"ასე მთავრდება ხოლმე ზედმეტი ბაქი-ბუქი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად" - როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები ნიკა მელიას გათავისუფლებას - კვირის პალიტრა

"ასე მთავრდება ხოლმე ზედმეტი ბაქი-ბუქი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად" - როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები ნიკა მელიას გათავისუფლებას

"ნიკა მელიას გათავისუფლებას რაც შეეხება, ასე მთავრდება ხოლმე ზედმეტი ბაქიბუქი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად",- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც სასამართლოს მიერ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც ოხანაშვილმა განმარტა,ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა, რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა.

"ყველა ვუყურებდით, რომ ნიკა მელია ბაქიბუქობდა ვერ დაიჭერდნენ და დააკავეს. ამბობდა იმას, რომ გირაოს არ მიიღებდა. ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა და გადაიხადა გირაო. მოუწია ზედმეტი ბაქიბუქის გარეშე გირაოს მიღება. შემდგომ ნაბიჯი იქნება ამნისტიაზე იტყვის, რომ გავრცელდეს მასზე.

რაც არ უნდა სპეკულაციას ცდილობდნენ ეს ჯგუფები საქმე გვაქვს შემდეგნაირად - ევროკავშირმა სააკაშვილს არ მისცა რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა, ვინაიდან გადაიხადა გირაო და ინსტრუმენტი, რომელიც, მელიას საშუალებით სურდა სააკაშვილს რუსული სცენარი განეხორციელებინა, აღკვეთა. საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ევროკავშირისთვის არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც ნიკანორ მელია",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, პოლიტპატიმრები არ ჰყოლია საქართველოს, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში და არც ეყოლება.

ნიკა მელიას გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გათავისუფლებას.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის აღფრთოვანებულია მელიას პრინციპულობით და შეუვალობით.

"მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან გათავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

"გილოცავთ ყველას! კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება. ვულოცავ, ნიკას, მის ოჯახის წევრებს - წინ სწორად მივდივართ, კარგად მივდივართ", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კარგად იქნება, ხოლო "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოშორდება.

"დიდი მადლობა ევროპას, ამერიკას, მადლობა შარლ მიშელს, ქალბატონ კელი დეგნანს, ბატონ კარლ ჰარცელს. წინ სწორად მივდივართ, კარგად მივდივართ. ნელ-ნელა ქვეყანაში სიტუაცია განიმუხტება და ყველა დავინახავთ, რომ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერთ, ნამდვილად ის შეთანხმებაა, რომელიც ქვეყანას სტაბილიზაციისკენ წაიყვანს. ხელისუფლების ცვლილებისკენ! წინ ძალიან საინტერესო დღეები გვაქვს.

ორკვირიანი ნერვების აშლილობის ტრანსფორმაცია დამშვიდებულ ნერვებში უნდა მოვახდინოთ. განსხვავებულ აზრს უნდა მივეჩვიოთ, მესამე ცენტრიც იქნება, ყველაფერი კარგად იქნება და "ქართული ოცნებაც" ხელისუფლებას ჩამოშორდება.

მე ემოციურ თავდასხმებს ველოდი კიდეც, გარკვეულ პოლიტიკოსებს ცოტა აღზრდა და გაზრდაც სჭირდებათ, რომ არ გადავიდნენ ხოლმე პერსონალურ თავდასხმებამდე", - განაცხადა ვაშაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

"უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო და ევროკავშირის სრულიად უპრეცედენტო პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, დღეს ის თავისუფალია პოლიტიკური ტყვეობიდან", - ამის შესახებ ოპოზიცინერმა პოლიტიკოსმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც ბაქრაძე განმარტავს, დღე არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც სურს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება.

"პირველ რიგში, ვულოცავ ნიკა მელიას დამსახურებულ თავისუფლებას - მისმა უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო და ევროკავშირის სრულიად უპრეცედენტო პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, დღეს ის თავისუფალია პოლიტიკური ტყვეობიდან. ნიკა მელიას გათავისუფლება არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვინც ამ ურთულესი თვეების მანძილზე იბრძოდა საპროტესტო აქციებზე, კარვებში, ქუჩაში, მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს ფაქტი, ისევე როგორ გიორგი რურუას გათავისუფლება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლაში, გააზრებული სტრატეგიით და ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების მხარდაჭერით, ყოველთვის შეიძლება შედეგის მიღწევა. დღევანდელი დღე არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც სურს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება, სიტუაციის ნორმალიზება და პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრულად შესრულება. ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებით გადაიდგა დიდი ნაბიჯი წინ ამ მიმართულებით.

ახლა დროა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების გზით მივიდეთ ადგილობრივ არჩევნებამდე, სადაც შესრულდება პრეზიდენტ მიშელის შეთანხმების კიდევ ერთი მთავარი მუხლი - ერთად უნდა მივაღწიოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ მიიღოს ხმების 43%-ზე მეტი და შემდეგ უკვე საბოლოოდ დავამარცხოთ ეს ხელისუფლება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. ამ მიზნის მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთო ოპოზიციურ ერთობას. აუცილებელია დაპირისპირების, ბოღმის, ურთიერთთავდასხმების გარეშე შევჯერდეთ ადგილობრივ არჩევნებში პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვების გზებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკა მელია მისთვის საკადრის, წამყვან როლს შეასრულებს",- ნათქვამია დავით ბაქრაძის განცხადებაში.