"მგონია, ერთი წელი რომ დაცლოდა სააკაშვილს, დავით გარეჯა მთლიანად დაიკარგებოდა ჩვენი ქვეყნის შემადგენლობიდან" - კვირის პალიტრა

"მგონია, ერთი წელი რომ დაცლოდა სააკაშვილს, დავით გარეჯა მთლიანად დაიკარგებოდა ჩვენი ქვეყნის შემადგენლობიდან"

მგონია, ერთი წელი რომ დაცლოდა მიშა სააკაშვილს, დავით გარეჯი მთლიანად დაიკარგებოდა ჩვენი ქვეყნის შემადგენლობიდან და ეს ყველაფერი უკუღმა იქნებოდა, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლის თქმითაც, ერთი წელი რომ დაცლოდა, ყველაფერი დასრულებული იქნებოდა და "გარეჯი იქნებოდა ბოლომდე, მთლიანად დაკანონებული აზერბაიჯანის მხრიდან, როგორც საქართველოს ნაწილი".

მათიკაშვილის თქმით, დავით გარეჯი შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" დროს საერთოდ საქართველოს იურისდიქციიდან გასულიყო და ეს პროცესი "ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა.

"მიშა სააკაშვილის პოლიტიკის შედეგია ძალიან ბევრი ცუდი რამ, რაც საქართველოში დატრიალდა. გარეჯთან მიმართებით სისხლის სამართლის საქმეზე ცხადია, თავისი პასუხები გაცემული იქნება, მაგრამ არის ფაქტები, რომელიც საზოგადოებამ ისედაც ძალიან კარგად იცის. პროცესი მიდიოდა იქითკენ, რომ შესაძლოა ამ ტერიტორიის საერთოდ ჩვენი იურისდიქციიდან გასვლა გამოეწვია. ეს შეჩერდა სწორედ იმ აქტიური ქმედებებით, რაც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გაკეთდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენს სტრატეგიულ მეგობარ, მეზობელ სახელმწიფო აზერბაიჯანთან აუცილებლად მოიძებნება შემხვედრი გზები, რომელიც ამ პრობლებას ღირსეულად და სამართლიანად მოაგვარებს", -განაცხადა მათიკაშვილმა.