"არ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში თუ ეს არ იქნება კამპანია, რომელმაც შედეგი უნდა მოიტანოს" - კვირის პალიტრა

"არ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში თუ ეს არ იქნება კამპანია, რომელმაც შედეგი უნდა მოიტანოს"

მინდა დავრწმუნდე, რომ ეს კამპანია, რომელიც კარს მომდგარია, იქნება გამარჯვების კამპანია. არ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში თუ ეს არ იქნება კამპანია, რომელმაც შედეგი უნდა მოიტანოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და მისი შესაძლო მერობის კანდიდატობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამ არჩევნებზე ოპოზიციის გაერთიანება უალტერნატივოა და დაქსაქსულობა შედეგის მომტანი ვერ იქნება.

"თუ ეს იქნება კამპანია - კამპანიისთვის, ეს შედეგს ვერანაირად ვერ მოიტანს. საზოგადოების არცერთი ნაწილი არ მოვატყუოთ, რომ მჭიდრო კოორდინაციის გარეშე შესაძლებელია მივაღწიოთ შედეგს არჩევნებში, რომელიც თვისობრივად განსხვავდება რეალური საპარლამენტო არჩევნებისგან. ჩვენ ჯერ არ მოგვიპოვებია პროპორციული არჩევნები, სადაც მართლაც თითოეული ხმა მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ ერთმანეთს ვეპაექროთ. ეს ყველაფერი ჯერ მოსაპოვებელია.

თუკი ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით და ძალთა გაერთიანება მოხერხდა, დღეს ასევე ვერ ვხედავ სხვა ალტერნატივას. რაც არ უნდა ისაუბრონ ჩვენმა მეგობრებმა, რომ დაქსაქსულობა იქნება შედეგის მომტანი, მე ვეცდები დავარწმუნო, რომ ეს ასე არ იქნება. მას შემდეგ, რაც ამოვწურავ კონსულტაციებს, გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან და მოვუწოდებ ამ არჩევნებში ბოლომდე ჩართულობისკენ, ან არ მივაყენებ შეურაცხყოფას და თუ ოპოზიციური სპექტრი არ არის მზად, რომ გამარჯვება მოიპოვოს ამ არჩევნებში, ის უნდა ვუთხრათ, რომ ვეგუებით 2024 წლამდე ბიძინა ივანიშვილს", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"