"კოლბაში გამოკეტილი ადამიანი ვერაფერს ხედავს" - კვირის პალიტრა

"კოლბაში გამოკეტილი ადამიანი ვერაფერს ხედავს"

"ადამიანები ერთმანეთს აღარ ენდობიან"

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა უმრავლესობის წევრებისა და  მოქალაქეებისაგან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რა ნაკლი აქვს პრეზიდენტს, იგივე კითხვა "კვირის პალიტრამ" დასვა და მიიღო კიდეც პასუხი: სიჩქარე და წინდაუხედაობა, სიცრუე, ემოციურობა, ამპარტავნობა და ამბიციურობა. რატომ ვერ უპასუხეს ამ კითხვას მოქალაქეებმა ტელეკამერის წინ და რა პრობლემა აქვს საზოგადოებას, ამაზე (და კიდევ სხვა თემებზე) სასაუბროდ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორს, ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს მივმართეთ:

- არ მიკვირს, პარლამენტარები რომ ამბობენ, პრეზიდენტს ნაკლი არა აქვსო. ისინი ხომ ჩვენ არ აგვირჩევია. გაყალბებას არ ვგულისხმობ. ჩვენ არაფერი ვიცით იმ პირებზე, რომლებიც პარტიული სიით მიდიან პარლამენტში. არ ვიცით, რა დამსახურების გამო ხდებიან პარლამენტარები და რა განსაკუთრებული ღირსებები აქვთ. იგივე ითქმის მაჟორიტარ დეპუტატებზეც, ისინიც, ძირითადად, "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ. ადამიანი,  რომელიც არის ისეთ სისტემაში, სადაც იერარქიულ დაქვემდებარებაშია, თავის ბოსზე ცუდს არაფერს იტყვის, იცავს ორგანიზაციული ქცევის წესებს.

უნდა განვასხვავოთ, რა სივრცეზე ვლაპარაკობთ. მე უნივერსიტეტში შემიძლია ვთქვა, რექტორი მომწონს თუ არა, რადგან უნივერსიტეტი თავისუფალი სივრცეა. უნივერსიტეტში მყოფი ხალხი პარტიული დაქვემდებარების თვალსაზრისით არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ როდესაც არის პარტიული სისტემა, სადაც აბსოლუტურ დაქვემდებარებაში ხარ, ლიდერი რასაც ამბობს, შენც იგივე უნდა თქვა.

"კვირის პალიტრის" მკითხველის პასუხები შეკითხვაზე, რა ნაკლი აქვს პრეზიდენტს, ფაქტების აღწერაა, რადგან ყოველი დასახელებული თვისების მიღმა ადამიანებს შეუძლიათ მოძებნონ რეალური ფაქტი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ უმტკივნეულო ჩამონათვალის გაკეთების უფლებაც არა აქვთ, როდესაც დაქვემდებარებულ, იერარქიულ ვერტიკალურ სისტემაში არიან მოქცეული. ამიტომაც ვერტიკალის თავში მყოფი უნებურად ხდება უნაკლო და გადის ადამიანური დაშვების სივრციდან. დეპუტატები, სანამ უშუალოდ პრეზიდენტის ნაკლზე ჰკითხავდნენ, ამბობდნენ, უნაკლო ადამიანი არ არსებობსო, მაგრამ პრეზიდენტის ნაკლზე ვეღარაფერს ამბობდნენ.

- შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ავტორიტარული სისტემის სიმპტომია?

- ეს ერთ-ერთი ნიშანია. ეს არის თავისუფალი დემოკრატიული თანაცხოვრების ანტიპოდი. პარტიული სისტემა არ ნიშნავს ვერტიკალურ დაქვემდებარებას. დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიული სისტემა გულისხმობს თანაბართა შორის  ერთის არჩევას ლიდერად.  იქ არის ჰორიზონტალური სისტემით სტრუქტუირებული პოლიტიკური პარტიები, "ნაციონალური მოძრაობა" კი სწორ ვერტიკალზე აგებული პარტიაა. ასეთ პოლიტიკურ სისტემაში აბსოლუტურად ჯანსაღი ადამიანი, რომელიც უნდა წყვეტდეს, რომელი კანონია კარგი და რომელი ცუდი, მეუბნება, პრეზიდენტს ნაკლი არა აქვსო.

პრობლემაა, როდესაც ცხოვრობ სისტემაში, სადაც ადამიანი ვერ ახერხებს აბსოლუტური ჭეშმარიტების თქმას და თუ ადამიანს მოსწონს ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ეს უკვე ძალზე სერიოზული პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი გამოკეტილია კოლბაში და ვერაფერს ხედავს.

ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, თუ რამდენად ენდობიან საქართველოში ადამიანები ერთმანეთს და რამდენად შეუძლიათ გამოხატონ საჯაროდ აზრი. გაირკვა, რომ არასახარბიელო ვითარება გვაქვს. სამარშრუტო ტაქსიში მსხდომებმა რომ  ხმა არ ამოიღეს, იმას ნიშნავს, რომ არ შეუძლიათ საჯაროდ აზრის გამოხატვა.

დარწმუნებული ვარ, მეგობრებთან, ოჯახში სააკაშვილის ძალიან ბევრ თვისებას ჩამოთვლიან, რომელიც არ მოსწონთ. ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან და არ ამბობენ. დიდი დისკომფორტია, როდესაც ადამიანი არავის ენდობა. მუდმივად დაძაბული ხარ, არ თქვა ისეთი რამ, რაც ცუდად დაგხვდება წინ. აქ  ხომ დივერსიის მოწყობაზე არ არის საქმე, ლაპარაკია აზრის გამოხატვაზე, რომელიც სხვას არ ვნებს. ეს საბჭოური მემკვიდრეობაა და მისგან გათავისუფლებაა უმთავრესი  პრობლემა.

-  საზოგადოება, რომელზეც ზემოთ ილაპარაკეთ, გამოვა ოპოზიციის მოწოდებაზე, შეცვალოს  ხელისუფლება?

- ხალხი ასე არ გამოვა, მაგრამ შეიძლება გამოვიდეს დაძახების გარეშე. გააჩნია იმასაც, ვინ ეძახის, ის ხალხი, ვინც 200-ათასიანი მიტინგები უაზროდ დაშალა? არ ვამბობ, რომ 200 ათასი კაცი პარლამენტში უნდა შესულიყო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა დამდგარიყვნენ პარლამენტთან, ეთქვათ, რაც უნდოდათ. არიან პარტიები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს. ეს საკითხი ხომ უნდა იყოს მათი გამაერთიანებელი, მაგრამ ერთი ამბობს, 9 მაისს გამოდითო, მეორე კი 21 მაისზე ლაპარაკობს. პოლიტიკოსები, რომლებიც თარიღზე ვერ შეთანხმებულან, ნუ ჩათვლიან აბსოლუტურ იდიოტებად ადამიანებს, რომელთაც უჩნდებათ კითხვა, თქვენ თუ თარიღზე ვერ თანხმდებით, მე რაღაზე უნდა გამოვიდეო.

- ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ არჩევნების მომხრეები ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ.

- რით გამოიხატება, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. არც ერთი წაყენებული მოთხოვნა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე არ არის დაკმაყოფილებული. ეს პარტიები ბოლომდე, სანამ არჩევნების დღე არ დადგება, უნდა ისხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და თუ სააკაშვილი ძველებურად ჩაატარებს არჩევნებს, რევოლუციას მიიღებს. თუ არაფერი შეიცვალა, რვა პოლიტიკურ პარტიას ექნება უფლება განაცხადოს, ეს იყო არადემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებიო. მაგრამ ახლა რის გამო აწყობს რევოლუციას ზოგიერთი პარტია, არ ვიცით.

- არსებობს ასეთი აზრიც, რომ სააკაშვილი არასოდეს ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს.

- სააკაშვილმა ერთხელ სწორი ფრაზა თქვა, ოპოზიციის ადგილას რომ ვიყო, სამ თვეში გადავაყენებდი ხელისუფლებასო და მართლაც ასე იქნებოდა. პოლიტიკოსს წარმატების მისაღწევად საჭირო უნარები უნდა ჰქონდეს. M2008 წლის აგვისტოს შემდეგ სააკაშვილმა ფანტასტიკური რამ შეძლო - პოზიციები გაიმყარა, ამას მსოფლიოში არავინ ელოდა და ამაში ლომის წილი დეზორგანიზებულ ოპოზიციას უძევს.

- ზემოთ უნარები ახსენეთ და  ეროსი კიწმარიშვილი ამბობს, რაც ერთხელ გავაკეთე (რევოლუცია), იმას კიდევ გავაკეთებო.

- ეს რომ შეძლოს, ბატონ კიწმარიშვილს უნდა ჰქონდეს ტელევიზია, რომელსაც ექნება ეროვნული გადაფარვა და იმდენი ფული, რამდენიც "რუსთავი 2"-ს ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში შეძლებდა პროცესების ესკალაციას და  რევოლუციის წინა პირობის შექმნას, მაგრამ რევოლუციას მოახდენდა თუ არა, ძნელი სათქმელია. სააკაშვილი და ეს სახელმწიფო საკმაოდ მყარია იმისათვის, რომ რევოლუციური პროტესტი არ დაამთავროს გადადგომით.

- თუ ძალას გამოიყენებს, ის დაიმარხება, ასეთია ოპოზიციის რევოლუციური ნაწილის ლოგიკა.

- წინააღმდეგი ვარ ამ რევოლუციონერების გათვლისა, ვიღაც  უნდა მოკვდეს და მე ხელისუფლებაში უნდა მოვიდეო.

- გიპასუხებენ, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა ზოგჯერ სისხლს მოითხოვს.

- რევოლუციის მომხრე პოლიტიკოსები  ამბობენ, თუ ხალხი გამოვა, წინ ჩვენ დავდგებითო. 9 აპრილსაც ამავეს ამბობდნენ და წინაც იდგნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები, მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმე, მათ შორის ირაკლი  ბათიაშვილი დაშავდა. ვერავინ დამაბრალებს, რომ ამ მთავრობის მეხოტბე ვარ, მაგრამ არ შეიძლება ცუდი უარესით შევცვალოთ. ვინც იტყვის, რომ რევოლუციით შეცვლის ხელისუფლებას, მის გვერდით ვერ ვიქნები.