"ვულოცავ ნიკა მელიას დამსახურებულ თავისუფლებას - მისმა უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო" - კვირის პალიტრა

"ვულოცავ ნიკა მელიას დამსახურებულ თავისუფლებას - მისმა უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო"

უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო და ევროკავშირის სრულიად უპრეცედენტო პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, დღეს ის თავისუფალია პოლიტიკური ტყვეობიდან, - ამის შესახებ ოპოზიცინერმა პოლიტიკოსმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც ბაქრაძე განმარტავს, დღე არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც სურს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება.

„პირველ რიგში, ვულოცავ ნიკა მელიას დამსახურებულ თავისუფლებას - მისმა უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო და ევროკავშირის სრულიად უპრეცედენტო პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, დღეს ის თავისუფალია პოლიტიკური ტყვეობიდან. ნიკა მელიას გათავისუფლება არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვინც ამ ურთულესი თვეების მანძილზე იბრძოდა საპროტესტო აქციებზე, კარვებში, ქუჩაში, მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს ფაქტი, ისევე როგორ გიორგი რურუას გათავისუფლება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლაში, გააზრებული სტრატეგიით და ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების მხარდაჭერით, ყოველთვის შეიძლება შედეგის მიღწევა. დღევანდელი დღე არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც სურს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება, სიტუაციის ნორმალიზება და პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრულად შესრულება. ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებით გადაიდგა დიდი ნაბიჯი წინ ამ მიმართულებით.

ახლა დროა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების გზით მივიდეთ ადგილობრივ არჩევნებამდე, სადაც შესრულდება პრეზიდენტ მიშელის შეთანხმების კიდევ ერთი მთავარი მუხლი - ერთად უნდა მივაღწიოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ვერ მიიღოს ხმების 43%-ზე მეტი და შემდეგ უკვე საბოლოოდ დავამარცხოთ ეს ხელისუფლება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. ამ მიზნის მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთო ოპოზიციურ ერთობას. აუცილებელია დაპირისპირების, ბოღმის, ურთიერთთავდასხმების გარეშე შევჯერდეთ ადგილობრივ არჩევნებში პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვების გზებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკა მელია მისთვის საკადრის, წამყვან როლს შეასრულებს”,- ნათქვამია დავით ბაქრაძის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"