გორის მერის ორი მოადგილე თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება
გორის მერის ორი მოადგილე თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება
გორის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ - ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა თანამდებობები დატოვეს. მათი განცხადებით, პოსტების დატოვება აიძულეს. ელიჯარაშვილი და ივანიშვილი აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან.

"მინდა გავაკეთო განცხადება და გაცნობოთ, რომ პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის და ვტოვებთ ამ თანამდებობებს. მმართველ პარტიას კი მინდა ვუთხრა, რომ ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც უკვე აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას. ჩვენ, გორელებს, გორს
დავეხმარებით გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილმა.

ანალოგიური განცხადება გააკეთა გორის მერის კიდევ ერთმა მოადგილემ, თუმცა არც პაატა ივანიშვილს დაუკონკრეტებია, ვისი მხრიდან იყო თანამდებობის დატოვების მოთხოვნა.

"დაჟინებით მოითხოვენ, დავტოვოთ თანამდებობა. ჩვენ დავტოვებთ თანამდებობებს,
უბრალოდ, ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, ჩემს გორელებს - ჩვენ ვრჩებით თქვენს სამსახურში, თქვენს გვერდით, ჩვენ ვუერთდებით ბატონ გიორგი გახარიას გუნდს, მივიღებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, სადაც გავიმარჯვებთ", - განაცხადა პაატა ივანიშვილმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები