"ევროპელებმა პოლიტპატიმარი გამოისყიდეს" - კვირის პალიტრა

"ევროპელებმა პოლიტპატიმარი გამოისყიდეს"

ევროკავშირმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში ნათქვამია: "გადახდილია 40.000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნი მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის, რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელმაც თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის შესრულებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე".

როგორი იქნება ნიკა მელიას პოლიტიკური გადაწყვეტილებები, შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, პარტიის ლიდერი ნუგზარ წიკლაური გვესაუბრება:

- ყველას გვესმის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სამართლებრივთან კავშირი არა აქვს. მეორე მხრივ ძალიან დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ევროპელების ძალისხმევის გამო. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მათ გირაო არ გადაუხდიათ. მათ, ანუ ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლებმა, პოლიტპატიმარი გამოისყიდეს.

- საია, ორგანიზაცია, რომელმაც გირაოსთვის გამოყოფილი თანხა ბიუჯეტში შეიტანა, მხარეებს მოგიწოდებთ უფრო სერიოზულად შეხედოთ "ამნისტიის შესახებ" კანონს. - ამნისტიის საკითხი მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის სინდისზეა. "ქართულ ოცნებას" სურს "ამნისტიის შესახებ" კანონი გაავრცელოს იმ მოძალადეებსა და ჯალათებზე, რომლებიც 20 ივნისის ღამეს ხალხს იარაღს ესროდნენ და არბევდნენ. აი, ამიტომ არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი "ამნისტიის შესახებ" კანონი.

- ხელისუფლებაც და მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციაც ირწმუნება, რომ პოლიციელებს, რომლებმაც აქციის მონაწილეებს თვალები დათხარეს, ეს კანონი არ შეეხება. - ჩვენთვის ცნობილია, რომ საუბარია 333-ე მუხლზე, რომელიც ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ამ მუხლის საშუალებით "ქართულ ოცნებას" შესაძლებლობა ეძლევა, ვისზეც სურს, იმაზე გაავრცელოს ამნისტია. რაც შეეხება წამებასა და კონვენციურ მუხლებს, ამას ამნისტია ისედაც ვერ შეეხება.

ხელისუფლებამ უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო და სურს გაათანაბროს მოძალადე პოლიციელები და ქუჩაში გამოსული პატრიოტები ერთმანეთთან. ჩვენ სწორედ იმიტომ არ მოვაწერეთ შეთანხმების დოკუმენტს ხელი, რომ ნამდვილად ვერ გავაიგივებთ ჩვენს პატრიოტ მოქალაქეებს იმ მოძალადეებთან, რომლებიც ტყვიებს გვესროდნენ.

- პარლამენტში შესული ოპოზიცია ხშირად შეგახსენებთ, რომ ამნისტიის ინიციატივას არასდროს აპროტესტებდა აკო მინაშვილი, რომელიც მოლაპარაკებას ესწრებოდა. - ეს პრიმიტიული ცდაა "ნაციონალურ მოძრაობას" გადააბრალონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც თავად აიღეს შეთანხმებაზე ხელის მოწერით. აკო მინაშვილმა მოლაპარაკების მაგიდასთანაც და ღია ეთერშიც არაერთხელ დააფიქსირა ჩვენი პოზიცია ამნისტიის შესახებ. შემდეგ ნიკა მელიამ ღია სასამართლო სხდომაზე სიტყვით მიმართა საზოგადოებას. "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ლიდერი, მათ შორის მეც, მუდმივად ვსაუბრობდით ამ საკითხზე. ჩვენი კრიტიკული პოზიცია "ამნისტიის შესახებ" კანონზე იმითაც გამოვხატეთ, რომ შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ.

- ნიკა მელია ციხიდან გამოდის, შეხვალთ პარლამენტში? - ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, დავსხდებით, ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ.

- დღეს ოპოზიციური ერთობა დაშლილია, მეტიც, ლიდერებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. როგორ წარმოგიდგენიათ, თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციონერი კოლეგების დახმარების გარეშე დაამარცხებს მმართველ გუნდს?

- თვითმმართველობის არჩევნებს ორი პოლიტიკური მდგენელი აქვს: დათქმა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნება" 43%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში მარცხს აღიარებს და მეორე - ჩვენი პოლიტიკური პარტიის რეიტინგი. ჩვენ ყველა დიდ ქალაქში გვეყოლება მერობის კანდიდატები, ჩვენი წარმომადგენლები ყველა საკრებულოში იყრიან კენჭს. ჩემი სურვილია ოპოზიცია არ იყოს დაქსაქსული, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ხოლო რა კონფიგურაციას მიიღებს ბლოკები და გაერთიანებები, ამაზე ლაპარაკი ადრეა.

ხათუნა ბახტურიძე