"ნაცმოძრაობა" მატყუარა, გადამგდები ძალაა, ეს ყველა პარტნიორმა შეამჩნია" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობა" მატყუარა, გადამგდები ძალაა, ეს ყველა პარტნიორმა შეამჩნია"

"მესამე, ალტერნატიულ ცენტრში სავარაუდოდ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი სუბიექტები იქნებიან. ამ ცენტრში გაერთიანებული პოლიტიკური პარტია თუ ინდივიდუალური პოლიტიკოსი მომართული იქნება ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის ძიებისთვის. ჩვენ "ნაცებისა" და "ქოცების" ჭიდილს ვერ გადავაყოლებთ ქვეყანას"

"სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სისუსტე გამოავლინა! მას შეეშინდა ვეტოს უფლების გამოყენების", - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, მომავალ კვირას ოპოზიცია დაარეგისტრირებს კანონპროექტს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების გაუქმების შესახებ. გამოუყენებელ ვეტოზე, სადავო კანონპროექტებსა და ოპოზიციაში ბოლო დროს გამწვავებულ დაპირისპირებაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- პოლიტიკურ მიზანშეწონილობას რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტი წმინდა ადამიანურად ძალიან ცუდად მოიქცა. ტყუილად შექმნა შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას აპირებდა, საბოლოოდ კი "ქართული ოცნების" მსახურად დარჩა. არა უშავს, ჩვენ ამ კვირაშივე დავარეგისტრირებთ კანონპროექტს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების გაუქმების შესახებ და დავაბრუნებთ ძველ რედაქციას. "ოცნებას" ერთი მოსმენით მაინც მოუწევს ამ ცვლილებებზე მსჯელობა. არ ვაპირებ ამასთან შერიგებას. რატომ? იმიტომ, რომ ეს კანონი ჩვენი მოქალაქეების დაშინების მიზანმიმართული მექანიზმია. ნახეთ, რას გვეუბნებიან - თუ პროტესტის გამოხატვას გაბედავთ, დაპატიმრებას კი არ დაგაჯერებთ, დიდი თანხითაც დაგაჯარიმებთ, სახლ-კარს ბანკში ჩაგადებინებთ, გაგაკოტრებთ, მშიერს დაგტოვებთო.

- არის ეს კანონი შემაკავებელი ფაქტორი მათთვის, ვისაც პროტესტის გამოხატვა სურთ? - "სტრატეგია აღმაშენებელს" "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ" კანონის საფუძველზე 70.000 ლარი გვაქვს გადახდილი. წარმოიდგინეთ, ეს ცვლილებები უკვე მიღებული რომ ყოფილიყო, 300.000 ლარის გადახდა მოგვიწევდა. ჩემი აზრით, ფსიქოლოგიურად ეს ნამდვილად იქნება შემაკავებელი ფაქტორი პროტესტის გამოხატვის დროს. როგორც ჩანს, ხელისუფლება იმდენად არის შეშინებული თვითმმართველობის არჩევნების მოსალოდნელი შედეგით, რომ ვა-ბანკზე მიდის.

- თქვენ ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი კანდიდატურას არ დააყენებთ. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?

- იმიტომ, რომ ამ ვითარებაში ჩემს პერსონალურ და ჩემი გუნდის როლს იმაში ვხედავ, რომ მაინცდამაინც ჩვენ არ ვიყოთ ყველგან, და ჩამოვაყალიბოთ კარგი, მძლავრი გაერთიანება. ჩემთვის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა და არა პერსონალურად ჩემი გამარჯვება.

პირდაპირ ვამბობ - თუ კარგი გუნდი ჩამოყალიბდა, მე მზად ვარ ამბიციები განზე გადავდო და შტაბის უფროსად დავუდგე მესამე ცენტრს, ყველა იმ კანდიდატს, ვინც უნდა მოიგოს საქართველოს მასშტაბით.

არ მინდოდა ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლამდე მეთქვა, რომ მის კანდიდატურას მერობის პოსტზე მხარს არ დავუჭერდი, მაგრამ ეს იმ პოლიტიკანების ვიწრო ინტერესებმა მაიძUულა, რომელთაც სურდათ ნიკა მელიას ციხეში ყოფნით ესარგებლათ და რაღაც პირობები ჩამოერთმიათ ჩვენთვის. მარტო ჩემს თავს არ ვგულისხმობ, სხვა ოპოზიციონერ ლიდერებსაც. მართალია, ვერც სხვებს გამორჩნენ რამეს, მაგრამ ყველაზე მეტად მე მერჩიან. "ნაციონალები" ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილზე მეტად მე მებრძვიან. ჯერ ხომ ამომიჩემეს, ჩხარტიშვილის სიძე ხარო.

ეს ტელევიზიითაც განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიტყვი - ცოლი მიყვარს და არ ვაპირებ მასთან გაყრას იმიტომ, რომ მისი ბიძა ჩხარტიშვილია. ჯვარედინ ცეცხლში მომაქციეს "ოცნებამ" და "ნაცმოძრაობამ". ორპოლუსიანი დიქოტომია ინგრევა. ორივე ძალა გაბოროტებულია და ჯავრს ჩემზე იყრის.

- რატომ მაინცდამაინც თქვენზე? - იმიტომ, რომ მე ვლაპარაკობ ორპოლუსიანობის დამარცხებაზე, ახალი გამარჯვების ფორმულაზე, "ნაცმოძრაობა" კი მატყუარა, გადამგდები პოლიტიკური ძალაა. ეს ყველა პოლიტიკურმა პარტნიორმა შეამჩნია. შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს როგორ ჩაშალეს საერთო ოპოზიციური კანდიდატების შეთანხმება რეგიონებში. გააგრძელეს ჩემთვის ცეცხლის გახსნა და მცდარი მესიჯების გახმაურება. ამიტომაც ვთქვი, "ნაცმოძრაობის" კანდიდატს მხარს არ დავუჭერ-მეთქი. ნიკა მელია არაფერი შუაშია. სულაც დიმიტრი გელოვანი რომ იყოს "ნაცმოძრაობის" კანდიდატი, მაინც დამარცხდება. "ოცნებას" "ნაცმოძრაობა" ვერ დაამარცხებს! საჭიროა მესამე ძალა.

- თქვენ თქვით, რომ მელიას დაუჭერდით მხარს, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რომ არ იყოს. უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ მელიამ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვოს? - მე ვთქვი, თუ მელია დატოვებს "ნაცმოძრაობას" და შემოუერთდება მესამე ალტერნატიულ ცენტრს, მაშინ მზად ვარ სხვა პარტნიორებთან ერთად განვიხილო ეს საკითხი-მეთქი. მელიას გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ვიდრე "ნაცმოძრაობას", ის ამ პოლიტიკურ ძალას ვეღარაფერს უშველის. ის ერთ-ერთი ყველაზე არასაიმედო პარტნიორია. ჩემთან იმდენად ხშირად არიან "ჩაჭრილი", პირისპირ რომ მხვდებიან, თვალებში ვერ მიყურებენ, მათ შორის ვერც მიშა. ერთ დღეს რაღაც რომ არ მოეწონებათ, ჩხარტიშვილის სიძე ვარ, მეორე დღეს კი რაღაც ინტერესი გაუჩნდებათ და ჩემთან ერთად ბრძოლა სურთ. მე მიკითხავენ მორალს იმ შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელსაც თავადაც მოაწერენ ხელს რამდენიმე დღეში.

- რატომ გგონიათ, რომ ხელს მოაწერენ? - ნახავთ, თუ ასე არ იქნება. ახლა ამნისტიაზეც აქვთ ერთი ამბავი ატეხილი, ესეც სპეკულირებისთვის სჭირდებათ. არანაირი განსხვავებული პოზიცია შეხვედრებზე მათ არ დაუფიქსირებიათ. დინების საწინააღმდეგოდ ვისაც უნდა სვლა და 9 წლის განმავლობაში რა სტრატეგიითაც არის წაგებული 7 არჩევნები, ისევ იმ სტრატეგიაში ვინც აპირებს ჩარჩენას, მისი გადასაწყვეტია. იმდენი ხალხი მეკონტაქტება მესამე ცენტრის შესახებ, გაოცებული ვარ. ვფიქრობ, ამას დიდი პერსპექტივა აქვს.

- იქნებ დააკონკრეტოთ, ვინ შეიძლება იყოს თქვენთან ერთად? - ჯერ მოლაპარაკება მიმდინარეობს. ერთი რამ დაზუსტებით ვიცი - ამ ცენტრში გაერთიანებული პოლიტიკური პარტია თუ ინდივიდუალური პოლიტიკოსი მომართული იქნება ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის ძიებისთვის. ჩვენ "ნაცებისა" და "ქოცების" ჭიდილს ვერ გადავაყოლებთ ქვეყანას.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ცენტრში უმეტესად შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი სუბიექტები იქნებიან. - დიახ, სავარაუდოდ, ასე იქნება. ვფიქრობ, ეს სწორია, რადგან ძალიან ბევრი ისეთი მოქალაქე გვიკავშირდება, ვისაც არც "ქოცური" საქართველო სურს და არც "ნაცური".

ხათუნა ბახტურიძე