"თავაშვებულმა აგრესიამ უკვე ორგანიზებული დანაშაულის სახე მიიღო" - კვირის პალიტრა

"თავაშვებულმა აგრესიამ უკვე ორგანიზებული დანაშაულის სახე მიიღო"

"ნაცმოძრაობის" ცდა ფარად აეფარებინა პროდასავლურობა, არ გამართლდა. დესტაბილიზაციის ის ხარისხი, რაც რუსეთს აწყობდა "ნაციონალებმა" ვერ შექმნეს, ვერც ნინო ბურჯანაძემ ისახელა თავი, თავის მიზნებს ვერც "პატრიოტთა ალიანსმა" მიაღწია... რაც შეეხება ლევან ვასაძეს, ცხადი ხდება, რომ ჩვენი საგარეო ორიენტირები რადიკალურად განსხვავებული იქნება. ის არც მალავს, რომ მისი ნიშა ანტიდასავლური იქნება, რაც საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს..."

"ნაცმოძრაობა" და მელია ძალიან დაბნეული არიან. ჯერ არ უნდოდათ ციხიდან გირაოთი გამოსვლა, ახლა დათანხმდნენ. თუ მაინც გირაოთი აპირებდა გამოსვლას, თავად გადაეხადა, ვეროკავშირს რას უყურებდა? - ამბობს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი, რომლის აზრით, "ამნისტიის კანონპროექტზე საკამათო არაფერია, - ამნისტია ეხება ყველას, მათ შორის მელიასაც, თუ არ განაცხადებს, რომ მაინცდამაინც სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს".

- "ნაცმოძრაობა" ამნისტიის თემით სპეკულირებს. ჩვენი ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი ზედმიწევნით ემთხვევა შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას და პრაქტიკულად გულისხმობს პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევას მხარეებს შორის. გვსურს ჩვენი ისტორიის ძალიან რთული ფურცელი გადავშალოთ.  ევროკავშირი შერიგებასა და კონსენსუსს გვთავაზობს, "ნაცმოძრაობას" კი შეთანხმების ჩაშლა და დესტაბილიზაცია სურს.

- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებები შერიგებას და კონსენსუსს ხელს შეუწყობს? - კანონპროექტის შინაარსი დემოკრატიული და გაცილებით რბილია, ვიდრე შეიძლება აშშ-ის ნებისმიერ შტატში ან ევროპის ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში იყოს. ეს კანონი მხოლოდ ოპოზიციის აქტივისტებს კი არა, ნებისმიერ კანონდამრღვევ მოქალაქეს ეხება. არის მეორე საკითხიც - აშკარა გახდა, რომ წვრილმანი ხულიგნობა, დედის გინება და თავაშვებული აგრესია ემოციებიდან არ გამომდინარეობს. ამან უკვე ორგანიზებული დანაშაულის სახე მიიღო.

ძალიან გახშირდა დესტაბილიზაციის გამომწვევი პროვოკაციები, ხულიგნობა ტრენდიც კი გახდა. პოლიციელების ლანძღვა-გინებამ და მათზე ფიზიკურმა შეტევამ ხომ წალეკა საზოგადოებრივი სივრცე და გარყვნა საზოგადოება. ახალი კანონი მორალურად და სამართლებრივად გამართული დოკუმენტია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ანტისაზოგადოებრივი მოქმედების განმეორება დაისჯება. პრეზიდენტი ძალიან სწორად მოიქცა, რომ კანონს ვეტო არ დაადო.

- "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა შორის გამოჩნდნენ პირები თუ საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც რადიკალური და აგრესიული განცხადებებით გამოირჩევიან. თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ როგორია? - ჩვენს მხარდამჭერებს შორის ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ "ნაცმოძრაობასთან" მეტი სიმკაცრე უნდა გამოგვეჩინა. თუმცა ჩვენი პრინციპები უცვლელია. სიმკაცრე, ალბათ, საჭიროა, მაგრამ საზოგადოება დაიღალა პოლიტიკური დაპირისპირებით. სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რათა საზოგადოებამ შეძლოს თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელ სტანდარტებზე გადასვლა.

- თანამედროვე სამყაროსთვის რამდენად დამახასიათებელია პოლიტიკური ლიდერების მიერ ერთმანეთის სისხლისსამართლებრივ დანაშაულებში, თუნდაც მტერი ქვეყნის აგენტობაში უაპელაციოდ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე დადანაშაულება? - ასეთი საკითხები სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განხილებოდეს, მაგრამ ფაქტები მეტყველებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მართალს გვეუბნებიან.

- რას გულისხმობთ? - ყველაფერი, რასაც "ნაცმოძრაობა" აკეთებს 2006 წლიდან დღემდე, ზუსტად ეპასუხება რუსეთის ინტერესებს. ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთმა იყიდა.

ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არაერთხელ მიგვანიშნეს, რომ დესტაბილიზაცია მხოლოდ რუსეთს სურს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებას დესტაბილიზაციისთვის ქუჩაში უხმობს, "ნაციონალური მოძრაობაა".

- თუ ნამდვილად ასეა, უშიშროება რატომ ვერ ახერხებს დამნაშავეების გამოვლენას? - არსებობს სამართლებრივი სტანდარტები, რომელთაც უნდა შეესაბამებოდეს გამოძიების დასკვნა. გამოძიებამ უნდა გამოიძიოს, დააზუსტოს, რომ ვიღაცამ ინფორმაცია შეაგროვა და გადასცა რუსეთს. თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რუსეთის ინტერესების შესაბამის მოქმედებებზე.

- ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოჩენილ ახალ პოლიტიკურ ძალაზე რას იტყვით? - "ნაცმოძრაობის" ცდა ფარად აეფარებინა პროდასავლურობა, არ გამართლდა. დესტაბილიზაციის ის ხარისხი, რაც რუსეთს აწყობდა "ნაციონალებმა" ვერ შექმნეს, ვერც ნინო ბურჯანაძემ ისახელა თავი. მნიშვნელოვანწილად თავის მიზნებს ვერც "პატრიოტთა ალიანსმა" მიაღწია. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ბურჯანაძისა და ინაშვილის პარტიების პოლიტიკური ნიშა რუსული ელემენტებით ხასიათდებოდა. ასეთი ნიშა არ ჰქონიათ "ნაციონალებს", მაგრამ ისინი გაცილებით ეფექტიანად მოქმედებდნენ რუსეთის სასარგებლოდ. რაც შეეხება ლევან ვასაძის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას, ცხადი ხდება, რომ ჩვენი საგარეო ორიენტირები რადიკალურად განსხვავებული იქნება. რომელ ნიშას დაიკავებს ვასაძე? არც მალავს, რომ მისი ნიშა ანტიდასავლური იქნება, რაც საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს.

- როგორ გგონიათ, არ ექნება მას ხალხის მხარდაჭერა?

- არა მგონია. სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებებით ნუ იმსჯელებთ, ჩვენი აზრით, მგონი, პოლიტიკური ანალიტიკოსებიც დამეთანხმებიან, რომ ლევან ვასაძე ცდილობს ეროვნული მანტიის საფარქვეშ დასავლურ ღირებულებებს დაუპირისპირდეს.

ხათუნა ბახტურიძე