"თქვენ ნახეთ, პარლამენტში მაგათ რას ჩავუტარებთ, ახლა ჯერ კიდევ გაგვექცნენ ხელიდან" - გიორგი ვაშაძე უმრავლესობაზე - კვირის პალიტრა

"თქვენ ნახეთ, პარლამენტში მაგათ რას ჩავუტარებთ, ახლა ჯერ კიდევ გაგვექცნენ ხელიდან" - გიორგი ვაშაძე უმრავლესობაზე

დანიშნონ ხვალ ბიუროს სხდომა და ახალი პოზა ვაჩვენოთ ხალხს - ყველა "მაისკი პრაზდნიკებზეა" და პოზებზე ჩვენ გველაპარაკებიან, - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებას, რომ ოპოზიციის ნაწილი პოზას იჭერს, როცა ცდილობს ამნისტიის აქტთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობას" აჩვენოს, რომ ხელისუფლებას წინააღმდეგობას უწევს.

კითხვაზე, აქვს თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" და ნიკა მელიას მიმართ უხერხულობის გრძნობა მედიატორ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის გამო, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მას არანაირი უხერხულობის გრძნობა არ აქვს, ვინაიდან ის საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე მოქმედებს.

"თუ ის ფიქრობს, რომ პოზის დაჭერაა, სადაც ვართ, აგერ, ხვალ დანიშნონ ბიუროს სხდომა და ახალი პოზა ვაჩვენოთ ხალხს. მზად ვარ ამისთვის. ოღონდ ეს პროცესი დავიწყოთ, დავხუროთ საკითხები, რომელიც დასახურია და არა ის, რომ ყველა "მაისკი პრაზდნიკებზეა" და პოზებზე ჩვენ გველაპარაკებიან. მე რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი პრინციპებიდან და სიმართლიდან გამომდინარე", - აცხადებს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძემ "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც ის ამბობს, რომ "ოპოზიცია პარლამენტში არა თუ უქმეებზე, სამუშაო დღეებშიც არ მიდიოდა". როგორც გიორგი ვაშაძე განმარტავს, ირაკლი ზარქუა პარლამენტში ბიუროს სხდომის ჩამტარებელსაც კი ვერ იპოვის.

"კიდევ კარგი, ამირან გამყრელიძე რომ მაინც მუშაობს, მთავრობიდან ყველა შვებულებაშია წასული. რაღაც რომ დაგვემართოს კოვიდთან დაკავშირებით, რა უნდა ვქნათ, აღარ ვიცი. ქვეყანაში მართლა უბედურებაა, "მაისკი პრაზდნიკებამდე" მივედით უკვე.

ჩვენმა უქმე დღეებმა აიძულა ისინი, რომ ხელი მოეწერათ შარლ მიშელის დოკუმენტისთვის. დანიშნოს ხვალ ბიუროს სხდომა და მივალთ, პრობლემა არ არის. ირაკლი ზარქუა პარლამენტში ბიუროს სხდომის ჩამტარებელს ვერ იპოვის. არ მიყვარს სპეკულაცია ვინ სად არის, ჩვენი და ხალხის საქმისთვის, რომ არ არიან გადამალულები, ეს ყველას გვესმის. ხვალ დანიშნონ ბიუროს სხდომა რა დროსაც უნდათ, მე მივალ და გადავდებ ყველა შეხვედრას, 24/7-ზე ვმუშაობ. ხომ იძახიან მოვიდესო?! დანიშნონ ბიუროს სხდომა და მივალ. მუშაობა უნდა დავიწყოთ, ამნისტიის კანონი, საარჩევნო კოდექსი, საკონსტიტუციო ცვლილებები, ეკონომიკური ინიციატივები, 1000 ინიციატივაა, რომელიც მინდა დავაყენო.

თქვენ ნახეთ, პარლამენტში მაგათ რას ჩავუტარებთ, ახლა ჯერ კიდევ გაგვექცნენ ხელიდან. ნახეთ, მაგათ როგორ საქმეში ჩავრთავთ და ავამუშავებთ პარლამენტში. ძალიან ცდებიან, თუ დასვენებებით თავს დაიძვრენენ. პარლამენტში მუშაობა ისე წარმოუდგენიათ, 4 წელი რომ ისხდნენ და არაფერს აკეთებდნენ, ახლა ვნახოთ, რას ვუჩვენებთ საქმის კუთხით პარლამენტში", -აცხადებს გიორგი ვაშაძე.

"ინტერპრესნიუსი"