"ანჯეი დუდა ვლადიმერ ზელენსკის ქართულ ხაფანგში იტყუებს" - რას წერს პოლონური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ანჯეი დუდა ვლადიმერ ზელენსკის ქართულ ხაფანგში იტყუებს" - რას წერს პოლონური გამოცემა?

პოლონურ ჟურნალ "Myśl Polska"-ში ("პოლონური აზრი") გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ანჯეი დუდა ვლადიმერ ზელენსკის ქართულ ხაფანგში იტყუებს", რომელშიც პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობაა განხილული და შედარებაა გაკეთებული საქართველოს პრეზიდენტის მოქმედებასთან 2008 წელს: რას ჰპირდებოდა პოლონეთი თბილისს და რა მიიღო საბოლოოდ საქართველომ (ავტორი - მათეუშ პისკორსკი). "3 მაისს უკრაინის პრეზიდენტი ვარშავას ეწვია, პოლონეთის კონსტიტუციის 230 წლისთავთან დაკავშირებით, სადაც მას თავისი პოლონელი კოლეგა ანჯეი დუდა ისეთ რაღაცებს დაჰპირდა, რომ აშკარაა - მას უკრაინისთვის სიკეთე არ სურს", - აღნიშნავს ავტორი.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

ყირიმი ანჯეი დუდას წარმოდგენებში

"ვლადიმერ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ თავაზიანად გადაუხადა მადლობა ანჯეი დუდას პოლონეთის მიერ გამოხატული პოზიციისათვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ყირიმის რუსეთისადმი კუთვნილების აუღიარებლობის საკითხში. თუმცა ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყირიმის ნახევარკუნძულის თემა, ფაქტობრივად, უკვე დიდი ხნის დახურულია: დასავლელი უკიდურესი ფანტაზიორებიც კი კარგად აცნობიერებენ, რომ ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთის შემადგენლობაში დარჩებიან. სიტუაციის შეცვლა მხოლოდ ერთ გარემოებას შეუძლია: თუ რუსეთის მესამე მსოფლიო ომში დამარცხდება ან მისი სახელმწიფოებრიობა კრახით დასრულდება. არადა, უახლოეს პერსპექტივაში ასეთი რამ მოსალოდნელი ნამდვილად არ არის.

ამის მიუხედავად, ანჯეი დუდამ მაინც აღუთქვა თავის კოლეგას, რომ უკრაინას ყირიმი აუცილებლად დაუბრუნდება და უთხრა, რომ საკითხს ევროკავშირის სამიტზე დააყენებს, თუმცა კარგად იცის, რომ ამ კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტას ვერავინ შეძლებს, მისი გავლენიანი მეგობრების ჩათვლით. ყველაფერი ცარიელი ფრაზებით დასრულდება.

ვარშავის დიპლომატიის პროგრესირებადი დეგრადაცია

საერთოდ, ახლო ისტორიას თუ გადავხედავთ, უკრაინასთან მიმართებით პოლონეთის აქტიურობის ბოლო აკორდი იმ დროს მოხდა, როცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი იყო, ჯერ კიდევ ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის ჟამს (2014 წლის თებერვალში). შემდეგ იანუკოვიჩი მალე დაამხეს და ვარშავა -კიევის ურთიერთობებიც შესუსტდა. დღეს იმის წარმოდგენაც კი რთულია, რომ პოლონეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ თავისი გერმანელი ან ფრანგი კოლეგების - ჰაიკო მაასისა და ჟან-ივ ლე დრიანის თანასწორი იყოს.

ბუქარესტული ცუდი ასოციაციები: მიხეილ სააკაშვილი

ანჯეი დუდამ დაარწმუნა ვლადიმერ ზელენსკი, რომ ვარშავა კვლავაც მხარს დაუჭერს უკრაინის ნატოში გაწევრების იდეას "ბუქარესტის ათეულის" სამიტზე, მაგრამ საინტერესოა, როგორ? ლობირება ამ საკითხში რთულია, რადგან ალიანსის წევრების უმეტესობის პოზიცია ნეგატიურია. ამ კონტექსტში ბუქარესტთან დაკავშირებული სხვა სამიტი შეიძლება გავიხსენოთ, რომელიც 2008 წლის აპრილში გაიმართა.

როგორც ცნობილია, იმ დროს პოლონეთი, აშშ-ის წაქეზებით, ნატოს გაფართოების პროცესის მხარდაჭერით გამოვიდა და წინადადება წამოაყენა ალიანსის რიგებში საქართველო და უკრაინა მიღებულიყო, რომლებსაც იმ პერიოდში მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშენკო ხელმძღვანელობდნენ. თუ რით დასრულდა 2008 წლის აგვისტოს ომი, ყველამ კარგად ვიცით. მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკურად ყველაფერი წააგო. მას ვერ დაეხმარა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და სხვა "მეგობრების" კურიოზული მისია თბილისში, რომელიც საღ აზრთან შეუთავსებელი იყო. საქართველოს ყოფილი ავტორიტარული პრეზიდენტი დღეს ეგზოტიკურ თანამდებობებს იცვლის თავისი ამერიკელი მეგობრების დახმარებით.

ვლადიმერ ზელენსკი, ერთი შეხედვით, თითქოსდა ჭკვიან ადამიანს ჰგავს, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს. ანჯეი დუდა, რომელიც მას ნატოში გაწევრიანების პირობას აძლევს, ამით პოლიტიკური თვითმკვლელობისაკენ უბიძგებს, ან მინიმუმ უკიდურესად სარისკო თამაშს სთავაზობს. აშკარაა, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ამ შემთხვევაში, უბრალოდ, ვაშინგტონზე მუშაობს, რომელიც, ასევე, დაპირებებს აძლევს კიევს და ვარშავას, რომ მათ ბოლო უკრაინელ და ბოლო პოლონელ ჯარისკაცამდე დაიცავს", - წერს მათეუშ პისკორსკი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ