"ოქტომბრისთვის თუ მესამე მძლავრი ცენტრი არ შეიქმნება, ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს" - კვირის პალიტრა

"ოქტომბრისთვის თუ მესამე მძლავრი ცენტრი არ შეიქმნება, ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს"

"ოქტომბრისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას მძლავრი მიზიდულობის ცენტრი და როგორც შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებისკენ იძულება გავაკეთეთ ადამიანებმა, რომლებსაც თითქოს დაბალი მხარდაჭერა გვქონდა, ასე უნდა შევათანხმოთ ყველა მხარე", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მესამე მძლავრი ცენტრი არ შეიქმნება, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს.

კითხვაზე, იქნება თუ არა მესამე ცენტრი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ვერ გამოვა.

,,საქართველოს ხელისუფლება რომ შეიცვალოს აუცილებელია მესამე მძლავრი მიზიდულობის ცენტრის გაჩენა. სხვა შემთხვევაში, "ქართულ ოცნებას" ნეგატიური, არაფრისმკეთებელი კამპანიით 7 არჩევნები აქვს მოგებული. ბოლო არჩევნები გააყალბა კიდეც. ოქტომბრისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას მძლავრი მიზიდულობის ცენტრი. როგორც შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებისკენ იძულება გავაკეთეთ ადამიანებმა, რომლებსაც თითქოს დაბალი მხარდაჭერა გვქონდა, მაგრამ გვეყო ძალა პასუხისმგებლობა აგვეღო ჩვენს თავზე, ასე უნდა შევათანხმოთ ყველა მხარე, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და პერსონალურ დაპირისპირებას ავაცდინოთ. თუ მესამე მძლავრი ცენტრი არ შეიქმნება, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

"ნიკა მელია აუცილებლად გათავისუფლდება, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება პარლამენტში" - ვაშაძის თქმით, ამნისტიის კანონპროექტის მიღებამ უბრალოდ ერთი კვირით გადაიწია.

ვაშაძემ ასევე შეაფასა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, რომლის თანახმადაც ოპოზიცია პარლამენტში არ დადის და აღნიშნა, რომ "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს", რასაც საზოგადოება შეაფასებს.

ამასთან ვაშაძის თქმით, მათ განცხადებაც გააკეთეს, რომ სამშაბათს ბიუროს სხდომაზე მისვლას გეგმავდნენ.

"ყველა ადამიანი, ვინც ჩვენთან მოლაპარაკებაში იღებდა მონაწილეობას არც ერთი არ არის ახლა ფიზიკურად პარლამენტში. ჩვენ ჯერ ხუთშაბათს გავაკეთეთ განცხადება, რომ სამშაბათს ბიუროზე ვაპირებდით მისვლას და ამნისტიის კანონზე მსჯელობას. ასე რომ, ტყუილ მოკლე ფეხები აქვს და ამ ტყუილს აუცილებლად საზოგადოება შეაფასებს, რასაც "ქართული ოცნება აკეთებს. უბრალოდ, ერთი კვირით გადაიწია ამნისტიის კანონპროექტის მიღებამ, მეტს ვერ გადაწევენ. მე მზად ვიყავი , რომ ისეთი სამუშაო რეჟიმი გვქონოდა პარლამენტში , რომ უკან გამოხედვის შესაძლებლობა არ გვქონოდა არავის, მაგრამ გაიპარნენ ესენი და ყველა ისვენებს" , - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ამნისტიის კანონის ერთ-ერთი მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებაა.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონს აუცილებლად მიიღებენ და ნიკა მელია გათავისუფლდება.

"პირველი - ამნისტიის კანონის ერთ-ერთი მიზანი არის ნიკა მელიას გათავისუფლება. ყველაზე მეტხანს შეიძლება 5 კვირა იყოს ის საპატიმრო დაწესებულებაში . ამნისტიის კანონს აუცილებლად მივიღებთ და ის გათავისუფლდება. არაერთხელ ვთქვით, რომ ამნისტიის კანონამდე მექანიზმი ევროპულ და დასავლურ მხარესთან შეთანხმებული ვართ, რომ არის გირაო. მიშელმა პირადად აიღო საკუთარ თავზე პასუხიმგებლობა და ისტორიული გამონაკლისი დაუშვა ევროკავშირის არსებობის ისტორიაში და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. დანარჩენი მელიას გადასაწყვეტია. აქ თანხმობაზეც არ არის საუბარი, ჩემი აზრით, აქ უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ როგორც მინიმუმ ხელს არ ვკრავთ ამ ადამიანებს. არასწორი მგონია ჩემი მხრიდან იმაზე საუბარი ციხეში მჯდომი პოლიტპატიმრის პოზიციებზე. პოლიტიკაც, კაცობაც და ყველაფერი აბსოლუტურად არის ის პასუხიმგებლობა, რომელსაც ჩვენ დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ჩვენს თავზე ვიღებთ. ეს პასუხიმგებლობა არის ამნისტიის კანონი. ამიტომ თუ მოხდება შეთანხება, რომ ამ გირაოს დათანხმდება და ნეიტრალური პოზიცია ექნება და .ა.შ. ძალიან კარგი, გამოვა საპატიმროდან , მაგრამ ამისთვის "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შეუერთდეს დოკუმენტს და შევიდეს პარლამენტში. საბოლოო ჯამში, შემიძლია გითხრათ, საბოლოო სურათი რა მოხდება - მელია აუცილებლად გათავისუფლდება, "ნაციონალური მოძრაობა იქნება პარლამენტში" , - განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"