"ზურაბიშვილმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ პრეზიდენტობის გამო დავალებული იყო არა "ოცნებასთან", არამედ ივანიშვილთან - ეს ფსიქოლოგიური ბარიერი მოეხსნა" - კვირის პალიტრა

"ზურაბიშვილმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ პრეზიდენტობის გამო დავალებული იყო არა "ოცნებასთან", არამედ ივანიშვილთან - ეს ფსიქოლოგიური ბარიერი მოეხსნა"

ზურაბიშვილმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ როცა ის გახდა პრეზიდენტი, თავის პრეზიდენტობის გამო დავალებული იყო არა "ქართულ ოცნებასთან", არამედ ბიძინა ივანიშვილთან. თუ ეს ფსიქოლოგიური ბარიერი მისთვის არსებობდა, ეს ფსიქოლოგიური ბარიერი მოეხსნა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ზურაბიშვილის განცხადებები და საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება მისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან საერთაშორისო პარტნიორებთან დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერის იმიჯი ჰქონდეს.

"ზურაბიშვილმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ როცა ის გახდა პრეზიდენტი, თავის პრეზიდენტობის გამო დავალებული იყო არა "ქართულ ოცნებასთან", არამედ ბიძინა ივანიშვილთან. თუ ეს ფსიქოლოგიური ბარიერი მისთვის არსებობდა, ეს ფსიქოლოგიური ბარიერი მოეხსნა. დღეს ზურაბიშვილმა უნდა იფიქროს არამარტო იმაზე, რომ დამოუკიდებლად დაიწყოს თავისი აზრის დაფიქსირება, არამედ იმაზეც, რომ ხვალ და ზეგ რა იქნება, როცა ის საპრეზიდენტო კარიერას დაამთავრებს. ყველა ამ პროცესში ჩართულია დასავლეთი და მისთვის მნიშვნელოვანია დასავლეთის პოლიტიკურ ელიტასთან ჰქონდეს იმიჯი როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერის. ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისი არგუმენტებია იმისთვის, რომ მან დამოუკიდებელი მოქმედებები დაიწყოს" , - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დარჩება როგორც დამოუკიდებელი ფიგურა და შემდეგ ისევ არ დაუბრუნდება იმ სტილს, რაც დღემდე ჰქონდა.

"აქ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი, ამ პოლიტიკურ ვითარებაში, გარდა იმისა, რომ ქართული მხარეა ჩართული, ასევე ჩართულია დასავლეთი. მეტ-ნაკლებლად პრეზიდენტმა ანგარიში უნდა გაუწიოს დასავლეთსაც, რომ ის წარმოჩნდეს დამოუკიდებელ ფიგურად. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა დაიწყო თავისი ფუნქციის შესრულება. ეს ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს, ცალკე თემაა. რა თქმა უნდა, მან ანგარიში უნდა გაუწიოს ნებისმიერ ვარიანტში აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაგრამ ასეთივე ანგარიში უნდა გაუწიოს ოპოზიციასაც და ის უნდა იყოს მიუკერძოებელი არბიტრი. ასეთია საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი. ძალიან კარგი იქნება თუ ეს მომენტი არ დარჩება მის საპრეზიდენტო კარიერაში როგორც გამონათება და ის შემდეგ ისევ არ დაუბრუნდება იმ სტილს, რაც დღემდე ჰქონდა", - განაცხადა ძაბირაძემ.

"ინტერპრესნიუსი"