"ჩვენი მტრები და მეგობრები: სომხეთისათვის საქართველო ყველაზე საუკეთესო მეზობელია" - რას წერს სომხური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ჩვენი მტრები და მეგობრები: სომხეთისათვის საქართველო ყველაზე საუკეთესო მეზობელია" - რას წერს სომხური გამოცემა?

სომხური გაზეთი "არავოტი" ("Առավոს") აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ჩვენი მტრები და მეგობრები", რომელშიც აზერბაიჯანთან ომის შემდეგ წარმოქმნილი სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრობლემებია განხილული (ავტორი - რუბენ მეღრაბიანი, მთ.რედაქტორი).

"44-დღიანი ომის შემდეგ კვლავ მოხდა რეაქტუალიზება კითხვისა - "ბოლოსდაბოლოს, ვინ არიან ჩვენი მტრები და მეგობრები? და რა უნდა ვუყოთ მათ?". პასუხი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს - კონსპიროლოგიურიც, ემოციურიც, წინააღმდეგობრივიც, მაგრამ მასზე მაინც უნდა ვიმსჯელოთ", - წერს ავტორი და ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვებს: "ითვლებიან თუ არა ის სახელმწიფოები ჩვენთვის მტრებად, რომლებსაც კრემლი თავის მტრებად მიიჩნევს გამოცხადებული ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების გამო? ანუ არის თუ არა ჩვენთვის მტერი ის დასავლეთი, რომელსაც რუსეთი, თურმე, ივანე მრისხანის დროიდან სძულს, როგორც ამას ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს?

უპირველესად, დავიწყოთ იმით, რომ დასავლეთი, რა თქმა უნდა, ჩვენი მტერი არ არის. დასავლეთმა სანქციები ჩვენ კი არა, რუსეთს და ბელარუსს გამოუცხადა. დასავლეთი ჩვენს დიპლომატებს კი არა, რუს დიპლომატებს აძევებს... ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლი "მტრული სახელმწიფოების სიას" ადგენს, რომელშიც, სავარაუდოდ, შეყვანილია შემდეგი ქვეყნები: აშშ, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი... ამ ჩამოთვლილ სახელმწიფოებს შორის სომხეთის მტერი არცერთი არ არის, მათგან ერევანთან ყველას მეგობრული ურთიერთობა აქვს...", - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ხაზს უსვამს, რომ სომხეთისათვის "საქართველო ყველაზე საუკეთესო მეზობელია. აშშ - ნომერ პირველი ზესახელმწიფო, რომელთანაც, გასაგები მიზეზების გამო, მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. ასევე, პოზიტიური ურთიერთობა გვაკავშირებს ბალტიისპირელებთან, ბრიტანელებთან... ანუ რუსეთის მტრების სიაში ჩვენი მტრები არ არიან. სომხეთმა ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რომ კვლავ ისევ ისე არ დარჩეს, როგორც ეს 44-დღიანი ომის დროს მოხდა. პოლიტიკაში ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესები აქვს და როგორც რუსები ამბობენ, "კარტის თამაშის დროს ძმობა არ არსებობს". ასე რომ, ჩვენ იმათგან, რომლებმაც თამაში იციან და თავიანთ სასარგებლოდ იგებენ, არაფერი უნდა გვეწყინოს. ჩვენ დასკვნა საკუთარი ინტერესების საფუძველზე უნდა გავაკეთოთ - ვინაა მტერი და ვინ მეგობარი", - აღნიშნულია სტატიაში.

"ბოლოსდაბოლოს, სომხეთის საგარეო პოლიტიკის კრედო მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს: გვყავდეს რაც შეიძლება მეტი მეგობარი, ნეიტრალურები მეგობრებად გავიხადოთ და მტრები გავანაიტრალოთ", - წერს ავტორი პუბლიკაციის დასასრულს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ