"ვასაძის დაჯაბვნა ძნელი იქნება­, რადგან ბევრი მხარდამჭერი ეყოლება" - კვირის პალიტრა

"ვასაძის დაჯაბვნა ძნელი იქნება­, რადგან ბევრი მხარდამჭერი ეყოლება"

"შესაძლოა დასავლეთის კრიტიკამ ბევრი მხარდამჭერი იპოვოს საქართველოში და ეს არ არის მხოლოდ რუსეთუმეობა, ეს არის დასავლეთის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგი. დასავლეთი ძალიან ხშირად უჭერდა მხარს სააკაშვილის რეჟიმს, რაც მიუღებელი იყო მოსახლეობის უმრავლესობისთვის..."

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკურ სარბიელზე სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშე გამოჩნდა. რას უკავშირებს მათ გამოჩენას და რომელი მიაჩნია ისეთ ძალად, რომელმაც შეიძლება დღევანდელი პოლიტიკის რომელიმე სერიოზული მოთამაშე შეცვალოს? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ვისაუბრებთ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან.

- ლევან ვასაძით დავიწყოთ, რადგან პოლიტიკურ სარბიელზე ბოლოს ის გამოჩნდა. ამასთან, ერთ-ერთ ჟურნალისტთან გაუგებრობაც მქონდა - ინტერვიუს დროს მითხრა, ახალი პოლიტიკური პარტია "ერიო". მე ხუმრობით ვუთხარი, ეს სახიფათო სიტყვაა, რადგან მას შეიძლება მიაბან შტერი-მეთქი, მან კი ეს ინტერვიუში გამოაქვეყნა. არც ვიცოდი, რომ ვასაძის პარტიაზე ლაპარაკობდა, ამიტომ ახლა თქვენი ტრიბუნიდან მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ამ ხუმრობამ სერიოზული სახე რომ მიიღო პუბლიკაციაში...

- და სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ ვასაძის პოლიტიკაში გამოჩენაზე? - ის ნამდვილად ძალიან შორსაა ქილიკისაგან, რადგან ენერგიული და პატიოსანი ადამიანია. როცა რუსეთს იცავს, პატიოსნად იცავს. ეს არ არის პირფერობა, ან ეშმაკობა.

- პატიოსნად დაცვაში რას გულისხმობთ?

- ჩვენ გვინახავს, რომ სიტყვით იცავენ დასავლეთს, აგინებენ რუსეთს, მაგრამ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცეს და მათი ყველა ნაბიჯიც ანტიდასავლური იყო. ასეთ ორ სკამზე ჯდომა ვასაძეს არ ახასიათებს. ის პირდაპირიცაა და კეთილშობილური ნაბიჯებიც ახსოვს მის ბიოგრაფიას. ბევრი მეგობარი გადაარჩინა უანგაროდ. რაც შეეხება პოლიტიკას, რამდენიმე ძალა ცდილობს რუსული ორიენტაცია მისაღები გახადოს. ეს თავის დროზე გააკეთეს "პატრიოტთა ალიანსმა" მეტი მხარდამჭერით და ნინო ბურჯანაძემ - ნაკლები მხარდამჭერით. გამოჩნდა ამავე როლის მესამე შემსრულებელი. ვასაძის დაჯაბვნაც და სიტყვის მოგებაც ძნელი იქნება, რადგან ბევრი მხარდამჭერი ეყოლება.

- რატომ ფიქრობთ ასე?

- მას გარკვეული კონცეფცია, ღირებულებები, ისტორიის ცოდნა და პატიოსნება შეუწყობს ხელს, მიკიბ-მოკიბვის გარეშე დაიცვას რუსული პოზიცია, ეს კი ბევრისთვის იქნება მიმზიდველი. ამიტომ ვასაძის გამოჩენა სერიოზული მოვლენაა, მე მგონი, უფრო სერიოზული, ვიდრე იმ წინამორბედებისა, რომლებიც ზემოთ ვახსენე. ეს პრორუსული პოზიცია გულისხმობს ისტორიის გახსენებასაც - რომ თავის დროზე რუსეთმა გადაგვარჩინა, დღევანდელი დღის ანალიზსაც, რომ რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს შევიწროების გარეშე და ა.შ.

თანაც, ვასაძე უფრო მკაფიოდ, და ეს ადრეც გაუკეთებია, წარმოაჩენს დასავლეთის შეცდომებს. ის არის მკაფიოდ გამოხატული კონსერვატორი. მის პარტიას თავისუფლად შეიძლება დაარქვათ პატრიოტულ-კონსერვატიული ან ეროვნულ-კონსერვატიული პარტია. ამ ღირებულებებისთვის ბევრი ცდილობს თავის არიდებას, მით უმეტეს - ბაიდენის გამარჯვების შემდეგ. ეს დაახლოებით ის ღირებულებებია, რომელთა წყალობით ტრამპმა გაიმარჯვა. მან სწორედ ამის ხარჯზე დაჯაბნა ჰილარი კლინტონი - მოსახლეობისთვის მისაღები იყო არა ნეოლიბერალური, არამედ მისი კონსერვატიული იდეები. აი, სწორედ კონსერვატიზმისა და ლიბერალიზმის დაპირისპირებაზე იმუშავებს ვასაძეც. მასთან კამათი ადვილი არ იქნება. ცნობილია, რომ ნებისმიერ ავტორიტარულ ქვეყანას კონსერვატიზმი უფრო ახასიათებს. ასეთია რუსეთიც. თითქოს პარადოქსული სიტუაციაა - იქით ტრამპის კონსერვატიზმი და აქეთ პუტინის კონსერვატიზმი, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში ბევრი რამ არის ისეთი, რაც სერიოზულ კვლევას ითხოვს. ნეოლიბერალებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს და ამის შედეგი იყო ტრამპის გამარჯვება.

საქართველოშიც აშკარაა ნეოლიბერალიზმის შეცდომები, თუნდაც სააკაშვილის სახით. სააკაშვილი ნეოლიბერალიზმს რიტორიკულად უჭერდა მხარს, რეალურად კი ავტორიტარული მმართველობა დაამყარა. ვასაძე სწორედ ამ თვალსაზრისით დაიწყებს მის გამტყუნებას და საპასუხო არგუმენტი, რომ ნეოლიბერალიზმი კარგია, ძნელი მოსაძებნი იქნება, რადგან კარგი ნეოლიბერალიზმი ჩვენ ჯერ არ გვინახავს.

მეორე საკითხიც - შესაძლოა დასავლეთის კრიტიკამ ბევრი მხარდამჭერი იპოვოს საქართველოში და ეს არ არის მხოლოდ რუსეთუმეობა, ეს არის დასავლეთის მიერ დაშვებული და ჩვენთვის საგრძნობი შეცდომების შედეგი. დასავლეთი ძალიან ხშირად უჭერდა მხარს სააკაშვილის რეჟიმს, რაც მიუღებელი იყო მოსახლეობის უმრავლესობისთვის და ეს ყველას მიერ არის აღიარებული დასავლეთის მთავარ შეცდომად. ვფიქრობ, ვასაძე სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს.

- სააკაშვილი ვახსენეთ, რომელიც ამბობს, რომ ჩამოსვლას აპირებს. - სააკაშვილის ამ ფრაზას უკვე ყავლი გაუვიდა, თუმცა, რომც ჩამოვიდეს, სააკაშვილის წინააღმდეგი ძალიან ბევრია. შემთხვევითი ხომ არ არის 2012 წელს ივანიშვილის გამარჯვება?! ეს ხომ სააკაშვილის დამარცხების აქტიც იყო, რაც მაშინ საზოგადოებამ გააკეთა.

არ უნდა ხალხს სააკაშვილი და თუ ჩამოვა, შეიძლება ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების პირას მივიდეს. მისი ჩამოსვლა იქნება იმის ნიშანი, რომ სააკაშვილი არეულობის მოწყობას ცდილობს. სააკაშვილით უკმაყოფილო ადამიანები ქუჩაში გამოვლენ და მეეჭვება, ამ საფრთხის პირისპირ გაბედულად დადგეს ადამიანი, რომელიც მრავალი მცველით და ფრანგი სტუმრებით გარშემორტყმული მანქანის ქვეშ ძვრებოდა, თვითმფრინავის ხმა რომ გაიგონა.

- სხვა მოთამაშეებზე რას გვეტყვით, რომლებიც გამოჩნდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე? - გიორგი გახარია ისე წავიდა ჯერ თანამდებობიდან და მერე "ოცნებიდან", ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში დარჩენა თუ უნდოდა, თვითონ უნდა შეექმნა პარტია, თითქმის არ დაიტოვა. შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ წავიდოდა "ნაციონალებთან", მაგრამ ეს მისი ბიოგრაფიისთვის წამგებიანი ნაბიჯი იქნებოდა.

გავიხსენოთ, "ლელომ" თავიდან შეძლო ადამიანებისთვის გაეჩინა მოლოდინი, რომ მესამე პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ როგორც კი "ნაცმოძრაობისკენ" გადაინაცვლა, მხარდამჭერები დაკარგა. ახალი ფიგურების ნებისმიერი ასეთი გადახრა ძველი პოლუსებისკენ მათთვის წამგებიანი იქნება და მათ მიმართ ინტერესი დაიკარგება, გახარიას ნაბიჯებს კი მოლოდინი ახლავს, რადგან ის თავის დროზე მძაფრად დაუპირისპირდა "ნაცმოძრაობას", მერე დაუპირისპირდა "ოცნებას", ამიტომ ხალხის ნაწილს სჯერა, რომ ის შეიძლება ჩამოყალიბდეს მესამე ძალად, რომელიც ძველი ცენტრებისგან დამოუკიდებლად იპოვის გზას პოლიტიკაში.

ბევრი იხსენებს ივანიშვილის განცხადებასაც, რომ მისთვის სასურველია დადგეს დრო, როცა გაჩნდება ახალი ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებას" გადაიყვანს ოპოზიციაში და ხელისუფლებაში მოვა. მანამდე ივანიშვილი ამბობდა, რომ მიუღებელია, ოპოზიცია იყოს დესტრუქციული და საჭიროა კონსტრუქციული ოპოზიციური პროცესების დაწყება. აი, ეს კონსტრუქციული ოპოზიციური პროცესი დაინახა ბევრმა გახარიას ხელახლა გამოჩენაში. განსხვავებით ვასაძისგან, გახარია ჯერჯერობით ჩუმადაა და ძნელი სათქმელია, რას გააკეთებს თავის გუნდთან ერთად.

- ამ პოლიტიკურ ფონზე "ქართული ოცნება" შეძლებს თუ არა 43%-ის მიღებას?

- "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის, ალბათ, რამდენიმე ჯგუფია, თუმცა კონკრეტულ კვლევას არ ვიცნობ და ამას ვარაუდით ვამბობ. ერთი ჯგუფია ის, რომლისთვისაც მიუღებელია ლიბერალიზმი და კერძოდ - სააკაშვილისეული ლიბერალიზმი. ეს ჯგუფი თუ დაინახავს ძლიერ, პოლიტიკურად მომწიფებულ კონსერვატიულ გუნდს, რომელსაც შეეძლება ხელისუფლების ხელში აღება, მათი უმრავლესობა ამ ახალი ალტერნატივისკენ წავა. თუ ვასაძე შეძლებს შექმნას დამაჯერებელი ძალა, რომელიც ხელისუფლების ვერტიკალს ჩამოაყალიბებს, ალბათ, ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. "ოცნების" გუნდში არიან ისინი, ვისთვისაც მიუღებელია "ნაცმოძრაობა", ოღონდ მისაღებია დასავლური ღირებულებები. პარადოქსია, მაგრამ კონსერვატორებიც და ლიბერალურად განწყობილნიც, ვისთვისაც "ნაციონალები" მიუღებელი იყვნენ, "ოცნებაში" არიან. გახარია შეიძლება სწორედ ამ ლიბერალურად განწყობილთათვის აღმოჩნდეს მიმზიდველი, რადგან, როგორც ამბობენ და ბევრი რამითაც ჩანს, გახარიას უფრო მემარჯვენე ორიენტაცია აქვს და აშკარად დასავლური ორიენტაციაც. ამიტომ უფრო დამაჯერებელი შეიძლება იყოს, რომ ის დააკომპლექტებს ხელისუფლებას, დასავლურ ღირებულებებზე აიღებს ორიენტაციას, ოღონდ არ გადავა ისეთ ზონაში, სადაც ლიბერალიზმი ეთიკას, ზნეობასა და კულტურას უპირისპირდება. ამ ორი ჯგუფიდან ერთიც წაიღებს "ოცნების" ხმებს და მეორეც. რაც შეხეება სააკაშვილს, ის ცდილობს, არ დაკარგოს ამომრჩეველი, ამიტომ ამბობს, გიჟური მხარდაჭერა მაქვსო, გამუდმებით გაიძახის, ჩამოვდივარო... მისი მიზანია, დაიტოვოს ყველა, ვინც დღეს არის "ნაციონალების" ორბიტაზე და მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილი შეინარჩუნოს.