"ეგრე არ იყო? არ გადაარჩინა ქრისტიანულმა რუსეთმა ქრისტიანული საქართველო?" - ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ორი თვის წინ, რუსეთის საგარეო უწყების ანალიტიკოსს შეხვდა - კვირის პალიტრა

"ეგრე არ იყო? არ გადაარჩინა ქრისტიანულმა რუსეთმა ქრისტიანული საქართველო?" - ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ორი თვის წინ, რუსეთის საგარეო უწყების ანალიტიკოსს შეხვდა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, მიიჩნევს, რომ "ქრისტიანულმა რუსეთმა გადაარჩინა ქრისტიანული საქართველო". ამის შესახებ ორგანიზაცია "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"არ იყო ეგრე? არ გადაარჩინა ქრისტიანულმა რუსეთმა ქრისტიანული საქართველო გენოციდისაგან და განადგურებისაგან? თუ გნებავთ, ერეკლეს შემდგომ პერიოდში.

რუსეთის, როგორც სახელმწიფოს მიმართ რომ აუცილებელი არის დიალოგი, ეს არის გამწარებული პრაგმატიკოსის პოზიცია, რეალისტის პოზიცია, მე ვამბობ - ანა-ბანა, ორჯერ ორი ოთხია, გვინდა დავიბრუნოთ ცხინვალი და აფხაზეთი?... რეალიზმი არის სიმართლისათვის თვალის გასწორება, ილუზიებისა და რომანტიზმისაგან გათავისუფლება, ისეთი რაღაცის გაკეთება რაც არ გინდა, ძნელია, მაგრამ აუცილებელია.

ვართ ოკუპირებულები ორივე მხრიდან - პირდაპირ, სამხედრო თვალსაზრისით რუსეთისგან და იდეოლოგიური, მასმედიური, ფინანსური თვალსაზრისით გლობალისტების მხრიდან. მე არასდროს არ ვიქნები და არ ვარ ანტიამერიკელი და ანტიევროპელი, რაც არ უნდა მაბრალონ ეს. მე ვარ ანტილიბერალი და ანტიგლობალისტი. ამერიკულ სახელმწიფოს არ გააჩნია სხვა საგარეო პოლიტიკა გარდა ლიბარალურ გლობალისტური პოლიტიკისა. ჩვენ ვართ რა ამ კლანჭებში, ამ კლანჭებს არ აწყობს, ჩვენ გვქონდეს რაიმე შანსი ამ (რუსეთთან) დიალოგისა", - ამბობს ვასაძე.

ამასთან, ამავე გადაცემაში ვასაძემ განაცხადა, რომ ის დაახლოებით ორი თვის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომუშავე ერთ-ერთ ანალიტიკოსს შეხვდა და საუბარი რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობას ეხებოდა, რა დროსაც თანამოსაუბრემ უთხრა, რომ რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა ვიზების გაუქმება საქართველოსთან, თუმცა მას შემდეგ, რაც "ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პუტინს დედა აგინა", ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.

"მე მოგიყვანთ ჩემი ცხოვრებიდან ერთ-ერთ უახლეს მაგალითს. ვსადილობდი ერთ-ერთ წამყვან ინტელექტუალთან, ანალიტიკოსთან, რომელიც მუშაობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს, თავისთავად, კრიმინალია უკვე ბევრი ქართველისთვის - რას ჰქვია, რუსულად ლაპარაკობ და რუს ანალიტიკოსს ესაუბრები?! მაგრამ, წარმოიდგინეთ, მე ერთ-ერთი კაცი ვარ იმ 700 000 ქართველიდან, ვინც მოძრაობს რუსეთში და საუბრობს რუსებთან - დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და ცხინვალი და ამის სანაცვლოდ, ვიყოთ მეგობრები.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს კაცი მე მეუბნება - სიმართლეს ამბობს თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე მაქვს მიზეზები, მიმაჩნდეს, რომ ეს კაცი სიმართლეს მეუბნება - ჩვენ ვლაპარაკობდით, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ რამენაირად დაიწყოს დათბობა ქართულ-რუსული ურთიერთობების საზოგადოებრივ დონეზე მაინც. მაგალითად, გაუქმდეს ვიზები და ეს კაცი მეუბნება - იმ დღეებში, როდესაც გამზადებული იყო გადაწყვეტილება ამ ვიზების გაუქმებისა ჩვენი მხრიდან და რუსეთის პრეზიდენტს უნდა გამოეცხადებინა ამ გადაწყვეტილების შესახებ, გამოვიდა თქვენი ე.წ. ერთ-ერთ ჟურნალისტი და დედა აგინა მას პირდაპირ ეთერში და ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება გაუქმდა," - ამბობს ლევან ვასაძე.

წამყვანის კითხვაზე, თუ როდის შედგა ეს შეხვედრა, ლევან ვასაძე პასუხობს, რომ ეს იყო, დაახლოებით, 2 თვის წინ.

წყარო