"სასურველია, რომ მელიამ გაიმარჯვოს... ბიძინამ და მიშამ, ერთმანეთს ელაპარაკონ ხოლმე ტელეფონზე" - კვირის პალიტრა

"სასურველია, რომ მელიამ გაიმარჯვოს... ბიძინამ და მიშამ, ერთმანეთს ელაპარაკონ ხოლმე ტელეფონზე"

"ნაციონალური მოძრაობა" დღეს არის ძალიან არაერთგვაროვანი, იქ მინიმუმ ორი ხაზი არსებობს. უახლოესი ორი კვირა, ალბათ, ეს იქნება მთავარი ინტრიგა, რომელი ხაზი გაიმარჯვებს - მელიას ხაზი თუ სააკაშვილის ხაზი,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, სასურველია ამ პროცესში მელიას ხაზმა გაიმარჯვოს და მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მსგავსად ოფიციალურად დაისვენოს.

ამასთანავე, როგორც ხუხაშვილმა განმარტა, ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა მიხეილ სააკაშვილისთვის შესაძლოა, კომფორტული იყო, რადგან სწორედ მელიაა ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც სააკაშვილის რევოლუციური მოწოდებებისთვის უარის თქმა შეუძლია.

"ნაციონალური მოძრაობა" დღეს არის ძალიან არაერთგვაროვანი, იქ მინიმუმ ორი ხაზი არსებობს, თუ რადიკალურად არა, საკმაოდ განსხვავებული. ჩვენ უკვე უნდა ვისაუბროთ "ნაციონალურ მოძრაობაში" ვინ აიღებს კონტროლს, უახლოესი ორი კვირა, ალბათ, ეს იქნება მთავარი ინტრიგა, რომელი ხაზი გაიმარჯვებს - მელიას ხაზი თუ სააკაშვილის ხაზი. სასურველია, რომ მელიამ გაიმარჯვოს. ბიძინამ ოფიციალურად დაისვენა და ასე ოფიციალურად დაისვენოს ცოტა ხანს მიშამაც, ერთმანეთს ელაპარაკონ ხოლმე ტელეფონზე.

მელიას ციხეში ჯდომა კომფორტს უქმნიდა სააკაშვილს, მას უყოფდა პარტიულ ძალაუფლებას ფაქტობრივად. ბოლო პერიოდში მელიამ მოახერხა და შექმნა საკუთარი პოლიტიკური სახე ანუ საკუთარი პოლიტიკური წონა შეიძინა და სააკაშვილს შეუქმნა საფრთხე ანუ ექსკლუზივი პარტიაზე სააკაშვილმა დაკარგა. ქვეცნობიერად სააკაშვილისთვის კომფორტულია, როდესაც მელია არის მოლოდინის რეჟიმში გადასული. "ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია სააკაშვილის რევოლუციურ მოწოდებებზე პარტიაში უთხრას "არა", არის მელია და თავისი გაიტანოს, ამიტომ, ბუნებრივია, რომ მისთვის არ არის კომფორტული ფიგურა მაინც და მაინც", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთანავე, ექსპერტის შეფასებით, მელიამ ევროკავშირის გირაოს გადახდაზე აქამდე არსებული უარით ცოტა გადაამლაშა და სჯობდა აქამდე დაეტოვებინა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ხუხაშვილის თქმთ, მელიას უარმა გირაოზე თავისი პოლიტიკური საქმე უკვე გააკეთა.

"სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა გადაამლაშა მელიამ, სჯობდა ცოტა ადრე გადაედგა ეს ნაბიჯი და გაეფორმებინა გამარჯვება, რომელიც დიდწილად მან მოიტანა. მელიამ შედეგად მიიღო რაღაც ტიპის შეთანხმება და ჩაჭრა ეს მანკიერი სქემა, რასაც ჰქვია სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, მათი კონსერვაცია და ადამიანების შანტაჟი, პრესინგი და ვაჭრობა ამ პოლიტიკური თემით. მე ვფიქრობ, ეს ორივე ამოცანა დღეს არის შესრულებული. კარგი იქნებოდა, რომ როდესაც მან ცნობილი განცხადება გააკეთა ციხიდან, სჯობდა, მაშინვე გამოსულიყო, თუმცა ახლა გამოსვლაც კარგია, იმიტომ, რომ რამდენიმე პრობლემა იქმნება მისი ციხეში ჯდომით. ხედავთ, რომ ოპოზიციაში სერიოზული დაპირისპირების სახე მიიღო ამ ყველაფერმა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"