ამირან სალუქვაძე: "დღეს დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას სწორედ ე.წ. მედასავლეთეები ახდენენ"
ამირან სალუქვაძე: "დღეს დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას სწორედ ე.წ. მედასავლეთეები ახდენენ"
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ გამოვლენილი პირების საჯაროდ დაკავება და შოუების მოწყობა მეტ უსაფრთხოებას მოგვიტანს, ცდება. ცალკე თემაა ოპერატიული თამაშები ასეთ პირებთან. ამ სფეროს არ უყვარს პოპულიზმი. შესაბამისად, ვერ ავყვები ოპოზიციის განცხადებებს. სხვათა შორის, მსმენია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები თავდაცვის კომიტეტის დახურულ სხდომებზე პოზიტიურად აფასებენ სუს-ის ან სხვა ძალოვანი უწყების მუშაობას, მაგრამ საჯაროდ სხვა ტიპის განცხადებებს აკეთებენ. იქვე, სხდომაზე უთქვამთ, ხომ იცით, საჯაროდ სხვა განცხადება უნდა გავაკეთოთო!"

"არ შეიძლება გულუბრყვილოები ვიყოთ,­ როდესაც
საქმე რუსეთის მთავრობასა და პუტინის რეჟიმს ეხება. პუტინმა დაიჩივლა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო რუსეთს ხშირად უმიზეზოდ თავს ესხმის. ეს განაცხადა მაშინ, როდესაც 150 000 რუსი ჯარისკაცი მობილიზებული იყო უკრაინის­ საზღვრებსა და ანექსირებულ ყირიმში, როდესაც ოკუპირებულ დონბასის რეგიონში მოსახლეობას რუსეთის პასპორტების აღებას აიძულებენ; როდესაც ჩვენი დემოკრატია და
არჩევნები მუდმივ­ თავდასხმას განიცდის რუსეთის ჩარევისა და დეზინფორმაციული კამპანიის გზით", - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრებმა ხმათა უმრავლესობით რეზოლუცია მიიღეს, რომელიც ძირითადად უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზაციის გაძლიერებას და ჩეხეთში რუსეთის ქმედებებს უკავშირდება... რეზოლუციაში ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ ევროკავშირმა შეამცი­როს დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და ყველა წევრ სახელმწიფოს, შეაჩერონ მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაყვანა. როგორ იცვლება გეოპოლიტიკა, ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსები ისევ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში არიან გართული, ანალიტიკოსი ამირან­ სალუქვაძე­ გვესაუბრება:

- უკვე გამოიკვეთა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტარებისთვისაც ვიწროპოლიტიკური ინტერესები ქვეყნის ინტერსებზე­ უპირატესი აღმოჩნდა. ნახევარი მსოფლიოს ჩარევა გახდა საჭირო, რომ ელემენტარულ საკითხებში შეთანხმებულიყვნენ. ამ შეთანხმებასაც კი ვერ ასრულებენ ჯეროვნად და ცდილობენ ყველაფერი საკუთარი ინტერპრეტაციით ახსნან.

ქვეყანაში უტიფრობის აღლუმია. სხვას რას უნდა ველოდოთ პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი­ და დღეს ისევ პოლიტიკაში არიან. მოსახლეობის დიდ ნაწილს უსამართლობის განცდა აქვს. ნახევრად აღდგენილი სამართალი ხომ ნახევრად უსამართლობას ნიშნავს?! დასავლეთში პლაგიატის გამო თანამდებობებს ტოვებენ, ჩვენთან კი უმძიმეს სამოხელეო დანაშაულებში გასამართლებაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ასეთი პირები პოლიტიკას ჩამოშორდნენ.

დღეს დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას სწორედ ე.წ. მედასავლეთეები­ ახდენენ. არ ვამბობ, რომ სასჯელმოხდილი პირი საზოგადოებას არ უნდა დაუბრუნდეს, თუმცა არის დანაშაულის კატეგორიები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში პოლიტიკას ვეღარ უნდა ეკარებოდნენ.

ამდენი წაგებული არჩევნების შემდეგ ხომ უნდა მიხვდნენ, რომ თუნდაც ამ მიზეზით შეეშვან პოლიტიკას? თითქმის ყველა ცნობილ პოლიტიკოსს შემოსავლიანი ბიზნესები აქვთ. მიხედონ თავიანთ საქმეებს და დაუთმონ სივრცე სხვებს.

ამიტომ არ მიკვირს ამათგან, რომ ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები დიდად არ ანაღვლებთ, ამისთვის არ სცალიათ. წესით ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს ჩრდილოვანი კაბინეტი, სადაც უნდა განიხილავდნენ როგორც ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს, რეგიონში თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ პარლამენტში შესვლა-გამოსვლითა და ამნისტიის საკითხით არიან დაკავებული.

დღეს რუსეთსა და დასავლეთს შორის ნამდვილი დიპლომატიური ომია. უკრაინის­ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მანევრები ომის განახლების საფრთხეს ქმნიდა.­ ამჯერად თითქოს განიმუხტა, თუმცა რუსეთ-უკრაინის რიტორიკა ამის განცდას არ გვიქმნის. რუსეთ-დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-რუსეთის ურთიერთობა "ცივი ომის" დროინდელ ნიშნულს ქვემოთაა.­ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეურაცხად ხალხთან გვაქვს საქმე და ამ დაძაბულობას შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი მოჰყვეს... უახლოეს მომავალში რუსულ პოლიტიკაში ცვლილებას არ ველოდები.

კრემლის პოლიტიკა­ არ შეიცვლება პუტინის წასვლის შემდეგაც, თუ ის მოახერხებს მემკვიდრისთვის ძალაუფლების გადაბარებას. რუსეთის პოლიტელიტასა და საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე ენატრებათ საბჭოთა კავშირი, ის დრო, როდესაც დედამიწის 1/6 ჰქონდათ დაკავებული. დღემდე ამაყობენ იმით, რომ იმპერია ჰქონდათ. რუსები სხვა ქვეყნების თავისუფლებისკენ ლტოლვას იმპერიის ღალატად აღიქვამენ.

კრამონი მართალია, არ უნდა გვქონდეს რუსეთის შეცვლის მოლოდინი. 1993 წელს, როდესაც რუსეთთან ომი წავაგეთ, დსთ-ში შევედით და რა მივიღეთ? მივიღეთ გაყინული კონფლიქტები, აფხაზეთსა და ცხინვალში უკანონო ფორმირებების შეიარაღება,­ პასპორტიზაცია. თუ ისევ გავიმეორებთ ამ შეცდომას, მოლდოვის მაგალითს მივიღებთ. იქ ორი ვადით იყო პუტინის ერთგული პრეზიდენტი. ბოლო პერიოდში, ვიდრე დადონი შეიცვლებოდა, კრემლი მოლდოვაში ყველაფერს აკონტროლებდა...

- კურსის ცვლილებაზე რატომ აკეთებთ აქცენტს, რაიმე საფრთხეს ხედავთ? ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დასავლეთი საქართველოსთვის ევროკავშირში შესვლის სამოქმედო სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს.
- მე ვხედავ პრორუსული ძალების გააქტიურებას და განწყობას სოციალურ ქსელში. თქვენმა მკითხველმა თავად გამოიტანოს დასკვნა. რაც შეეხება ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, ცხადია, შესაბამის სტანდარტებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ. ჩვენ ნატოსთან, როგორც სამხედრო ორგანიზაციასთან, უკვე თავსებადი ვართ. ამას ადასტურებს ნატოს ყველა მაღალჩინოსანი. პრობლემა გვაქვს პოლიტიკურ ნაწილში, როგორც ნატოსთან, ასევე ევროკავშირთან. ხომ ხედავენ, რაც ხდება ჩვენს შიდა პოლიტიკაში? ევროკავშირთან თავსებადობის მხრივ ჩვენ სხვა პრობლემებიც გვაქვს. წინა ხელისუფლებამ კორუფციასთან ბრძოლის მოტივით ყველა რეგულაცია გააუქმა და ახლა მარეგულირებელი სტრუქტურების თავიდან შექმნა გვიწევს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, თუ როგორ აქვთ გაწერილი ევროკავშირთან ინტეგრირების გეგმა­ ნებისმიერ უწყებაში, ეკონომიკის სამინისტრო იქნება, სოფლის მეურნეობის თუ სხვა დარგობრივი უწყება. 2024 წლამდეა გაწერილი ყოველწლიური გეგმა­ და ყოველ წელს უამრავი საკანონმდებლო აქტსა და რეგულაციას იღებენ იმისთვის, რომ შევესაბამებოდეთ ევროკავშირის სტანდარტებს. წლები დაიკარგა. ამიტომაა, რომ ეს პროცესი მოსახლეობაში ნიჰილიზმს აჩენს და ევროსტრუქტურებში გაწევრების­ თემა ბევრისთვის საქილიკო გახდა. ასეთი­ განწყობები ძლიერდება ბოლო დროს, რაზეც ერთი მხრივ საინფორმაციო ომი ახდენს გავლენას, მეორე მხრივ კი წევრად მიღების გაჭიანურებული პროცესი. ნატოში გაწევრებას ემატება რუსეთი ფაქტორიც.­ ამიტომ წევრობის შესახებ განცხადებები აწონ-დაწონილი უნდა იყოს. ახალი ინიციატივები, ერთი მხრივ, წარმატებაა, მეორე მხრივ კი საფრთხის შემცველი.­ ნატოს საქართველოსა და უკრაინის საკითხში სტანდარტული მიდგომები არ გამოადგება.

ყბადაღებული მაპ-ის მინიჭებაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ბასრი დანის პირზე მოგვიწევს გავლა. მაპ-ი ხომ სამოქმედო გეგმაა, რომელიც მინიმუმ ერთ წელზე მაინც იქნება­ გაწერილი? ეს პერიოდი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რუსეთმა თავისი აგრესიული გეგმა აამოქმედოს. აგრესიული გეგმა მხოლოდ სამხედრო ღონისძიებას არ ნიშნავს, სხვა მრავალფეროვანი ბერკეტებიც აქვს.

ხელისუფლებას მივმართავ - მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოს. ხელისუფლებაში მხოლოდ მმართველ გუნდს არ ვგულისხმობ, საპარლამენტო ოპოზიციაც ხელისუფლებაშია. ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჩვენი ინტეგრაცია­ ვეროსტრუქტურებში რაც შეიძლება დაჩქარდეს. პრორუსულად განწყობილთა გასაგონად მსურს ვთქვა - მეც ძალიან მინდა მეზობელ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა,­ მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რუსეთსაც უნდა სურდეს. რუსეთისთვის კი მეზობლები მხოლოდ ბუფერული სივრცეებია რუსეთსა და ნატოს შორის.

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა წარადგინა წლიური ანგარიში... რა შთაბეჭდილება­ დაგრჩათ, სუს-ი შესაბამისად აანალიზებს იმ საფრთხეებს, რაზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ?
- ვფიქრობ, ლილუაშვილის ანგარიშში­ ადეკვატური შეფასებები იყო ყველა თვალსაზრისით. ზოგს აგენტურული ქსელის ღია ეთერში გამოვლენა ჰგონია უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის დონის მაჩვენებელი. ამ სამსახურების მუშაობა ფასდება შედეგებით, უსაფრთხო გარემოთი.

- ჩვენ უსაფრთხო გარემოში ვცხოვრობთ?
- რა ხდება ჩვენთან განსაკუთრებული?­ ფიქრობთ, რომ ყველა პრორუსული განწყობის პირი უნდა გამოვავლინოთ და დავსაჯოთ?

- პრორუსული განწყობის არა, მაგრამ, ალბათ, ის პირები უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ მუშაობენ. თქვენ ლოგიკურად მიიჩნევთ ლილუაშვილის განცხადებას, რუსეთის აგენტები გამოვლენილი არიან, მაგრამ მათი პასუხისგებაში მიცემა საჭიროდ არ მივიჩნიეთო?
- სუს-ის მოვალეობაა გამოავლინოს­ უცხო ქვეყნების გავლენები, შეასუსტოს გარე საფრთხეები, ქვეყანაში არ მოხდეს ტერორისტული აქტები. რაც შეეხება აგენტურული ქსელის ან ცალკეული პირების გამოვლენას, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გამოვლენილი პირების საჯაროდ დაკავება და შოუების მოწყობა მეტ უსაფრთხოებას მოგვიტანს, ცდება. ცალკე თემაა ოპერატიული თამაშები ასეთ პირებთან. ამ სფეროს არ უყვარს პოპულიზმი. შესაბამისად, ვერ ავყვები ოპოზიციის განცხადებებს. სხვათა შორის, მსმენია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები თავდაცვის კომიტეტის დახურულ სხდომებზე პოზიტიურად აფასებენ სუს-ის ან სხვა ძალოვანი უწყების მუშაობას, მაგრამ საჯაროდ სხვა ტიპის განცხადებებს აკეთებენ. იქვე, სხდომაზე უთქვამთ, ხომ იცით, საჯაროდ სხვა განცხადება უნდა გავაკეთოთო!

- ქართველ გლეხებს საკუთარი ბაღ-ბოსტნებიდან იტაცებენ შეიარაღებული რუსი სამხედროები. უსაფრთხოების სამსახური უნდა უზრუნველყოფდეს თუ არა ამის პრევენციას?
- უსაფრთხო გარემოში მე ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია ვიგულისხმე. 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენ საოკუპაციო ზოლთან მივიღეთ ისეთი რეალობა, რომელსაც ჯერ ვერ ვცვლით.

ვერც ერთი რუსი ჯარისკაცი ვერ გაბედავს საკუთარი ინიციატივით მსგავს რამეს. ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოქალაქეთა გატაცება არის რუსეთის ხელისუფლების დავალება, მისი პოლიტიკა, რათა გავლენა მოახდინოს ჩვენს შიდა პოლიტიკასა და საზოგადოებაზე. რუსეთი ასეთივე აგრესიულობით იქცევა უკრაინაშიც. ორი გამოსავალი გვაქვს: ან ბუფერული ზონა უნდა გავაკეთოთ და მოსახლეობა გამოვიყვანოთ, რაც ჩვენთვის უფრო წამგებიანი იქნება, ან ბლოკპოსტები უნდა გავაძლიეროთ, რამაც შეიძლება სამხედრო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს. დაპირისპირება რუსეთისთვის სასარგებლო სცენარი იქნება.

- ესე იგი, გამოსავალი არა გვაქვს?
- შეიძლება სხვა გზებიც გამოინახოს, მაგრამ ამისთვის პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობაა საჭირო. ოკუპაციისგან გამოწვეული საფრთხეები ყველას საზრუნავი უნდა იყოს და ნებისმიერი გეგმა ამ მიმართულებით მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტიანი, თუ პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება, რადგან ის გრძელვადიან ღონისძიებებს უნდა შეიცავდეს. ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს დეოკუპაციის სტრატეგია და ამაზე უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური სპექტრი. მხოლოდ მმართველი გუნდი ამას ვერ მოახერხებს, რადგან ამასაც საკინკლაო თემად ვაქცევთ.

სხვათა შორის, მუდმივად გაიძახიან, თითქოს საფრთხეებზე არავინ მუშაობს, ან განზრახ ავრცელებენ სიცრუეს, ან არ იციან, როგორ არის საქმე. დიდი ხანია შექმნილია ჯგუფი, რომელშიც ყველა უწყებაა ჩართული და ახდენენ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებას და ეს ყველაფერი აისახება საფრთხეების შეფასების დოკუმენტში. ამ საბუთს გრიფი ადევს, თუმცა რასაც ვამბობ, გადამოწმება მარტივად შეგიძლიათ.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები