"მიკვირს, ისეთი ხალხი დგას "ნაცმოძრაობის " გვერდით! არ მინდა გვარები დავასახელო, მაგრამ გაოგნებული ვარ!" - კვირის პალიტრა

"მიკვირს, ისეთი ხალხი დგას "ნაცმოძრაობის " გვერდით! არ მინდა გვარები დავასახელო, მაგრამ გაოგნებული ვარ!"

"მთავარი ბოროტება სწორედ სააკაშვილია! ამდენი წელია იქადნება, რომ ჩამოვა, მაგრამ ის მშიშარა ადამიანია"

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია. ძალიან წუხს, მიხეილ სააკაშვილი ამდენი წელი დაუსჯელი რომ დადის. თვლის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას. ის აქტიურად ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და იმედი აქვს, რომ მალე ყველაფერი ნორმალური რეჟიმს დაუბრუნდება.

- ჯერ მოვლენებს ვაკვირდები. მართლაც ძალიან აირ-დაირია ყველაფერი. ნიკა მელიას ეროვნულ გმირად უნდოდა თავის წარმოჩენა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. ახლა აღარ იცის, რა გააკეთოს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენი წლის მერეც ამ დღეში ვართ.

ცხრა წელიწადი ქუჩაში ვერ გადიოდა ადამიანი, სიკვდილს ვუყურებდით თვალებში, როდის რას გვიზამდნენ, არ ვიცოდით და "ნაციონალები " ამდენი ხანი ვერ მოვიშორეთ. მათ უნდათ ქვეყანა დააქციონ;

ისევ რევოლუციით უნდათ მოსვლა, მაგრამ ეს არასდროს მოხდება, რომც შევეწიროთ, ამას არ დავუშვებთ, მაგრამ ისინი ხელს უშლიან ქვეყნის წასვლას და დიდ ზიანს აყენებენ საქართველოს. ამდენი წელია ამ ბრძოლაში ვართ და ეს უკვე გაუსაძლისია. იმის მაგივრად, ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი, თავის დაძვრენას ცდილობენ და ჩადენილისთვის პასუხისგებაც არ უნდათ. ჩვენი ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, წინ მიდიოდეს, ამის ნაცვლა კი გვიწევს ბრძოლა "ნაცმოძრაობასთან ". ამას ეს საშინელი ვირუსი დაემატა. სიკვდილი დადის ქუჩაში, ძალიან რთული პერიოდია. ან ის მითხარით, როგორ შეიძლებოდა გიორგი რურუას ციხიდან გამოშვება?!

- არ უნდა შეეწყალებინა პრეზიდენტს? - ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოეშვათ ციხიდან! ახლა იმ ადამიანის სახლში მივიდნენ და ნახონ რა დღეშია, ვისი სახლიდანაც შვიდი ადამიანის ცხედარი გაიტანეს! მას ჰკითხონ, უნდოდა თუ არა რურუას ციხიდან გამოშვება! ის მკვლელია და უნდა მჯდარიყო ციხეში. ადამიანის ციხეში ყოფნა არ მიხარია, მაგრამ ყველა დამნაშავემ საკადრისად უნდა აგოს პასუხი. არ ველოდი რურუას გამოშვებას, ძალიან გაბრაზებული ვარ და არ მინდა, იგივე მოხდეს ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც. შერჩევითი სამართალი არ უნდა არსებობდეს, ყველა უნდა დაისაჯოს ისე, როგორც ეკუთვნის.

- ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, "ნაცმოძრაობა " კი ჯერჯერობით ისევ გარეთ არის. ამაზე რას იტყვით? - ეს თამაშია და მეტი არაფერი. მიკვირს, ისეთი ხალხი დგას "ნაცმოძრაობის " გვერდით! არ მინდა გვარები დავასახელო, მაგრამ გაოგნებული ვარ!

- როგორ ფიქრობთ, ბოლოს და ბოლოს შევა "ნაცმოძრაობა " პარლამენტში? - ახლა ვაჭრობენ, იქნებ ხელისუფლებასთან რაღაცები გაუვიდეთ, თუმცა არ მგონია, გარეთ დაიტოვონ თავი, რადგან ქუჩაში წანწალი და დგომა არც თვითონ უნდათ, თან ისიც კარგად იციან, ქუჩიდან რომ არაფერი გამოუვათ. დიახ, ბოლოს აუცილებლად შევლენ. არჩევნები არ გაყალბებულა. მე ის გამიკვირდა, ოპოზიციამ ამდენი ხმა როგორ მიიღო. ამ ციფრების შემდეგ სიხარულით უნდა შესულიყვნენ პარლამენტში...

- როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაშიც " არეულობაა. გიორგი გახარია გადადგა, არჩილ თალაკვაძესაც მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებამ. როგორ ფიქრობთ, რა ხდება გუნდში? - ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდება და ბევრი რამ არ მომწონს. ველოდები მოვლენების განვითარებას და იმედია, ყველაფერი მოგვარდება. გახარიას გადადგომა მოულოდნელი იყო ჩემთვის. სიმპათიით ვიყავი მის მიმართ განწყობილი. ამბობენ, რომ ისევ გამოჩნდება. ვნახოთ...

რაც შეეხება თალაკვაძის გადადგომას...ახლანდელი პარლამენტის თავმჯდომარე ჩემთვის მისაღები ადამიანია, კარგად ვიცნობ, მის სიტყვას ფასი აქვს და მისი პოზიციაც ყოველთვის მტკიცეა, გადაწყვეტილების მიღებაც შეუძლია და მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა არც არჩილ თალაკვაძესთან მქონია პრეტენზია... იმედი მაქვს, კახა ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.

- პოლიტიკაში ლევან ვასაძის გამოჩენას თუ ელოდით და რას შეცვლის მისი გამოჩენა? - ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ ვფიქრობ, მას შეუძლია რაღაცების შეცვლა. მოაზროვნე ადამიანია, რომ ვუსმენდი, აღფრთოვანებული ვიყავი. რაც მეტი მოაზროვნე ადამიანი გამოჩნდება პოლიტიკურ ასპარეზზე, მით უკეთესი. თუნდაც ოპოზიციაში მისაღები ხალხი რომ იყოს, მისასალმებელია. საბოლოოდ უნდა მოვიშოროთ "ნაციონალური მოძრაობა ".

- ბიძინა ივანიშვილის წასვლამ ხომ არ გამოიწვია  "ქართულ ოცნებაში " არეულობა? - ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი. ბატონი ბიძინა ძალიან დიდი როლს თამაშობდა და მეწყინა, რომ წავიდა. ის არის უკეთილშობილესი, ძალიან გონიერი ადამიანი, მან გვიხსნა ამდენი უბედურებისა და ბოროტებისგან. რაც შეეხება მიხელ სააკაშვილს, ის არ ისვენებს, მისი სცენარით ხდება ყველაფერი ოპოზიციაში. მთავარი ბოროტება სწორედ სააკაშვილია! ამდენი წელია იქადნება, რომ ჩამოვა, მაგრამ ის მშიშარა ადამიანია. თუმცა თუ ჩამოვა და დაიჭერენ, ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა. ჩემი ოცნებაა, სააკაშვილმა პასუხი აგოს იმ ბოროტებისთვის, რაც ჩაიდინა.

- პანდემიის გამო, ალბათ, თქვენი დღის რეჟიმიც შეიცვალა... - ძალიან ცუდად ვარ. პანდემიამ მძიმე დაღი დაასვა ჩვენს ცხოვრებას. ჩემი დის ქმარი, ცნობილი ვენეროლოგი გურამ გურგენიძე, ძალიან კარგი ადამიანი შეიწირა ამ ვერაგმა ვირუსმა. ვაქცინა ჯერ არ გამიკეთებია, ალერგიის გამო თავს ვიკავებ, მაგრამ ალბათ, მაინც ავიცრები. იქნებ გვიშველოს ღმერთმა და ეს პანდემია დასრულდეს!..