკა კი დიდად არ განსხვავდება "ოცნების" წევრების რიტორიკისგან. გუნდიდან წავიდნენ, მაგრამ უმრავლესობაც არ დაუტოვებიათ.

- რას გვეუბნება ეს მოცემულობა?
- ჯერ არ ვიცი, თუმცა მალე გამოჩნდება, მაშინვე, როგორც კი გახარია გამოვა­ ასპარეზზე. შემიძლია ვივარაუდო, თუ როგორი შეიძლება იყოს გახარიას პოზიციონირება - ის ფორმალურ ხელისუფლებას, ანუ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს მაქსიმალურად გააკრიტიკებს, მაგრამ მოერიდება ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკებას. ესე იგი, დაუპირისპირდება ძმებს, მაგრამ არ დაუპირისპირდება მამას და იბრძოლებს საყვარელი შვილის პოზიციისთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს, თუმცა შეიძლება მოვლენები სხვაგვარადაც განვითარდეს.

- რაც შეეხება კიდევ ერთ დავის საგანს,­ ანუ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა­ კოდექსში" შესატან ცვლილებას, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული დაკავებისა­ და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადაც გაიზარდა და ჯარიმის ოდენობაც. ოპოზიციის აზრით, კანონმდებლობა დემოკრატიულ პრინციპებს ეწინა­აღმდეგება. ეს ცვლილებები საქართველოში აშშ-ის საელჩომაც არასაჭიროდ და უსარგებლოდ შეაფასა. მმართველი გუნდის ლიდერები, კონკრეტულად კი ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ საელჩოს განცხადებაში გამოთქმული საყვედური უსამართლოა და ეს ეხება პროცედურას და არა შინაარსს. თქვენ როგორ გაიგეთ ამერიკის საელჩოს განცხადება?
- მმართველი გუნდის ეს პოზიცია მოკლებულია ლოგიკას. არ მესმის, ისეთ ვითარებაში, როდესაც გამუდმებით საუბარია ხელისუფლების მიერ ძალის ბოროტად გამოყენებაზე, რა საჭირო იყო წესების გამკაცრება და პროტესტის ინსტრუმენტების გამოყენება. გამოდის, თავისუფალი აზრის გამოხატვისა და პროტესტისთვის... ეს არის დინების საწინააღმდეგოდ მიმართული უცნაური ქმედებაა. შესაბამისი რეაქცია ჰქონდა ამერიკის საელჩოსაც. რა ახსნა აქვს "ქართული ოცნების" ამ ქმედებას?

მგონი, მმართველი გუნდის ყველა ქმედების მოტივატორი შიშია. ეს ადამიანები პოლიტიკაში ხომ არ გამობრძმედილან, ეს არის სტერილური პოლიტიკური ელიტა, რომელიც საიდანღაც მოიყვანეს და დასვეს კაბინეტებში. მიშას დროსაც ბუჩქებში ისხდნენ. ერთი დღეც კი არ უბრძოლიათ ხელისუფლების მიღმა და არასდროს ყოფილან პოლიტიკურ პროცესში. ბუნებრივია, ასეთი ადამიანებისთვის პოლიტიკაში ყოფნა ხელისუფლებაში ყოფნას უკავშირდება. ხელისუფლების გარეშე თავი ვერ წარმოუდგენიათ, ეშინიათ, ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერი არ დაკარგონ.

- თუმცა ოპოზიციურ სპექტრშიც­ არ არის სრული თანხვედრა. ჩვენ მოვისმინეთ მელიას განცხადება, რომ ევროპარლამენტარების მიერ გადახდილი გირაოს სანაცვლოდ გამოვიდოდა ციხიდან. თუმცა შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ციხეში მელიას სანახავად უნდა შევიდეს და დაარწმუნოს, გირაოთი გამოვიდეს. როგორ წარმოგიდგენიათ, რას ან ვის უკავშირდება მისი პოზიციების ცვლილება?
- ბოლო დრომდე სრულიად გასაგები იყო მოქმედებების ლოგიკა. მელიამ თავისი ცნობილი განცხადებით მორალური დილემა სწორად გადაწყვიტა, არ დააყენა თავისი ბედი 20 ივნისის დაზარალებულების ბედის საპირწონედ. ჩაშალა ხელისუფლების გეგმა. ვგულისხმობ იმას, რომ მათ თავიანთი დანაშაულის დაფარვა სურდათ ისე, რომ ყველაფერი მელიას დაბრალებოდა.

მელიამ ეს გეგმა ჩაშალა და ამის შემდეგ მისი გაჯიუტების რაციონალურ მოტივს ვეღარ ვხედავ. მორალურად გამართულია და დღესვე­ რომ გამოვიდეს გირაოთი, ვერავინ ვეღარაფერს იტყვის. ის ახლა პოლიტიკურ პროცესში საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ გარკვეულწილად ოპოზიციის გამაერთიანებელი ფიგურაა. ოპოზიცია კი ბოლო დროს ძალიან წაეკიდა ერთმანეთს.

სასიცოცხლოდ აუცილებელია ეს დაძაბულობა განიმუხტოს და იმ თემატური მუშაობის პროცესს დაუბრუნდეს, რაც საჭიროა ადგილობრივი, თვითმმართველობის არჩევნებზე კარგი შედეგის მისაღებად, რაც საბოლოოდ რიგგარეშე არჩევნებს მოგვიტანს. რიგგარეშე არჩევნები საზოგადოებას სჭირდება, იმისთვის კი არა, რომ ოპოზიცია­ მოვიდეს ხელისუფლებაში ან პირიქით. ჩვენ პერმანენტულ კრიზისში ვიქნებით, სანამ ჯანსაღ და სამართლიან არჩევნებს არ ჩავატარებთ. პარლამენტში შესვლა კრიზისის გადალახვა არ არის, ეს მხოლოდ ჩიხიდან გამოსვლაა.

- როგორ შეაფასებთ "სტრატეგია აღმაშენებლის" პოზიციას, რომ მხარს არ დაუჭერს ნიკა მელიას კანდიდატურას დედაქალაქის მერის პოზიციაზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯვნას სხვებიც,­ მაგალითად, "ლელოც" ცდილობს.
- მე ვიზიარებ ვაშაძის პოზიციას. თუ არჩევნები ისევ ორპოლუსიანი იქნება, ეს ხელისუფლებისთვის ნამდვილად იქნება კიდევ ერთი შანსი. ვფიქრობ, არჩევნების პირველ ტურში (ჩემი აზრით, მეორე ტური აუცილებლად გაიმართება) თბილისში ფრონტის ხაზი რაც შეიძლება ფართოდ უნდა გაიშალოს. ნიკა მელია როგორც "ნაციონალი" აუცილებლად იქნება ხელისუფლებისთვის კომფორტული ხმების დაქსაქსვისთვის. პირველ ტურში ყველა პარტიამ თავისი კანდიდატი უნდა დააყენოს, მეორეში კი მხარი დაუჭირონ ოპოზიციის საერთო კანდიდატს.

- გიორგი ვაშაძე მძლავრი მესამე ძალის ჩამოყალიბებასა და მათ საერთო კანდიდატზეც საუბრობდა.
- საიდან უნდა ჩამოაყალიბონ მძლავრი პოლიტიკური პარტია? სულ ორი პარტიაა, "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი", 3 და 4%-ით როგორ უნდა შექმნან მძლავრი გუნდი? აჰა, 10% ვთქვათ, მაინც ვერაფერს გახდებიან.

- საპარლამენტო ოპოზიციაში სხვებიც ხომ არიან, თუნდაც "მოქალაქეები" და "გირჩი"?
- "გირჩი" პოლიტიკური გაუგებრობაა,­ რაც შეეხება "მოქალაქეებს", არა მგონია მათთან "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ლელომ" შეთანხმება შეძლონ. ვაშაძისა და ხაზარაძის პარტიებს სინერგია არა აქვთ. ამ მოცემულობიდან გამომდინარე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვაშაძის პოლიტიკური განაცხადი თეორიულად კარგია. მეც ვისურვებდი, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას, მაგრამ არარეალურია. დღეს პოლიტიკურ ველზე ჯერ არშემოსული გახარიას მხარდაჭერა უფრო ძლიერია, ვიდრე ვაშაძისა და ხაზარაძის პარტიების ერთად.

- თქვით, რომ "ქართული ოცნების" ნაბიჯები არათუ ოპოზიციას, ხშირად თავად მათ მხარდამჭერებსაც არ მოსწონთ. შესაბამისად, გამოჩნდნენ ახალი საზოგადოებრივი ჯგუფები,­ მაგალითად, "უცნობის" "აი ია", რომლებიც უკმაყოფილო არიან ხელისუფლებით მისი ოპოზიციისადმი "ლოიალურობის" გამო და ამ მოტივით აქციების გამართვას ცდილობენ. ეს პოლარიზაციას კიდევ უფრო ხომ არ გაამწვავებს?
- არა მგონია, მათ რაიმე სერიოზული­ აქცია გამართონ და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირება გამოიწვიონ. ესენი ჩვეულებრივი ორთოდოქსები არიან. მესმის მათი, ჩემს ზურგზეც გადაიარა იმ 9 წელმა, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ზოგიერთი მოყვირალის... რეალურად ვერაფერს შეცვლიან, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისევ "ქართულ ოცნებას" დაუჭერენ მხარს. სად წავლენ?!

ხათუნა ბახტურიძე
ალექს
04 მაისი 2021 07:07
ანალიზის ანალიზი გვკარნახობს, რომ ანალიტიკოსები, ეწსპერტები და პოლიტოლოგები არ გვყავს და ისინი თვითმარქვიებია, ისევე როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიად თვითაღიარებული კლანი, ნაძმო არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია- პროფესიონალ მოძალადე რევოლუციონერთა ყაჩაღური ზონდერთა კლანია, ბოლშევიკებივით და მას ამჟამად ადგილობრივ ორი ზონდერ ლიდერი ყავს რურუა და მელია , და გლობალური სუპერლიდერი, რეციდივისტ კრიმინალი სააკაშვილი, რომელიც დაუსწრებლადკი გასამართლდა და დასაჭერად იძებნება , მაგრამ უამრავი ჯერ კიდევ დაუსჯელი სახელმწიფო პოლიტიკური დანაშაული აქვს ჩადენილი ჯერ კიდევ მოქკავშირის იურიდიულ საკონსტიტუციო კომიტეტის რიგითი წევრი და შემდგომ კი ხელმძღვანელი რომ გახლდათ, მოქკავშირის ლიდერობისას, იუსტიციის მინისტრობისას და პრეზიდენტობისას ვინ დაუშლიდა ? ის კოსტუმები მაგას არ მოუპარავს, არაა ეგ მაგის კოსტუმები, უბრალოდ ერთობოდა , ახლაც ერთობა მაგ კოსტუმებით, პიკასოს ბიჭი , ქუთაისის პარლამენტზე ჩამომჯდარი სტატუია , ფუტურისტულ გამოფუტურებული !

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები