"იქნებ "ოცნების" ლიდერებს ისეთი კომპრომატები აქვთ, რომელთა გახმაურება პრეზიდენტს ადვილად დამყოლს გახდის?" - კვირის პალიტრა

"იქნებ "ოცნების" ლიდერებს ისეთი კომპრომატები აქვთ, რომელთა გახმაურება პრეზიდენტს ადვილად დამყოლს გახდის?"

"ზურაბიშვილს ვეტოს უფლება რომ გამოეყენებინა, წელგამართული იქნებოდა ოპოზიციის წინაშე და მეტი ნდობით ისარგებლებდა"

"გაუგებარი და მოულოდნელი" - ასე აფასებს ანალიტიკოსთა ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, არ დაედო ვეტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებისთვის. როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განმარტა, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურა "ნაკლებად იძლეოდა ყველასთვის არგუმენტების წარდგენის ერთნაირ შესაძლებლობას". თუმცა ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ კმაროდა. "ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობასა და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტიანად იქნეს გამოყენებული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რატომ იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარი და უკავშირდება თუ არა კოდექსში შესული ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ამ საკითხებზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:

- ველოდი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა. მოლოდინი უპირველესად იმ ფაქტორს ეფუძნებოდა, რომ დღეს სამართალდამცავებსა და ოპოზიციას შორის კატასტროფულად დიდი უნდობლობაა. მეგონა, პრეზიდენტი ამას გაითვალისწინებდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ეს ნამდვილად არ მოუტანს ხეირს არც ხელისუფლებას და არც ქვეყანას! პირიქით, უფრო გაართულებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობას. პრეზიდენტს ისიც უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მას "ქართული ოცნების" მორჩილად თვლის.

ქალბატონ ზურაბიშვილს ვეტოს უფლება რომ გამოეყენებინა, წელგამართული იქნებოდა ოპოზიციის წინაშე და მეტი ნდობით ისარგებლებდა. თუ ხვალ ისევ გართულდება ვითარება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩვენ ისევ არ გვეყოლება მათ შორის მომლაპარაკებელი, ნეიტრალური ფიგურა და ისევ დანიელსონისა და მიშელის დახმარება დაგვჭირდება. ეს კი თავმოყვარე პოლიტიკოსებს, სულ ცოტა, უხერხულობას უნდა უქმნიდეს.

- ოპოზიცია ამბობს, რომ პრეზიდენტი არ იყო დამოუკიდებელი ამ გადაწყვეტილების მიღებისას და მასთან შს მინისტრის სტუმრობაზე მიანიშნებენ. - ამ აზრისგან შორს არც მე ვდგავარ. პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს აუცილებლად უნდა გამოეყენებინა ვეტოს უფლება, რადგან არ გამოიყენა, ესე იგი, შესაბამისი მითითება მიიღო.

- თქვენი კოლეგები ჯერ კიდევ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებამდე ამბობდნენ, რომ ის ადვილად სამართავი არ იქნებოდა და ივანიშვილისთვის თავსატეხი გახდებოდა. ცოტა ხნის წინ ასეთი ვერსიაც გამოითქვა: თითქოს ის მხოლოდ ივანიშვილის წინაშე თვლიდა თავს დავალებულად და ახლა საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას დაიწყებდა, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან დამოუკიდებელი ლიდერის იმიჯი შეექმნა. ახლა რა შეიცვალა? - იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ზურაბიშვილი მხოლოდ ივანიშვილის მადლიერი იყო საპრეზიდენტო არჩევნებში სამთავრობო გუნდის მხარდაჭერის გამო და მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ თავისი რეალური ფუნქციის შესრულებას დაიწყებდა. ისიც მეგონა, რომ გაითვალისწინებდა ამ კანონთან დაკავშირებულ აშშ-ის საელჩოს მკაცრ შენიშვნებს. შეგახსენებთ, რომ ელჩმა ამ კანონს პირდაპირ არასაჭირო და უსარგებლო უწოდა. არც ვიცი, რა ვთქვა, იქნებ "ქართული ოცნების" დღევანდელ ლიდერებს ისეთი კომპრომატები აქვთ, რომელთა გახმაურება პრეზიდენტს ადვილად დამყოლს გახდის? ვერ დავიჩემებ, თუმცა ამის ფიქრის საფუძველი მაქვს.

- ხელისუფლებას რისთვის დასჭირდა ასეთი სადავო კანონის მიღება?

- ვერ მოვისმინე რეალური არგუმენტი, თუ რატომ გახდა საჭირო ასეთი კანონი. თუმცა პრობლემას კანონზე მეტად საზოგადოებისადმი მიდგომაში ვხედავ.

როდესაც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კანონს ასე დაჩქარებულად, ოპოზიციასთან განხილვის გარეშე იღებ, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ გვეუბნები, არ მაინტერესებს თქვენი აზრი, მე მაქვს უმრავლესობა და რასაც მინდა, იმას ვიზამო.

30 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლება ცდილობდა ისეთი კანონების მიღებას, რომლებითაც ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების გამოხატვის უფლებას შეზღუდავდა. ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს მიიღეს კანონი, რომ საპროტესტო აქციები უნდა ჩატარებულიყო მხოლოდ იპოდრომზე. პირველი ორი აქცია მართლაც იპოდრომზე ჩატარდა, მესამე ჯერზე ეროვნული მოძრაობის აქციამ რუსთაველის პროსპექტი მთლიანად დაიკავა.

როდესაც ხელისუფლება საზოგადოების მხარდაჭერას კარგავს, შემზღუდავი კანონები ვეღარ მუშაობს. თუ აქტივისტს ათდღიანი პატიმრობის არ ეშინია, 15-დღიანის რატომ შეეშინდება? "ნაციონალებმაც" მიიღეს კანონი, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები 50 მეტრით არ უნდა მიახლოებოდნენ ადმინისტრაციულ შენობებს. 2012 წელს ვინ ზომავდა 50 მეტრს? ასეთი კანონები საბოლოოდ ისევ ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს. - 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულებმა გაავრცელეს განცხადება, რომ პრინციპულად არ ეთანხმებიან როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის ინიცირებულ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტებს.

- გასაგებია, რომ არც ერთი კანონპროექტი მოსწონთ და არც მეორე, მაგრამ რა სურთ მათ?

- არ გაუქმდეს 20 ივნისის დარბევის ორგანიზატორთა და შემსრულებელთა პასუხისმგებლობა და დაზარალებულებს არ მოესპოთ შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება.  - ასეთი პოზიცია ხომ მელიასაც ჰქონდა? ესე იგი, დაზარალებულები "ნაციონალების" პოზიციას იზიარებენ? ხომ ვიცით, ასეთი წერილები როგორ ვრცელდება... ისიც ვიცით, რომ ამნისტიის არც ერთი ვარიანტი არ მოსწონთ "ნაციონალებს". ოპოზიცია, მათ შორის "ნაცმოძრაობაც", ხომ დათანხმდა შარლ მიშელის ვარიანტს, სადაც ამნისტიაზეც იყო საუბარი? მაშინ რატომ არაფერი თქვეს, ვერ გაბედეს? თუ "ნაცმოძრაობას" ძალიან შესტკიოდა მათზე გული, თავის დროზე ამოეღოთ ხმა!

- რას უნდა ნიშნავდეს მელიას გაჯიუტება - ის ევროკავშირის გირაოს დათახმდა, თუმცა ამნისტიის შესახებ მისი აზრი უცვლელია. - საინტერესოა, რატომ დათანხმდა ევროკავშირის გირაოს? თუ გირაოთი გამოსვლა სურდა, თავად ვერ გადაიხდიდა? საქმე ის არის, რომ "ნაციონალებს" სურთ ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს მელია ევროკავშირმა გამოიხსნა და ამნისტიის კანონი საჭირო აღარ არის. "ნაციონალები" ვითარების შელამაზებას ცდილობენ, სინამდვილეში ევროკავშირმა ჩვეულებრივი გირაო გადაიხადა.

- თქვენი კოლეგების ერთი ნაწილის აზრით, დღეს "ნაცმოძრაობაში" მინიმუმ ორი ხაზია და ახლა ინტრიგა იმაშია, მელიას ხაზი გაიმარჯვებს თუ სააკაშვილის. - არ გამოვრიცხავ, რომ ციხეში ჯდომის თაობაზე სააკაშვილსა და მელიას შორის კონსულტაციები გაიმართა, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ყველაფერი ექსპრეზიდენტის სურვილის მიხედვით წყდებოდეს. რეალობა ასეთია - მელია უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, თუ "ნაცმოძრაობის" ინიცირებული კანონპროექტი გავა. იქ არის ჩანაწერი, რომ ბრალდებულს უფლება აქვს უარი თქვას ამნისტიაზე.

- გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მერობის კანდიდატობაზე მელიას იმ შემთხვევაში დაუჭერდა მხარს, თუ ის "ნაცმოძრაობის" ლიდერი აღარ იქნებოდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ სხვა ოპოზიციონერი ლიდერები მელიას მიმართ უფრო კეთილგანწყობილი არიან, ვიდრე სხვა "ნაციონალების" ან თუნდაც სააკაშვილის მიმართ. ხომ არ არის შესაძლებელი ეს განწყობა მელიასთვის საცდური გახდეს და პარტია თავის გუნდთან ერთად დატოვოს? - ნიკა მელიას ყველა "ნაცმოძრაობის" ლიდერად აღიქვამს. რა შეიცვლება ვაშაძისთვის, თუ მელია არ იქნება ამ პარტიის ლიდერი, მაგრამ იქნება ამ პოლიტიკური ჯგუფის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი? ნიკა მელიას ოპოზიცია დამოუკიდებელი სუბიექტის სტატუსით დაუჭერს მხარს მერობის კანდიდატად თუ "ნაცმოძრაობის" ლიდერის სტატუსით, სულერთია, ამომრჩეველი მას მაინც "ნაციონალ" ლიდერად აღიქვამს. რაც შეეხება ვერსიას მელიასა და სააკაშვილის ხაზის დაპირისპირების თაობაზე, რაც უნდა ეცადოს მელია იმის წარმოჩენას, რომ "ნაცმოძრაობის" რეალური ლიდერი თავად არის და არა სააკაშვილი, ვერაფერს გახდება. "ნაცმოძრაობის" ხმების 90% სააკაშვილს ეკუთვნის. ხვალ ეს პარტია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, პრემიერი სააკაშვილი გახდება.

- პოლიტიკურ ველზე კიდევ ერთი ახალი მოთამაშე გამოჩნდა - ბიზნესმენი ლევან ვასაძე. გახარიას გააქტიურებასაც ველით... - არა მგონია, ვასაძის შემოსვლამ პოლიტიკურ ან ელექტორალურ სპექტრში გადაჯგუფება გამოიწვიოს. გასაგებია, რომ შეარჩია ისეთი დრო, როდესაც არის ელექტორალური სეგმენტი მესამე ძალისთვის, მაგრამ მეეჭვება სასურველი შედეგი მიიღოს, რადგან ის დიდად არ განსხვავდება იმ ჯგუფებისგან, რომელთაც საზოგადოება პრორუსულ ძალად აღიქვამს. მისგან განსხვავებით, გახარიას ნამდვილად აქვს პოლიტიკური კაპიტალი, თუმცა ძალიან აგვიანებს პარტიული სტრუქტურის შექმნას. ისიც ძნელი სათქმელია, უნდა იყაროს თუ არა კენჭი მერის არჩევნებზე, რადგან საარჩევნო გარემო დაძაბული და კონკურენტუნარიანი იქნება. გასათვალისწინებელია კახა კალაძის ფაქტორიც, რომელსაც ასევე დიდი რესურსი და "ოცნების" მძლავრი მხარდაჭერა ექნება. ყოველივედან გამომდინარე, ვასაძეზე ლაპარაკიც არ ღირს, გახარიას საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კითხვის ნიშნებია მესამე პოლიტიკურ ძალაზეც, რომელზეც ვაშაძე ლაპარაკობს.

- ისეთი პირი უჩანს, შეიძლება თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ კიდევ დაგვჭირდეს დასავლელი პარტნიორების მედიაცია. - ოპოზიცია თავის ამომრჩეველს არწმუნებს, რომ თითქოს თვითმმართველობის არჩევნებში "ოცნება" 43%-ს ვერ აიღებს. არადა, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, "ოცნება" 43%-ს აიღებს. ოპოზიციას გაუჭირდება მმართველი გუნდის მოგებასთან შეგუება და ხელისუფლება მზად უნდა იყოს ახალი პროტესტისთვის. იმისთვის, რომ უსამართლობის განცდა და პროტესტის საბაბი არ გაჩნდეს, ყველაფერი უნდა გააკეთოს არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში შევრცხვებით დასავლელ პარტნიორებთან.

რას გულისხმობს კანონპროექტი

გასულ კვირას პარლამენტმა ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტი მიიღო. პირველით ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ, დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ეს ვადა შესაძლოა ერთჯერადად გახანგრძლივდეს არა უმეტეს 24 საათისა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. გარდა ამისა, პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების გადაწყვეტილებაც მიიღო, რაც ცალკე კანონპროექტად იყო წარდგენილი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული კოდექსის 166-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1.500 ლარიდან 2.000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.

ხათუნა ბახტურიძე