"ნაციონალებმა" მოძებნეს საბაბი და დოკუმენტზე ხელის მომწერთა გაშავება დაიწყეს" - კვირის პალიტრა

"ნაციონალებმა" მოძებნეს საბაბი და დოკუმენტზე ხელის მომწერთა გაშავება დაიწყეს"

"კანონპროექტების კანონპროექტებით დათრგუნვა, როგორც ჩანს, ქართული პარლამენტარიზმის ერთგვარი სტილია", - ასე ეხმიანება "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას, რომ შესაძლოა პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირონ.

- როდესაც გავიგე, რომ პრეზიდენტმა ვეტოს უფლება არ გამოიყენა, გავოგნდი, არადა, ოპოზიციონერებს შეგვხვდა, ჩვენი აზრი ყურადღებით მოისმინა. ფაქტია, უცნაურად და სასაცილოდ მოიქცა. თუ გავითვალისწინებთ პროტესტს, რომელიც მომავალშია დაგეგმილი, "ოცნებას" წასძლია სულმა, რომ უფრო მკაცრი ადმინისტრირების საშუალება ჰქონოდა. პოლიციელების და მოქალაქეების ურთიერთობა ისედაც დაძაბული იყო, ახლა უფრო გართულდება.

- სოზარ სუბარმა თქვა, რომ ვერ მიიღებს კრიტიკას გიორგი ვაშაძისგან ან იაგო ხვიჩიასგან, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში მაშინ მუშაობდნენ, როცა იუსტიციის მინისტრი იყო ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც საბჭოთა 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე გაზარდა. - სოზარ სუბარმა ეს მართლა თქვა?

- დიახ, შემიძლია წყარო მიგითითოთ. - დავიწყოთ იქიდან, რომ დღევანდელ იუსტიციის სამინისტროში ბევრი ისეთი პირი მუშაობს, ვინც ადეიშვილის დროსაც მუშაობდა. მე იუსტიციის სამინისტროში არასდროს მიმუშავია. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ვმუშაობდი. ჩემს საქმიანობაში რაიმე საეჭვო რომ ყოფილიყო, სუბარი ამას სხვაგვარად გაიგებდა. ყოფილი სამუშაო ადგილის წამოძახება, მხოლოდ იმიტომ, რომ ადრე იქ ცუდი ადამიანი მუშაობდა, სერიოზული არ არის.

- თქვენ მელიას ციხიდან გამოშვება შერიგებისა და მიტევების აქტად წარმოგედგინათ. ახლა რას ელით მელიასგან? - მე შეთანხმება და შერიგება მსურს.

- დაუჭერთ მხარს, თუ თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატი იქნება? - ჩვენ სპეციფიკური ურთიერთობა გვაქვს კოლეგებთან, ისინი გაბუტული არიან, ამიტომ ახლა რომ გითხრათ, გაბუტულთაგან მხარს რომელს დავუჭერ, არ ივარგებს. ჩვენ მელიას მხარდაჭერამდე ბევრი სხვა პროცესი გვაქვს გასავლელი როგორც ოპოზიციასთან, ისე პირადად მასთან და ეს სად მიგვიყვანს, კაციშვილმა არ იცის. ჩვენ ამწუთას საკრებულოს წარმომადგენლების შერჩევისთვის ვემზადებით.

- თქვენ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ორივე კანონპროექტს იცნობთ. როგორც ვიცით, არც ერთი კანონპროექტი არ ითვალისწინებს თვალების დამთხრელთა ამნისტიას. მაშინ რა არის პრობლემა? თქვენი ვერსიით, რატომ გახდა "ნაცმოძრაობისთვის" ეს ასეთი მიუღებელი? - გიდასტურებთ, არც ერთი კანონპროექტი არ ითვალისწინებს იმ მოძალადეების ამნისტიას, რომლებმაც მოქალაქეები დაასახიჩრეს. მას შემდეგ, რაც "ნაციონალებმა" გადაწყვიტეს შეთანხმების ჩაშლა, მოძებნეს საბაბი და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერთა გაშავება დაიწყეს.

ხათუნა ბახტურიძე