"როგორც ჩანს, პრეზიდენტმა თავისი თამაშის წამოწყება გადაწყვიტა..."
"როგორც ჩანს, პრეზიდენტმა თავისი თამაშის წამოწყება გადაწყვიტა..."
"დღეს ზურაბიშვილმა საგარეო პოლიტიკაც და კრიზისმენეჯმენტიც ლამის სრულად თავისკენ წაიღო, გახარიას პრემიერობის შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი იქნებოდა, ის ამ პოზიციებს არ დათმობდა"

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა" კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა. ის გადაწყვეტილების მიღებამდე შეხვდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს. ორბელიანების სასახლეში მასთან ამ თემაზე სასაუბროდ მივიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მხარეებთან პრეზიდენტის კონსულტაციებით გაჩნდა ვეტოს გამოყენების მოლოდინი, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი არ გადადგა, რაც იმით ახსნა,
რომ ამისთვის სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი იყო. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, სალომე ზურაბიშვილი ამჯერადაც კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ.

"ვეთანხმები ოპოზიციის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ ასეთი კანონის გამოტანა პირველსავე სხდომაზე, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობდა, არ შეესაბამებოდა ახლად მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას. ვიზიარებ ასევე იმ აზრს, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტში
ოპოზიციის წარმომადგენლები შევიდნენ, მაქსიმალურად უნდა მისცემოდათ საშუალება, სრულყოფილად მიეღოთ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში. ეს პროცესი მოითხოვდა მეტ კომუნიკაციას, მათ შორის - საზოგადოებასთან, რათა კანონის ცვლილებები ჩვენი მოქალაქეების მიერ ბოლომდე გაგებული და გაზიარებული ყოფილიყო.
კომუნიკაციის ნაკლებობა ისეთ საკითხებში, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მოქალაქეების ურთიერთობას ეხება, ყველასთვის დამაზიანებელია, რამეთუ უნდობლობას ბადებს. ასეთი სენსიტიური საკითხი მოითხოვს ყველას მონაწილეობას და ფართო დისკუსიას, ამდენად, დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების არჩეული პროცედურა ნაკლებად იძლეოდა ყველასთვის არგუმენტების წარდგენის ერთნაირ შესაძლებლობას", - განაცხდა მან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს პრეზიდენტის რიტორიკა შეიცვალა და ის უფრო კრიტიკული გახდა "ქართული ოცნების" მიმართ. სწორედ ამ თემით დავიწყეთ ინტრევიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:


- მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი ხდება რეალური მოთამაშე ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი პრეზიდენტობის პირველი პერიოდი ნამდვილად აჩენდა კითხვებს, ის მოიაზრებოდა "ქართული ოცნების" პარტიულ ვერტიკალში. მოდი, ასე ვთქვათ - ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დომინირებდა, მანამდე სალომე ზურაბიშვილიც მთლიანად ჯდებოდა პარტიულ მატრიცაში. მას მერე, რაც ივანიშვილი პოლიტიკას გარკვეულწილად ჩამოშორდა, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მოიხსნა მორალური ვალდებულებები, დაინახა თავისი უპირატესობა და თავისი თამაშის წამოწყება გადაწყვიტა.

სრულიად ნათელია, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ელემენტარულ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ეს კარგად შეაფასა ზურაბიშვილმა და ჩაჯდა სქემაში, რასაც ჰქვია პროდასავლური, პროევროპული ნარატივის ლობირება. მან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინიციატივა სრულად საკუთარ თავზე აიღო. გვახსოვს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები, როდესაც სწორედ ის აღმოჩნდა პროცესის შუაგულში, ღარიბაშვილი კი პასიურ მდგომარეობაში დარჩა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან ჩვენი კონსტიტუციით, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში პრეზიდენტია ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მან ვეტოსთან დაკავშირებული პროცესიც, პოლიტიკური თვალსაზრისით, სწორად წარმართა, ისე, როგორც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, გაერკვა საკითხში, მოუსმინა ყველა მხარეს. ისიც დავინახეთ, რომ პრემიერი იძულებული გახდა, მასთან მისულიყო... საბოლოოდ პრეზიდენტმა ვეტო არ გამოყენა, მაგრამ პროცედურულად სწორი ნაბიჯები გადადგა, როგორც პოლიტიკურად, ისე ინსტიტუციურად, რაც მისასალმებელია... რა იყო მისი საბოლოო ამოცანა - ამ პროცესისთვის ფასადის შექმნა, თუ მართლაც ცდილობს, აღადგინოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური ფორმატი, მომავალი გვიჩვენებს.
მოკლედ,

პრეზიდენტი, ახლანდელი პოლიტიკური ელიტის ფონზე, ნამდვილად უკეთესად გამოიყურება. მასვე რომ დავესეხოთ, ის არის პოლიტიკური ელიტის ნაწილი, მაგრამ - ოდნავ ზემოთ...

მისი პრეზიდენტობის პირველი ეტაპი აბსოლუტურად სხვა სურათს ქმნიდა, აშკარად იყო ტენდენციური, იყო მხარე, ზოგჯერ - პროვოკაციულიც, მაგრამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში მისი პოზიციები ჩემთვისაც კი სასიამოვნო სიურპრიზად იქცა.

- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შეფასებით, სალომე ზურაბიშვლის კრიტიკული განცხადებები "ოცნებასთან" არის შეთანხმებული და მმართველი პარტიისგან დისტანცირების არარეალური სურათის შექმნას ემსახურება, თუმცა ოპოზიციის ნაწილისგან გაისმა შეფასებაც, რომ პრეზიდენტმა ვეტოსთან დაკავშირებით წარმართული პროცესით საბოლოოდ გააფრთხილა "ქართული ოცნება"...
- ოპოზიციის ნებისმიერი შეფასება გასაგებია. ჯერჯერობით ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ ღირს. წინ გველოდება ძალიან აქტიური და რთული პოლიტიკური პროცესი და კიდევ მოგვიწევს დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევა პრეზიდენტი ამა თუ იმ მწვავე ვითარებაში. პოლიტიკაში, ისევე, როგორც სხვა სფეროებში, ყველაფერი ფარდობითია. პოლიტიკური ელიტა ისეთი სუსტია, ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილმა იგრძნო, რომ ამ პირობებში შეუძლია დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს. არ მგონია, გახარიას პერმიერობისა და მით უფრო - ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლტიკაში ყოფნის დროს მას ამის საშუალება მისცემოდა, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს კი ეს კანონზომიერიც კია. საზოგადოებასთან, უცხოელ პარტნიორებთან, ოპონენტებთან ღარიბაშვილის კომუნიკაციის უნარები ძალიან შეზღუდულია. ის არის ხისტი, არ ახასიათებს პოლიტიკური მოქნილობა და რა გასაკვირია, ამ პირობებში პრეზიდენტს ეს ამბიცია გასჩენოდა, მით უფრო, რომ ღარიბაშვილი თვითონ თმობს პოზიციებს. მისთვისაც ძალიან არაკომფორტული იყო თუნდაც შარლ მიშელთან ჯდომა და საუბარი. დღეს ზურაბიშვილმა საგარეო პოლიტიკაც და კრიზისმენეჯმენტიც ლამის სრულად თავისკენ წაიღო, გახარიას პრემიერობის შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი იქნებოდა, ის ამ პოზიციებს არ დათმობდა.

- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა თქმით, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდა პირდაპირ ნიშნავს მელიას პოლიტპატიმრად აღიარებას...
- არა მგონია, ევროკავშირს ამაში პოლიტიკური კონტექსტი ეგულისხმა. ჩემი აზრით, რადგან ამ ორგანიზაციამ პასუხისნგებლობა აიღო პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე და ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა იყო მელიას გათავისუფლება, მათ ამას შეხედეს, როგორც პრობლემის მოსაგვარებელ ტექნიკურ ინსტრუმენტს, რადგან სხვა სამართლებრივი მექნიზმი არ ჩანდა. ცხადია, ჩვენთან მხარეები ეცდებიან, ეს ყველაფერი თავიანთ სასარგებლოდ თარგმნონ. ისე კი ეს მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა - ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ შეუგროვა ფული მელიას საპატიმროდან გამოსასვლელად. კი, ბატონო, ეს შეიძლება ირიბად იყოს იმის აღიარება, რომ საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, რადგან წარმოუდგენელია, ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულებას აქვს თავისი ადგილი, ვინმეს ეს გაებედა...

- რას ფიქრობთ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესზე? აშკარაა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება ღრმავდება...
- აქ უმნიშვნელოვანესია, გაირკვეს, რა ხდება "ნაცინალური მოძრაობის" შიგნით. აშკარაა, რომ პოლიტიკური პროცესის სააკაშვილისეული და მელიასეული გაგება ერთმანეთისგან განსხვავდება. ვნახოთ, რომელი ხაზი გაიმარჯვებს ამ პარტიის შიგნით. სააკაშვილის მიმართულება არის კონფრონტაციული, მელიას აზრით კი, ოპოზიციაში რაღაც დონის კოორდინაცია და ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს. ახლა მთავარი ინტრიგა სწორედ ის არის, ამათგან რომლის კონცეფცია გაიმარჯვებს პარტიაში. თუ მელიას კონცეფციამ გაიმარჯვა, ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობა" შევა პარლამენტში და ოპოზიციაშიც გარკვეული კოორდინაცია მოხერხდება. პოლიტიკურმა კრიზისმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში, თუმცა, რა თქმა უნდა, "ნაცმოძრაობის" შესვლით პოლტიკური კრიზისი არ ჩაცხრება. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩატარდება არჩევნები და დამარცხებული გამარჯვებულს მიულოცავს.

მოკლედ, ახლა გამოჩნდება, ვინ არის რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად ერთმანეთს უნდა დაეტაკონ. სააკაშვილსა და მელიას თანაცხოვრება მოუწევთ. თუ მელიას კონცეფცია გაიმარჯვებს, ეს იქნება, ჩემი აზრით, უფრო პერსპექტიული და სახელმწიფოებრივად სწორი გზა. არავის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილის გარეშე დარჩენა "ნაციონალური მოძრაობისთვის" კარგი იქნება. ცხადია, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი სწორედ ექსპრეზიდენტზეა ორიენტირებული, მაგრამ ფაქტია, მისი საჯარო აქტივობები, განცხადებები პოლიტიკურ პროცესს არ წაადგება. ის, როგორც წესი, აზიანებს ხოლმე ოპოზიციას.

ბიძინა ივანიშვილი ხომ დაიმალა, დროა, სააკაშვილიც დაიმალოს. მას შეუძლია კულისებში იაქტიუროს, დარეკოს, რჩევა მისცეს მელიას, თუ ცუდ ხასიათზე იქნება, შეუძლია დაურეკოს ბიძინას და აგინოს... მაგრამ მისი საჯარო აქტიურობა არ წაადგება არც მის პარტიას და არც - პოლიტიკურ პროცესს...

- საინტერესოა "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებიც. არ წყდება ლაპარაკი პარტიაში შექმნილ დაძაბულობაზე... ამბობენ, რომ შესაძლოა მალე კობახიძე ჩამოშორდეს პარტიის მართვას და თავმჯდომარეობა ღარიბაშვილმა გადაიბაროს. ასევე გაურკვეველია კახა კალაძის პოზიციაც. დღემდე არ ვიცით, ვინ იქნება მმართველი პარტიის კანდიდატი თბილისის მერის თნამდებობაზე...
- პარტიაში ბიძინა ივანიშვილი იყო გამაერთიანებლი. ის აერთიანებდა ადამიანებს, სხვათა შორის - ამომრჩეველსაც და არა რაღაც იდეის ან ფუნდამენტურ ფასეულობათა სისტემის საფუძველზე, არამედ - პერსონალურად. მის ირგვლივ იკრიბებოდნენ ლიბერალიც, კონსერვატორიც, ათეისტიც, მორწმუნეც... მისი პოლიტიკიდან დისტანცირების შემდეგ ამ ერთგვარი ბაბილონის გოდოლის დაშლა დაიწყო. "ქართულ ოცნებას" რომ თავი დავანებთ, ეს პოლიტიკურ პროცესშიც ჩანს. ამ სისტემის, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ აგებული ბაბილონის გოდოლის დაშლის ნაწილია გიორგი გახარიაც, რომელთანაც წავა "ქართული ოცნების" სამობილიზაციო ელექტორატის ზომიერი ნაწილი, ისინი, ვინც უფრო სტაბილურობასა და პოლიტიკურ ინტელექტზეა ორენტირებული და ვისაც ღარიბაშვილი და კობახიძე მაინცდამაინც არ მოსწონს. ულტრაკონსერვატიული ნაწილი, თავისი გარეჯის თემით თუ "ანტიმიშა" განწყობით წავა ლევან ვასაძესთან. ანუ
უკვე ხდება ელექტორალური ფრაგმენტაცია, რაც მმართველ პარტიაში აჩენს კითხვებს - არის თუ არა სიცოცხლისუნარიანი "ქართული ოცნება" და ხომ არ მიხედოს ყველამ საკუთარ თავს? ასე მგონია, ახლა კახა კალაძის ფიქრს ვახმოვანებ...

თუ კახა კალაძე დარჩება "ქართულ ოცნებაში", მაშინ მას მეტი ამბიცია ექნება და თბილისის მერობა აღარ დააკაყოფილებს. ჩემი აზრით, ეს შიდა დაძაბულობა კი არა, უფრო მომავალის შიშით გამოწვეული მოძრაობაა. წარმოიდგინეთ, ამ ვითარებაში, როცა ზომიერებს წაიყვანს გახარია და ულტრაკონსევატორებს - ვასაძე, "ქართული ოცნება" შეძლებს 43%-ის აღებას? რა თქმა უნდა, ვერა. მათ მხოლოდ ადამინისტრაციული რესურსი დარჩებათ, თუ "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილის გარეშე განვიხილავთ.

- უკვე ახსენეთ და როგორ აფასებთ ლევან ვასაძის პოლიტიკაში გამოჩენას?
- უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, უფრო სწორად - ამომრჩეველში არის სეგმენტი, რომელსაც მე ულტრაკოსრევატორულს ვეძახი. აქამდე მის მობილიზებას ახდენდა ბიძინა ივანიშვილი. წინასაარჩევნოდ რაღაც თემას მოიგონებდნენ და ასე ახერხებდნენ ამ ხმების კაპიტალიზაციას. ახლა ცხადია, რომ ეს სეგმენტი წავა ვასაძესთან. რას ვგულისხმობ ულტრაკონსერვატორულში - ეს არის რელიგიურ საფუძველზე დამყარებული ნაციონალიზმი, საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ევროსკეპტიციზმი და ანტიგლობალიზმი, რასაც ჩვენს დროში უკვე აქნტივაქსერული განწყობაც დაემატა. ჩემი აზრით, ეს არის მინიმუმ 15%-იანი ელექტორალური სეგმენტი, რომელზეც მუშაობდა "პატრიოტთა ალიანსი". იმ უცნაურობის მერე, რაც ვნახეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა მათი სახელით პარლამენტში, ფაქტობრივად, სხვა პარტია შევიდა, გამოჩნდა, რომ ამ პარტიაში პრობლემებია, თუმცა ელექტორატის ეს ნაწილი ასათვისებელი არ დარჩება...

სიმართლე გითხრათ, ეს არ არის ცუდი და აგიხსნით - რატომ. ასეთი განწყობის ჯგუფებისგან აქამდეც ვხედავდით ქაოსურ და სახიფათო მოძრაობას, ზოგჯერ - ფაშისტური გამოვლინებით. როდესაც საზოგადოებაში არის ასეთი განწყობა, ჯობს, ამას "პოლიტიკური ქუდი" დაეხუროს და თუ ვასაძის სახით ეს მოხდება, წინააღმდეგი არ ვარ. პოლიტიკური სტატუსის მიღების შემდეგ ამ განწყობის მასშტაბის შეფასება, მათი მოქმედების პროგნოზირება და პოლიტიკური ოპონირებაც უფრო იოლი გახდება.

- მალე გამოვა ასპარეზზე გიორგი გახარიას პარტიაც...
- გახარიას აქვს პოტენციალი, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა დიდი ნაწილი წაიყვანოს თავისთან. ჯერ ყველაფერი ბუნდოვანია და ამიტომ შეფასება გამიჭირდება, თუმცა გახარიას გუნდის სისუსტე, რომელიც ამ ეტაპზე უკვე ჩანს, არის ის, რომ მას პოლიტიკაში გამობრძმედილი ხალხი არ ეყოლება. მის გვერდით უფრო ყოფილ ჩინოსნებს ვხედავთ, არადა, საჯარო პოლიტიკურ პროცესს ცოტა სხვაგვარი დინამიკა და გამოცდილება სჭირდება.

მიშა
15 მაისი 2021 08:51
რა დღეში ვართ. . . . ის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია სწორედ გაიგო, ორივე მხარეს მოუსმინა და გადაწყვეტილება ისე მიიღო, თურმე მის სიჭკვიანეზე მეტყველებს :)
ზურაბიშვილი ვერასოდეს ითამაშებს დამოუკიდებლად. საამისოდ არ აქვს არც პოლიტიკური აზროვნება, არც დიპლომატიური ნიჭი (გავანებოთ თავი მის CV- ში არსებულ ჩანაწერებს), არც პოლიტიკური გუნდი, არც პიროვნული ხიბლი.
უფრო მეტსაც კი დავწერდი, მაგრამ კომენტარს არ გამოაქვეყნებენ ეგრე. :)

რუბრიკის სხვა სიახლეები