"როცა ივანიშვილმა ხუხაშვილის პირით შეხვედრა შემომთავაზა, მან მითხრა, პარკში რომ შეგხვდა და მოგესალმა, ის კაცი შეხვედრას გთხოვსო" - კვირის პალიტრა

"როცა ივანიშვილმა ხუხაშვილის პირით შეხვედრა შემომთავაზა, მან მითხრა, პარკში რომ შეგხვდა და მოგესალმა, ის კაცი შეხვედრას გთხოვსო"

"ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს და პარლამენტში შედიან. ახლა ყველა ძალა უნდა იყოს გადართული კრიზისის განმუხტვაზე. ხელისუფლებას ვურჩევდი, რაც მისი გასაკეთებელია, ის აკეთოს და ნუ აქცევს ამდენ ყურადღებას "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგს", - ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.

- 2012 წლის თებერვალში ბიძინა ივანიშვილმა შემომითვალა, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა. როცა შევხვდი, შემომთავაზა, რომ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვყოფილიყავი. მაშინ "ქალთა პარტიის" ხელმძღვანელი გახლდით, 4 წელში ერთხელ ყრილობას ვატარებდით და ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა. ჩავატარეთ ყრილობა, "ქალთა პარტიის" ხელმძღვანელად სხვა ავირჩიეთ და მე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი გავხდი. დღემდე ერთგული ვარ ამ პარტიის. მიმაჩნია, რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში "ქართული ოცნება" არის ყველაზე ადამიანური, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პარტია და ქვეყანას ჰყავს ძალიან მონდომებული და წესიერი მთავრობა.

- მანამდე იცნობდით ივანიშვილს?

- ერთხელ ვნახე ციცინათელას პარკში, იქ შვილიშვილი მყავდა მიყვანილი, ბიძინას - თავისი შვილი. ჩემი ბავშვის ძიძამ მითხრა, ეს არის ივანიშვილიო, მანაც დამიკრა თავი და მომესალმა, მეც მივესალმე. ეს იყო ჩვენი შეხვედრა. როცა გია ხუხაშვილის პირით შეხვედრა შემომთავაზა, ხუხაშვილმა მითხრა, პარკში რომ შეგხვდა და მოგესალმა, ის კაცი შეხვედრას გთხოვსო. ერთხელ ბიძინამაც თქვა, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი, ოპოზიციონერებიდან მხოლოდ გუგულის შევხვედრივარო, გულისხმობდა ციცინათელას პარკში შემთხვევით შეხვედრას. გადმომცეს, რომ ბიძინას ძალიან კარგი წარმოდგენა აქვს თქვენზეო. ბიძინა მერეც ამბობდა, გუგული მაგარი ქალიაო. ასე მოვხვდი "ქართულ ოცნებაში". 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს კი უსისხლოდ, ძალიან რთულ მოწინააღმდეგესთან გავიმარჯვეთ.

ხომ არ გგონიათ "ნაცმოძრაობა" ისეთი პოლიტიკური ძალაა, რომ ხელი არ გაუნძრევია? ბევრი რამ ჰქონდა მომზადებული, რომ ქვეყანაში არეულობა გამოეწვია, მაგრამ რაც მთავარია, ხალხის ნება იყო იმ ხელისუფლების შეცვლა. საერთაშორისო საზოგადოებრიობა აკვირდებოდა პროცესებს და ხალხის ნებას ხედავდა. არსებულ ხელისუფლებას ასეთ დროს ეუბნებიან, წინააღმდეგობა არ უნდა გასწიოო. ასე რომ, მშვიდობიანად დამთავრდა ყველაფერი და კოაბიტაცია შედგა. ბატონი ბიძინა ამბობდა, ვინც სისხლშია გასვრილი, ვერ ვაპატიებთ, მაგრამ ვინც სხვადასხვა გარემოების გამო მუშაობდა სისტემაში, უნდა მივცეთ თავიანთი კეთილსინდისიერების დამტკიცების საშუალება, დაამტკიცონ, რომ ზეგავლენას და ზეწოლას განიცდიდნენ და ეს მათი სურვილი არ იყოო. თუმცა აღმოჩნდა, რომ დღესაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ვერ დააფასეს ეს მიდგომა და ვეჭვობ, მაშინდელი ხელისუფლების ერთგულების გამო მტრობენ ქვეყანას.

- ახალ პარლამენტში რატომ არ ხართ?

- პარტიას თავისი სტრატეგია და შეხედულებები აქვს - ცვლილებები, ახალი სახეები სჭირდება და მათი გადასაწყვეტია, როდის ვინ იქნება საპარლამენტო სიაში. 12 წელი პარლამენტში ყოფნა არ არის ცოტა და ახლა სხვებსაც უნდა ჰქონდეთ იქ მუშაობის შესაძლებლობა. მე არსად წავსულვარ, დღესაც ჩართული ვარ ისეთ საქმიანობაში, რაც პარტიასა და ქვეყანას სჭირდება. უნივერსიტეტში ჩემი სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობის გარდა, ვარ ჩართული იმ ჯგუფის მუშაობაში, რომელიც განათლების სამინისტროში მუშაობს 2021-2030 წლების განათლების სტრატეგიაზე, რაც ჩვენისთანა ქვეყნისთვის ძალზე საშური საქმეა, განათლება ხომ განვითარების აუცილებელი პირობაა?! იხილეთ სრულად