"ნიკანორ მელია მიშა სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ და სურვილებმა სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო" - კვირის პალიტრა

"ნიკანორ მელია მიშა სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ და სურვილებმა სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო"

ნიკანორ მელია მიშა სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ და სურვილებმა სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ კარგად იცის, გასაღები ვის ხელშია და ეს "გასაღები ფაქტიურად ნიკანორ მელიას ჯიბეშია, რომლის ამოღება და შესაბამის ადგილას გადატრიალება მარტივად შეუძლია", რის შემდეგაც საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

"სახის შენარჩუნებაც სურთ, უნდათ ევროკავშირის წინაშე ცუდად არ გამოჩნდნენ. ამ დროს, რეალურად რაღაც საშუალო გადაწყვეტილებას იღებენ, რომლის შინაარსი და კონტენტი ცოტა გაუგებარია საზოგადოებისთვის - რას ნიშნავს გირაოზე დათანხმება-არდათანხმება. ჩვენ მივიღებთ ამნისტიის აქტს და ნიკანორ მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო მანამდე გირაოსთან დაკავშირებით ცოტათი მეტად რომ გაერკვეს თავის სურვილებში და გმირად გახდომის ნაცვლად, სასაცილო მდგომარეობიდან როგორმე თავი დააღწიოს მთლიანად "ნაციონალურმა მოძრაობამ," მათთვის პოლიტიკურად კარგი იქნება. თუმცა, ის ნაბიჯები რაც დღემდე გადაიდგა, ის ჩიხი, რაც საკუთარმა ანტისოციალურმა ქცევებმა და გამოუცნობმა სურვილებმა, რაც კიევიდან, მიშა სააკაშვილის თავში მოხარშული სურვილებიდან მომდინარეობს, მართლაც სასაცილო მდგომარეობაში შეიყვანა ეს პიროვნება", - განაცხადა მათიკაშვილმა.